სასოფლო-სამეურნეო მიწების მელიორაცია
მიწების მელიორაცია.
წყლის რეჟიმი და მცენარეთა პროდუქტიულობა მორწყვის პირობებში.
მორწყვა საჭიროა იმ რაიონებში, სადაც მეტი სინათლე და სითბოა. აქ ნიადაგის ნაყოფიერება საკმაოდ დიდია, მაგრამ მცენარე ვერ იყენებს ამ პირობებს თავისი ზრდა-განვითარებისათვის.
სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები წყლის ერთნაირი მოთხოვნილებით არ ხასითდებიან. ნიადაგის მაღალტენიანობას მოითხოვენ ბრინჯი, ბოსტნეული კულტურები, მდელოს ბალახები. პურეულებისათვის შედარებით დიდი ტენიანობა არ არის საჭირო.
მცენარეთა მიერ წყლის ხარჯვის კრიტიკუ ლი პერიოდები. მცენარეს წყალი სჭირდება თესლის გაღივებიდან _ ნაყოფის მომწიფებამდე.
წყლის სიმცირე მცენარის განვითარების მთელ პერიოდში მკვეთრად ამცირებს კულტურის მოსავლიანობას. მცენარეთა ცხოვრებაში გამოიყოფა შედარებით მოკლე პერიოდი, რომლის დროსაც ტენის ნაკლებობა განსაკუთრებით მკაცრად იწვევს მოსავლის შემცირებას, ამ პერიოდში ტენით საკმაო უზრუნველყოფა კი მაღალ მოსავალს იძლევა. მცენარის ზრდა-განვითარების ამ პერიოდს კრიტიკული პერიოდი ეწოდება. სხვადასხვა მცენარეს ეს პერიოდი სხვადასხვა აქვს.
ნიადაგის წყალი და წყლიერი თვისებები. ნიადაგში წყლის შეწოვა, ნალექებიდან იქნება ეს თუ სარწყავი წილიდან, დამოკიდებულია ნიადაგის ფორებზე. თუ ნიადაგის წვრილ ფორიან ნიადაგში (უსტრუქტურო) წყალი ძნელად იჟონება, ხოლო მსხვილფორიანში წყალი (სტრუქტურიანი) ადვილად შეიჟონება და სიმძიმის ძალით სწრაფად ხდება მისი მოძრაობა ზემოდან ქვემოთ.
ნიადაგის მდგომარეობას, როდესაც ყველა ფორი ამოვსებულია წყლით, სრული ტენტევადობა ეწოდება (სტ). ეს იანგარიშება %-ით ან მილიმეტრობით აბსოლუტურად მშრალ ნიადაგში.
წყლის უდიდესი რაოდენობა, რომელიც შეკავებულია ნიადაგის ქვემო ფენაში ჩაუშვებლად, ზღვრული ტენტევადობა ეწოდება (ზტ), რომელიც დამოკიდებულია არამარტო ნიადაგის თვისებებზე, არამედ გრუნტის წყლის დონეზე.
ნიადაგის თვისებას, გასცეს წყლის ნაწილი დინების გზით სიმძლავრის მოქმედების ძალით ზემოდან ქვემო ფენებში, წყალგაცემა ეწოდება (წგ).
ნიადაგს, მისი ფორმების ხასიათისა და მექანიკური შედგენილობის მიხედვით, აქვს აგრეთვე წყალამოწვევის უნარიანობა (წა).
გრუნტის წყლის სიახლოვემ ნიადაგის ზედაპირთან შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის დაჭაობება და დამლაშება. ამიტომ, ასეთი ნიადაგები ფრთხილად უნდა მოირწყას ( რწყვის ნორმების შემცირება და სხვ.).
მცენარეთა მიერ წყლის ხარჯვა. აგრონომიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, ნიადაგში წყალი იმყოფება თავისუფალი, ბმული და ორთქლისებრი ფორმებით. თავისუფალ წყალს, რომელიც მსხვილ ფორებშია, ეწოდება გრავიტაციული წყალი, იგი მცენარისათვის უფრო ხელმისწვდომია.
წყალი, რომელიც ნიადაგის წვრილ ფორებში, ანუ კაპილარებშია, კაპილარული წყალი ეწოდება და იგი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია მცენარისათვის. ორთქლისებრ წყალს მცენარე ვერ იყენებს, მაგრამ ის შეიძლება იყოს წყლის სხვა ფორმების წყარო, რომელთაც მცენარე იყენებს (როდესაც ის გადადის თხიერ ფორმებში). ორთქლისებრი წყალი მოთავსებულია ჰაერთან ერთად ნიადაგის მსხვილ არაკაპილარულ ფორებში, ჰაერი ამ დროს ორთქლით მაძღარია.
იმ ფენას, სადაც გავრცელებულია მცენარის წვრილი, ბუსუსა შემწოვი ფესვების 90%, მდიდარია საკვები ელემენტებით, წყლით და დასახლებულია სასარგებლო მიკროორგანიზმებით, აქტიური ფენა ეწოდება.
ნიადაგის აქტიური ფენა იცვლება მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. ფენა ზედა ნაწილში ტენიანდება სავეგეტაციო რწყვით, ხოლო ქვემო ნაწილში ტენიანდება სავეგეტაციო მორწყვამდე ჩატარებული სამარაგო რწყვის ხარჯზე.
