დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჭოტიაშვილების კლასიკური ქვევრი…

თითქოს საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, ღვინის სწორად დაყენება ყველამ იცის. “მამაპაპათგან” გადმოცემული და ნასწავლი აქვთ და 8000 წლოვანი ტრადიციითაც კაი გვარიანად ვამაყობთ და მაინც, ნორმალური (კარგს და ფანტასტიკურს არ ვამბობ) ღვინის დალევა ჩვეულებრივ ოჯახებში ძალიან ჭირს.

მეღვინეობა ვენახში ყურძნის დაკრეფა (ან ყიდვა), საწნახელში ან საწური მანქანაში დაჭყლეტვა, ქვევრში ან პლასტმასის ბოცაში ჩაწურვა და სტანდარტული ლოდინი (საფერავს 21 დღე სტანდარტულად, ქვევრში 3 დან 6 თვემდე) არ ყოფნის. ამის გაკეთება ყველას შეუძლია და მაშინ პროფესიონალიზმის არსი სრულიად იკარგება. აზრს კარგავს ღვინის მისტიკურობა, ინდივიდუალიზმი, ხასიათი, განწყობა და პიროვნულობა.

მაშინ ვინაა კარგი მეღვინე?
ვისი ღვინოა საუკეთესო და ძვირადღირებული?

ძმებ ჭოტიაშვილების (კახა და უჩა) მარანში კულინარიული ექსპედიციის გადაღებისას ვიყავი. კახეთის ძველი და ფანტასტიკური მდებარეობის სოფელ სანიორეში, თუშეთის მთები რომ ქუდივით ახურავს, ძმებს საგვარეულო მიწაზე ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აშენებული ნამდვილი ქართული სულის მარანი აქვთ, სადაც რამდენიმე ათეულ ქვევრში ღვინოს წურავენ.

ჭოტიაშვილებთან რთველი გადავიღეთ. როგორც კი მათ ეზოში და მერე მარანში შევდგი ფეხი, მივხვდი, რომ ძმები პერფექციონისტები იყვნენ. ასეთ ადამიანებს კი უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმეს მიფუჩეჩება. ასეთი ადამიანები დიდხანს უკირკიტებენ მარტივ საქმეებს, ცდილობენ იდეალურამდე მიიყვანონ ისეთი უბრალო რამეებიც კი, რასაც ჩვენ, დანარჩენები უბრალოდ მივახუთშაბათებთ-ხოლმე.

ძმებ ჭოტიაშვილებს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ღვინოზე აღმატებით რეგისტრში ლაპარაკი არ უყვართ, ძალიან მაგარი ღვინო აქვთ, შეიძლება ითქვას, საქართველოში დაწურულ მსგავსი ჯიშის ღვინოების ხუთეულში აუცილებლად შესაყვანი.

მათი ქვევრის რქაწითელი ძალიან კლასიკურია. აქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება ამოიკითხოთ რქაწითელის შესახებ სამეცნიერო ენციკლოპედიებში.
ქვევრის საფერავი კი ზუსტად ისეთი საფერავია, როგორიც შეიძლება სამუზეუმო ექსპონატად შეინახო. ზუსტად ისეთი გემოა, როგორიც შეიძლება ღვინის აკადემიაში (ასეთი რომ არსებობდეს) სტუდენტებს ასწავლო. მეღვინე ძმები არ არიან ღვინის “ტარანტინოები”, ისინი არც განვითარების, ვთქვათ ფონ ტრიერისეულ გზას ირჩევენ, ჭოტიაშვილები უფრო მარტინ სკორსეზეს მაგონებენ.

რა თემაზეც უნდა გადაიღოს კინო (რა ჯიშის ყურძენიც გინდა დაწურონ), არასოდეს დაუშვებენ ტექნიკურ შეცდომას, არ ექნებათ კადრის წუნი, არ გადაიღებენ (დაწურავენ) წელს კარგ და გაისად ცუდ კინოს (ღვინოს). თითქოს ძმებს შინაგანი ბუნებრივი ბმა აქვთ საუკუნოვან ტრადიციულ მარნებთან, თითქოს, არა ნამდვილად, ბევრს კითხულობენ ღვინის ისტორიაზე, ინარჩუნებენ ტრადიციას და ამასთანავე ალღოს უღებენ ყველა ინოვაციურ მიდგომებს, ვითარდებიან, ვითარდებიან, ვითარდებიან და იმავე დროს, საერთოდ არაფერს ცვლიან. “გერმანული სტანდარტი” კარგად მოუხდებოდა ჭოტიაშვილების მარანს. ძმებს ველოსიპედის გამოგონება არც უცდიათ, უბრალოდ, მათ სრულყოფილებამდე მიყვანა სცადეს ღვინოებისა, რომელიც თითქოს ყველაზე ნაცნობი და სტანდარტულია. ჭოტიაშვილების ღვინო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

გურამ მეგრელიშვილი (ზემხა)