შინაურ ცხოველთა კვების ტრადიციები საქართველოში
საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას ხელს უწყობდა შესანიშნავი ბუნებრივი პირობები: ზომიერი ჰავა, საუკეთესო სასმელი წყლები, ზომიერი ტენიანობა, ბუნებრივი, მრავალფეროვანი ბალახით სავსე მდელოები და მთები, ბარისა და მთის შესანიშნავი საძოვრები. ყოველივე ამას ქართველი მეურნე ითვალისწინებდა და სწორად გეგმავდა თავის სამუშაოს. შედეგიც შესაბამისი იყო. ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ აქ არსებულ მცენარეთა უმრავლესობის გავლენას ცხოველთა სიმსუქნეზე, რძის ნაწარმის ხარისხზე, მის ცხიმიანობაზე, მუშა საქონლის შრომისუნარიანობაზე, ჯანმრთელი ნამატის მიღებაზე.
რამდენადაც ქართველი მესაქონლეები კარგად ერკვეოდნენ მთისა და ბარის ბალახეულის ყუათიანობაში, ცდილობდნენ ცხოველებისათვის საძოვრებად შეერჩიათ ისეთი ადგილები, სადაც მეტი დასახელებისა და დიდი რაოდენობით იზრდებოდა ისეთი მცენარეები. ასეთი ადგილები კი მეტ-ნაკლებად მთელ საქართველოში იყო. რძისა და ხორცის ცხიმიანობას, განსაკუთრებით, ზრდიდა მთის ბალახი. მთხრობელის გადმოცემით, მთის ბალახი ღალიანია, მთებში ნოყიერი ბალახით ნაკვები საქონლის რძიდან დამზადებული პროდუქტები ერბო, ხაჭო, ყველი, უფრო მაღალხარისხიანია, ვიდრე ბარის. მათივე თქმით, ამ მხრივ სუკეთესო საძოვრებად ითვლება ალპური დაბალბალახიანი საძოვრები, სადაც ბევრია სამყურა, ქარცხვი, კვლიავი… გადმოცემით თუშეთში იცოდა – „ძალიან კარგი და გემრიელი ყველი“, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ყველს წოვისა და სახარის საძოვრები იძლეოდა. საძოვრებს გამოარჩევდნენ იმის მიხედვით, მზიანი იყო ადგილი თუ ჩრდილიანი: „პირიმზითის ბალახი უფრო ღალიანი, ბარაქიანი და ნოყიერია, ხოლო ჩრდილის _ უბარაქოა“, _ ამბობდნენ მთხრობელები. გადმოცემით წოვისა და გომეწრის ხეობაში, სახარის მთაზე „პირიმზე“ ადგილებია, სადაც დაბალი ყვავილოვანი ბალახია _ ქარცხვი, სამყურა…
ხევსურეთის საძოვრების ბალახეულობაც დახასიათებულია, როგორც ცხიმიანი და ღალიანი. აქაც საუკეთესო მცენარედ კვლიავია დასახელებული.
მთიულეთ-გუდამაყრელი მეცხოველეების გადმოცემით, ყუათიანობით, ცხიმიანობით მათ საძოვრებს ხევსურეთისა და ხევის საძოვრები სჯობდა _ იქ სულ მთებია, ხევსურეთის ბალახი ღალიანია, დაბალი. „ცხორი და ძროხა იქ მატულობს რძით, ხორცით. ხევსურეთის საძოვრები არ იხვნება, მთა ალაგია: ბალახი ღალიანი მოდის, კვლიას ეძახიან, წვრილი ბალახია, ძროხასაც გაასუქებს, რძესაც მოიყვანს. თუ ძროხა აქ 10 – 12 კილო ერბოს გააკეთებს, იქ 20 კილო ერბოს იძლეოდა. კვლიავი საუკეთესო ბალახად ითვლებოდა მეწველი ძროხებისათვის. კვლიავიანი საძოვარი ფურებს მეტს აწველინებს“, _ აღნიშნავს მთხრობელი.
მცენარე კვლიავი აკად. ივ. ჯავახიშვილის კვლევის სფეროშიც მოხვდა. ეს მცენარე უძველესი დროიდან ყოფილა ცნობილი. საქართველოში კი XVII საუკუნიდან მოიხსენიება. ჩვენთან ის ამჟამადაც ველურად მრავლდება.
ზოგიერთ ქვეყანაში კვლიავი კულტურულ მცენარედ ითვლება. მის მოყვანას მისდევენ ჰოლანდიაში, გერმანიაში, შვეციაში, ნორვეგიაში… საუკეთესო კვლიავად შვედური და ნორვეგიული ითვლება, რადგან მათ თესლში ცხიმოვან ნივთიერებათა რაოდენობა 4 – 6 პროცენტს აღწევს, ხოლო გერმანულსა და ჰოლანდიურში 4% არ არის. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მას ადამიანის საკვებშიც იყენებენ, ხევსურეთში მუცლის ტკივილის დროს წამლადაც ხმარობენ. ხევსურეთი ზღვის დონიდან მაღალია. აქვს ბევრი უძრავი [უხნავი, ყამირი] ადგილი, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მცენარე, სხვა ადგილებთან შედარებით, იყოს ცხიმიანი, ყუათიანი.
ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას ცხოველთა კვების საქმეს უთმობდნენ. ყველა გამოკითხული პირი გამოდიოდა იქიდან, რომ კარგად გამოკვებილი საქონელი ჯანმრთელია, ძლიერი, პროდუქტიული, კარგ შთამომავლობას იძლევა, ავადმყოფობა ვერაფერს აკლებს. მათ კარგად იცოდნენ, წელიწადის რომელ დროს რითი და როგორ ეკვებათ საქონელი. ამ საქმისათვის მაქსიმალურად იყენებდნენ გამოცდილებასა და შესაძლებლობას. მართალია, არ იცოდნენ ცალკეულ მცენარეებში რამდენია ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ა.შ. მაგრამ, კარგად ჰქონდათ შესწავლილი ცალკეულ მცენარეთა როლი ცხოველთა კვების რაციონში. იცოდნენ, რომელი მცენარე სად, რომელ ადგილებში ხარობს და წელიწადის ამა თუ იმ დროს, რომელ საძოვარზე უკეთესი იყო ცხოველის ძოვება. ისიც იცოდნენ, რომელი მცენარე რა დროს უფრო ცხიმიან რძეს „უყენებს“ ძროხას.
ცნობილია, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. ამის გამო, ცხოველთა საკვების მოპოვება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ასევე ისტორიიდან ცნობილია, რომ ყოველი მტკაველი მიწის შენარჩუნება სისხლის ფასად უჯდებოდათ ჩვენს წინაპრებს. მწყემსი თუ მხვნელი ყოველთვის ელოდა მტერს და არ იცოდა, სად და როდის გამოჩნდებოდა. ამიტომ, მუდმივად მზად იყო მის დასახვედრად. მაგრამ, ამავე დროს, ის გონივრულად წარმართავდა სამეურნეო საქმიანობას და შედეგიც კარგი ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული როგორც მეცხოველეობა, ისე მისი პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიაც.
იმერეთში ჩაწერილი მასალების მიხედვით (წყალტუბოს რაიონი სოფ. ბანოჯა, ფედოსი ჟორჟოლიანი) დიდი ყურადღება ექცეოდა ცხოველთა კვებას, რადგანაც ეს იყო საფუძველი საღი, ჯანმრთელი საქონლის ყოლისა. ცუდად ნაკვები საქონელი „დაუძლურდება, გაღარიბდება, არც ხბო ეყოლება კარგი, ვერც მოიწველის და ავადმყოფობაც იოლად მოერევა“. მათ ზამთრობით საქონელი გადაჰყავდათ ბაგურ კვებაზე და ძირითადად თივით, ჩალით, ბზით, სოიათი კვებავდნენ.
მაკე და მეწველ ძროხებს ხბოები რომ ჯანმრთელი ჰყოლოდათ და წველადობა მაღალი, დამატებით უმზადებდნენ შემდეგი სახის საკვებს: დაფქვავდნენ სოიას, დაუმატებდნენ მის ერთ მესამედ ნაწილს სიმინდის ღერღილს, საჭირო რაოდენობით მარილს, დაასხამდნენ ცხელ წყალს. სოიასა და ღერღილის ნარევი რძის ფერს მიიღებდა. ან კიდევ _ სოიას მარცვალს წამოადუღებდნენ, სიმინდის ფქვილს ან ღერღილს, მარილს, აურევდნენ ერთმანეთში და ჩაუმატებდნენ სოიოს წამოდუღებულ მასას. ზოგჯერ სოიასა და სიმინდის მარცვლებს ერთად დაალბობდნენ, დაუმატებდნენ ცოტა მარილს. ხშირად დაფქვილ მუხუდოს დაუმატებდნენ სიმინდის ფქვილს და მარილს გაქნიდნენ წყალში. ყველა ზემოთ დასახელებულ ნაერთს მეწველ ფურებს აძლევდნენ დილით და საღამოს. ასეთ დამატებით კვებას ყველა შემთხვევაში კარგი შედეგი ჰქონდა.
