აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

სიმინდის ჰიბრიდი “ყაზბეგი”

სიმინდს საქართველოში 200_220 ათასი ჰექტარი ეკავა, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. აქედან დაახლოებით 80 ათასი ჰა განლაგებულია ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ფართოდაა გავრცელებული სიმინდის ფოთლის დაავადება ჰელმინტჰოსპორიუმ ტურციცუმ, რომელიც აზიანებს შემოტანილ ჰიბრიდებს.დდაავადების გავრცელების ვადასა და ხარისხზე დამოკიდებულებით დაავადებით გამოწვეული მარცვლის მოსავლის დანაკარგი მერყეობს 4-დან 50 %-მდე.აამიტომ, ამ ზონაში ძირითადად მოჰყავთ ადგილობრივი სელექციური ჯიშები და ჯიშ-პოპულაციები.მმოსავლიანობის გაზრდისა და აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია მაღალმოსავლიანი, დაავადების გამძლე ჰიბრიდების გამოყვანა და წარმოებაში დანერგვა.
გენეტიკური დონორებისა და მეთოდების გამოყენებით შექმნილია პირველი ასეთი ჰიბრიდი სახელწოდებით “ყაზბეგი”, რომელიც დაპატენტდა 2014 წელს.

საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში ჩატარებულმა ფიტოსანიტარულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ დაავადების გავრცელების შედარებით ხელსაყრელ 2004 წელს, ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოიზი აღინიშნა დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში [40-90%] და აღმოსავლეთ საქრთველოში ხაშურის რაიონში [30%]. განვითარების ინტენსივობამ 80-100% შეადგინა.

ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზზე სელექცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რიგ ქვეყნებში დაფუძნებულია მუტანტური გენის Ht-ს გამოყენებაზე. ეს გენი შეყავთ ფართოდ გავრცელებულ თვითდამტვერილ ხაზებსა და ჰიბრიდებში.

ჩვენი გამოკვლევები მიზნად ისახავდა Ht გენების გამოყენებით გამოგვეყვანა ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზის მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული, მექანიზირებული წარმოებისათვის ვარგისი ჰიბრიდები, რისთვისაც 2006 წელს მიწათმოქმედების ინსტიტუტის გენბანკის დახმარებით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ჩრდილოეთის ცენტრალური რეგიონის გენეტიკური რესურსების ცენტრიდან  (აიოვას შტატი) მივიღეთ Helminthosporium turcicum – ისადმი  გამძლე გენების დონორები Ht, Ht1, Ht2, Ht3. ეს დონორები წარმოდგენილი იყო სხვადასვა ვეგეტაციის თვითდამტვერილი ხაზების სახით. ისინი გამრავლებული იქნა მიწათმოქმედების ინსტიტუტში და მათ საფუძველზე შეიქმნა ჰიბრიდები.

ჰიბრიდები იცდებოდა 2007 – 2011 წლებში ტენიან სუბტროპიკულ ზონაში საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუში (ქ. ქობულეთი) ინვაზიურ და ხელოვნურ -ინფექციურ ფონებზე, მიწათმოქმედების ინსტიტუტის სენაკის საცდელ სადგურში ბუნებრივ პირობებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – მიწათმოქმედების ინსტიტუტში (წეროვანი) და ამავე ინსტიტუტის სართიჭალის საცდელ სადგურში. აღნიშნულ ჰიბრიდებთან ერთად იცდებოდა ადგილობრივი ჯიშები, ზოგიერთი დარაიონებული და პერსპექტიული ჰიბრიდები.

ჩატარებული კვლევითი მუშაობის შედეგად შეიქმნა ჰიბრიდი, რომლის დედა ფორმაა ხაზი B73Ht, ხოლო მამა ფორმა ხაზი LH51. მშობელი ხაზები ამერიკული სელექციისაა, მათი შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდი სახელწოდებით „ყაზბეგი“ 2012 წელს წარედგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ დასარეგისტრირებლად.

მორფოლოგიური ნიშნები

მცენარე –  სიმაღლე 268 სმ, მიწისზედა მუხლების რიცხვი მთავარ ღეროზე 17-18. ფოთლების რაოდენობა მთავარ ღეროზე 19-20.

ფოთოლი – შეფერვა ყვავილობის ფაზაში მწვანე და მუქი მწვანე (მაღალ აგროფონზე), შებუსვა სუსტი, ცვილისებური ფიფქი სუსტად განვითარებულია, ზედაპირი სუსტად გოფრირებულია, ფოთლები ტაროს ზევით აღმამდგომია, ტაროს ქვევით – ნახევრად აღმამდგომი.

ტარო –  მიმაგრების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 117-120 სმ. ტაროს ფორმა სუსტი კონუსური, სიგრძე 22-23 სმ, მარცვალი ყვითელი, კბილა, 1000 მარცვლის მასა 315 გრ., ტაროს შემარცვალა 98%, მარცვლის რიგების რაოდენობა 16-18, რიგში მარცვლის რაოდენობა 50, ტაროდან მწიფე მარცვლის გამოსავალი 84%, მშრალი ტაროს წონა 230-250გრ, იფშვნება კარგად, ნაქუჩის ფერი ვარდისფერი.

ბიოლოგიური თვისებები

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა მასიური აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 127 დღე, მასიური აღმოცენებიდან რძისებრ სიმწიფემდე 82 დღე, მასიური აღმოცენებიდან ცვილისებრ სიმწიფემდე 93 დღე. მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო, არ ახასიათებს ღეროს ჩაწოლა. ფუზარიოზით და ბუშტოვანი გუდაფშუტით ავადდება მცირედ, ფარვანათი ზიანდება სუსტად.

„ყაზბეგი“-ს გავრცელების არეალია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონა და აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი რაიონები. მოსავლიანობა 7-9 ტონა მარცვალი ჰექტარზე. დარაიონებულ ჰიბრიდს  „წეროვანი 1“-ს მარცვლის მოსავლით აღემატება 5 %-ით, ამასთანავე ჰიბრიდი პრაქტიკულად გამძლეა ჩრდილოეთის ჰელმინთისპორიოზის მიმართ. ჭარბტენიან სუბტროპიუკულ ზონაში დაავადება ხელოვნურ ინფექციურ ფონზე 1 ბალია, ბუნებრივზე – 0.5, ხოლო წეროვანი 1-ის ინფექციურ ფონზე – 4, ბუნებრივზე – 2. შესაბამისად რეაქციის ტიპი „ყაზბეგისა“ არის R-გამძლე, ხოლო „წეროვანი 1“-ის MS/MR- საშუალოდ მიმღები (Esteves M.C.F. 1989-ის მიხედვით).

მცენარეთა დგომის ოპტიმალური სიხშირეა 55-57 ათასი ძირი/ჰა, ჰიბრიდი სამარცვლე  მიმართულებისაა. ჰიბრიდული თესლის მიღება ხდება სქემით 4:2. ამ სქემის გამოყენებისას ჰიბრიდული თესლის გამოსავალი ჰა-ზე 66,6%-ია.

ჰიბრიდი „ყაზბეგი“ გადაყვანილია სტერილურ საფუძველზე. მისი მეთესლეობა სწარმოებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში და შპს აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე.

ლიანა ქირიკაშვილი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი კონსულტანტი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.