საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეკონომიკის ხერხემალს მცირე ბიზნესი ქმნის
პატარა თუ დიდი ქვეყნების უმრავლესობის წარმატებას მცირე და საშუალო საწარმოები უზრუნველყოფენ. სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი ეს კანონზომიერება, რიგითი მკითხველისთვის ხშირად ძნელი დასაჯერებელი ხდება. მოქალაქეთა უმრავლესობა ეკონომიკურ ძალაუფლებას მსხვილ კომპანიებთან აიგივებს, მათ აღიქვამს მთავრობაზე გავლენის მქონე მოთამაშეებად და მათშივე ხედავს ქვეყანაში ეკონომიკური ამინდის განმსაზღვრელ ფაქტორს. სინამდვილეში, ამინდს სწორად მცირე და საშუალო ბიზნესები ქმნის. მათზე მოდის უფრო მეტი სამუშაო ადგილებიც, უფრო მეტი ნოვაციებიც და ზოგადად უფრო დიდი წილიც მთლიან შიდა პროდუქტში. ისინი ნაკლებად ჩანან სარეკლამო აბრებზე, ტელევიზორებსა და ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ჯამურად მათი საქმიანობის ძალა განუზომლად დიდია.
მცირე ბიზნესს მოქნილობა ახასიათებს. იგი სწრაფად რეაგირებს ბაზრის მოთხოვნებზე და მომხმარებელს სასურველ პროდუქტს მალევე სთავაზობს. ცხადია, ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელსაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია, ლაბორატორიული კვლევები და რთული ტექნოლოგიური პროცესები სჭირდება, მცირე საწარმო მსხვილ კორპორაციას ვერ გაეჯიბრება, თუმცა, იგივე პროდუქტის გაყიდვებში მცირე მაღაზიამ შეიძლება მსხვილ სავაჭრო ქსელსაც დაასწროს. სანამ მსხვილი სავაჭრო ცენტრების ქსელი ახალ პროდუქტზე მოთხოვნას შეამჩნევს, მის ქსელში შემოტანაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ფასსა და პირობებზე შეთანხმებას მიაღწევს და საბოლოოდ სიახლეს ქსელში გაუშვებს, შეიძლება ერთი წელიც კი გავიდეს, რომ არაფერი ვთქვათ, რამოდენიმე თვეზე. მოქნილი მცირე მაღაზია იგივე პროცესებს გაცილებით სწრაფად ახორციელებს. სანამ მსხვილი კონკურენტი იაფი ფასებით მომხმარებლის გადაბირებას შეუდგება, მცირე მოვაჭრეს ამ პროდუქტის გაყიდვებიდან უკვე ექნება სასურველი მოგება მიღებული, იგი უფრო იაფ შეთავაზებას ბრძოლას არც გაუმართავს, არამედ მორიგ სიახლეზე გადაერთვება და თავის მძიმეწონოსან კონკურენტთან შედარებით ისევ ერთი ნაბიჯით წინ იქნება.
მთელ რიგ დარგებში მცირე ბიზნესი საკმაოდ ეფექტიანად ეჯიბრება მსხვილ კორპორაციებს. ამჯერად უკვე ვაჭრობაზე კი არა, საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე ვლაპარაკობთ და მაგალითისთვის მეღვინეობაზე და ტურიზმზე შევჩერდებით.
მრავალმილიონიანი ბრუნვის მქონე ღვინის კომპანიების გვერდით წარმატებით თანაარსებობენ მცირე მარნები, რომლებიც რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. მათი ფასებიც და ხარისხიც სავსებით კონკურენტუნარიანია. ღვინის მსოფლიო ბაზარზე უამრავი ნიშაა, ღვინის მოყვარულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიახლის გასინჯვისკენ არის მიდრეკილი, მას ორიგინალური გემო და არომატი იზიდავს, სიამოვნებს უშუალო ურთიერთობა მეღვინესთან, ამა თუ იმ მოსავლისა და ჩამოსხმის ისტორიაც აინტერესებს. ამ ყველაფერს კარგად გამართული მცირე მარანი წარმატებით ართმევს თავს. მარკეტინგის და გაყიდვების თანამედროვე ტექნოლოგიები (რომელთა უმეტესობა ინტერნეტის გამოყენებას გულისხმობს) სავსებით ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს კახეთის ერთ პატარა სარდაფში დაწურული ყურძნის ამბავი ოკეანის გაღმა მაცხოვრებელ ღვინის მოყვარულებამდეც მივიტანოთ.