გადმოცემის თანახმად, წველადობა დაახლოებით 50 პროცენტით მატულობდა. ასე ნაკვებ ფურებს ხბოებიც კარგი ჰყავდათ. ასეთი საკვები შეძლებისდაგვარად მთელი წლის განმავლობაში ეძლეოდა მეწველ ფურებს, რათა ძროხა არ დასუსტებულიყო, ხბოც კარგად გამოეკვება და მეტიც მოეწველა. ამასთან, დილით ადრე საძოვარზე წასული ძროხა საღამოს აუცილებლად დაბრუნდებოდა შინ, რადგან მას დამატებითი საკვები ელოდა.
დამატებითი საკვები ეძლეოდა ხარებსაც, განსაკუთრებით გაზაფხულის პირას, როცა ხვნა-თესვა მოახლოებული იყო. ზემო ალვანელი ბასილ თორღვაიძე ამბობს: „როცა გაზაფხულზე თბილი ამინდები დადგებოდა, ხარებს კარგ საკვებს ურჩევდნენ. მათთვის ბოსლის ჭერხოში ინახავდნენ კარგ თივას. იტყოდნენ ამას და ამას „ხარი კვალში ჩაუწვაო“. ეს დიდი სირცხვილი იყო. კარგი ნაკვები ხარი „კვალში არ ჩაწვებოდა“. ხარებს კიდევ მაშინ კვებავდნენ დამატებით, როცა მათ შორ მანძილზე უწევდათ წასვლა და ტვირთის ზიდვა. მაგალითად, ჩვენი წინაპრები ხშირად მიდიოდნენ მთებში, ჭრიდნენ ხეებს და ჩამოჰქონდათ; ზოგჯერ აღზევანს უხდებოდათ მარილზე წასვლა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, _ იგონებს კირილე ზვიადაძე (წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა), უღელ ხარს 10 დღეში 3 ფუთ სიმინდის ღერღილს ვაჭმევდით. ამიტომ, მიუხედავად დიდი შრომისა, ხარები ძლიერები იყვნენ. სამამულო ომის დროს, როცა ცხენებმა ვერ შეძლეს ქვემეხების მთებში ატანა, ჩვენი ხარები შევუბით და თავისუფლად ავიტანეთო“.
საქონლის გამოკვების მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საძოვრები არ ყოფნიდათ ან კიდევ გვალვის გამო ბალახი ადრე ხმებოდა და საქონელი ჭამის მოთხოვნას ვერ იკმაყოფილებდა, მეურნეები მიმართავდნენ ასეთ ხერხს: სადაც ბინები (იგულისხმება მწყემსების სადგომები) იდგა იქვე ახლოს ადგილებს შემოღობავდნენ, რათა საქონელი ვერ შესულიყო და ბალახი გაზრდილიყო. ამ ბალახს ყოველდღიურად ცოტ-ცოტას თიბავდნენ, დაკეპავდნენ, ჩაყრიდნენ ქვაბში, დაასხამდნენ წყალს, ცოტა ქატოს დაუმატებდნენ, შეაზავებდნენ მარილით და საძოვრებიდან დაბრუნებულ საქონელს აჭმევდნენ, პირველ რიგში მეწველსა და ხბოებს.
აჭარაში, ლეჩხუმში, რაჭასა და ზოგიერთ სხვა კუთხეშიც საძოვრებიდან დაბრუნებულ საქონელს ახვედრებდნენ მჭადის ფქვილის ანაცერს, ქატოს და სხვა ანარჩენებისაგან შეზავებულ საკვებს, რომელსაც „ნარცხს“ ეძახდნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზამთარში ცხოველთა საკვებად ძირითადად იყენებდნენ _ თივას, ჩალას, ბზეს. საინტერესოა მათი ხარჯვის წესიც. ჩამოთვლილი საკვებიდან თივა უფრო ყუათიანია (კალორიული), ვიდრე ჩალა. ჩალა კი ბზეზე უფრო კალორიულია. ამასთან, თივა საქონლისთვის საჭმელადაც უფრო იოლია, ვიდრე ჩალა და ბზე. ამიტომ, საქონელი თივას უფრო ეტანება, ვიდრე ჩალასა და ბზეს. რადგან იმდენი თივა არ ჰქონდათ, რომ მთელი ზამთარი ყოფნოდათ, ცდილობდნენ ჩალაც და ბზეც გამოეყენებინათ საკვებად. გვიან შემოდგომაზე, როცა ნედლი ბალახი ილეოდა და საქონელი ვეღარ ძღებოდა, საჭირო იყო საკვების დამატება, მაგრამ ნედლ ბალახს შეჩვეული საქონელი ამ დროს ჩალას და მით უფრო ბზეს არ ჭამდა. ამიტომ, დამატებით თივას აძლევდნენ, რათა ზამთარს საქონელი „მომატებული“, ძლიერი შეხვედროდა. როცა ზამთარი ძალაში შევიდოდა _ მოთოვდა და ნედლი ბალახის ძოვის საშუალება აღარ ექნებოდა, საქონელი ბზესაც კარგად შეჭამდა, მაგრამ საქონელი, რომ „არ გამოტყუებულიყო“ ან „არ გამოღორებულიყო“ (არ დასუსტებულიყო, არ დაუძლურებულიყო), პერიოდულად აძლევდნენ თივასაც. გამოკითხულ გლეხთა თქმით, თუ მთელ კვირას ბზეს აძლევდნენ, საქონელს შემდგომი ორი დღის განმავლობაში კვებავდნენ თივით, შემდეგ ისევ ბზით, ხოლო შემდეგ _ ჩალით, ბოლოს ისევ თივით და ა. შ. საკვების შენაცვლება დამოკიდებული იყო საქონლის ფიზიკურ მდგომარეობაზედაც. თუ რომელიმე საქონელი გახდებოდა (მოიკლებდა), მას უმეტესად თივით კვებავდნენ რომ არ დაუძლურებულიყო და არ დაცემულიყო.
ჩალას საქონელს უჭრიდნენ და ისე უყრიდნენ ბაგებში, რათა იოლად შეეჭამათ, (მსხვილი ჩალის ღეროების შეჭმა ცხოველს უჭირდა).
იყო შემთხვევა, როცა საქონელს კვებავდნენ „შერეულად“. მაგ. დღეში სამჯერ კვებავდნენ _ დილით მოუტანდნენ ბზეს (ამ დროს საქონელს მეტი მოთხოვნილება აქვს საკვებზე), შემდეგ ჩალას და საღამოს თივას.
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როცა ბალახი ამოდიოდა, საქონელი ბზეს აღარ ჭამდა, რადგანაც გრძნობდა გაზაფხულის მოახლოებას. ამიტომ, მათ ძირითადად თივით კვებავდნენ. ამ დროისათვის თივა სპეციალურად ჰქონდათ შემონახული. თივით კვება საჭირო იყო იმიტომაც, რომ ადრე გაზაფხულზე ამოსული ბალახი ზედმეტად წყლიანი და ნაკლებად კალორიულია. ამის გამო, ამ დროს საქონლის დამატებითი კვება აუცილებელია. ზემოთქმულს ემატება ისიც, რომ მთელი ზამთრის პერიოდში (მთიან რაიონებში ზამთარი 6 – 7 თვე გრძელდება) ბაგაზე ნაბამი საქონელი სუსტია, მარტო ახლად ამოსული ბალახის იმედით მათი დატოვება ნიშნავს საქონლის დაცემას. საქონელს, რომელიც არც გამწევ ძალად ითვლებოდა, არც მეწველი იყო და არც მაკე რაჭასა და ლეჩხუმში „ეულ“ საქონელს უწოდებდნენ. მათ საკვებად ძირითადად ბზეს, ჩალას და იშვიათად თივას იყენებდნენ. გაძლიერებული კვება მათთვის იშვიათი იყო, რადგანაც ამის საშუალება მოსახლეობას არ გააჩნდა.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში შეინიშნება, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყენებდა ცხოველთა კვების ყველა შესაძლებლობას როგორც საგაზაფხულო, საზაფხულო თუ ზამთრის საძოვრებს, ასევე ტყეებს, სათიბებს, ყანის პირა ნაკვეთებს, სახნავ-სათეს ადგილებს (აქ ცხოველებს უშვებდნენ მოსავლის აღების შემდეგ) და სხვადასხვა სახის მთის საძოვრებს. ცდილობდნენ, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, იმდენად მეტად გამოეყენებინათ ბუნებრივი პირობები ცხოველთა კვებისათვის.
