აგროსიახლეებიმედია

8 მარტის რეალური ისტორია, ანუ ვის ეკუთვნის ექსკლუზივი

წინადადება ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის შემოღების შესახებ, არ იყო კლარა ცეტკინის ექსკლუზივი.

1927 წელს სახელგამმა გამოსცა „8 მარტი – კრებული ქალთა საერთაშორისო დღისათვის“, რომელშიც ცალკე თავი ეთმობა ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიას.

წიგნის სქოლიოში ვკითხულობთ:

  • „წინადადება დღესასწაულის შესახებ შემოტანილი იყო ამერიკანელი დელეგატი ქალების მიერ, რომლებმაც 1909 წელს ჩატარეს თავის ქვეყანაში აგიტაციის დღე ქალთა საარჩევნო უფლებისათვის“.
 1910 წლის 27 აგვისტოს ქალაქ კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყნის 130 დელეგატი მონაწილეობდა. ამ ფაქტს გაზეთი „ახალი სიტყვა“ ასე გამოეხმაურა 1910 წლის 29 აგვისტოს:
  • „ყველა დელეგატს ქუდებში ჩარჭობილი ჰქონდა წითელი ვარდი. ტრიბუნაზე პირველი ავიდა გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი ქალი კლარა ცეტკინი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ყოველწლიურად აღნიშნულიყო მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღე. ინგლისელი დელეგატები ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა ქალთა უფლებების გაფართოება თანდათანობითო, მათ მხარი დაუჭირეს ნორვეგიელებმაც. ბურჟუაზიასთან ასეთი „სასირცხო კომპრომისის“ წინააღმდეგნი იყვნენ მგზნებარე გერმანელი ქალები ცეცხლოვანი კლარა ცეტკინის ხელმძღვანელობით. ელენ გრინბერგმა შემოიტანა წინადადება, ქალთა დღე აღენიშნათ ყოველწლიურად 19 მარტს“.
   პირველი ქალთა საერთაშორისო დღე გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვეიცარიაში 1911 წლის 19 მარტს აღინიშნა, ხოლო მომდევნო წელს — 12 მაისს.

 1914 წელს კი რამდენიმე ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტს აღინიშნა. სწორედ აქედან დაიწყო 8 მარტის ტრადიცია.
 
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკმა ფემინისტმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაიყოლია ლენინი, გამოეცხადებინა 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად, თუმცა გამოსასვლელ დღედ ის მხოლოდ 1965 წლის 8 მაისს დააწესეს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით.

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხებოდა საქართველოსაც, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1921 წელს აღმოჩნდა.

  სწორედ იმ წლის 8 მარტს, ქვეყნის გასაბჭოებიდან ორ კვირაში, როცა ტაბახმელის მიწას ჯერ ისევ აჩნდა ქართველი იუნკრების სისხლი, მშრომელმა ქალებმა თბილისში სადღესასწაულო დემონსტრაცია მოაწყეს. ხუთი წლის შემდეგ ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა კრებული „ამიერ-კავკასიის მშრომელი ქალი“:
  • „ამიერ-კავკასიის მშრომელმა ქალმა მიიღო საშუალება, იდღესასწაულოს თავისი დღე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან, სახელდობრ, 1921 წლიდან; პირველათ „საერთაშორისო დღე“ მშრომელმა ქალებმა იდღესასწაულეს მხოლოდ ტფილისში, ორი კვირის შემდეგ საქართველოს გასაბჭოების დღიდან — ეს იყო მშრომელი ქალების პირველი მასიური გამოსვლა, რომელიც დიდ მანიფესტაციად გადაიქცა. „მხოლოდ დღეს ვიგრძენით, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, მხოლოდ დღეს გავიგეთ, რა არის საბჭოთა ხელისუფლება და რას გვაძლევს იგი ჩვენ“, — აღელვებული ამბობდა მშრომელი ქალი ტრიბუნაზე. ეს მანიფესტაცია გაიმართა „ალექსანდროვის ბაღში“ ძმათა სასაფლაოზე“.
ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული, 21-ე საუკუნის საქართველოშიც ზარ-ზეიმითა და გაუნელებელი მოლოდინით ვიზეიმებთ თუ არა.
თავის დროზე სოციალისტ ქალთა მიერ აკვიატებულ და საბჭოთა იმპერიის პროპაგანდით განახლებულ 8 მარტს.
−ქვეყანაში, რომელშიც ოდითგანვე ქალის კულტი იყო, იქ, სადაც ქალის სახელს დაუკავშირდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, სადაც ქალის მეფობის ეპოქა შეფასდა „ოქროს ხანად“, სადაც დედის სახელი რელიგიური სიწმინდის რანგში იყო აყვანილი.
საბა მეტრეველი