იგივე შეიძლება ითქვას ტურიზმზეც. მსოფლიოში განთქმული სასტუმრო ქსელების პარალელურად წარმატებით მუშაობენ პატარა საოჯახო სასტუმროები, რომელთა შემოსავლები (ერთ სულ სტუმარზე შემოსული მოგება) თამამად ეჯიბრება მსხვილი კონკურენტების მაჩვენებლებს. ცხადია, როგორც მეღვინეობაში, აქაც არსებობს ხარისხის გარკვეული მაჩვენებლები, რომლებსაც მცირე მასშტაბებში ვერასდროს დაიცავ, მაგრამ ამ განსხვავებას ხშირად გადაწონის ის უშუალობა და მომხმარებლისადმი ერთგვარი პირადი დამოკიდებულება, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ მცირე მეწარმეს შეუძლია. ტურისტთა დიდი ნაწილი, ღვინის მოყვარულთა მსგავსად, ამ უშუალობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სასტუმროს ხარისხის განმსაზღვრელი ვარსკვლავების ოდენობას, ბრენდის ცნობადობას, ან სხვა მასობრივ მომხმარებელზე გათვლილ მაჩვენებლებს.
მეწარმის წარმატებას მისი საწარმოს ზომები არ განსაზღვრავს, ამას მისი პროფესიონალიზმის დონე და სამეწარმეო უნარები უზრუნველყოფს. მცირე ქვეყნების ეკონომიკური წარმატების საიდუმლოც სწორედ ამაში იმალება.
შვეიცარიის გზა ემიგრაციაში მიმავალთა სამშობლოდან მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფომდე
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, შვეიცარია კეთილდღეობას განასახიერებს. უმრავლესობისთვის უცნობია, რომ გზა ამგვარი წარმატებისკენ საკმაოდ რთული იყო და დღეს მდიდრულად მოკაშკაშე ქვეყანა არც თუ დიდი ხნის წინ უმძიმეს პრობლემებს ეჭიდებოდა.
როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო, ისე მთელი მეცხრამეტე საუკუნის შვეიცარია ემიგრაციაში მიმავალთა ქვეყანას წარმოადგენდა. 1815-1914 წლებში 400 000 შვეიცარელზე მეტმა დატოვა თავის სამშობლო (იმდროს მეტწილად აგრარული ქვეყანა) და უკეთესი ბედის იმედით სხვა სახელმწიფოებს მიაშურა. მხოლოდ მეოცე საუკუნის შუა წელს, მსოფლიო ომების დასრულების შემდგომ, ქვეყანამ შესძლო ამ ტენდენციის შემობრუნება და შვეიცარიაც უცხოელთა შემოდინების სამიზნედ იქცა. რამ განაპირობა ეს გარდატეხა?
ალპური მთების პატარა ქვეყანა, მწირი წიაღისეულით და შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით თავიდანვე ინოვაციებისთვის იყო განწირული. შიდა ბაზრის სიმცირე ადგილობრივ მეწარმეებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას აიძულებდა. იქ მათ მძაფრი კონკურენცია ხვდებოდათ, რომელთან ჭიდილშიც პროდუქტიულობის ზრდას სწავლობდნენ.
შვეიცარიის ეკონომიკის გამწევ ძალად და ინოვაციების მთავარ წყაროდ მცირე და საშუალო საწარმოები იქცნენ, რომლებიც ახალ პროდუქტებს ავითარებდნენ, ხოლო არსებულ პროდუქტებს, პროცესებს და მომსახურებებს მომხმარებელზე მორგებულად ხვეწდნენ. საწარმოო პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა შვეიცარიელთა საერთო ტენდენციად იქცა სამკერვალო თუ საქსოვი დაზგების, ძრავების თუ ტურბინების წარმოებაში, საღებავების თუ ქიმიური პროდუქტების დამზადებაში, ასევე საკვების გადამამუშავებელ ინდუსტრიაში. ამ ყოვლისმომცველმა ტენდენციამ შვეიცარია საუკუნეების მიჯნაზე ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აქცია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პლანეტის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის დაამკვიდრა.