ჩვეულებრივ, მცენარის ზრდა-განვითარების პერიოდს, ვეგეტაციის ვადებს სამ პერიოდად ყოფენ: 1. დასაწყისი, კრიტიკულ პერიოდამდე; 2. კრიტიკული; 3. ზრდაგანვითარების დასასრული. წყლის ის რაოდენობა, რომლითაც მცენარე კმაყოფილდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში სარწყავი წყლით, სარწყავი ნორმა ეწოდება. სარწყავი წყალი ავსებს წყლის იმ დანაკლისს, რომელიც საჭიროა კულტურული მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.
რწყვის სპეციალიზაცია სამეურნეო დანიშნულების მიხედვით რწყვის წესები, მათი აგროტექნიკური შეფასება. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით რწყვა შეიძლება იყოს: 1. სამარაგო; 2. ხვნისწინა; 3. გამორეცხვითი ანუ ნიადაგ-გამწმენდი; 4. თესვისწინა ან დარგვისწინა; 5. დამატებითი თესვის ან დარგვის შემდეგ დამატებით; 6. სავეგეტაციო და სხვ.
- სამარაგო რწყვა წარმოებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვამდე ან მრავალწლიანი კულტურის აქტიური ვეგეტაციის შეწყვეტის შემდეგ სამარაგო რწყვის დანიშნულებაა გაადიდოს ტენის მარაგი ნიადაგის ფესვთა სისტემის გავრცელების ფენაში მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდისათვის. სამარაგო რწყვა მიზანშეწონილია ჩატარდეს იქ, სადაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არასაკმაო ნალექია. სამარაგო რწყვა ძალიან მნიშვნელოვანია საგაზაფხულო ადრეულ და იმ კულტურებისათვის, რომელთა ფესვთა სისტემა ღრმად ვითარდება ნიადაგში: სიმინდი, პამიდორი, ჭარხალი, იონჯა, ხეხილი და სხვ.
- ხვნისწინა რწყვას ზოგჯერ მიმართავენ მაშინ, როდესაც ხვნამდე გამომშრალია ნიადაგის სახნავი ფენა. მისი მიზანია დაატენიანოს ნიადაგი და შექმნას ხელსაყრელი პირობები ხარისხოვანი ხვნისათვის. ხვნისწინა რწყვის ნორმა შეიძლება გადიდდეს, რათა შეასრულოს სამარაგო რწყვის ფუნქციებიც.
- თესვისწინა ან დარგვისწინა რწყვის ამოცანაა, დაატენიანოს ნიადაგის სახნავი და ქვესახნავი ფენა და მიღებულ იქნეს თანაბარი აღმონაცენი, ხელი შეუწყოს დარგულ ჩითილს წყლით სარგებლობისათვის. თესვისწინა რწყვის ნორმა დიდი არ არის, ის უნდა შეესაბამებოდეს მცენარის ბიოლოგიურ თვისებებს (თესლის ჩათესვის სიღრმეს).
- დამატებითი რწყვა ტარდება თესვის ან დარგვის შემდეგ 20-30სმ სიღრმეზე დროული და თანაბარი აღმონაცენის მისაღებად ან ბოსტნეული კულტურების დარგული ჩითილების მეტი რაოდენობით გასახარებლად.
- გამორეცხვის ან ნიადაგთგასუფთავების რწყვას იყენებენ ნიადაგში ხსნადი მავნე მარილების (NaCL, NaCO3, Na2SO4) გამოსარეცხად. მმას სადრენაჟო რწყვასაც უწოდებენ.
- სავეგეტაციო რწყვას ატარებენ მცენარის ზრდა-განვითარების (ვეგეტაციის) პერიოდში, რათა მცენარე უზრუნველყოფილ იქნეს საჭირო წყლის მოთხოვნილებით აღმოცენებიდან ნაყოფის მოცემამდე.
- დამატებითი გამოკვების რწყვას იყენებენ ნათეს-ნარგავების ვეგეტაციის პერიოდში. დამატებითი გამოკვების დროს შესატანად განკუთვნილი სასუქები, უმეტესად მინერალური, ჯერ მოიბნევა ნათესში ნიადაგის ზედაპირზე მწკრივთშორისების კულტივაციის წინ და შემდეგ მოჰყვება რწყვა. სასუქების შესატანი ნორმა შეიძლება გაიხსნას წყალში სათანადო კონცენტრაციით (0,2-0,3) და შემდეგ სპეციალური გამომკვები მანქანით, რწყვის სახით შეტანილ იქნეს ნიადაგში (ეს ხდება უფრო მეტად ურწყავ ნაკვეთებზე).
- გამაგრილებელი რწყვა ტარდება დაწვიმებით, რომლის მთავარი ამოცანაა მასში გაფანტული წყლის შხეფების საშუალებით წინ აღუდგეს ჰაერის გავლენას. ეს რწყვა ადიდებს ჰაერის აბსოლუტურ ტენიანობას და ამცირებს ჰაერის ტენიანობას.
- საპროვოკაციო რწყვა ტარდება ხვნის წინ. მორწყვის შედეგად ტენიანდება ნიადაგის ის ფენა სადაც სარეველების თესლებია. ნიადაგის დატენიანების შედეგად ხდება მათი აღმოცენება, რომლებსაც შემდეგ სპობენ ნიადაგში ჩახვნით.
რ. ძიძიშვილი
„აგრონომიის საფუძვლები“