საფუტკრეში ადრესაგაზაფხულო სამუშაოების თანმიმდევრობა
საზამთრე ნაგებობებიდან სკების გამოტანის ტექნიკა
ზამთარში ფუტკრის შენახვის ასეთ სისტემას მაშინ იყენებენ, თუ ჰაერის ტემპერატურა -10-150C-ზე დაბლა ეცემა, რაც განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის გუნდში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებისა და საკვების ხარჯვის თვალსაზრისით. საზამთრე ნაგებობებიდან სკების გამოტანის დროს სასურველი არ არის თბილი, მზიანი ამინდი, გამოტანის წინ იკეტება საფრენები და სკებს ალაგებენ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, საფრენს ხსნიან ფუტკრის დამშვიდების შემდეგ.
საჭირო ამინდის დადგომისთანავე უნდა მოხდეს ზამთრობის შედეგების აღრიცხვა: გამოზამთრებული ოჯახების რაოდენობა, მათი მდგომარეობა, უდედო ოჯახების გამოვლენა და დახმარება. ამ პერიოდისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა გამოზამთრებული გუნდის ბუდის შემჭიდროებადათბუნება, რისთ ვისაც ბუდიდან იღებენ ზედმეტ, ფუტკრისაგან თავისუფალ ჩარჩოებს, მათ გადააადგილებენ ტიხარს მიღმა, ან შეაქვთ ფიჭის საცავში, გუნდს როგორც ზემოდან, ისე გვერდიდან (საჭიროების შემთხვევაში) უნდა ჰქონდეს სათბუნებელი, ამასთან დაადგენენ, რამდენად უზრუნველყოფილია ფუტკრის ოჯახის ნორმალური ცხოვრება, ხომ არ გაჩენილა თაგვი სკის შიგნით, ხომ არ შეინიშნება სინესტე, ან ობი ან ფაღარათის ნიშნები სკის კედლებსა და ფიჭებზე და განახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
უდედო ოჯახების გამოვლენის შემთხვევაში მათ დააკომპლექტებენ სათადარიგო დედა ფუტკრებით, ან შეაერთებენ სუსტ ან საშუალო სიძლიერის დედიან ოჯახებთან. მათ აერთებენ შუაში ტიხრის ჩადებით, პიტნის წვეთების ან ანისულის ზეთის დაპკურებით ჩარჩოებზე (ურთიერთანტაგონიზმის დასაძლევად).
ამავე დათვალიერებაზე განსაზღვრავენ სკაში (მიახლოებით) ნახშირწყლოვანი და პროტეინოვანი საკვების მარაგს და საჭიროების შემთხვევაში შეავსებენ მათ: ა) ნახშირწყლოვანი საკვების სახით -კონცენტრირებულ ინვერსიულ სიროფს (75-77მას.%), პოლიეთილენის პარკში ჩასხმულს, ჩარჩოთა ზედა თამასებზე დადებით, ან ცომისებურ საკვებს – კანდს, ამავე წესით;
ბ) ჭეოიან ფიჭებს, თუ ასეთი აქვს მეფუტკრეს მარაგად ან პროტეინოვან დანამატებს შემდეგი შეფარდებით: დაფქვილი და ტოსტირებული სოიის უცხიმო ფქვილს ან ფარშს (90 გრ. ყოველ კგ მზა საკვებზე), მოხდილი რძის ფხვნილსა და ინაქტივირებულ საფუარს (30 გრ. თითოეული), დაფქვილი ყვავილის მტვერს (30 გ). საკვებში დანარჩენი წარმოდგენილია შაქრის ფქვილით (586 გ), ხოლო შემწებავ მასალად გამოყენებულია თაფლი (270-280 გრ), ან 80-81 მას% კონცენტრაციის ინვერსიული სიროფი (300-310 გრ).