დღესაც, მცირე და საშუალო საწარმოები შვეიცარიის ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენენ, დასაქმებულთა ორი მესამედი სწორედ ასეთ კომპანიებში მუშაობს. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, სტატისტიკის თანახმად, 1000 შვეიცარული კომპანიიდან მხოლოდ ოთხს ყავს 250 თანამშრომელზე მეტი.
ლედერახის საკონდიტრო – ტრადიციული საოჯახო საწარმო გლობალურ ბაზარს იპყრობს
დიპლომიანი კონდიტერი რუდოლფ ლედერახი ადრეული ასაკიდან საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობდა, თუმცა საამისოდ სახსრები არ გააჩნდა. 1962 წელს, 33 წლის ასაკში, საკუთარი სახლის სარდაფში მან შოკოლადის წარმოება დაიწყო, საიდანაც გასტრონომების და საკონდიტროების ნახევარფაბრიკატებით მომარაგებას შეუდგა. კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი 1970 წელი აღმოჩნდა, როდესაც რუდოლფ ლედერახმა შოკოლადის წარმოებაში გარდამტეხი ტექნოლოგია შეიმუშავა და დააპატენტა: ტრიუფელის ტიპის შოკოლადის თხელკედლიანი ბურთულების დამზადების ახალი მეთოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოების ხარჯები და ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა. ტექნოლოგიური გარდატეხა ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა მცირე საკონდიტროსთვის, რომელიც შოკოლადის, ნუშის და კარამელის გამოყენებით მაღალხარისხიან ტკბილეულს აწარმოებდა.
ლედერახის საკონდიტროს (Confiseur Läderach AG) ფილოსოფიას დაფუძნებისთანავე ორი ღირებულება ამყარებდა: გარშემომყოფთა მომსახურებიდან და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფიდან სიამოვნების მიღება. ამ სულისკვეთებით საწარმო თანმიმდევრულად ვითარდებოდა და 1981 წელს თავისი პირველი საფირმო მაღაზია გახსნა. ამავე წელს ექსპორტის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გერმანიაში დაფუძნდა პირველი შვილობილი საწარმო და ოკეანეს გაღმა ექსპორტის პირველი პარტიაც გაიგზავნა. განვითარების თანმიმდევრული სტრატეგიის წყალობით კომპანიამ სწორი ინვესტიციების განხორციელება შეძლო (მათ შორის კონკურენტების შემოერთების კუთხითაც) და ერთი უბრალო სოფლის საკონდიტროდან ნელ-ნელა მსოფლიო მასშტაბით მომუშავე შოკოლადის ფირმად იქცა, რომელიც კაკაოს მარცვლების შესყიდვებით დაწყებული კანფეტების გაყიდვებით დამთავრებულ მთელს საწარმოო ჯაჭვს აკონტროლებს.
2018 წლის მდგომარეობით, ლედერახის საკონდიტრო 2500-ზე მეტი სახეობის პროდუქტს (მათ შორის ნახევარფაბრიკატებს) აწარმოებს, 43 ფილიალი აქვს შვეიცარიაში, 15 _ გერმანიაში, ასევე ცალკეული წარმომადგენლობები _ იაპონიაში, კორეაში, კუვეიტსა და ტაივანში.
ის, რაც მუშაობს შვეიცარიაში, საქართველოშიც შეიძლება დაინერგოს, აქ მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალი უზარმაზარია. სწორედ ეს განაპირობებს ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის შვეიცარიელი სპეციალისტების მცდელობას ხელი შეუწყონ ქართველ მცირე მეწარმეების განვითარებას (ხელშეწყობის პროგრამის შესახებ უფრო ვრცლად ამ სტატიაშია მოთხრობილი).
ნიჭიერებასა და სიახლისაკენ სწრაფვაში ქართველ კაცს ბევრი ვერ გაეჯიბრება. მაგრამ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, ძირფესვიანი სიფრთხილე სჭირდება.
