როგორ მოვაწყოთ სადგომი მსხვილფეხა პირუტყვისათვის?
მხვილფეხა პირუტყვის ზრდა-განვითარებასა და ნორმალურ ცხოველქმედებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა მავნე გავლენის გამო ქვეითდება ორგანიზმის გამძლეობა და იმუნიტეტი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის შენახვის პირობებია, რომელიც ისეთი უნდა იყოს რომ ცხოველზე არ მოახდინოს მავნე გავლენა, არ დააქვეითოს მისი ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.
იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც განაპირობებენ პირუტყვის დაავადებებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მიკროკლიმატი. მიკროკლიმატი წარმოადგენს საქონლის სადგომის შიგნით ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობას. მიკროკლიმატის ცვლილებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს კლიმატურმა ფაქტორებმა, შენობის კონსტრუქციამ, ვენტილაციამ, კანალიზაციამ, სითბომ და ტენგამტარობამ, ჰაერის მიმოცვლის დონემ, განათებამ, პირუტყვის განლაგების სიხშირემ და სხვა.
მიკროკლიმატის ნორმიდან გადახვევა აუარესებს პირუტყვის საერთო მდგომარეობას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს დაავადებათა განვითარებისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰაერში მავნე აირების შემადგენლობას, მიკროფლორას, ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობას და სხვა.
მავნე აირებად მიჩნეულია:
- ნახშირორჟანგი
- ამიაკი
- გოგირდწყალბადი
- მხუთავი აირი
ნახშირორჟანგი უფერო, უსუნო, მომჟავო გემოს აირია. სადგომში მისი ძირითადი წყაროა ცხოველების ამონასუნთქი ჰაერი. იგი წარმოიქმნება ცხოველის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგვითი პროცესების დროს. პირუტყვის ხანგრძლივად ყოფნა არავენტილირებულ შენობაში, სადაც ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაზე მეტია, ხშირ შემთხვევაში იწვევს შეუქცევად პათოლოგიურ პროცესებს.
გოგირდწყალბადი ძლიერ შხამიანი აირია: წარმოიქმნება გოგირდშემცველი ამინომჟავების ცილების ხრწნის დროს, რომელიც დიდი რაოდენობითაა იმ სადგომში, სადაც სანიტარული მდგომარეობა დაბალია. გოგირდწყალბადი ორგანიზმში შეიწოვება ფილტვებით და ზედა სასუნთქი გზებით. თუ ჰაერში მისი შემცველობა 0,015 მგ/ლ-ზე მეტია, ეს უკვე საშიშია პირუტვისა და ადამიანის ჯამრთელობისათვის.
ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე შხამიანი აირია. იგი წამოიქმნება აზოტის შემცველი ნივთიერებების ხრწნით. დიდი რაოდენობით გროვდება იმ შენობებში სადაც თავის დროზე არ ხდება ნაკელისა და დაბინძურებული ქვეშსაფენის გატანა, ხოლო ვენტილაცია არარეგულარულად და არასწორად ტარდება.
მხუთავი აირი ძლიერ შხამიანია, როგორც ცხოველებისათვის, ასევე ადამიანებისათვის. სადგომში გროვდება შიგა წვის ძრავის აგრეგატების (ტრაქტორები და სხვა) დიდი ხნით მუშაობით. პირუტყვი ჩაისუნთქვას რა მხუთავ აირს, იგი უერთდება ჰემოგლობინს და ბოჭავს მას, რაც აფერხებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებისათვის. სადგომში დიდი რაოდენობით დაგროვებისას კი შეიძლება ცხოველები გაიგუდონ.
სადგომის შიგნით აყენებენ მსუბუქ ტიხრებს, ხბოებს ათავსებენ მცირე ფართბზე, ცალკე. ოპტიმალური ტემპერატურა სადგომში 8-10 გრადუსია, ასეთ პირობებში საქონელი ნაკლებად ხარჯავს ენერგიას თბორეგულაციაზე და უკეთესად იყენებს საკვებს წონამატისა და რძის საწარმოებლად. შენობა რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს მაგრამ არ უნდა იყოს ორპირი ქარი.
ცუდი ვენტილაციის პირობებში, სუნთქვის პროცესში ძროხა დღეღამეში გამოყოფს 8-12 კგ ორთქლს, შენობის შიგნით სწრაფად გროვდება ტენი. ამავდროულად ძროხა გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგსაც. ორივე ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ცხოველის ჯამრთელობაზე, განსაკუთრებით ზამთარში. უფრო მეტად ავადდებიან ხბოები.
წელიწადში ერთი ძროხა იძლევა 10 ტ-მდე ნაკელს, რომელიც ძვირფასი ორგანული სასუქია. მცირე ოჯახური მეურნეობის პირობებისათვის საკმარისი იქნება სანაკელე ორმოს მოწყობა 2,5×2,5 მ, სიღრმე 0,5 მ. სანაკელე ორმო უნდა იყოს სადგომის კედელთან ახლოს. ნაკელს აგროვებენ ფენებად 1-2 მ სიმაღლით, შემდეგ აფარებენ 10-15 სმ-ის სისქის ნამჯას ან ტორფს. ნაკელს შენახვის ერთერთი აუცილებელი პირობაა მისი დატკეპვნა და დაცვა ატმოსფერული ნალექებისაგან. ასეთ პირობებში იგი მაქსიმალურად ინარჩუნებს მასში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს. დაუშვებელია ნაკელის დაუტკეპნავად და გაშლილად დაყრა, ასეთ შემთხვევაში ხდება მასში შემავალი ნივთიერებების დაკარგვა და იგი გვევლინება გარემოს დამაბინძურებლად.
სადგომის წინ უნდა მოეწყოს სასეირნო ადგილი 20-30 კვ.მ.
ასეთ ადგილზე სიმშრალის შესანარჩუნებლად იყენებენ ქვეშსაფენს, რომელსაც დროდადრო ამატებენ ნამჯას.
წყარო: ihow.ge