ნარევი მოზელის შემდეგ შეიფუთება პოლიეთილენის პარკში, რომელსაც ფუტკრისათვის მიცემის წინ ერთ მხარეს ააჭრიან ფუტკრის მიერ ათვისების გასაადვილებლად. თუ პროტეინოვანი დანამატების მიცემა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს საადრეო მტვეროვანი ფლორის არსებობის შემთხვევაში (ნუში, შინდი და სხვ.), მაშინ ცომისებრი საკვები კანდი მხოლოდ ნახშირწყლოვანი კომპონენტებისაგან მზადდება.
ინვაზიური დაავადებების (აკარაპიდოზი, ვაროატოზი და სხვა) წინააღმდეგ ბრძოლა ადრე გაზაფხულზევე იწყება. ღონისძიების ჩასატარებლად შეირჩევა თბილი, მზიანი დღე იმ ვარაუდით, რომ შუადღისას ტემპერატურა 120C-ზე ნაკლები არ იყოს. პრეპარატი შეიძლება წარმოდგენილი იქნას წყალხსნადი ფორმით, მაშინ მას შეასხურებენ ჩარჩოებზე მსხდომ ფუტკრებს, ან ჩააწვეთებენ ჩარჩოთაშორის სივრცეში. თუ პრეპარატით გაჟღენთილია მყარი მასალა (მუყაოს ან სხვ. ფირფიტები), მას ჩარჩოებშორის ჩაჰკიდებენ, ან ზედა თამასებზე დაალაგებენ.
ადრესაგაზაფხულო სამუშაოები სრულდება სიფრთხილის დაცვით, ერიდებიან ფუტკრის გუნდის ზედმეტად შეწუხებას, სათბუნებელი მასალის ზედმეტად გადახდას, რომ არ დაარღვიონ გუნდის მთლიანობა და მისი შიგა ტემპერატურული რეჟიმი, რამაც შეიძლება უკვე გაჩენილი ბარტყის გაცივება გამოიწვიოს; ზამთრობის დროს უნებლიედ ჩრდილში მოხვედრილი ოჯახები მზიან ადგილზე უნდა გადაიდგას, რომ შესაძლებელი იყოს პერიოდულად ფუტკრის გამომღერა და ფეკალისაგან ნაწლავების გასუფთავება, ადრე გაზაფხულზევე სარწყულებლის მოწყობა და ფუტკრის მიჩვევა სიროფის სუსტი ხსნარის გამოყენებით.
ფუტკრის ოჯახის გაძლიერება დამხმარე ნაყრის შედგენით. ნაყრის შედგენით.
ამ მიზნის განხორციელებისათვის ძირითადი ოჯახიდან გამოყოფილ ნაყარს აძლევენ ახალ დედა ფუტკარს და პერიოდულად აძლიერებენ ძირითადი ოჯახიდან ამოღებული ბარტყიანი ფიჭით. დამხმარე ნაყრის განთავსება ხდება ვერტიკალური სკის II კორპუსში ძირითადი ოჯახიდან ყრუ გადატიხვრით ან ჰორიზონტალურ სკაშივე იმავე წესით. თავისთავად ცხადია, ძირითად ოჯახს და დამხმარე ნაყარს საფრენები ცალცალკე აქვთ. მთავარი ღალის დადგომისთანავე მათ გააერთიანებენ ტიხრის ამოცლით. სკაში ორივე დედა აგრძელებს თავის კვერცხდებას და ერთიმეორეს ხელს არ უშლიან, თუ ღალის შეგროვება საკმაოდ ინტენსიურად ხდება. მისი შესუსტებისთანავე სკაში რჩება მხოლოდ ერთი დედა. ამ ღონისძიების ეფექტი იმაზეა დამყარებული, რომ ორი დედის კვერცხდებით სკაში გროვდება მუშა ფუტკრის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ფლორის სანექტრე პროდუქციას უფრო აქტიურად აგროვებს იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ღალას წინ უძღვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საარსებო ღალა, რომელიც უზრუნველყოფს სკაში სამუშაო ძალის დაგროვებას.
გიორგი მაძღარაშვილი