მიმზიდველი კრედიტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე –
დავალიანების შედეგები საქართველოში
ეს ხომ ძალიან მარტივია და სწრაფიც: აქ უახლესი მობილური ტელეფონის საფასური გადახდილია სესხით, იქ ტელევიზორია ნაყიდი განვადებით და ბოლოს ახალი მანქანაც შეძენილია ავტო კრედიტის დახმარებით. სარეკლამო კამპანიები ნასესხები ფულის გართობაში ხარჯვას წარმოადგენენ როგორც ნორმალურ მოვლენას.
მაშინ, როდესაც ახალი ათასწლეულის დასაწყისში კერძო საოჯახო მეურნეობებს და საწარმოებს ხელი თითქმის არ მიუწვდებოდათ კრედიტებზე, 2016 წელს 1000 ზრდასრულ მოსახლედან 724 -ს სესხი უკვე აღებული ჰქოდა ბანკიდან ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციიდან.
ბოლო წლებში ძალზედ მკვეთრად გაიზარდა ყოველწლიურად დადებული სასესხო ხელშეკრულებების რიცხვიც. “კრედიტ ინფო ჯორჯიას” მიერ წარმდგენილ მონაცემთა ბაზის თანახმად 2014 წელს 8,5 მილიონი საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა.
ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი 12,5 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ბოლოს ის უკვე 18,2 მილიონს შეადგენდა. ამავდროულად მსესხებელთა მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა 2,4 მილიონი მომხმარებელი. მოსახლეობის თითქმის 65 პროცენტს მინიმუმ ერთი ან მეტი მოქმედი სესხი ჰქონდა.
გაცილებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დავალიანების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება მათივე წლიურ შემოსავალს. ამ მაჩვენებლით საქართველო მძიმე მდგომარეობაშია არა მხოლოდ განვითარებულ, არამედ მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებთან შედარებით.
2018 წლის მდგომარეობითაც იგივე ვითარებაა, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით სამიდან ორ მოქალაქეს ვალი აქვს.
2018 წელს შემოტანილი რეგულაციების ამოქმედებამდე სამომხმარებლო კრედიტები ადვილად ხელმისაწვდომი იყო და მსესხებლებზე თითქმის უკონტროლოდ გაიცემოდა. წლიური პროცენტებით და მოსაკრებლებით მომხმარებლები ადვილად ხვდებოდნენ ვალების ხაფანგში. მრავალრიცხოვანი მცირე და დიდი კრედიტების ხარჯები ემატებოდა ერთმანეთს იქამდე, სანამ მათი გადახდა არსებული შემოსავლებიდან შეუძლებელი ხდებოდა, რასაც დაყადაღება, გაკოტრება და ქონების იძულებით გაყიდვა მოჰყვება.
საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდის ფონზე გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო მეტმა მსესხებელმა ქონების იძულებითი გაყიდვის შედეგად დაკარგა მიწები, ბინები, სახლები. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად იძულებით გაყიდული მოძრავი და უძრავი ქონების თანხა 2012 წლის პირველ კვარტალში შეადგენდა 1,6 მილიონ ლარს. 2015 წელს კი იგივე პერიოდის მონაცემებით ეს თანხა უკვე 6 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს და 14 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსების სწორი მართვა არის ერთადერთი გზა მცირე ბიზნესის წარმატებისკენ
სესხი როგორც ასეთი უბედურება არ არის. მაგრამ ნასესხები თანხების საქეიფოდ ხარჯვა ნამდვილად ტრაგედიაა. ნებისმიერი წარმატებული მეწარმე დაგიდასტურებთ, რომ სესხს ბიზნესის განვითარებისთვის უდიდესი სარგებელის მოტანა შეუძლია. ნასესხები კაპიტალი გაძლევთ საშუალებას გადადგათ ის ნაბიჯები, რომელთაც საკუთარი სახსრებით ვერ დგამთ. მშრომელ კაცს, რომელიც საქმეს თავდადებით ემსახურება, ხარჯების გაღებას პასუხისმგებლობით ეკიდება და ბიზნესის ზრდაზეა ორიენტირებული, კარგი პირობებით სესხის მოპოვება არ გაუჭირდება. თუ ბიზნესი კრედიტუნარიანია, ხოლო კრედიტი შემოსავლების ზრდას ხმარდება, ბანკი ყოველთვის მზად იქნება ორმხრივად მომგებიანი, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. მაგრამ თუ მსესხებელს მოქმედების არანაირი მკაფიო გეგმა არ გააჩნია, თუ მისი შემოსავლების ზრდა მოსალოდნელი არ არის, ხარჯები კი გაუთავებლად მატულობს, გამსესხებელი მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს გაცემული სესხის ამოღებას. სწორედ ეს განაპირობებს ონლაინ სესხებზე კატასტროფულად მაღალ პროცენტებს, რომ ხუთი ასეთი არასანდო კლიენტიდან მხოლოდ სამმა მაინც თუ მოახერხა სესხის პირობების შესრულება გამსესხებელი წაგებაში არ დარჩეს.