საინტერესო მასალას გვაწვდის ცხოველთა კვების შესახებ გამოკითხული საგურამოელი (მცხეთის რაიონი) დიმიტრი უნდილაშვილი. მის პაპას ჰყოლია 8 – 10 მეწველი ძროხა, ორი უღელი ხარი, სამი უღელი კამეჩი, ორი მეწველი კამეჩი, მოზარდი საქონელი, ცხენები და თხები _ რამდენიმე ასეული, ღორი _ ორასამდე სული. ასეთი რაოდენობის ცხოველთა გამოკვება მთელი წლის განმავლობაში საგურამოს პირობებში ძნელი იყო, ამიტომ საღორეები ჰქონდა „ფშაველის ტყეში“ _ ერწო-თიანეთში. ტყეში წყაროების ახლოს აკეთებდნენ „ღორის ბაკებსაც“. შემოღობილი ჰქონდათ დიდი ფართობი, სადაც ბევრი წიფლის ნაყოფი, წაბლი, პანტა, მაჟალო და სხვა სახის ბუნებრივი საკვები იყო ღორებისათვის. იქ ღორებს გაზაფხულზე წაიყვანდნენ და დეკემბრამდე ჰყავდათ. ცხვარი ზამთარშიც დაუდიოდათ ქართლის (კასპი, ხაშური) საძოვრებზე. კამეჩებიც ზაფხულობით სულ ტყეში ჰყავდათ. შუადღისას ისინი საყარზე ჩადიოდნენ (ადგილი, სადაც საქონელი წყლის დასალევად ჩადიოდა). ეს იყო პატარა ადგილი ჭალაში მდინარე არაგვზე. იქ კამეჩები სიცხეში უმეტესად წყალში იყვნენ. კამეჩებს ტყესა და ჭალაში იანვრამდე ტოვებდნენ. შემდეგ კი მიჰყავდათ და ბოსლებში აბინავებდნენ. მათ ადრე გაზაფხულამდე კვებავდნენ თივით, ჩალით, ფუჩეჩით და კოპტონით (მზესუმზირის ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი მასა). კოპტონს დაასხამდნენ ცხელ წყალს, როცა აფუვდებოდა, დაუმატებდნენ ბზეს და საქონელს აჭმევდნენ. ასეთ ნარევს სხვა საქონლისა და ღორის საკვებადაც იყენებდნენ. ამასთან, კამეჩებისათვის სპეციალურად ფეტვს თესავდნენ.
სოფელ ომარაანის (ერწო-თიანეთი) მოსახლეობას მანამ ჰყავდა საქონელი ტყეში, სანამ მაყვალი, ბარძიმი და სხვა მცენარეები თოვლით დაიფარებოდა და საქონელი საკვებს ვეღარ იშოვნიდა. ესეც, ცხოველთა საკვების სიმცირით იყო გამოწვეული. ზამთრის საძოვრებზე ბინების ასაგებად ისეთ ადგილებს არჩევდნენ, სადაც სიმყუდროვე იყო. ქარიც ნაკლებად უდგებოდა და თოვლიც იშვიათად თუ მოვიდოდა. შირაქისა და ელდარის საძოვრებზე მწყემსებს წასვლა უნდოდათ იმიტომაც, რომ იქ აუცილებელი არ იყო თივის დამზადება. ზამთარში ცხვარი თავად იმდენ საკვებს შოულობდა, რომ ჰყოფნიდა. თუ თოვლი მოვიდოდა, ის ისე ცოტა იყო, რომ ცხვარი წინა ფეხებით გაჩიჩქნიდა და ასე პოულობდა საკვებს ან კიდევ მწყემსები თოვლს ნიჩბით გადაწევდნენ და ცხვარიც ძოვდა. თუმცა ეს თოვლი 2 – 3 დღეში ისედაც დნებოდა. ყველა მეურნემ კარგად იცოდა, რა სახისა და რამდენი საკვები სჭირდებოდა როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონელს ერთი ზამთრის განმავლობაში. ზემო რაჭის, სოფელ ღების მცხოვრები (ონის რაიონი) 85 წლის ალექსი ლობჟანიძე 1970 წელს იხსენებდა მამა-პაპის დროინდელ პერიოდს და გვიყვებოდა, რომ შემოდგომაზე მთიდან საქონელის ჩამოყვანის შემდეგ ოჯახი დაიანგარიშებდა, რამდენი სული საქონლის გამოკვება შეეძლო ზამთარში (კარგად იცოდნენ, რამდენი საკვები იყო საჭირო თითოეული სული საქონლისათვის). ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ღები მაღალმთიანი სოფელია და ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრი იცის, ამიტომ ზედმეტ საქონელს ყიდდნენ. ქვემო რაჭის (ამბროლაურის რაიონი) სოფელ ღვარდიის მკვიდრი 90 წლის სამსონ ჯოხაძე ეთნოგრაფებს უამბობს: „ხარებსა და ძროხებს, უშობლებს, მოზვრებს ვკვებავთ ჩალით, ბზით, თივით, დღეში ორჯერ; ბოჩოლებს თივას და ლობიოს, ბარდას ვაჭმევთ, ცხვრებს _ ლობიოს ბარდას და ჩალას, ღორებს ქატოთი და ნარეცხით (ნარეცხი _ ლობიოს ნახარში, გობის ნარეცხი, ნარჩენი საჭმელები და სხვა ერთად არეული) და ჭიჭვი სიმინდით (მოუმწიფებელი სიმინდი)“.
ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი) საქონლის „ბაგაზე“ (ბოსელში) დაბმის ასეთი წესი იყო: ნაპირში აბამდნენ უფრო ძლიერ საქონელს _ ხარებს, მერე – ძროხებს. ეს იმიტომ რომ ძლიერმა სუსტი არ დაჩაგროს და იმიტომაც, რომ ხარი ბაგიდან ადვილად გამოიყვანონ სამუშაოდ.
საქონელს ზამთრის პერიოდში კვებავდნენ დღეში სამჯერ. დილით მიუტანდენ ჩალას, ბზეს ან „ქუნჩალას“ (ფუჩეჩს) და არა თივას. მეორედ კვებავდნენ შუადღისას, მხოლოდ ჯერ საქონელს გადენიდნენ წყალზე, გაუსუფთავებდნენ სადგომს, დააბამდნენ, მერე მიაწვდიდნენ საკვებს.მეორე კვების დროს უფრო ნაკლები საკვები მიჰქონდათ, ვიდრე პირველ და მესამე კვების დროს. საღამოს მესამედ კვებავდნენ. თივას ძირითადად მომუშავე ხარებს აძლევდნენ, განსაკუთრებით თუ ხვნისთვის ინახავდნენ. თივას დამატებით აძლევდნენ ასევე ხბოებიან ძროხებს.
ლეჩხუმში ასეთი ტრადიცია იყო: შემოდგომაზე, როცა სიმინდს მოიწევდნენ, გადაარჩევდნენ შედარებით დაბალხარისხიან ტაროებს, რომელსაც „ფურაჟს“ უწოდებდნენ და ინახავდნენ ზამთარში საქონლის დამატებით საკვებად.
ზემო რაჭაში იცოდნენ ჩალის წვრილად დაჭრა, მისი თივაში არევა. ასეთი სახით მიუტანდნენ ცხოველებს. მას „აზავებულს“ ეძახდნენ.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოპოვებული მასალების მიხედვით მეწველ ძროხას ზამთრის პერიოდში ორი ზვინი თივა სჭირდებოდა (თითო ზვინი 20 – 25 ფუთი გამოდიოდა). ხარს სამოც (60) ფუთამდე თივა უნდოდა. ერთ მოზარდ საქონელზე საშუალოდ 15 ფუთ თივას ვარაუდობდნენ.
კარგად ჰქონდათ გაანგარიშებული აღმოსავლეთ საქართველოს მეცხოველეებს რა რაოდენობის საკვები სჭირდებოდა თითოეულ სულ საქონელს ერთი ზამთრის პერიოდში და ამის მიხედვით ანგარიშობდნენ მოპოვებული საკვებით რამდენი სულ საქონლს შეინახავდნენ ამ პერიოდში. დაახლოებით ისიც იცოდნენ, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა გახანგრძლივებულიყო ზამთარი.
1973 წლის ზაფხულში ჩავიწერეთ ქვემო ალვანში მცხოვრები ვაქსო ივაჩიძის მოგონება: როდესაც კონებისაგან თივის ჩადალს აგებდნენ, ერთ ჩადალში 20 კონა თივა ჩადიოდა, ხოლო თუ ნაცაფებისაგან აგებდნენ, ერთ ჩადალში 10 ნაცაფი თივა ჩადიოდა. ძროხას თითო დაყრაზე თითო კონა თივა უნდა. ერთი ნაცაფი თივა ორ დაყრაზე ჰყოფნის. მთელი ზამთრის განმავლობაში _ გიორგობის თვიდან მარტის გასვლამდე 20 ჩადალი თივა სჭირდება. ძროხას ახალ წლამდე აჭმევდნენ დღეში 2-ჯერ, ხოლო ახალ წლის შემდეგ – დღეში 3-ჯერ (ერთი კონა თივა უდრის, დაახლოებით, 10 კგ-ს, ერთი ნაცაფი – 20 კგ-ს, ხოლო ჩადალი – 200 კგ-ს).
ქერის ძნებისგან შეკრავდნენ ულოს, მისგან აგებდნენ ქერის ჩადალს. ჩადლები გაჰქონდათ კალოზე და ზვინებად დგამდნენ. ერთ ზვინში 20 – 30 ჩადალი იყო.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ყოველთვის ჰქონდათ სპეციალურად შემონახული, დამატებითი საკვები: ხორბალი, სიმინდი, სოია. მას საქონელს აჭმევდნენ თივის შემდეგ. ქერსა და ხორბალს ძირითადად ცხენებს აძლევდნენ. სიმინდს, უმეტეს შემთხვევაში, მსხვილფეხა საქონელს მოხარშული სახით. ასეთი მარაგი საჭირო იყო იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი გაგრძელდებოდა. მას იყენებდნენ, აგრეთვე, მაკე საქონლისათვის, გამწევი ძალისათვის, დასუსტებული საქონლისათვის. მთხრობელთა თქმით, ამას „აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯანსაღი საქონელი და ჯანმრთელი ნამატი ჰყოლოდათ“. ის იგონებდა: ზამთარში თითო ცხვარზე გათვალისწინებული იყო ერთი ჩადალი თივა (როცა ბაგურ კვებაზე ჰყავდათ). თივას წვრილად უკუწავდნენ და ისე უყრიდნენ ბაგაში. გამოცდილებით იცოდნენ, რომ დაუკუწავ თივას ცხვარი დააბნევდა და გაანიავებდა. ცხვრებისათვის ბაგა გაკეთებული იყო კედელთან სიგრძეზე ან შუა ბოსელში მრგვლად ისე, რომ ცხვრები გარშემო შემოწყობოდნენ ბაგას. ორივე შემთხვევაში ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყვნენ ჯოხებით და ბაგაც ისე იყო მოწყობილი, რომ ფიცრებს შორის ცხვრები მარტო თავს გადაჰყოფდნენ და ისე ჭამდნენ. ეს საჭიროა, რათა ცხვარი ბაგაში არ ჩამხტარიყო და თივა არ გაეფუჭებინა.
ქართველ მეურნეს საქონლის თვისებები და ჩვევები ძირფესვიანად ჰქონდა შესწავლილი და ყოველ დეტალს საჭირო ყურადღებას უთმობდა. 90 წლის საჩხერელი დიმიტრი შაორშაძე 1976 წელს გვიყვებოდა: „საქონელი ზამთარში ჩვენს მამა-პაპას ბოსლებში ჰყავდათ. ისინი სათითაოდ იყვნენ ბაგასთან დაბმული და ჯოხებით გამოყოფილი, რომ ერთმანეთისათვის ხელი არ შეეშალათ. ზოგი საქონელი ისეთია, რომ საკვებს ჯერ სხვას შეუჭამს და მერე თავისას დაუტრიალდება, ამიტომ ყურადღების მიქცევა უნდა. ჯოხებით ისე უნდა გადავკეტოთ ბაგა, რომ მეორე საქონლის თივას „ვერ მისწვდეს“.
აჭარაში მოპოვებული მასალების მიხედვით, გაზაფხულზე _ აპრილის ხუთი რიცხვიდან საქონელი ბაგური კვებიდან (ბოსლებიდან) გამოჰყავდათ და იქვე ფართობებში აბალახებდნენ. შემდეგ ჭალებში ჩაჰყავდათ და იქ აძოვებდნენ. ეს იმიტომ, რომ მთელი ზამთარი ნამწყვდევი საქონელი „ბოხრიკია“, „დაბუჭულია“ (უძრაობის გამო დასუსტებულია) და ჭალებამდე ჩასვლა უჭირს. ის ჯერ მუხლებში უნდა გაიმართოს. ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ბალახს, მუხლებში იმართებიან და შემდეგ გადაჰყავთ ჭალებში, იქ სადაც სათიბები არ არის. ამ დროს საქონელს თივითაც კვებავენ, რადგან ნედლი ბალახი წყლიანია, არ არის „ყუათიანი“ და საქონელს „გამოყლარწავს“. საქონელი პირველ ხანებში მზის გულზე გამოდის, რადგანაც „ჩაოში“ (ჩრდილში) მაისამდე თოვლია. საქონელს ამ დროს სითბო სიამოვნებს.
ერწო-თიანეთში ქერს, სიმინდს და სხვა მარცვლეულს „დაროშავდნენ“ (მსხვილად დაფქვავდნენ) და ზამთრისათვის ინახავდნენ გრილ ადგილას. საჭირო შემთხვევაში მას წყალში გახსნიდნენ, გააზავებდნენ და ისე მიუტანდნენ საქონელს. პირველ რიგში აძლევდნენ სუსტ საქონელს, მეწველს, მაკეს (კარგი ნამატი, რომ ჰყოლოდა), გამწევ ძალას _ განსაკუთრებით გაზაფხულის პირას. თუ „გაწვდებოდა, სხვა საქონელსაც ახვედრებდნენ“. ხშირად იყენებდნენ ღორების საკვებადაც. ასე მომზადებულ საკვებს „როშს“ უწოდებდნენ.
ერწო-თიანეთში იცოდნენ, აგრეთვე, ბოზალუყი. ეს იყო მარცვლეულიდან არყის გამოხდის შემდეგ მიღებული ნარჩენი. მას ზამთრისათვის ინახავდნენ, საქონლისა და ღორის საკვებად იყენებდნენ. ხშირად ქატოში აურევდნენ. ასეთი სახით უფრო კარგად ჭამდა როგორც მსხვილფეხა საქონელი, ისე ღორი.
ბევრი ეთნოგრაფიული მასალა არსებობს, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს ჩვენი წინაპრების მძიმე, დაძაბულ სამეურნეო საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია ცხოველთა მოვლისა და კვების საკითხებთან.
ქიზიყის სოფლებში (ბოდბე, ოზაანი) ჩაწერილია ეთნოგრაფიული მასალები. ამ მასალების მიხედვით ერთ-ერთი მთხრობელი გვბიამბობს: „ჩვეულებრივ კაი ზამთარი იცის ხოლმე ქიზიყსა და ზამთარში ბალახი მინდვრად ბევრია. საშინელება მაშინ ტრიალდება, როცა ზაფხული გვალვიანი მოვა, ბალახს ვერ გასთიბავენ, არც ბზე იქნება. ამას თუ ზედ დაატყდა ცუდი ზამთარი, აღარაფერი გადარჩება, საქონელი სულ ამოწყდება“. ზოგიერთს, რომელსაც დიდი რაოდენობით საქონელი ჰყავდა, ასეთ შემთხვევაში მდინარე ალაზნის გაღმა გაჰყავდა, სადაც იყო იმის საშუალება, რომ ნეკერით გამოეკვება ცხოველები: ასეთ დროს „ალაზანს გაღმა გაუდიოდა და იქით ნეკერზე გამოჰყვანდა… ჭალაში ხემ ფითრი იცის, იმასაც უკაფავდნენ და აჭმევდნენ. ფითრით გასუქებული კამეჩი თოვლშიაც რომ გორავდეს, მაინც არა უშავს რა. ფითრი ძალიან ასუქებს კამეჩს. ყველაზე ძალიან საქონელს მარტში უჭირს, იხოცება“.
გამრჯე მეურნის უმძიმეს შრომასა და პირობებზე მიუთითებს ქიზიყის, იმავე სოფელში ჩაწერილი მასალა, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ ყველა მეცხვარე ცდილობს ცხვარი მთის საძოვრებზე ადრე წაიყვანოს, სხვებზე ადრე „გავიდეს“, რათა „ხამ ბალახზე“ გაიყვანოს ცხვარი, „გზადაგზა კარგ ბალახზე ატაროს“. ყოფილა განთქმული მეცხვარე ნატროშვილი, რომელიც პურს „მარტიდანვე აცხობინებდა და ახმობინებდა. იმას კაცი ვერ გაასწრებდაო“. კაცზე ორი ფუთი პური უნდა წაეღოთ საგზლად, რათა ერთი თვე ჰყოფნოდათ. პური მთაში უნდა აჰყოლოდათ. მერე კი სურსათს მოიმარაგებდნენ. გზას კი ორ კვირაზე მეტს უნდებოდნენ. თითოეულ მწყემსს მიჰქონდა – ერთი ნაბადი, ტყავი, „შინელი“, „ორი შალვარი“, „ორი ახალოხი“, „სამი ხელი“ საცვალი, სამი წყვილი წინდა. სანამ მთაში ავიდოდა ცხვარი, უჭირდა მეცხვარეს, დღეში ერთხელ მაინც უნდა მოეძოვებინა ცხვარი. ამის საშუალება კი ძნელად მოიპოვებოდა. ჯერ ერთი, ისეთი ადგილები, სადაც დიდი რაოდენობით ცხვარი მოძოვდა, ძალიან ცოტა იყო. ამიტომ, ცდილობდნენ ჩქარა ევლოთ და პირველნი მისულიყვნენ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა დიდი რაოდენობით ცხვრის ძოვება. ხშირად ასეთი ძოვებისათვის მათ დიდძალ ფულს ახდევინებდნენ: „გინდა ოცი, ასი თუმანი დაგიჯდეს, დღეში ერთხელ უნდა ვაძუოთო. უნდა იმთენი ეცადო, რომ წინ წახვიდე და მუუსწრო ადგილს, რომ მერეც ასეთ ადგილზე მოხვდე“, – ამბობს ერთ-ერთი მთხრობელი. იგივე მთხრობელები გვიხსნიან, თუ რომელი გზით მიდიან მთაში: „ქიზიყელები ბარიდან მთაში წასვლით პირველად მელაანის ბოლოს აძუებენ, მემრე – ბადიაურს, მემრე – ლაპრებს, აზამბურს, ბალბიანს, სამგორებს, ლოჭინს, ქალაქის პირას (იგულსხმება ქალაქი თბილისი), მსხლიანს, ბედნიერის ძირას, მოთხნარს. თითო დასვენებას თითო დღე უნდა. წალკამდე ძოვნით ჩადის. ჭოჭიანში ორი დღე რჩება; აშურში სძოვს, მემრე კიდევ ეშტიანში რჩება, ყაურმაში, აღბაბაში. აქედან უკვე ნება იყო, გინდა ერთი კვირა ეძოვნა, მთა არის, არავინ დაუშლიდათ.
თუშეთში ჩაწერილი მასალების მიხედვით მთაში საქონლის მოვლის წესი ასეთია: ფური, ხარი, ცხენი და ვირი ზამთარში, გიორგობის თვის პირველიდან აპრილის ბოლომდე დაბმულია ბაშტეში ბაგაზე. აჭმევენ თივას, ჩალას, ბურდოს, ბზეს, წიწვს (არყის ნეკერს), ფოხვისა და ვერხვის ნეკერს. გაჭირვების დროს იყენებენ ცირცელისა და მურყანის ნეკერსაც. საქონელს დღეში ერთხელ _ შუა-დღისას გარეკავდნენ წყალზე. თუ წყალი გაყინული იყო, ყინულს ჩაამტვრევდნენ და ისე დაალევინებენ წყალს.
მაისის პირველიდან საქონელს გარეკავდნენ საძოვარზე და იქ რჩებოდნენ გიორგობისთვის დასაწყისამდე. ისინი ბატკანს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იქვე აძოვებდნენ და როცა მაღალ ადგილებზე თოვლს აიღებდა და გაშრებოდა, ბატკანი იქ გადაჰყავდათ, რადგანაც „ბატკანს ცხელი ადგილი არ უხდება, გრილი ადგილი და გრილი წყალი უნდა“. ცხვარს მარილს კვირაში ერთხელ აჭმევდნენ – არ აჭმევდნენ ოთხშაბათს და პარასკევს, რადგან სწამდათ, რომ „რეტიანობა“ იცის ან „ნადირი დააზიანებს“. იმ დღეს, როდესაც ბატკანს მარილს მისცემდნენ, ოთხ-ხუთჯერ დაალევინებდნენ წყალს“, თუ წყალს არ დალევს ფილტვები დაუშავდებაო“.
რამდენად ეკონომიურად და სიფრთხილით უდგებოდნენ ცხოველთა კვებას ჩვენი წინაპრები, კარგად ჩანს დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში ჩაწერილი მასალებიდანაც. იქ ცხოველთა ძოვების წესებიც ჰქონიათ, საძოვრების „გამოზოგვის“ მიზნით. გამოკითხული გიორგი თურმანაული ჰყვება: ძოვების წესების ცოდნა კიდევაც საჭირო და აუცილებელი არის. ცხვარი ერთბაშად არ უნდა გაიშვას მთელ საძოვარზე. „თავის წილ ყურულს მწყემსმა ცხვარი უნდა მიაყოლოს ერთი მხრიდან და წესიერად გადაინაცვლოს. დღისით ის ძველ ნაძოვრებში უნდა აძოვოს. საღამოს ბინაში ცხვრის მირეკვის ორი საათით ადრე ხამში (მოუძოველი ბალახი) უნდა მიუშვას ერთხელ გასაძღომ მანძილზე, რომ მადიანად გაძღეს, გალაღდეს. ცხვრები იცნობენ და ელოდებიან ამ საათებს, როცა პატრონი ხამისაკენ უმარჯვებს და გამოცოცხლებაც ეტყობათ მაშინ“.
საქართველოს ყველა კუთხეში უჭირდათ ცხოველთა საკვები, ამიტომ მას ყველგან ეკონომიურად იყენებდნენ, ზოგავდნენ, მომჭირნეობას იჩენდნენ. ამასთან, სხვადასხვა ცხოველის კვებას სხვადასხვანაირად უდგებოდნენ. მაგ. პირიქითა ხევსურეთში (არხოტის თემი) ჩაწერილი მასალების მიხედვით განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ „ხვადი“ ცხენის მოვლას. მას ხშირად ასუფთავებდნენ, წმენდნენ საურვლით. ზამთარში დღეში ოთხჯერ კვებავდნენ. დილით ყოველთვის „აძლევდნენ ქერიან თოფრას“. თუ საკვები უჭირდათ, დღეში სამჯერ მაინც გამოკვებავდნენ. ბერწ ცხენს კი ასე არ უვლიდნენ. ხოლო ჯორსა და ვირს, ცხვრის ბაგაში ნარჩენ საკვებს დაუყრიდნენ. თუ დიდი თოვლი არ იყო, ცხვარი ხშირად მინდორში გამოჰყავდათ, რომ საკვები მოეპოვებინათ.
დასავლეთ საქართველოში ოჯახურ პირობებში ცხვარს იმავე საკვებით კვებავდნენ, რითაც მსხვილფეხა პირუტყვს. დამატებით აძლევდნენ ლობიოს ბარდას და ჩენჩოს, რასაც უფრო სიამოვნებით ჭამდა, ვიდრე ჩალას და თივას.
ვისაც ცოტა თხა ჰყავდა, ცხვართან ერთად აძოვებდა, ვისაც დიდი რაოდენობით ჰყავდა, ძირითადად ტყეში და ტყის მიმდებარე საძოვრებზე აძოვებდა. მხოლოდ დიდი თოვლის პირობებში კვებავდნენ თხას თივით, რადგანაც ის ჩალას და ბზეს „ნაკლებად ეტანება“.
წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მოპოვებული მასალებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ყოფილან ჩვენი წინაპრები დაოსტატებული იმაში, თუ რა შემთხვევაში და როდის შეიძლებოდა საქონლისათვის ეწყინა მშრალ ან წვნიან საჭმელს. კირილე ზვიადაძე გვიყვება, რომ მსხვილფეხა საქონლისათვის მარტო წვნიანი საჭმლის მიცემა არ შეიძლება, რადგანაც ნამცოხარს ვერ ამოიღებს; წვნიანთან ერთად საჭიროა თივა, ჩალა, ბალახი და ა.შ. თუ მარტო წვნიანები მივეცით, გამოუცხვება კუჭში. არც მარტო პურის ჭმევა შეიძლება, რადგანაც ამჯერადაც ნამცოხარს ვერ ამოიღებს და „პური საქონელს პირში ჩაუჯდება“.
ქვემო ქართლში, შიდა ქართლასა და იმერეთში 1935 წელს ჩაწერილი მასალების მიხედვით, ღორი თითქმის მთელი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მოიპოვებს საკვებს, მაგრამ არის პერიოდები, როცა სჭირდება დამატებითი კვება. მაგალითად, დიდი თოვლის შემთხვევაში, როცა ის საღორიდან ვერ გადის, აუცილებელია ადგილზე გამოკვება. ამისათვის ღორების პატრონს ყოველთვის ჰქონდა ხის გეჯა, რომელშიც ცხელ წყალს ჩაასხამდნენ, სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ, დაუმატებდნენ სუფრის სხვადასხვა სახის ნარჩენებს და ერთმანეთში ჯოხით აურევდნენ. ასეთ საკვებს „სალაფავს“ ეძახდნენ. ეს იყო ზამთრის პერიოდში ღორის ძირითადი საჭმელი. კვებავდნენ, აგრეთვე, სიმინდით (ხშირად მოხარშული სიმინდით, რამდენადაც მათი თქმით ეს უფრო ასუქებს ღორს, ვიდრე მოუხარშავი სიმინდი).
გაზაფხულიდან დაზამთრებამდე კი საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში უხვად მოიპოვებოდა ღორისათვის ისეთი საკვები, როგორიცაა _ რკო, წიფლის ნაყოფი, შვინდი, წაბლი, მაჟალო, თხილი, ზღმარტლი, სოკო, პანტა და მრავალი სხვა. ზამთარში კი, თუ ძალიან დიდი თოვლი არ იყო, ქართული ღორი ძლიერი დინგით თხრიდა მიწას და ბალახის ძირებს მოიპოვებდა.
ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით მთელ საქართველოში ძროხას წველიდნენ წელიწადში 7 – 8 თვე, მაგრამ ხშირად წველას წყვეტდნენ 6 თვეში. ამას აკეთებდნენ, რათა ხბო უფრო კარგი გამოსულიყო და ძროხაც ჯანმრთელი ყოფილიყო.
საინტერესო გადმოცემა არსებობს ახალშობილი კვიცის კვების შესახებ: კვიცი რომ კარგად გაზრდილიყო, ძლიერი და ჯანმრთელი ყოფილიყო, მას პირველ სამ დღეს მხოლოდ დედის ძუძუ უნდა ეწოვა, შემდეგ უმატებდნენ ძროხის რძეს, შემდეგ თხის რძეს. გადმოცემით, კვიცს კარგად ზრდის თხის რძე, რადგანაც ძალიან მარგებელი და ცხიმიანია.
ჯავახეთში ჩაწერილ მასალაში ვკითხულობთ: „ახალშობილ კვიცს დედის ძუძუზე არ მიუშვებენ, სანამ ხელით არ გამოწველიან, რადგანაც აწყენსო. თორბას ამოსდებენ კვიცს, რომ ძუძუ არ გამოსწოვოს. როცა პატრონი გამოწველის, მერე მოხსნიან კვიცს თორბას და აწოვებენ. ასე გრძელდება ერთი კვირა. შემდეგ კი კვიცი თავისუფლად წოვს დედას ძუძუს. ვირის მუტრუკსაც ასე თორბავენ“.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ყოფილა ასეთი წესი: ახალმოგებულ ბატკანს, როცა ჭამას იწყებს, მიუტანდნენ მუხის ფოთოლს და ამით კვებავდნენ, სანამ მინდორში გავიდოდა და ბალახს მოძოვდა. ქართლში, სოფელ ყარაღაჯის მცხოვრები ზაქრო დემეტრაშვილი 1935 წელს ეთნოგრაფებს უყვებოდა: მუხის ფოთოლს ვაჭმევთ „სანამდის ძოვნას ისწავლიან, რომ ითამამოს ბატკანმა. ძუძუ არ ეყოფა, ბალახი კი სწყენს იმ დროს, ფოთოლი კი რგებს. როდესაც გავა და დედას გაჰყვება ის თავის სურვილით ნახამს და შეჭამს…“.
პრაქტიკული დაკვირვებების შედეგად ჩვენს წინაპრებს შესწავლილი ჰქონდათ ბევრი ბალახის თვისება და ამის მიხედვითაც ურჩევდნენ ცხოველებს საძოვრებს. მაგალითად, წყალტუბოს რაიონის ქვიან ზონაში, ფედოსი ჟორჟოლიანის მონათხრობით, იზრდება ბერსელა (ბოგვი-ბალახი) (Brachynodium silvaticum Huds). ეს ბალახი ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით კარგად აწველინებს ძროხას და აქვს ძალიან ცხიმიანი რძე.
სამეგრელოში გამოკითხული 95 წლის ფიდო აფშილავა (სოფელი ოცინდალე), 75 წლის ვიცი ფიფია (სოფელი ჩქვალერი), 70 წლის ბართლომე ძაძამია (სოფელი ჯგალი) აღნიშნავდნენ, რომ სამეგრელოში საქონლის საკვებ ბალახებად ითვლება:
შვინკალა (შვიტურა) (Hippuris vulgaris L.). ის ერთი არშინი იზრდება, ფოთოლი მოგრძო და ვიწრო აქვს, რძიანი მცენარეა. ცხიმიანი რძე იცის.
დოღე (დიყი) (Heracleum ponticum (Lipsky) L. Mand). ფართო, დაჭრილი ფოთოლი აქვს. იზრდება კაცზე მაღალი, „ყუათიანი მცენარეა“.
ჩიქი (მარმუჭი) (Alehimilla caucasica. Bus.) დაბალი ბალახია. დაჭრილი ფოთლები აქვს. აგვისტოს ბოლომდე ცხვარს ჩიქზე არ მიუშვებენ. ეს ბალახი ცხვარს პეპლისგან იცავს.
თვაზა (ბრძამი) (Galamagrostis arundinacea (L.) Roth) „გვარიანად“ მაღალი მცენარეა. გრძელი და ვიწრო ფოთოლი აქვს. ცხვარი ძოვს ნორჩ თვაზას. ბებერ თვაზას ცხვარი არ ეტანება (Campanula lactiflora M.B.), „ერთი არშინი სიმაღლის იზრდება“. გემრიელია, სანამ ნორჩია, როცა დაბერდება, ღერო ახმება.
ბურღი (ბუერა) (Petasites albus L.) მაღალი ფართოფოთლიანი მცენარეა. მისი ფოთლები ქოლგას წააგავს. ამ ბალახს საქონელი შემოდგომამდე არ ეკარება.
ჭურია (კენკეშა თუ გაუხეშდება, აღარ ვარგა. ზორმეხი (ზემეხი, ძმერხილი) (Ruscus colhicus P.F. Yeo) „მუხლამდე იზრდება“, ისხამს წითელ ნაყოფს. ღერო არა აქვს. თხისა და ცხვრისთვის კარგი საშემოდგომო საკვებია.
სამყურა ბალახი (Trifolium pratense L.) ძირითადად მთაში იზრდება, ნოყიერი საკვებია ცხოველებისათვის[6].
გურიაში 75 წლის კირილე ნაკაშიძე ეთნოგრაფებს უყვებოდა, რომ ცხოველებისათვის საკვები მცენარეებია: მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.)), სამყურა (Trifolium repens L.), ჯალაღინი (ბურჩხანა) (Echinochloa crus-galli L), ტრიასკულა (ყვითელი ძურწა) (Setaria glanca, L), ყლარტა (ლამური), სატაცური (Asparagus officinalis L.), იონჯა (Medicago orbicularis (L.) ALL.), სოია (Glycine hispida (Moench) Max.), კოინდარი (Colium perenne) [6].
ქვემო იმერეთში, ვანში გამოკითხული 80 წლის ფარნაოზ გიორგაძე ამბობს, რომ მათთან იცის ისეთი ბალახები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა საკვებად. მათგან ზოგიერთს საქონელი ძალიან ეტანება და „სუქდება კიდეც“. მაგრამ არის ისეთი ბალახებიც, რომლებსაც ცხოველი ნაკლებად ეტანება და ჭამს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესის მოპოვების საშუალება არა აქვს. ქვემო იმერეთში არსებული ცხოველთა საკვები ბალახებიდან ასახელებს და ახასიათებს შემდეგს:
ბურჩხა ბალახი (Echinochloa crus-galli (L.) R.st Sch, მას საქონელი ეტანება.
ბესელა (ბესერა) (Brachipodium silvaticum) ისლისმაგვარი ბალახია. „საქონელი ძალიან ეტანება და რგებს კიდეც“.
წყლულის ბალახი (ფარსმანდუკი) (Achillea millefolum) დაბალია, ფოთლები მოგრძო აქვს. საქონელი კარგად ეტანება. ძურწა ბალახი (Setaria glauca (L.) P.B.) ღომს ჩამოგავს. საქონელი ჭამს. სიმწიფის დროს თავს რომ მოკიდებ ხელს, თესლი გამოძვრება და „ხმას გამოსცემს“.
წალიკა ბალახი (poligonum hydropiper L.) იცის ჭაობიან ადგილებში. საქონელი ნაკლებად ეტანება. არც მარგებელია.
ბურტყულა (სამყურა) (Trifolium arvense L.) რძიანი ბალახია, იზრდება მაღალი. აქვს ყვითელი ყვავილები და მოგრძო ფურცლები. გადარეცხილი ნიადაგებისათვის არის დამახასიათებელი.
ხბოშუბლა (Galega orientalis L.). მისი ძირი ძირტკბილას ძირის მსგავსია. ზოგჯერ ადამიანებიც ჭამენ მის ძირს. ფოთოლს საქონელი ეტანება.
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თუშეთში (გომეწრის ხეობა) ჩაწერილი მასალებიდან ირკვევა, ზოგიერთი მცენარით თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცხოველთა კვებას. კარგად ჩანს, რა დონეზე აქვთ შესწავლილი თითოეული მცენარის როგორც კვებითი მნიშვნელობა, ისე სამკურნალო თვისებები. ცხოველთა საკვები ბალახებიდან ზამთრის საძოვრებზე განსაკუთრებით გამოყოფდნენ ხურხუმოს (Salsola nodulosa (Moq). ის „განსაკუთრებით ცხიმიან რძეს უყენებს“ ცხვარს და ყველაზე კარგია ღალიანობის დროს. ხურხუმო ჯგუფურად ამოდის ბუჩქების სახით. იცის მლაშე ადგილებში. ბევრია შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე.
ცხვარს საძოვრად ურჩევდნენ იმ ადგილებს, სადაც გავრცელებული იყო ავშანი (Artemisia Meyeriana Boiss.). მას ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე უკეთეს საკვებ ბალახს ცხვრისთვის. ისიც შირაქისა და სამუხის ზამთრის საძოვრებზე ხარობს. იზრდება 10 – 15 სმ სიმაღლის. მთხრობელთა თქმით, წვიმიან ამინდში შეიძლება მეტიც გაიზარდოს. ასე გაზრდილ ავშანს ლიხს ეძახიან. მაგრამ ის კარგავს არომატს და ნოყიერებას, ამიტომ ცხვარიც ნაკლებად ეტანება.
დიდი მოწონებით სარგებლობს ჩარანი (Salsola ericoides M.B.), ისიც იზრდება შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე, მას ცხვარი ძალიან ეტანება, განსაკუთრებით სიცივეში, ყინვასა და თოვლში. „ჩარანი შავი ბალახია და უფრო მაღალი იზრდება, ვიდრე ავშანი. მის მსხვილ ღეროებს შეშადაც კი იყენებდნენ. ჩარანი იზრდება შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე. მაღლა შირაქში არ არის“.
ხურხუმო, ავშანი და ჩარანი მლაშე ბალახებია. სიცივეში, ყინვასა და თოვლში ცხვარი ამ მლაშე ბალახებს ეტანება და „ის ცხვარს სიმხურვალეს აძლევს“. როცა ამ ბალახს ძოვს ცხვარი, დიდ ყინვაშიც არ ცივდება. „ყოფილა შემთხვევები, რომ ცხვარი ყინულზე დაწოლილა. როცა ამდგარა, მატყლი ზედ ყინულზე დაუტოვებია, მაგრამ არ გაციებულა“. მათივე გადმოცემით, თუ ავშანი, ხურხუმო და ჩარანი გვალვაში არ გახმა და სიცივემ მოუსწრო ისე, რომ ლურჯი ფერი ექნა შენარჩუნებული, სილურჯე მთელი ზამთარი გაჰყვება. ისეთ ადგილებში, სადაც ეს მცენარეები ხარობდა, ზამთრობით ფარეხის დასათბუნებლად მიწას გარედან არ აყრიდნენ, რადგან ცხვრის გაციების არ ეშინოდათ.
ცხვრისთვის არჩევდნენ აგრეთვე კაპოეტს (კაპუეტს) (Agropyrom cristatum (L.). გადმოცემით მწვანე ბალახებიდან, რომლებიც ხშირად ზამთარშიც სიმწვანეს ინარჩუნებს, ყველაზე უკეთესია, მოდის როგორც მლაშე ადგილზე, ისე შავმიწიან ნიადაგზე. კაპუეტი ხარობს შირვანის, სამუხისა და შირაქის საძოვრებზე. ის „დიდ გვალვაში ზოგჯერ ხმება, მაგრამ თუ სიცხეს გადაურჩა, მთელი ზამთარი სიმწვანეს ინარჩუნებს“. საკვები ბალახებიდან როგორც მსხვილფეხა საქონლისთვის, ისე ცხვრის, ცხენისა და ა.შ. არჩევდნენ, ასევე ბოლოკას (Rapistrum rugosum (L) All.). „კაპუეტი, სამყურა და ბოლოკა „ნაძრავ“ (მოხნულ) ადგილებში მოდის. „უძრავ“ (მოუხნავ) ადგილებში მოდის ურო ბალახი (Andropogon ischaemum L.), „ძალა არა აქვს“. ის მართალია აძღებს ცხვარს, მაგრამ ნოყიერება არა აქვს და რამდენიც არ უნდა ჭამოს, ცხოველს ვერ ამატებს, არც რძე აქვს ცხიმიანი.
გამოკითხულთა აზრით, ცხვრის საძოვრად უძრავი ადგილები სჯობს იმით, რომ ასეთი ადგილი მაგარია. ნაძრავ ადგილებში ბალახი კარგი მოდის, მაგრამ ადვილად ლაფდება. ლაფში კი ბალახიც ადვილად ილახება და ცხვრისთვის არ არის კარგი _ უჭირს მოძრაობა და მატყლიც ისვრება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ალპური ზონის საძოვრებზე როგორც ცხვრის, ისე მსხვილფეხა საქონლისათვის, განსაკუთრებით მეწველი ფურებისათვის არჩევდნენ ქარცივას (ქარცვს) (Campanula tridental Schred.). ის მართალია დაბალი იზრდება, მაგრამ რძიანი ბალახია და ცხიმიან რძეს იძლევა.
მთის საზაფხულო საძოვრებზე ყველაზე უფრო ნოყიერ ბალახებად ითვლებოდა კვლიავი (Chamaesciadium asaule (Bieb) Boiss.) და ხორნუჟა (Lactula serzola L.). ისინი „ღალიანი და რძიანი“ ბალახებია, რომლებიც კარგად ზრდიან ცხვარს.
ერწო თიანეთში (სოფელი მარგანეთი) ცხვრის საკვებ საუკეთესო ბალახებად დაასახელეს: ქარცხვი (Campanula tridentate Schreb.), კვლიავი (Carum carvi L., C. caucasicum. (Bieb.)Boiss.), სამყურა (Trifolium). ზამთარის საძოვრებისათვის: ავშანი (Artemisia Meyeriana Bess.), ყარღანი (Salsola dendroides Pall.). მეცხვარეთა დაკვირვებით, ცხვრისათვის უმჯობესია შედარებით დაბალ, მაგრამ მშრალ, მზიან ადგილებში ამოსული ბალახი, რადგან, მათი თქმით, ის უფრო ყუათიანია.
თუშეთში ჩაწერილი მასალებიდან ირკვევა რომელ ბალახს აძლევდნენ უპირატესობას ცხვრის კვების დროს. ასეთი ბალახებია:
ქარცხვი (Campanula tridentate Schreb.) _ ის წვრილფოთლიანი რძიანი ბალახი. მოდის მაისის პირველიდან, ძლებს მარიამობისთვის პირველამდე.
სამყურა (Trifolium) _ ნოყიერი ბალახი. ქარცხვზე მაღალი იზრდება, გაზაფხულზე ყვავის და შემოდგომამდე ძლებს.
ყვავისმჩხალა (Hypecoum pendulum L.) _ აქვს გაშლილი ბატის ფეხივით ფოთოლი. ძალიან დაბალია, მიწაზეა გართხმული, ნოყიერია, ამოდის გაზაფხულზე, ძლებს ორი თვე.
მელაკუდა (Alopecurus) _ ბუსუსიანი, დაბალი ნოყიერი ბალახი. მოდის გაზაფხულზე, ძლებს ორი თვე. „სოფლის ექიმები ჭრილობისათვის ხმარობენ“.
კრაზანა (Hypericum) _ რძიანი ბალახი. ხშირად მას ცხვარი „მომეტებულად ძოვს“, ამიტომ ტუჩზე მუწუკები უჩნდება. ამოდის ადრე გაზაფხულზე, ძლებს შემოდგომამდე.
ჭიმჭიკი (Poligonum aviculate) _ წვრილფოთლიანი ბალახი. არის მიწაზე გართხმული. ამოდის გაზაფხულზე, ძლებს შემოდგომამდე.
ვაციწვერა (Stipa) _ „ქუჩი ბალახი, მაღალი“. მოდის კლდიან ფერდობებზე ჯგუფებად. მცირედ ჭამენ ცხენები და ცხვრები, ისიც გაზაფხულზე, ნორჩობაში.
ყაზბეგის რაიონის სოფელ ხევში ჩაწერილი მასალების მიხედვით, ცხოველთა საკვები ბალახებია: ფათარი (ოროვანდი) (Arctium), ხითხვერა (ცვალებადი ცერცველა) (Vicia variabilis Freyn et Sint), ქუჩი (Festuca valesiaca Gaudin ), სამყურა (Trifolium), კუტიმლაშე (Teucrium polium L.), – გართხმულია მიწაზე, არის ზამთარშიდაც. „ცხვარი ფეხით გადაყრის თოვლს და ჭამს კუტიმლაშეს“.
ყარღანი (Salsola dendroides Pall) _ ერთ არშინამდე სიმაღლის იზრდება უდაბნოში, კარტოფილის ბუჩქივითაა, მოყვითალო, მლაშე მცენარეა.
წითელწვერა (Kochia prostrata L.) _ დაბალი ბალახი, „აქვს წითელი წვერები“. კენკრა (დათვის კენკრა) (Arctostaphylos uva-ursi spreng (L.) Schrad.), ბუმბლა (ვარდისფერი გვირილა) (Pyrethrum roseum L.).
დუშეთის რაიონში (სოფელი ყველაანი) მცხოვრებში 93 წლის გიორგი ყველაიძემ ჩამოთვალა ბალახები, რომლებითაც საქონელს კვებავენ: კვლიავი (Carum carvi L), ფითრი (Viscum Album), დიყი (Heracleum), რომლებიც ამავე დროს „წმენდავენ ცხვრის ორგანიზმს“, ხოლო ყიზლარის ზამთრის ბალახებია: კუტიმლაშე (Teucrium polium L.), ავშანი (Artemisia Meyeriana Boiss.) შავბალახა (Leonurus quinguelobatus Gilib), ყარღანი (Salsola dendroides Pall.).
გუდამაყარში კი ასი წლის გიორგი წიკლაურის თქმით, ბევრი ყოფილა მლაშე ბალახი და როცა ის ცხვარს მოწყინდებოდა „მერე ბუმბლა ბალახზე გადადიოდა“ (ე.ი. არამლაშე ბალახზე გადადიოდა).
ქვემო ქართლის სოფელ თიღვაშში ყველაზე უკეთესი ბალახი ცხვრისათვის ღიჭა იყო (Sonchus). ის ერთი არშინი იზრდება, ფოთოლი წვრილი აქვს, რძიანი ბალახია, ცხვარს ძალიან უყვარს, – უყვებოდა ეთნოგრაფებს ნიკო ნინიკური (90 წლის მოხუცი). სოფელ დირბის მცხოვრები 93 წლის სტეფანე ჯოჯიშვილი კი ეთნოგრაფებთან საუბარში ამბობდა რომ ღორს უყვარს სოკო (Amanita caesaria), წაბლი (Castanea savita mill), ბროწეული (Punica granatum), ღორის ქადა (Lactusa serriola L), იონჯა (Medicago), ჭანგა ბალახი (Agropyom repens). ალავერდს (იონჯა) „ღორი გლეჯს და სიამოვნებით ჭამს მის ძირებს“. ასევეა ჭანგა ბალახიც, რომელსაც „მეტად გემრიელი და ტკბილი ძირები აქვს“.
საქართველოს ყველა რეგიონი განიცდიდა მარილის უკმარისობას, რომელიც იყო საჭირო როგორც ცხოველებისათვის, ისე ცხოველური პროდუქტებისა და ადამიანებისათვის. შედარებით იოლად გამოდიოდნენ შირაქის, შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე, სადაც დიდი რაოდენობით მლაშე ბალახებია.
ძალიან ხშირად მარილის მისაღებად იყენებდნენ ადგილობრივ მლაშე წყაროებს. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. მაგალითად, სოფელ სიონის (თიანეთის რაიონი) საძოვრების ახლოს ვეძებში, იკვლევის ბოლოს კლდის ძირში გამოდიოდა მარილიანი წყალი. იქ თვეში ორჯერ ჩაჰყავდათ საქონელი წყლის დასალევად. გარდა ამისა, ამ წყლის ადუღებით იღებდნენ მარილს. ადგილობრივი მოსახლების თქმით მარილი ასე კეთდებოდა: ერთდროულად სამ ქვაბში ასხამდნენ ვეძების წყალს. აქედან როცა ერთი ადუღდებოდა, მეორეს ათბობდნენ, მესამე – ცივი იყო. როცა პირველ ქვაბში დაშრებოდა წყალი, მეორე ქვაბიდან შეავსებდნენ, ხოლო მესამე ქვაბიდან მეორე ქვაბში შემდეგ გადმოასხამდნენ, მესამეს კი ახალი წყლით ავსებდნენ. პირველი ქვაბის აორთქლებისა და დაშრობისას ილექებოდა მარილი. ზემოთ აღწერილი პროცესი გრძელდებოდა მანამ, სანამ გარკვეული რაოდენობით არ მიიღებდნენ მარილს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ, ჩვენი წინაპრები იძულებული იყვნენ მარილის ძირითადი წყარო მოეძებნათ. ასეთი ადგილი იყო სომხეთში – აღზევანში.
აღზევანში წასასვლელად წინასწარ ემზადებოდნენ: ურემში აბამდნენ ჯერ ერთ უღელ კამეჩს, მათ წინ ორ ან სამ უღელ ხარს. გზას 10 – 12 დღე სჭირდებოდა. ხშირად ურემი სიმძიმეს ვერ უძლებდა, რადგან სულ ცუდი გზა იყო და ხშირად უხდებოდათ ურმების შეკეთება, ამისათვის კი წინასწარ იყვნენ მზად: მიჰქონდათ ურმის ბორბლები, რკინის სალტეები და სხვა სათადარიგო ნაწილები. აღზევანში მარილის მთები ყოფილა. მას ძალაყინითა და წერაქვით ამტვრევდნენ. ამ ამბის მთხრობელია კახელი (ზემო მაჩხაანი) მიხეილ ნატროშვილი, რომლის მამას, გიორგისაც ხშირად უვლია აღზევანში. მარილზე მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩამოეტანათ.
საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელია ცხოველთა და ფრინველთა კვების თავისებურებები, რაც ძირითადად უკავშირდება ქვეყნის როგორც კლიმატურ, ისე ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მაგრამ, მაინც ზამთრობით ცხოველთა ძირითადი საკვები იყო თივა, ჩალა, ბზე, რომელთა მოპოვება მიწის სიმცირის გამო დიდი რაოდენობით ვერ ხერხდებოდა. ასევე იყო საზაფხულო საძოვრებიც შეზღუდული. აქაც დიდი ეკონომია იყო საჭირო, რომ საქონელი გამოეკვებათ. ყოველივე ეს ხელს უშლიდა ცხოველთა რაოდენობის ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მეცხოველეობა და მისი პროდუქტები უხვად იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ჟამთა სიავის პერიოდებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს სინამდვილეში.
რაც შეეხება ცალკეულ მცენარეთა გამოყენებას ცხოველთა და ფრინველთა კვების საქმეში, ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. მაგალითად, თითქმის მთელ საქართველოში ხარობდა სამყურა ბალახი, მატიტელა, ჭინჭარი და ა.შ, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა კვებისათვის, სადაც ისინი არ ხარობდა, იყენებდნენ სხვა მცენარეებს, რაც განაპირობებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათი კვების თავისებურებას, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს კუთხეში ინდაურის ჭუკის საკვებად იყენებდნენ ჭინჭარს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში – მატიტელას.
ასევე საქართველოს ცალკეული კუთხეებისთვის დამახასიათებელია ცხოველთა საკვების მოპოვებისა და არსებული საძოვრების გამოყენების ხერხები. ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. ბარში დაზამთრებამდე და ზოგჯერ ზამთარშიც მოიპოვებდნენ ცხოველთა საკვებს, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში, სადაც ნალექი თოვლის სახით უხვად მოდიოდა, ამის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. ამიტომ, იძულებულნი ხდებოდნენ 5 – 6 თვე ცხოველები ბაგურ კვებაზე გადაეყვანათ. ამისათვის კი დიდი რაოდენობით საკვები იყო საჭირო. ამიტომ, შემოდგომაზე ისინი ანგარიშობდნენ ზამთარში რამდენი სული საქონლის გამოკვება შეეძლოთ, დანარჩენს ყიდდნენ (აქ შეიძლება გავიხსენოთ მთიანი რაჭის და სხვა მაგალითები).
ჯემალ სვანიძე,
ლევან თორთლაძე