დარგებივეტერინარია

წვრილფეხა მცოხნავი პირუტყვის (ცხვრისა და თხის) ჭირი

ცხვრისა და თხის ჭირი _ მწვავედ მიმდინარე მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ჰემორაგიული დიათეზით, წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტით, კატარალურ-ჰემორაგიული ენტერიტით და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლით

ცხვრისა და თხის ჭირი პირველად აღწერილი იქნა 1942 წელს კოტ-დიუარში, აღნიშნავდნენ მის დიდ მსგავსებას მსხვილი რქოსანი პირუტყვის ჭირ¬თან. 1980 წლი¬დან ის აღიარებული იქნა, როგორც დამოუკიდებელი დაავადება.

ცხვრისა და თხის ჭირი 1985-2005 წლებში რეგისტრირებული იყო მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის დასავლეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის 29 ქვეყანაში, სამხრეთ აზიის, შუა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყანაში. 2003 წელს დაავადება შეტანილი იქნა ისრაელში. 2005-2006 წლებში ის გავრცელდა კონგოში, ალჟირში, ეგვიპტეში, ტუნისში. 2007 წელს ცხვრისა და თხის ჭირი დადგინდა ჩინეთში. 2005 წლიდან დაავადება ფართოდ გავრცელდა და დიდი ზარალი მიაყენა თურქეთს, ყაზახეთს, ირანს და ტაჯიკეთს.

2016 წლის იანვარში ქ. თბილისის მახლობლად (ვარკეთილის მეურნეობა) არსებულ წვრილფეხა პირუტყვის ფერმის მეპატრონის შეტყობინების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარების მიერ მოხდა ნიმუშების აღება და პილბრაიტის რეფერალური ლაბორატორიაში გადაგზავნა. რეფერალურ ლაბორატორიაში დაავადება დადასტურდა. დაავადებამ იმ დროისათვის დაავადება გავრცელდა კიდევ 2 ფერმაში, ვარკეთილის მეურნეობის და ტაბახმელაში განთავსებული.

როგორც გაოკვლევამ აჩვენა ავადობის მაჩვენებელმა მოკლე პერიოდში მიაღწია 13,5%, ხოლო სიკვდილიანობამ 7,5%.
დღემდე დაავადება რეგისტრირებული იყო 76 ქვეყანაში. FAO-ს ინფორმაციით ცხვრის და თხის ჭირით მიყენებული ყოველწლიური ზარალი  2 მლრდ დოლარს შეადგენს. დღეს ცხვრისა და თხის ჭირი დიდ საშიშროებას უქმნის ევროპის ქვეყნებსაც.

FAO-მ და ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) წარმოადგინა გლობალური ინიციატივა, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია წვრილ ცხოველთა (ცხვრის და თხის) ჭირის ლიკვიდაცია 2030 წლისათვის. (ამავე ორგანიზაციების ძალისხმევით 2011 წლიდან ლიკვიდირებულია მსხვილი რქოსანი პირუტყვის ჭირი).
დაავადების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე ფაქტიურად არ არსებობს, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი სტატია დიდ დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს სწრაფი რეაგირება მოახდინონ დაავადებაზე და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები.

დაავადების აღმძვრელი ვირუსი პირველად გამოყოფილი იქნა 1956 წელს. ანტიგენური შენებით და იმუნოგენური თვისებებით ვირუსი ახლოს დგას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ხორცისმჭამელი ცხოველების ჭირის, ასევე ადამიანის წითელას აღმძვრელ ვირუსთან.

ბუნებრივ პირობებში ჭირით ავადდება ყველა ასაკის ცხვარი და თხა. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 2-18 თვის ასაკის მოზარდებში. საქართველოში დადგენილ იქნა, რომ დაავადება მაღალი ლეტალობით შეიძლება მიმდინარეობდეს 2 თვემდე ასაკის ბატკნებშიც (იხ. ცხრილი 2). აღნიშნული ფაქტი სხვა ქვეყნებში აღწერილი არ ყოფილა. თხები (ციკნები) შედარებით ხშირად და მძიმე ავადდებიან, ვიდრე ბატკნები. გარეული ცხოველებიდან ავადდებიან მთის თხები, საიგაკები, ირმები, ქურციკები.

დაავადების აღმძვრელის წყაროა დაავადებული და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ცხოველები (ინფიცირებიდან 3 დღიდან დაწყებული) ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დაავადების რეზერვუარს წარმოადგენენ გარეული ცხოველები, რომლებიც დაავადების აღმძვრელს ინახავენ ეპიზოოტიებს შორის პერიოდში და ხელს უწყობენ მის გავრცელებას ეპიზოოტიის მიმდინარეობისას.

დაავადების აღმძვრელის გადაცემა ხდება აეროგენური და ალიმენტარული გზით და დაავადებულ ცხვართან და თხასთან პირდაპირი კონტაქტით. ვირუსი ორგანიზმში ხვდება საკვებიდან, წყლიდან, ქვეშსაფენიდან, ინვენტარიდან, მომსახურე პერსონალის ტანსაცმლიდან და სხვა.

მეურნეობაში ინფექციის შეტანა ხდება დაავადებუ¬ლი და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ცხოველების შეყვანით და ზემოთ აღნიშნული საშუალებების გამოყენებით. დაავადებას ახასიათებს პერიოდულობა ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ, ლეტალობამ თხებში შეიძლება 95%-ს მიაღწიოს, ცხვრებში _ 40%-ს, დაავადების ახალ კერაში დაავადება და სიკვდილიანობა შესაძლოა 100%-ს აღწევდეს.

დაავადების მიმდინარეობის დროს ხშირად ვითარდება სენკუნდალური ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებე¬ბი, ჭირი ამძიმებს (ლეტალური ფორმით) პიროპლაზმოზს, თეილერიოზს, ანაპლაზმოზს, კოკციდიოზს და სხვა პარაზიტულ დაავადებებს.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 6-15 დღეა, დაავადება თხებში მიმდინარეობს ზემწვავე და მწვავე ფორმით, ცხვრებში კი _ მწვავე და ქვემწვავე ფორმით.
თხებში ზემწვავე ფორმის დროს აღინიშნება ტემპერა¬ტურის მომატება (40-42°C), მოწყენილობა, მადის დაკარგვა, ცხვირიდან სეროზული გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება, დიარეა. დაავადების მიმდინარეობა 4-5 დღეა. დაავადებულ ცხოველთა უმრავლესობა კვდება უეცრად.

დაავადების მწვავე ფორმის დროს ცხვრებში და თხები ვითარდება იგივე კლინიკური ნიშნები, რაც ზემწვავე ფორმის დროს, ოღონდ დაავადება მიმდინარეობს უფრო ხანგრძლივად (8-10 დღე). ჩნდება ხველა, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულები და ნეკროზული კერები, ცხვირიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი, მდედრ ცხოველებში შეიძლება განვითარდეს ვაგინიტი, მაკეებში _ აბორტი. დაავადება გადადის ქვემწვავე ფორმაში ან ცხოველი კვდება.

ქვემწვავე ფორმის დროს ცხოველს აღენიშნება მრავლობითი წყლულოვანი და ნეკროზული კერები პირის ღრუში, ენაზე და ცხვირის ლორწოვანზე. დაავადების გართულებისას ვითარდება პნევმონია, დიარეა, ორგა¬ნიზმის გაუწყლოება, პარეზი და კიდურების დამბლა. დაავადებული ცხოველები კვდებიან 2-3 კვირაში. ვირუსი იწვევს სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ლიმფური ორგანოების ეპითელის ჩამოშლას.

დაავადებაზე დიაგნოზს სვამენ ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგო-ანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. ლაბორატორიული გამოკვლევა ეყრდნობა ორგანიზმში ანტისხეულების აღმოჩენას (არავაქცინირებული პირუტყვის შემთხვევაში), ვირუსის ანტიგენის დეტექციას და დაავადების აღმძვრელი ვირუსის გამოყოფას.

ცხვრის და თხის ჭირის დიფერენცირებას ახდენენ თურქულისაგან, ბლუტანგისაგან, ექტიმისაგან, კონტაგიოზურპუსტულოზური სტომატიტისაგან.
ცხვრის და თხის ჭირის მკურნალობის სპეციფიკური საშუალება შემუშავებული არ არის. ლეტალობას მნიშვნელოვნად ამცირებს ნოვარსენოლბენზოლი.
დაავადებაგადატანილი ცხოველი იმუნიტეტს იძენს სიცოცხლის მანძილზე. იმუნური დედიდან კოლოსტრალური იმუნიტეტი ბატკნებში და ციკნებში ბრძელდება 6 თვის მანძილზე.

აქტიური იმუნიზაციისათვის იყენებენ ვაქცინას. პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ. იმუნიტეტის ფორმირება ხდება 8 დღის შემდეგ და გრძელდება 1 წელიწადი.
ვეტერინარიის დეპარტამენტმა მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაავადების გაჩენისთანავე ქვეყანაში შემოიტანა ვაქცინა. მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.

ჭირზე კეთილსაიმედო მეურნეობაში დაავადების გაჩენისას აწესებენ კარანტინს და ახდენენ ამთვისებელი ცხოველების მთლიანი სულადობის ვაქცინაციას.
სტაციონარულად არაკეთილსაიმედო ზონაში არსებულ ამთვისებელ ცხოველებს ცრიან ყოველწლიურად.

ფერმაში მსგავსი კლინიკით და პათოლოგოანატომიური ცვლილებებით მიმდინარე დაავადების გაჩენისთანავე აუცილებლად ადგილობრივ ვეტერინარულ სამსახურს უნდა მიმართოთ.

თენგიზ ყურაშვილი
მიხეილ სოხაძე
ლაშა ავალიანი