ის ფაქტი, რომ 2018 წელს სახელმწიფომ სესხის გაცემის რეგულაციები გაამკაცრა ცხადყოფს, რომ საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას მეტი კონტროლი სჭირდება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ ამ მწარე გაკვეთილიდან უნდა გამოიტანოს. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სესხის ხელმისაწვდომობამ თავბრუ აღარ უნდა დაგახვიოს.
თუ არ გაქვს ისეთი შემოსავალი, რომელსაც ესადაგება 2000 ლარიანი ტელეფონის, 5000 ლარიანი ტელევიზორის, ან 50000 ლარიანი მანქანის ყოლა, ასეთი ნივთი არ უნდა შეიძინო, არც სესხით, არც განვადებით. სანამ შენი შემოსავლები არ გაიზრდება და ეს ნივთი შენთვის მეტად ხელმისაწვდომი არ გახდება, მანამდე ვერაფერი გაამართლებს ასეთ შენაძენს. შემოსავლის ნახევარზე მეტს ამგვარი სამომხმარებლო სესხების დაფარვაზე ხარჯავდე ნიშნავს საკუთარი ახირებების მძევალი იყო. ასეთი მიდგომით ადამიანს საარსებო პირობების კეთილმოწყობაც კი გაუჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
მცირე საწარმოში ფინანსების სწორად მართვა აუცილებელია. საქმე მარტო სესხს არ ეხება. გრანტად მიღებული თანხებიც საჭიროებს აზრიან გაწერას და მკაცრ კონტროლს, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ კაპიტალზე. ვინც უძლებს ცდუნებას და მცირე ბიზნესიდან მოგების გაზიდვას არ ჩქარობს, საბოლოო ჯამში მდიდრდება. მცირე ბიზნესის ფინანსების სწორ მართვას ორი რამ სჭირდება: ხედვა და პროფესიონალიზმი. ხედვა ნიჭიერი მეწარმეების დამახასიათებელი თვისებაა, მათ იციან საით მიყავთ საწარმო, რას უნდათ რომ მიაღწიონ. მათ დაფუძნებისთანავე ჰქონდათ გარკვეული მიზნის ხედვა და სანამ ამ მიზანს არ მიუახლოვდებიან, მანამდე მზად არიან ითმინონ და ბიზნესის შემოსავლების პირად დანიშნულებით გაფლანგვაზე უარი თქვან. პროფესიონალიზმი სწორ ხედვას ფინანსების მართვის სწორი მეთოდიკით ავსებს. იგი გასწავლის ბიუჯეტის შედგენას, პრიორიტეტების განსაზღვრას, საკუთარი საწარმოს ღირებულების დადგენას, ამა თუ იმ დანადგარის, ან ოპერაციის უკუგების გამოთვლას, ინვესტორთან ურთიერთობას, სესხის აღებას – ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც საწარმოს ფინანსური წარმატებისთვის არის აუცილებელი. ფინანსური განათლების დაბალი დონე მეწარმისთვის დაუშვებელია. ის შეიძლება არ იყოს დიპლომირებული ფინანსისტი, მაგრამ საწარმოს განვითარებისთვის აუცილებელ ცოდნას უნდა ფლობდეს. სწორედ ამიტომ ეთმობა ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსებს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ მკითხველის ყურადღებას მოცემულ საკითხზე.
სტატია მომზადდა ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის ქართველ და შვეიცარიელ ექსპერტთა მიერ
სტატიაში გამოყენებულია აგრონიუს.ჯი-ს, Confiseur Läderach AG-ს, კრედიტ ინფო ჯორჯიას, ISET Economist Blog-ის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები