აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

შინაურ ცხოველთა კვების ტრადიციები საქართველოში

საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას  ხელს უწყობ­და შესანიშნავი ბუნებრივი პირობები: ზომიერი ჰავა, საუკეთე­სო სას­მელი წყლები, ზომიერი ტენიანობა, ბუნებრივი, მრავალ­ფე­­რო­ვანი ბალახით სავსე მდელოები და მთები, ბარისა და მთის შე­სანიშნავი საძოვრები. ყოველივე ამას ქართველი მეურ­ნე ითვა­ლის­წინებდა და სწორად გეგმავდა თავის სამუშაოს. შე­დეგიც შე­საბამისი იყო. ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას უთ­მობდნენ აქ არსებულ მცენარეთა უმრავლესობის გავლენას ცხო­­ველთა სიმ­სუქ­ნეზე, რძის ნაწარმის ხარისხზე, მის ცხიმია­ნო­ბაზე, მუშა სა­ქონლის შრომისუნარიანობაზე, ჯანმრთელი ნა­მატის მიღებაზე.

რამდენადაც ქართველი მესაქონლეები კარგად ერკვეოდნენ მთისა და ბარის ბალახეულის ყუათიანობაში, ცდილობდნენ ცხო­ველებისათვის საძოვრებად შეერჩიათ ისეთი ადგილები, სა­დაც მეტი დასახელებისა და დიდი რაოდენობით იზრდებოდა ისეთი მცენარეები. ასეთი ადგილები კი მეტ-ნაკლებად მთელ საქართველოში იყო. რძისა და ხორცის ცხიმიანობას, განსაკუთ­რებით, ზრდიდა მთის ბალახი. მთხრობელის გადმოცემით, მთის ბა­ლახი ღალიანია, მთებში ნოყიერი ბალახით ნაკვები სა­ქონლის რძიდან დამზადებული პროდუქტები ერბო, ხაჭო, ყველი, უფრო მაღალხარისხიანია, ვიდრე ბა­რის. მათივე თქმით, ამ მხრივ სუკეთესო საძოვრებად ითვლება ალ­პური დაბალბალახიანი საძოვრები, სადაც ბევრია სამყურა, ქარცხვი, კვლიავი… გადმოცემით თუშეთში იცოდა – „ძალიან კარგი და გემრიელი ყველი“, მაგრამ ყველაზე საუკე­თესო ყველს წოვისა და სახარის საძოვრები იძლეოდა. საძოვ­რებს გა­მო­არჩევდნენ იმის მიხედვით, მზიანი იყო ადგილი თუ ჩრდი­ლიანი: „პირიმზითის ბალახი უფრო ღალიანი, ბარაქიანი და ნოყიერია, ხოლო ჩრდილის _ უბარაქოა“, _ ამბობდნენ მთხ­რო­ბე­ლე­­ბი. გადმოცემით წოვისა და გომეწრის ხეობაში, სახარის მთა­ზე „პირიმზე“ ადგილებია, სადაც დაბალი ყვავილოვანი ბა­ლახია _ ქარცხვი, სამყურა…

ხევსურეთის საძოვრების ბალახეულობაც დახასიათებულია, როგორც ცხიმიანი და ღალიანი. აქაც საუკეთესო მცენარედ კვლი­ავია დასახელებული.

მთიულეთ-გუდამაყრელი მეცხოველეების გადმოცემით, ყუა­თი­­­ანობით, ცხიმიანობით მათ საძოვრებს ხევ­­­სურეთისა და ხევის საძოვრები სჯობდა _ იქ სულ მთებია, ხევ­სურეთის ბალახი ღალიანია, დაბალი. „ცხო­რი და ძროხა იქ მატულობს რძით, ხორცით. ხევსურეთის საძოვრები არ იხვნება, მთა ალაგია: ბალახი ღალიანი მოდის, კვლიას ეძა­ხი­ან, წვრილი ბალახია, ძროხასაც გაასუქებს, რძესაც მოიყვანს. თუ ძროხა აქ 10 – 12 კილო ერბოს გააკეთებს, იქ 20 კი­ლო ერბოს იძ­ლეოდა. კვლიავი საუკეთესო ბალახად ითვლე­ბოდა მეწველი ძრო­ხე­ბისათვის. კვლიავიანი საძოვარი ფურებს მეტს აწველინებს“, _ აღ­ნიშნავს მთხრობელი.

მცენარე კვლიავი აკად. ივ. ჯავახიშვილის კვლევის სფერო­შიც მოხვდა. ეს მცენარე უძველესი დროიდან ყოფილა ცნობი­ლი. საქართველოში კი XVII საუ­კუ­ნიდან მოიხსენიება. ჩვენთან ის ამჟამადაც ველურად მრავლდება.

ზოგიერთ ქვეყანაში კვლიავი კულტურულ მცენარედ ითვლება. მის მოყვანას მისდევენ ჰოლანდიაში, გერმანიაში, შვე­ცია­ში, ნორვეგიაში… საუკეთესო კვლიავად შვედური და ნორვე­გიული ითვლება, რადგან მათ თესლში ცხიმოვან ნივთიერე­ბა­თა რაოდენობა 4 – 6 პროცენტს აღწევს, ხოლო გერმანულსა და ჰო­­ლან­დიურში 4%  არ არის. საქართველოს ზოგიერთ რა­იონში მას ადამიანის საკვებშიც იყენებენ, ხევსურეთში მუცლის ტკივი­ლის დროს წამლადაც ხმარობენ. ხევსურეთი ზღვის დონიდან მაღა­ლია. აქვს ბევრი უძრავი [უხნავი, ყამირი] ადგილი, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მცენარე, სხვა ადგილებთან შედარებით, იყოს ცხიმიანი, ყუათიანი.

ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედ­ვით, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას ცხოველთა კვების საქმეს უთმობდ­ნენ. ყველა გამოკითხული პირი გა­მო­დი­ოდა იქიდან, რომ კარგად გამოკვებილი საქონელი  ჯან­მრთელია, ძლიერი, პროდუქტიული,  კარგ შთამომავ­ლო­ბას იძლევა, ავადმყოფობა ვერაფერს აკლებს. მათ კარგად იცოდ­ნენ, წელიწადის რომელ დროს რითი და როგორ ეკვებათ საქონელი. ამ საქმისათვის მაქსიმალურად იყენებდნენ გამოც­დი­ლებასა და შესაძლებლობას. მართალია, არ იცოდნენ ცალკეულ მცე­ნარეებში რამდენია ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ა.შ. მაგრამ, კარგად ჰქონდათ შესწავლილი ცალკეულ მცენა­რე­თა როლი ცხოველთა კვების რაციონში. იცოდ­­ნენ,  რომე­ლი მცენარე სად, რომელ ადგილებში ხა­რობს და წელიწადის ამა თუ იმ დროს, რომელ საძოვარზე უკეთესი იყო ცხოველის ძო­ვება. ისიც იცოდნენ,  რომელი მცენარე რა დროს უფრო ცხი­მიან რძეს „უყენებს“ ძროხას.

ცნობილია, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვე­ყანაა. ამის გამო, ცხოველთა საკვების მოპოვება დიდ სირთუ­ლეებთან იყო დაკავშირებული. ასევე ისტორიიდან ცნობილია, რომ ყოველი მტკაველი მიწის შენარჩუნება სისხლის ფასად უჯ­დ­ებოდათ ჩვენს წინაპრებს. მწყემსი თუ მხვნელი ყოველ­თ­ვის ელოდა მტერს და არ იცოდა, სად და როდის გამოჩნდე­ბო­და. ამიტომ, მუდმივად მზად იყო მის დასახვედრად. მაგრამ, ამავე დროს, ის გონივრულად წარმართავდა სამეურნეო საქმია­ნობას და შედეგიც კარგი ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მაღალ დო­ნეზე იყო განვითარებული როგორც მეცხოველეობა, ისე მისი პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიაც.

იმერეთში ჩაწერილი მასალების მი­ხედ­ვით  (წყალტუბოს რაიონი სოფ. ბანოჯა, ფედოსი ჟორჟოლიანი)  დიდი ყურადღება ექცეოდა ცხოველთა კვებას, რად­განაც ეს იყო საფუძველი საღი, ჯანმრთელი საქონლის ყოლისა. ცუ­დად ნაკვები საქონელი „დაუძლურდება, გაღარიბდება, არც ხბო ეყოლება კარგი, ვერც მოიწველის და ავადმყოფობაც იოლად მოერევა“. მათ ზამთრობით საქონელი გადაჰყავ­დათ ბა­გურ კვებაზე და ძირითადად თივით, ჩალით, ბზით, სოიათი კვებავდნენ.

მაკე და მეწველ ძროხებს ხბოები რომ ჯანმრ­თე­ლი ჰყოლოდათ და წველადობა მაღალი, დამატებით უმზა­დებდ­­ნენ შემდეგი სახის საკვებს: დაფქვავდნენ სოიას, დაუ­მა­ტებდნენ მის ერთ მესამედ ნაწილს სიმინდის ღერღილს, საჭი­რო რაო­დე­ნო­ბით მარილს, დაასხამდნენ ცხელ წყალს. სოიასა და ღერღი­ლის ნარევი რძის ფერს მიიღებდა. ან კიდევ _ სოიას მარცვალს წამოადუღებდნენ, სიმინდის ფქვილს ან ღერღილს, მარილს, აურევ­დნენ ერთმანეთში და ჩაუმატებდნენ სოიოს წამოდუ­ღე­ბულ მასას. ზოგჯერ სოიასა და სიმინდის მარცვლებს ერთად და­ალბობდნენ, დაუმატებდნენ ცოტა მარილს. ხშირად დაფქვილ მუხუდოს დაუმატებდნენ სიმინდის ფქვილს და მარილს გაქნიდნენ წყალში. ყველა ზემოთ დასახელებულ ნაერთს მეწ­ველ ფურებს აძლევდნენ დილით და საღამოს. ასეთ დამატე­ბით კვებას ყველა შემთხვევაში კარგი შედეგი ჰქონდა.

გადმოცემის თანახმად, წველადობა დაახლოებით 50 პროცენტით მატულობდა. ასე ნაკვებ ფურებს ხბოებიც კარგი ჰყავდათ. ასე­თი საკვები შეძლებისდაგვარად მთელი წლის განმავლობაში ეძლე­ო­­და მეწველ ფურებს, რათა ძროხა არ დასუსტებულიყო, ხბოც კარ­გად გამოეკვება და მეტიც მოეწველა. ამასთან, დილით ად­რე საძოვარზე წასული ძროხა საღამოს აუცილებლად დაბ­რუნ­­დე­ბოდა შინ, რადგან მას დამატებითი საკვები ელოდა.

დამატებითი საკვები ეძლეოდა ხარებსაც, განსაკუთრებით გაზაფხულის პირას, როცა ხვნა-თესვა მოახლოებული იყო. ზე­მო ალვანელი ბასილ თორღვაიძე ამბობს: „როცა გაზაფხულზე თბილი ამინდები დადგებოდა, ხარებს კარგ საკვებს ურჩევდნენ. მათთვის ბოსლის ჭერხოში ინახავდნენ კარგ თივას. იტყოდნენ ამას და ამას „ხარი კვალში ჩაუწვაო“. ეს დიდი სირცხვილი იყო. კარგი ნა­კ­ვები ხარი „კვალში არ ჩაწვებოდა“. ხა­რებს კიდევ მაშინ კვე­ბავდნენ დამატებით, როცა მათ შორ მანძილზე უწევდათ წა­სვლა და ტვირთის ზიდვა. მაგალითად, ჩვენი წი­ნაპ­რები ხშირად მიდიოდნენ მთებში, ჭრიდნენ ხეებს და ჩამო­ჰქონ­დათ; ზოგჯერ აღზევანს უხ­დებოდათ მარილზე წასვლა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, _ იგონებს კირილე ზვიადაძე (წყალ­ტუ­ბოს რაიონი, სოფელი ბა­ნოჯა),  უღელ ხარს 10 დღეში 3 ფუთ სი­მინდის ღერღილს ვაჭ­მევდით. ამიტომ, მიუხედავად დიდი შრომისა, ხარები ძლიე­რები იყვნენ. სამამულო ომის დროს, როცა ცხენებმა ვერ შეძლეს ქვე­მეხების მთებში ატანა, ჩვენი ხარები შევუბით და თავისუფ­ლად ავიტანეთო“.

საქონლის გამოკვების მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საძოვრები არ ყოფნიდათ ან კიდევ გვალვის გამო ბალახი ად­რე ხმე­ბოდა და საქონელი ჭამის მოთხოვნას ვერ იკმაყოფი­ლე­ბდა, მეურნეები მიმართავდნენ ასეთ ხერხს: სადაც ბინები (იგუ­ლისხ­მე­ბა მწყემსების სადგომები) იდგა იქვე ახლოს ადგი­ლებს შემო­ღო­ბავდნენ, რათა საქონელი ვერ შესულიყო და ბა­ლა­ხი გაზრდი­ლიყო. ამ ბალახს ყოველდღიურად ცოტ-ცოტას თი­ბავდ­ნენ, დაკე­პავდნენ, ჩაყრიდნენ ქვაბში, დაასხამდნენ წყალს, ცოტა ქატოს და­უმატებდნენ, შეაზავებდნენ მარილით და საძოვრებიდან და­ბ­რუნებულ საქონელს აჭმევდნენ, პირველ რიგში მეწველსა და ხბო­ებს.

აჭარაში, ლეჩხუმში, რაჭასა და ზოგიერთ სხვა კუთხეშიც სა­ძოვრებიდან დაბრუნებულ საქონელს ახვედრებდნენ მჭადის ფქვი­ლის ანაცერს, ქატოს და სხვა ანარჩენებისაგან შეზავებულ საკ­ვებს, რომელსაც „ნარცხს“ ეძახდნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზამთარში ცხოველთა საკვებად ძირითადად იყენებდნენ _ თივას, ჩალას, ბზეს. საინტერესოა მათი ხარჯვის წესიც. ჩამოთვლილი საკვებიდან თივა უფრო ყუათია­ნია (კალორიული), ვიდრე ჩალა. ჩალა კი ბზეზე უფრო კალო­რიულია. ამასთან, თივა საქონლისთვის საჭმელადაც უფრო იოლია, ვიდრე ჩალა და ბზე. ამიტომ, საქონელი თივას უფრო ეტანება, ვიდრე ჩალასა და ბზეს. რადგან იმდენი თივა არ ჰქონ­დათ, რომ მთელი ზამთარი ყოფნოდათ, ცდილობდნენ ჩა­ლაც და ბზეც გამოეყენებინათ საკვებად. გვიან შემოდგომაზე, რო­ცა ნედლი ბალახი ილეოდა და საქონელი ვეღარ ძღებოდა, სა­ჭირო იყო საკვების დამატება, მაგრამ ნედლ ბალახს შეჩვე­უ­ლი საქონელი ამ დროს ჩალას და მით უფრო ბზეს არ ჭამდა. ამიტომ, დამატებით თივას აძლევდნენ, რათა ზამთარს საქონელი „მომატებული“, ძლიერი შეხვედ­როდა. როცა ზამთარი ძალაში შევიდოდა _ მოთოვდა და ნედლი ბალახის ძოვის საშუალება აღარ ექნებოდა, სა­ქო­ნელი ბზესაც კარგად შეჭამდა, მაგრამ საქონელი, რომ „არ გა­მო­ტყუე­ბულიყო“ ან „არ გამოღორებულიყო“ (არ დასუს­ტებუ­ლი­ყო, არ და­უ­ძლურებულიყო), პერიოდულად აძლევდნენ თივასაც. გამო­კი­თხულ გლეხთა თქმით, თუ მთელ კვირას ბზეს აძლევდ­ნენ, სა­ქონელს შემდგომი ორი დღის განმავლობაში კვებავდნენ თივით, შემდეგ ისევ ბზით, ხოლო შემდეგ _ ჩალით, ბოლოს ისევ თივით და ა. შ. საკვების შენაცვლება დამოკიდებული იყო საქონლის ფიზიკურ მდგომარეობაზედაც. თუ რომელიმე საქო­ნელი გახდე­ბოდა (მოიკლებდა), მას უმეტესად თივით კვებავდ­ნენ რომ არ დაუძლურებულიყო და არ დაცემულიყო.

ჩალას საქონელს უჭრიდნენ და ისე უყრიდნენ ბაგებში, რა­თა იოლად შეეჭამათ, (მსხვილი ჩალის ღეროების შეჭმა ცხო­ველს უჭირდა).

იყო შემთხვევა, როცა საქონელს კვებავდნენ „შერე­უ­ლად“. მაგ. დღეში სამჯერ კვებავდნენ _ დილით მოუტანდნენ ბზეს (ამ დროს საქონელს მეტი მოთხოვნილება აქვს საკვებზე), შემდეგ ჩალას და საღამოს  თივას.

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად,  როცა ბალახი ამოდიოდა, საქონელი ბზეს აღარ ჭამდა, რადგანაც გრძნობდა გა­ზაფხულის მოახლოებას. ამიტომ, მათ ძირითადად თივით კვე­­ბავდნენ. ამ დროისათვის თივა სპეციალურად ჰქონდათ შე­მონა­ხული. თივით კვება საჭირო იყო იმიტომაც, რომ ადრე გა­ზა­ფხულზე ამოსული ბალახი ზედმეტად წყლიანი და ნაკლე­ბად კა­ლორიულია. ამის გამო, ამ დროს საქონლის დამატებითი კვება აუცილებელია. ზემოთქმულს ემატება ისიც, რომ მთე­ლი ზამთრის პერიოდში (მთიან რაიონებში ზამთარი 6 – 7 თვე გრძელდება) ბაგაზე ნაბამი საქონელი სუსტია, მარტო ახლად ამოსული ბალახის იმედით მათი დატოვება ნიშნავს სა­ქონლის და­ცემას. საქონელს, რომელიც არც გამწევ ძალად ითვ­ლებოდა, არც მეწველი იყო და არც მაკე რაჭასა და ლეჩხუმში „ეულ“ სა­ქო­ნელს უწოდებდნენ. მათ საკვებად ძირითადად ბზეს, ჩალას და  იშვიათად თივას იყენებდნენ. გაძლიე­რებული კვება მათთვის იშვიათი იყო, რადგანაც ამის საშუალება მოსახლეობას არ გააჩნდა.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში შეინიშნება, რომ  მოსახლეობა მაქსიმალურად იყენებ­და ცხოველთა კვების ყველა შესაძლებლობას როგორც საგაზა­ფხუ­­ლო, საზაფხულო თუ ზამთრის საძოვრებს, ასევე ტყეებს, სათი­ბებს, ყანის პირა ნაკვეთებს, სახნავ-სათეს ადგილებს (აქ ცხოვე­ლებს უშვებდნენ მოსავლის აღების შემდეგ) და სხვა­და­სხვა სახის მთის საძოვრებს. ცდილობდნენ, რამდენადაც შესა­ძლე­ბელი იქნე­ბოდა, იმდენად მეტად გამოეყენებინათ ბუნებრი­ვი პირობები ცხო­ველთა კვებისათვის.

საინტერესო მასალას გვაწვდის ცხოველთა კვების შესახებ გა­მოკითხული საგურამოელი (მცხეთის რაიონი) დიმიტრი უნ­დი­­ლა­შვილი. მის პაპას ჰყოლია 8 – 10 მეწველი ძროხა, ორი უღე­ლი ხა­რი, სამი უღელი კამეჩი, ორი მეწველი კამეჩი, მოზარდი საქო­ნე­ლი, ცხენები და თხები _ რამდენიმე ასეული, ღორი _ ორა­­სამდე სული. ასეთი რაოდენობის ცხოველთა გამოკვება მთელი წლის გან­მავლობაში საგურამოს პირობებში ძნელი იყო, ამიტომ საღო­რეე­ბი ჰქონდა „ფშაველის ტყეში“ _ ერწო-თიანეთში. ტყეში წყაროების ახლოს აკეთებდნენ „ღორის ბაკებ­საც“. შემოღო­ბი­ლი ჰქონდათ დიდი ფართობი, სადაც ბევრი წიფ­ლის ნაყოფი, წაბლი, პანტა, მაჟალო და სხვა სახის ბუნებ­რი­ვი საკვები იყო ღო­რებისათვის. იქ ღორებს გა­ზაფხულზე წაიყვანდნენ და დეკემ­ბ­რამდე ჰყავდათ. ცხვარი ზამთარშიც  დაუდიოდათ ქართლის (კასპი, ხაშური) საძოვრებზე. კამეჩებიც ზა­ფხულობით სულ ტყეში ჰყავდათ. შუადღისას ისინი საყარზე ჩადიოდ­ნენ (ადგილი, სადაც საქონელი წყლის დასალევად ჩადიოდა). ეს იყო პატარა ადგილი ჭალა­ში მდინარე არაგვზე. იქ კამეჩები სიცხეში უმეტესად წყალ­ში იყვნენ. კამეჩებს ტყესა და ჭალაში იანვრამდე ტოვებდნენ. შემ­დეგ კი მიჰყავდათ და ბოსლებში აბინავებდნენ. მათ ადრე გა­ზაფხულამდე კვებავდნენ თივით, ჩალით, ფუჩეჩით და კოპტო­ნით (მზესუმზირის ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი მასა). კოპტონს დაასხამდნენ ცხელ წყალს, როცა აფუვდებოდა, დაუ­მა­ტებდნენ ბზეს და საქონელს აჭ­მევ­დნენ. ასეთ ნარევს სხვა საქონლისა და ღორის საკვებადაც იყე­ნებდნენ. ამასთან, კამეჩებისათვის სპე­ცია­ლურად ფეტვს თესავ­დ­ნენ.

სოფელ ომარაანის (ერწო-თიანეთი) მოსახლეობას მანამ ჰყავ­და საქონელი ტყეში, სანამ მაყვალი, ბარძიმი და სხვა მცენა­რეე­ბი თოვლით დაიფარებოდა და საქონელი საკვებს ვეღარ იშოვ­ნიდა. ესეც, ცხოველთა საკვების სიმცირით იყო გამოწვეული. ზამთ­რის საძოვრებზე ბინების ასაგებად ისეთ ადგილებს არჩევდნენ, სა­დაც სიმყუდროვე იყო. ქარიც ნაკლებად უდგებოდა და თოვლიც იშვი­ათად თუ მოვიდოდა. შირაქისა და ელდარის საძოვრებზე მწყემსებს წასვლა უნდოდათ  იმიტომაც, რომ იქ აუცილებელი არ იყო თივის დამზადება. ზამთარში ცხვარი თავად იმდენ საკვებს შოულობდა, რომ ჰყოფნიდა. თუ თოვლი მოვიდოდა, ის ისე ცოტა იყო, რომ ცხვარი წინა ფეხებით გაჩიჩქნიდა და ასე პო­­ულობდა საკვებს ან კიდევ მწყემსები თოვლს ნიჩბით გა­და­წევდნენ და ცხვარიც ძოვდა. თუმცა ეს თოვლი 2 – 3 დღეში ისე­დაც დნებოდა. ყველა მეურნემ კარგად იცოდა, რა სახისა და რამდენი საკვები სჭირ­დე­ბოდა როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილ­ფეხა საქონელს ერთი ზამთრის განმავლობაში. ზემო რა­ჭის, სოფელ ღების მცხოვრები (ონის რაიონი) 85 წლის ალექსი ლობჟანიძე 1970 წელს იხსე­ნებ­და მამა-პაპის დროინდელ პერი­ოდს და გვიყვებოდა, რომ შე­მოდ­გომაზე მთიდან საქონელის ჩა­მოყვანის შემდეგ ოჯახი და­იანგარიშებდა, რამდენი სული საქონლის გამოკვება შეეძლო ზამთარში (კარგად იცოდნენ, რამ­დენი საკვები იყო საჭირო თითოეული სული საქონლი­სა­თ­ვის). ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ღები მაღალმთიანი სოფე­ლია და ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრი იცის, ამიტომ ზედმეტ საქონელს ყიდდნენ.  ქვემო რაჭის (ამბროლაურის რაიონი) სოფელ ღვარდიის მკვიდრი 90 წლის სამსონ ჯოხაძე ეთნოგრაფებს უამ­ბობს: „ხარებსა და ძრო­ხებს, უშობლებს, მოზვრებს ვკვებავთ ჩა­ლით, ბზით, თივით, დღეში ორჯერ; ბოჩოლებს თივას და ლო­ბიოს, ბარდას ვაჭმევთ, ცხვრებს _ ლობიოს ბარდას და ჩალას, ღორებს ქატოთი და ნა­რეცხით (ნარეცხი _ ლობიოს ნახარში, გობის ნა­რეცხი, ნარჩენი საჭ­მელები და სხვა ერთად არეული) და ჭიჭვი სიმინდით (მო­უმ­წიფებელი სიმინდი)“.

ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი) საქონლის „ბაგაზე“ (ბო­სელში) დაბმის ასეთი წესი იყო: ნაპირში აბამდნენ უფრო ძლი­ერ საქონელს _ ხარებს, მერე – ძროხებს. ეს იმიტომ რომ ძლიერმა სუს­ტი არ დაჩაგროს და იმიტომაც, რომ ხარი ბაგიდან ადვი­ლად გამოიყვანონ სამუშაოდ.

საქონელს ზამთრის პერიოდში კვებავდნენ დღეში სამჯერ. დილით მიუტანდენ ჩალას, ბზეს ან „ქუნჩალას“ (ფუჩეჩს) და არა თივას. მეორედ კვებავდნენ შუადღისას, მხოლოდ ჯერ საქო­ნელს გადენიდნენ წყალზე, გაუსუფთავებდნენ სადგომს, დაა­ბამდ­ნენ, მერე მიაწვდიდნენ საკვებს.მეორე კვების დროს უფ­რო ნაკლები საკვები მიჰქონდათ, ვიდრე პირველ და მესამე კვე­ბის დროს. საღამოს  მესამედ კვებავდნენ. თივას ძირი­თა­დად მო­მუშავე ხარებს აძლევდნენ, განსაკუთრებით თუ ხვნისთვის ინა­ხავდნენ. თივას დამატებით აძლევდნენ ასევე ხბო­ე­ბიან ძროხებს.

 ლეჩხუმში ასეთი ტრადიცია იყო: შემოდგომაზე, როცა სი­მინდს მოიწევდნენ, გადაარჩევდნენ შედარებით დაბალხარის­ხიან ტაროებს, რომელსაც „ფურაჟს“ უწოდებდნენ და  ინახავდნენ ზამთარში საქონლის დამატებით საკვებად.

ზემო რაჭაში იცოდნენ ჩალის წვრილად დაჭრა, მისი თივაში არევა. ასეთი სახით მიუტანდნენ ცხოველებს. მას „აზავე­ბულს“ ეძახდნენ.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოპოვებული მა­სალების მიხედვით მეწველ ძროხას ზამთრის პერიოდში ორი ზვი­ნი თივა სჭირდებოდა (თითო ზვინი 20 – 25 ფუთი გამოდიო­და). ხარს სამოც (60) ფუთამდე თივა უნდოდა. ერთ მოზარდ სა­ქონელზე საშუალოდ 15 ფუთ თივას ვარაუდობდნენ.

კარგად ჰქონდათ გაანგარიშებული აღმოსავლეთ საქართვე­ლოს მეცხოველეებს რა რაოდენობის საკვები სჭირდებოდა თი­თოეულ სულ საქონელს ერთი ზამთრის პერიოდში და ამის მი­ხედვით ანგარიშობდნენ მოპოვებული საკვებით რამდენი სულ საქონლს შეინახავდნენ ამ პერიოდში. და­ახ­ლოებით ისიც იცოდნენ, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა გა­ხანგრძლივებულიყო ზამთარი.

1973 წლის ზაფხულში ჩავიწერეთ ქვემო ალვანში მცხოვრები ვაქსო ივაჩიძის მოგონება: როდესაც კო­ნებისაგან თივის ჩადალს აგებდნენ, ერთ ჩადალში  20 კონა თივა ჩადიოდა, ხოლო თუ ნაცაფებისაგან აგებდნენ, ერთ ჩადალში 10 ნაცაფი თივა ჩა­დი­ო­და. ძროხას თითო დაყრაზე თითო კონა თივა უნდა. ერთი ნა­ცაფი თივა ორ დაყრაზე ჰყოფნის. მთელი ზამთრის განმავ­ლო­ბაში _ გიორგობის თვიდან მარტის გასვლამდე 20 ჩა­დალი თივა სჭირდება. ძროხას ახალ წლამდე აჭმევდნენ დღეში   2-ჯერ, ხო­ლო ახალ წლის შემდეგ – დღეში 3-ჯერ (ერთი კონა თივა უდ­­რის, დაახლოებით, 10 კგ-ს, ერთი ნაცაფი – 20 კგ-ს, ხოლო ჩა­დალი – 200 კგ-ს).

ქერის ძნებისგან შეკრავდნენ ულოს, მისგან აგებდნენ ქერის ჩადალს. ჩადლები გაჰქონდათ კალოზე და ზვინებად დგამდნენ. ერთ ზვინში 20 – 30 ჩადალი იყო.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ყოველთვის ჰქონდათ სპე­ცია­ლურად შემონახული, დამატებითი საკვები: ხორბალი, სიმინდი, სოია. მას საქონელს აჭმევდნენ თივის  შემ­დეგ. ქერსა და ხორბალს ძირითადად ცხენებს აძლევდნენ. სი­მინდს, უმეტეს შემთხვევაში, მსხვილფეხა საქონელს მო­ხარშული სახით. ასეთი მარაგი საჭირო იყო იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი გაგრძელდებოდა. მას იყენებდნენ, აგრეთვე, მაკე საქონლისათვის, გამწევი ძალისათვის, დასუსტებული საქონლი­სათვის. მთხრობელთა თქმით, ამას „აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯანსაღი საქონელი და ჯანმრთელი ნამატი ჰყოლოდათ“. ის იგო­­­ნებდა: ზამთარში თითო ცხვარზე გათვალისწინებული იყო ერთი ჩადალი თივა (როცა ბაგურ კვებაზე ჰყავდათ). თივას წვრი­­ლად უკუწავდნენ და ისე უყრიდნენ ბაგაში. გამოცდი­ლე­ბით იცოდნენ, რომ დაუკუწავ თივას ცხვარი დააბნევდა და გაანიავებდა. ცხვრე­ბისათვის ბაგა გაკეთებული იყო კედელთან სიგრძეზე ან შუა ბოსელში მრგვლად ისე, რომ ცხვრები გარშემო შემოწყობოდნენ ბაგას. ორივე შემთხვევაში ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყვ­ნენ ჯოხებით და ბაგაც ისე იყო მოწყობილი, რომ ფიცრებს შორის ცხვრები მარტო თავს გადაჰყოფდნენ და ისე ჭამდნენ. ეს საჭიროა, რათა ცხვარი ბაგაში არ ჩამხტარიყო და თივა არ გაეფუჭებინა.

ქართველ მეურნეს საქონლის თვისე­ბები და ჩვევები ძირფესვიანად ჰქონდა შესწავლილი და ყოველ დეტალს საჭირო ყუ­რადღებას უთმობდა. 90 წლის საჩხერელი დიმიტრი შაორშაძე 1976 წელს გვიყვებოდა: „საქონელი ზამთარში ჩვენს მამა-პაპას ბოს­ლებში ჰყავდათ. ისინი სათითაოდ იყვნენ ბაგასთან დაბ­მულ­ი და ჯოხებით გამოყოფილი, რომ ერთმანეთისათვის ხე­ლი არ შე­ე­შალათ. ზოგი საქონელი ისეთია, რომ საკვებს ჯერ სხვას შეუ­ჭამს და მერე თავისას დაუტრიალდება, ამიტომ ყუ­რადღების მიქ­ცევა უნდა. ჯოხებით ისე უნდა გადავკეტოთ ბა­გა, რომ მე­ო­რე საქონლის თივას „ვერ მისწვდეს“.

აჭარაში მოპოვებული მასალების მიხედვით, გაზა­ფხულ­ზე _ აპ­რილის ხუთი რიცხვიდან საქონელი ბაგური კვებიდან (ბოს­ლე­ბიდან) გამოჰყავდათ და იქვე ფართობებში აბალახებდნენ. შემდეგ ჭალებში ჩაჰყავდათ და იქ აძოვებდნენ. ეს იმიტომ, რომ მთელი ზამთარი ნამწყვდევი საქონელი „ბოხრიკია“, „დაბუ­ჭუ­ლია“ (უძ­რა­ობის გამო დასუსტებულია) და ჭალებამდე ჩასვლა უჭირს. ის ჯერ მუხლებში უნდა გაიმართოს. ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ბალახს, მუხლებში იმართებიან და შემდეგ გადაჰყავთ ჭალებში, იქ სადაც სათიბები არ არის. ამ დროს საქონელს თივითაც კვე­ბავენ, რადგან ნედლი ბალახი წყლიანია, არ არის „ყუათიანი“ და საქონელს „გამოყლარწავს“. საქონელი პირველ ხანებში მზის გულ­ზე გამოდის, რადგანაც „ჩაოში“ (ჩრდილში) მაისამდე თოვ­ლია. საქონელს ამ დროს სითბო სიამოვნებს.

ერწო-თიანეთში ქერს, სიმინდს და სხვა მარცვლეულს „და­რო­შავდნენ“ (მსხვილად დაფქვავდნენ) და ზამთრისათვის ინა­ხავ­დ­ნენ გრილ ადგილას. საჭირო შემთხვევაში მას წყალში გახს­ნიდ­ნენ, გააზავებდნენ და ისე მიუტანდნენ საქონელს. პირ­ველ რიგში აძლევდნენ სუსტ საქონელს, მეწველს, მაკეს (კარგი ნა­მატი, რომ ჰყოლოდა), გამწევ ძალას _ განსაკუთრებით გაზა­ფ­ხულის პირას. თუ „გაწვდებოდა, სხვა საქონელსაც ახვედ­რებ­დ­ნენ“. ხშირად იყე­ნებდნენ ღორების საკვებადაც. ასე მომზა­დე­ბულ საკვებს „როშს“ უწოდებდნენ.

ერწო-თიანეთში იცოდნენ, აგრეთვე, ბოზალუყი. ეს იყო მარ­ცვ­­ლეულიდან არყის გამოხდის შემდეგ მიღებული ნარჩენი. მას ზამთრისათვის ინახავდნენ, საქონლისა და ღორის საკვებად იყე­ნებ­დნენ. ხშირად ქატოში აურევდნენ. ასეთი სახით უფრო კარ­გად ჭამდა როგორც მსხვილფეხა საქონელი, ისე ღორი.

ბევრი ეთნოგრაფიული მასალა არსებობს, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს ჩვენი წინაპრების მძიმე, დაძაბულ სამე­ურ­ნეო საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია ცხოველთა მოვლ­ისა და კვების საკითხებთან.

ქიზიყის სოფლებში (ბოდბე, ოზაანი) ჩაწერილია ეთნო­გ­რა­ფიული მასალები. ამ მასალების მიხედვით ერთ-ერთი მთხ­რო­­ბელი გვბიამბობს: „ჩვეულებრივ კაი ზამთარი იცის ხოლმე ქი­ზიყსა და ზამთარში ბალახი მინდვრად ბევრია. საშინელება მა­შინ ტრიალ­დე­ბა, როცა ზაფხული გვალვიანი მოვა, ბალახს ვერ გასთიბავენ, არც ბზე იქნება. ამას თუ ზედ დაატყდა ცუდი ზამთარი, აღა­რა­­ფერი გადარჩება, საქონელი სულ ამოწყდება“. ზოგიერთს, რო­მელ­საც დიდი რაოდენობით საქონელი ჰყავდა, ასეთ შემთხვევაში მდინარე ალაზნის გაღმა გაჰყავდა, სადაც იყო იმის საშუალება, რომ ნეკერით გამოეკვება ცხოველები: ასეთ დროს „ალაზანს გაღ­მა გაუდიოდა და იქით ნეკერზე გამო­ჰყვანდა… ჭალაში ხემ ფით­რი იცის, იმასაც უკაფავდნენ და აჭ­მევ­დნენ. ფითრით გასუ­ქე­ბუ­ლი კამეჩი თოვლშიაც რომ გო­რავდეს, მაინც არა უშავს რა. ფით­რი ძალიან ასუქებს კამეჩს. ყველაზე ძალიან საქონელს მარ­ტ­ში უჭირს, იხოცება“.

გამრჯე მეურნის უმძიმეს შრომასა და პი­რობებზე მიუ­თი­თებს ქიზიყის, იმავე სოფელში ჩაწერილი მა­სა­ლა, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ ყველა მეცხვარე ცდილობს ცხვა­რი მთის საძოვრებზე ადრე წაიყვანოს, სხვებზე ადრე „გა­ვი­დეს“, რათა „ხამ ბალახზე“ გაიყვანოს ცხვარი, „გზადაგზა კარგ ბა­ლახზე ატაროს“. ყოფილა განთქმული მეცხვარე ნატრო­შვი­ლი, რომელიც პურს „მარტიდანვე აცხობინებდა და ახმობი­ნებ­და. იმას კაცი ვერ გაასწრებდაო“. კაცზე ორი ფუთი პური უნ­და წაეღოთ საგზლად, რათა ერთი თვე ჰყოფნოდათ. პური მთა­ში უნდა აჰყოლოდათ. მერე კი სურსათს მოიმარაგებდნენ. გზას კი ორ კვირაზე მეტს უნდებოდნენ. თითოეულ მწყემსს მიჰქონდა – ერ­თი ნაბადი, ტყავი, „შინელი“, „ორი შალვარი“, „ორი ახა­ლო­ხი“, „სა­მი ხელი“ საცვალი, სამი წყვილი წინდა. სანამ მთაში ავი­­დო­და ცხვარი, უჭირდა მეცხვარეს, დღეში ერთხელ მა­ინც უნდა მოეძოვებინა ცხვარი. ამის საშუალება კი ძნელად მოიპოვებოდა. ჯერ ერთი, ისეთი ადგილები, სადაც დიდი რაო­დენობით ცხვარი მო­ძოვდა, ძალიან ცოტა იყო. ამიტომ, ცდი­ლობდნენ ჩქარა ევლოთ და პირველნი მისულიყვნენ ისეთ ად­გილებში, სადაც შეიძლე­ბო­და დიდი რაოდენობით ცხვრის ძო­ვება. ხშირად ასეთი ძოვები­სა­თ­ვის მათ დიდძალ ფულს ახდე­ვინებდნენ: „გინდა ოცი, ასი თუ­მანი დაგიჯდეს, დღეში ერთ­ხელ უნდა ვაძუოთო. უნდა იმ­თე­ნი ეცადო, რომ წინ წახვიდე და მუუსწრო ადგილს, რომ მე­რეც ასეთ ადგილზე მოხვდე“, – ამ­ბობს ერთ-ერთი მთხრობელი. იგი­ვე მთხრობელები გვიხსნიან, თუ რომელი გზით მიდიან მთა­ში: „ქიზიყელები ბარიდან მთა­ში წასვლით პირველად მელაანის ბოლოს აძუებენ, მემრე – ბა­დი­აურს, მემრე – ლაპრებს, აზამბურს, ბალ­­ბიანს, სამგორებს, ლო­ჭინს, ქალაქის პირას (იგულსხმება ქალა­ქი თბილისი), მსხლიანს, ბედნიერის ძირას, მოთხნარს. თითო და­ს­ვენებას თითო დღე უნ­და. წალკამდე ძოვნით ჩადის. ჭოჭიანში ორი დღე რჩება; აშურ­ში სძოვს, მემრე კიდევ ეშტიანში რჩება, ყა­ურმაში, აღბაბაში. აქე­დან უკვე ნება იყო, გინდა ერთი კვირა ეძოვ­ნა, მთა არის, არავინ დაუშლიდათ.

თუშეთში ჩაწერილი მასალების მიხედვით მთაში საქონლის მოვლის წესი ასეთია: ფური, ხარი, ცხენი და ვირი ზამთარში, გი­ორგობის თვის პირველიდან აპრილის ბოლომდე დაბმულია ბაშტეში ბაგაზე. აჭმევენ თივას, ჩალას, ბურდოს, ბზეს, წიწვს (არ­ყის ნეკერს), ფოხვისა და ვერხვის ნეკერს. გაჭირვების დროს იყენებენ ცირცელისა და მურყანის ნეკერსაც. საქონელს დღეში ერთხელ _ შუა-დღისას გარეკავდნენ წყალზე. თუ წყალი გაყი­ნუ­­ლი იყო, ყინულს ჩაამტვრევდნენ და ისე დაალევინებენ წყალს.

მაისის პირველიდან საქონელს გარეკავდნენ საძოვარზე და იქ რჩებოდნენ გიორგობისთვის დასაწყისამდე. ისინი ბატკანს და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვირის მანძილზე იქვე აძოვებდნენ და რო­ცა მა­ღალ ადგილებზე თოვლს აიღებდა და გაშრებოდა, ბატ­კა­ნი იქ გა­დაჰყავდათ, რადგანაც „ბატკანს ცხელი ადგილი არ უხ­დება, გრილი ადგილი და გრილი წყალი უნდა“. ცხვარს მა­რილს კვი­რაში ერთხელ აჭმევდნენ – არ აჭმევდნენ ოთხშაბათს და პარასკევს, რადგან სწამდათ, რომ „რეტიანობა“ იცის ან „ნა­დირი დააზია­ნებს“. იმ დღეს, როდესაც ბატკანს მარილს მის­ცემდ­ნენ, ოთხ-ხუთჯერ დაალევინებდნენ წყალს“, თუ წყალს არ დალევს ფილ­ტ­ვები დაუშავდებაო“.

რამდენად ეკონომიურად და სიფრთხილით უდგებოდ­ნენ ცხოველთა კვებას ჩვენი წინაპრები, კარგად ჩანს დუშეთის რაიო­ნის სოფელ მაღაროსკარში ჩაწერილი მასალებიდანაც. იქ ცხო­ველ­თა ძოვების წესებიც ჰქონიათ, საძოვრების „გამოზოგ­ვის“ მიზ­­ნით. გამოკითხული გიორგი თურმანაული ჰყვება: ძო­ვების წე­სების ცოდნა კიდევაც საჭირო და აუცილებელი არის. ცხვარი ერთბაშად არ უნდა გაიშვას მთელ საძოვარზე. „თავის წილ ყუ­რულს მწყემსმა ცხვარი უნდა მიაყოლოს ერთი მხრი­დან და წე­სიერად გადაინაცვლოს. დღისით ის ძველ ნაძოვ­რებში უნდა აძო­ვოს. საღამოს ბინაში ცხვრის მირეკვის ორი სა­ა­თით ადრე ხამ­ში (მოუძოველი ბალახი) უნდა მიუშვას ერთ­ხელ გასაძღომ მან­ძილზე, რომ მადიანად გაძღეს, გალაღდეს. ცხვრები იცნობენ და ელოდებიან ამ საათებს, როცა პატრონი ხა­მისაკენ უმარჯვებს და გამოცოცხლებაც ეტყობათ მაშინ“.

საქართველოს ყველა კუთხეში უჭირდათ ცხოველთა საკვები, ამიტომ მას ყველგან ეკონომიურად იყენებდნენ, ზოგავდნენ, მომ­ჭირნეობას იჩენდნენ. ამასთან, სხვადასხვა ცხო­ვე­­ლის კვებას სხვადასხვანაირად უდგებოდნენ. მაგ. პირი­ქი­თა ხევ­სუ­რეთში (არხოტის თემი) ჩაწერილი მასალების მი­ხედ­ვით გან­სა­კუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ „ხვადი“ ცხენის მოვლას. მას ხშირად ასუფთავებდნენ, წმენდნენ საურვლით. ზამ­თარში დღე­ში ოთხჯერ კვებავდნენ. დილით ყოველთვის „აძ­ლევდნენ ქე­რიან თოფრას“. თუ საკვები უჭირდათ, დღეში სამ­ჯერ მაინც გა­მოკვებავდნენ. ბერწ ცხენს კი ასე არ უვ­ლიდ­ნენ. ხოლო ჯორსა და ვირს, ცხვრის ბაგაში ნარჩენ საკვებს და­უყრიდნენ. თუ დიდი თოვლი არ იყო, ცხვარი ხშირად მინ­დორში გამოჰყავდათ, რომ საკვები მოეპოვებინათ.

დასავლეთ საქართველოში ოჯახურ პირობებში ცხვარს იმავე საკვებით კვებავდნენ, რითაც მსხვილფეხა პირუტყვს. დამატე­ბით აძლევდნენ ლობიოს ბარდას და ჩენჩოს, რასაც უფრო სიამოვნებით ჭამდა, ვიდრე ჩალას და თივას.

ვისაც ცოტა თხა ჰყავდა, ცხვართან ერთად აძოვებდა, ვი­საც დიდი რაოდენობით ჰყავდა, ძირითადად ტყეში და ტყის მიმ­დებარე საძოვრებზე აძოვებდა. მხოლოდ დიდი თოვლის პირო­ბებ­ში კვებავდნენ თხას თივით, რადგანაც ის ჩალას და ბზეს „ნაკლებად ეტანება“.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მოპოვებული მასა­ლე­ბიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ყოფილან ჩვენი წინაპრები და­ოსტატებული იმაში, თუ რა შემთხვევაში და როდის შეი­ძ­ლე­­ბოდა საქონლისათვის ეწყინა მშრალ ან წვნიან საჭმელს. კი­რილე ზვიადაძე გვიყვება, რომ მსხვილფეხა საქონლისათვის მარ­ტო წვნიანი საჭმლის მიცემა არ შეიძლება, რადგანაც ნამ­ცო­ხარს ვერ ამოიღებს; წვნიანთან ერთად საჭიროა თივა, ჩალა, ბა­ლახი და ა.შ. თუ მარტო წვნიანები მივეცით, გამოუცხ­ვება კუჭ­ში. არც მარტო პურის ჭმევა შეიძლება, რადგანაც ამჯერადაც ნამცოხარს ვერ ამოიღებს და „პური საქონელს პირში ჩაუჯ­დება“.

ქვემო ქართლში, შიდა ქართლასა და იმერეთში 1935 წელს ჩა­წერილი მასალების მიხედვით, ღორი თითქმის მთელი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მოიპოვებს საკვებს, მაგრამ არის პე­რიოდები, როცა სჭირდება დამატებითი კვება. მაგალი­თად, დიდი თოვლის შემთხვევაში, როცა ის საღო­რი­დან ვერ გადის, აუცი­ლებელია ადგილზე გამოკვება. ამისათვის ღო­რების პატ­რონს ყოველთვის ჰქონდა ხის გეჯა, რო­მელშიც ცხელ წყალს ჩაას­ხამდნენ,  სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ, დაუ­მა­ტებდნენ სუფრის სხვადასხვა სახის ნარჩე­ნებს და ერთმანეთში ჯოხით აურევდნენ. ასეთ საკვებს „სალაფავს“ ეძახ­დ­ნენ. ეს იყო ზამ­თრის პერიოდში ღორის ძირი­თა­დი საჭმელი. კვებავდნენ, აგ­რეთვე, სიმინდით (ხშირად მოხარ­შული სიმინდით, რამდენადაც მათი თქმით ეს უფრო ასუქებს ღორს, ვიდრე მოუხარშავი სი­მინდი).

გაზაფხულიდან დაზამთრებამდე კი საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში უხვად მოიპოვებოდა ღორისათვის ისეთი საკ­ვე­ბი, როგორიცაა _ რკო, წიფლის ნაყოფი, შვინდი, წაბლი, მა­ჟალო, თხილი, ზღმარტლი, სოკო, პანტა და მრავალი სხვა. ზამ­თარში კი, თუ ძალიან დიდი თოვლი არ იყო, ქართული ღორი ძლიერი დინგით თხრიდა მიწას და ბალახის ძირებს მოიპოვებდა.

ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედ­ვით მთელ საქართველოში ძროხას წველიდნენ წელიწადში 7 – 8 თვე, მაგრამ ხშირად წველას წყვეტდნენ 6 თვეში. ამას აკე­თებ­დ­ნენ, რათა ხბო უფრო კარგი გამოსულიყო და ძროხაც ჯანმრთელი ყოფილიყო.

საინტერესო გადმოცემა არსებობს ახალშობილი კვიცის კვე­ბის შესახებ: კვიცი რომ კარგად გაზრდილიყო, ძლიერი და ჯან­­მრთელი ყოფილიყო, მას პირველ სამ დღეს მხოლოდ დედ­ის ძუ­ძუ უნდა ეწოვა, შემდეგ უმატებდნენ ძროხის რძეს, შემდეგ თხის რძეს. გადმოცემით, კვიცს კარგად ზრდის თხის რძე, რადგანაც ძალიან მარგებელი და ცხიმიანია.

ჯავახეთში ჩაწერილ მასალაში ვკითხულობთ: „ახალშობილ კვიცს დედის ძუძუზე არ მიუშვებენ, სანამ ხელით არ გამოწვე­ლი­ან, რადგანაც აწყენსო. თორბას ამოსდებენ კვიცს, რომ ძუძუ არ გამოსწოვოს. როცა პატრონი გამოწველის, მერე მოხსნიან კვიცს თორბას და აწოვებენ. ასე გრძელდება ერთი კვირა. შემ­დეგ კი კვიცი თავისუფლად წოვს დედას ძუძუს. ვირის მუტ­რუკსაც ასე თორბავენ“.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ყოფილა ასეთი წესი: ახ­ალ­მოგებულ ბატკანს, როცა ჭამას იწყებს, მიუტანდნენ მუ­ხის ფოთოლს და ამით კვებავდნენ, სანამ მინდორში გავიდოდა და ბა­ლახს მოძოვდა. ქართლში, სოფელ ყარაღაჯის მცხოვ­რები ზაქრო დემეტრაშვილი 1935 წელს ეთნოგრაფებს უყვე­ბო­და: მუ­ხის ფოთოლს ვაჭმევთ „სანამდის ძოვნას ისწავლიან, რომ ითა­მა­მოს ბატკანმა. ძუძუ არ ეყოფა, ბალახი კი სწყენს იმ დროს, ფო­თო­ლი კი რგებს. როდესაც გავა და დედას გაჰყვება ის თავის სურ­ვილით ნახამს და შეჭამს…“.

პრაქტიკული დაკვირვებე­ბის შედეგად ჩვენს წინაპრებს შესწავლილი ჰქონდათ ბევრი ბა­ლახის თვისება და ამის მიხედვითაც ურჩევდნენ ცხოველებს სა­­ძოვრებს. მაგალითად, წყალტუბოს რაიონის ქვიან ზონაში, ფედოსი ჟორჟოლიანის მონათხრობით, იზ­რ­დება ბერსელა (ბოგვი-ბალახი) (Brachynodium silvaticum Huds). ეს ბალახი ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით კარგად აწველი­ნებს ძროხას და აქვს ძალიან ცხიმიანი რძე.

სამეგრელოში გამოკითხული 95 წლის ფიდო აფშილავა (სო­ფე­ლი ოცინდალე), 75 წლის ვიცი ფიფია (სოფელი ჩქვალერი), 70 წლის ბართლომე ძაძამია (სოფელი ჯგალი) აღნიშნავდნენ, რომ სამეგრელოში საქონლის  საკვებ ბალახებად ითვლება:

შვინკალა (შვიტურა) (Hippuris vulgaris L.). ის ერთი არშინი იზრდება, ფოთოლი მოგრძო და ვიწრო აქვს, რძიანი მცენარეა. ცხიმიანი რძე იცის.

დოღე (დიყი) (Heracleum ponticum (Lipsky) L. Mand). ფართო, დაჭრილი ფოთოლი აქვს. იზრდება კაცზე მაღალი, „ყუათიანი მცენარეა“.

ჩიქი (მარმუჭი) (Alehimilla caucasica. Bus.) დაბალი ბალახია. დაჭრილი ფოთლები აქვს. აგვისტოს ბოლომდე ცხვარს ჩიქზე არ მიუშვებენ. ეს ბალახი ცხვარს პეპლისგან იცავს.

თვაზა (ბრძამი) (Galamagrostis arundinacea (L.) Roth) „გვა­რია­ნად“ მაღალი მცენარეა. გრძელი და ვიწრო ფოთოლი აქვს. ცხვა­რი ძოვს ნორჩ თვაზას. ბებერ თვაზას ცხვარი არ ეტანება (Campa­nu­la lactiflora M.B.), „ერთი არშინი სიმაღლის იზრდება“. გემრიელია, სანამ ნორჩია, როცა დაბერდება, ღერო ახმება.

ბურღი (ბუერა) (Petasites albus L.) მაღალი ფართოფოთლიანი მცენარეა. მისი ფოთლები ქოლგას წააგავს. ამ ბალახს საქონე­ლი შემოდგომამდე არ ეკარება.

ჭურია (კენკეშა თუ გაუხეშდება, აღარ ვარგა. ზორმეხი (ზემეხი, ძმერხილი) (Ruscus  colhicus P.F. Yeo) „მუხლამდე იზრდება“, ის­ხამს წითელ ნაყოფს. ღერო არა აქვს. თხისა და ცხვრისთვის კარ­გი საშემოდგომო საკვებია.

სამყურა ბალახი (Trifolium pratense L.)  ძირითადად მთაში იზრდება, ნოყიერი საკვებია ცხოველებისათვის[6].

გურიაში 75 წლის კირილე ნაკაშიძე ეთნოგრაფებს უყვებოდა, რომ ცხოველებისათვის საკვები მცენარეებია: მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.)), სამყურა (Trifolium repens L.), ჯალა­ღინი (ბურ­ჩხანა) (Echinochloa crus-galli L), ტრიასკულა (ყვი­თელი ძურწა) (Setaria glanca, L), ყლარტა (ლამური), სატაცური (Asparagus officinalis L.), იონჯა (Medicago orbicularis (L.) ALL.), სოია (Glycine hispida (Moench) Max.), კოინდარი (Colium pe­ren­ne) [6].

ქვემო იმერეთში, ვანში გამოკითხული 80 წლის ფარნაოზ გი­­ორგაძე ამბობს, რომ მათთან იცის ისეთი ბალახები, რომ­ლე­ბიც გამოიყენება ცხოველთა საკვებად. მათგან ზოგიერთს საქონელი ძალიან ეტანება და „სუქდება კიდეც“. მაგრამ არის ისეთი ბალახებიც, რომლებსაც ცხოველი ნაკლებად ეტა­ნე­ბა და ჭამს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესის მოპოვების საშუა­ლე­ბა არა აქვს. ქვემო იმერეთში არსებული ცხოველთა საკვები ბა­ლახებიდან ასახელებს და ახასიათებს შემდეგს:

ბურჩხა ბალახი (Echinochloa crus-galli (L.) R.st Sch, მას საქონელი ეტანება.

ბესელა (ბესერა) (Brachipodium silvaticum) ის­ლისმაგვარი ბალახია. „საქონელი ძალიან ეტანება და რგებს კი­დეც“.

წყლულის ბალახი (ფარსმანდუკი) (Achillea millefolum) და­ბა­ლია, ფოთლები მოგრძო აქვს. საქონელი კარგად ეტანება. ძურ­­წა ბა­ლახი (Setaria glauca (L.) P.B.) ღომს ჩამოგავს. საქონელი ჭამს. სიმწიფის დროს თავს რომ მოკიდებ ხელს, თესლი გა­მოძვრება და „ხმას გამოსცემს“.

წალიკა ბალახი (poligonum hydropiper L.) იცის ჭაობიან ად­გილებში. საქონელი ნაკლებად ეტანება. არც მარგებელია.

ბურტყულა (სამყურა) (Trifolium arvense L.) რძიანი ბალახია, იზრდება მაღალი. აქვს ყვითელი ყვავილები და მოგრძო ფურც­ლები. გადარეცხილი ნიადაგებისათვის არის დამახასიათებელი.

ხბოშუბლა (Galega orientalis L.). მისი ძირი ძირტკბილას ძი­რის მსგავსია. ზოგჯერ ადამიანებიც ჭამენ მის ძირს. ფოთოლს საქონელი ეტანება.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თუშეთში (გომეწრის ხეობა) ჩაწერილი მასალებიდან ირკვევა, ზოგიერთი მცენარით თუ რა დიდ მნიშვნე­ლო­ბას ანიჭებდნენ ცხოველთა კვებას. კარ­­გად ჩანს, რა დონეზე აქვთ შესწავლილი თითოეული მცე­ნარის როგორც კვებითი მნიშვნელობა, ისე სამკურნალო თვი­სებები. ცხოველთა საკვები ბალახებიდან ზამთრის საძოვრებზე გან­სა­კუ­თ­რებით გამოყოფდნენ ხურხუმოს (Salsola nodulosa (Moq). ის „განსაკუთრებით ცხიმიან რძეს უყენებს“ ცხვარს და ყველაზე კარ­გია ღალიანობის დროს. ხურხუმო ჯგუფურად ამოდის ბუჩ­ქე­ბის სახით. იცის მლაშე ადგილებში. ბევრია შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე.

ცხვარს საძოვრად ურჩევდნენ იმ ადგილებს, სადაც გავ­რ­ცელებული იყო ავშანი (Artemisia Meyeriana Boiss.). მას ახა­სია­თებ­დნენ, როგორც ყველაზე უკეთეს საკვებ ბალახს ცხვრის­თვის. ისიც შირაქისა და სამუხის ზამთრის საძოვ­რებ­ზე ხარობს. იზრ­დება 10 – 15 სმ სიმაღლის. მთხრობელთა თქმით, წვიმიან ამინდში შეიძლება მეტიც გაიზარდოს. ასე გაზრდილ ავშანს ლიხს ეძა­ხიან. მაგრამ ის კარგავს არომატს და ნოყიე­რებას, ამი­ტომ  ცხვარიც ნაკლებად ეტანება.

დიდი მოწონებით სარგებლობს ჩარანი (Salsola ericoides M.B.), ისიც იზრდება შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე, მას ცხვარი ძალიან ეტანება, განსაკუთრებით სიცივეში, ყინვა­სა და თოვლში. „ჩარანი შავი ბალახია და უფრო მაღალი იზრ­დე­ბა, ვიდრე ავშანი. მის მსხვილ ღეროებს შეშადაც კი იყენებ­დ­ნენ. ჩარანი იზრდება შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე. მაღლა შირაქში არ არის“.

ხურხუმო, ავშანი და ჩარანი მლაშე ბალახებია. სიცივეში, ყინ­ვასა და თოვლში ცხვარი ამ მლაშე ბალახებს ეტანება და „ის ცხვარს სიმხურვალეს აძლევს“. როცა ამ ბალახს ძოვს ცხვა­რი, დიდ ყინვაშიც არ ცივდება. „ყოფილა შემთხვევები, რომ ცხვა­რი ყინულზე დაწოლილა. როცა ამდგარა, მატყლი ზედ ყი­ნულზე დაუტოვებია, მაგრამ არ გაციებულა“. მათივე გად­მო­ცემით,  თუ ავშანი, ხურხუმო და ჩარანი  გვალ­ვაში არ გახმა და სიცივემ მოუსწრო ისე, რომ ლურჯი ფერი ექნა შენარ­ჩუნებული, სილურჯე მთელი ზამთარი გაჰყვ­ება. ისეთ ადგი­ლებ­ში, სადაც ეს მცენარეები ხარობდა, ზამთრო­ბით ფარეხის დასათ­ბუნებლად მიწას გარედან არ აყრიდნენ, რადგან ცხვრის გაცი­ების არ ეშინოდათ.

ცხვრისთვის არჩევდნენ აგრეთვე კაპოეტს (კაპუეტს) (Ag­ro­pyrom cristatum (L.). გადმოცემით მწვანე ბალახებიდან, რომლე­ბიც ხშირად ზამთარშიც სიმწვანეს ინარჩუნებს, ყველაზე უკე­თესია, მოდის როგორც მლაშე ადგილზე, ისე შავმიწიან ნია­დაგ­­ზე. კაპუეტი ხარობს შირვანის, სამუხისა და შირაქის სა­ძოვრებზე. ის „დიდ გვალვაში ზოგჯერ ხმება, მაგრამ თუ სიც­ხეს გადაურჩა, მთელი ზამთარი სიმწვანეს ინარჩუნებს“. საკვები ბალახებიდან როგორც მსხვილფეხა საქონლისთვის, ისე  ცხვრის, ცხენისა და ა.შ. არჩევდნენ, ასევე ბოლოკას (Rapistrum rugosum (L) All.). „კა­პუეტი, სამყურა და ბოლოკა „ნაძრავ“ (მოხ­ნულ) ადგილებში მო­დის. „უძრავ“ (მოუხნავ) ადგილებში მო­დის ურო ბალახი (An­d­ropogon ischaemum L.), „ძალა არა აქვს“. ის მართალია აძღებს ცხვარს, მაგრამ ნოყიერება არა აქვს და რამ­დენიც არ უნდა ჭამოს, ცხოველს ვერ ამატებს, არც რძე აქვს ცხიმიანი.

გამოკითხულთა აზრით, ცხვრის საძოვრად უძრავი ადგი­ლე­ბი სჯობს იმით, რომ ასეთი ადგილი მაგარია. ნაძრავ ადგი­ლებ­ში ბალახი კარგი მოდის, მაგრამ ადვილად ლაფდება. ლაფ­ში კი ბალახიც ადვილად ილახება და ცხვრისთვის არ არის კარ­გი _ უჭირს მოძრაობა და მატყლიც ისვრება.

აღმოსავლეთ საქართველოში, ალპური ზონის საძოვრებზე რო­გორც ცხვრის, ისე მსხვილფეხა საქონლისათვის, განსაკუთ­რე­ბით მეწველი ფურებისათვის არჩევდნენ ქარცივას (ქარცვს) (Campanula tridental Schred.). ის მართალია დაბალი იზრდება, მაგრამ  რძიანი ბალახია და  ცხიმიან რძეს იძლევა.

მთის საზაფხულო საძოვრებზე ყველაზე უფრო ნოყიერ ბალა­ხებად ითვლებოდა   კვლიავი (Chamaesciadium  asaule (Bieb) Boiss.) და ხორნუჟა (Lactula serzola L.). ისინი  „ღალიანი და რძიანი“ ბალახებია, რომლებიც კარგად ზრდიან ცხვარს.

ერწო თიანეთში (სოფელი მარგანეთი) ცხვრის საკვებ საუ­კე­თესო ბალახებად დაასახელეს: ქარცხვი (Campanula tridentate Schreb.), კვლიავი (Carum carvi L., C. caucasicum. (Bieb.)Boiss.), სამყურა (Trifolium). ზამთარის საძოვრებისათვის: ავშანი (Arte­misia Meyeriana Bess.), ყარღანი (Salsola dendroides Pall.). მეცხვა­რეთა დაკვირვებით, ცხვრისათვის უმჯობესია შედარებით დაბალ, მაგრამ მშრალ, მზიან ადგილებში ამოსული ბალახი, რადგან, მათი თქმით, ის უფრო ყუათიანია.

თუშეთში ჩაწერილი მასალებიდან ირკვევა რომელ ბალახს აძლევდნენ უპირატესობას ცხვრის კვების დროს. ასეთი ბა­ლა­ხებია:

ქარცხვი (Campanula tridentate Schreb.) _ ის წვრილფოთლიანი რძიანი ბალახი. მოდის მაისის პირველიდან, ძლებს მარია­მო­ბის­თვის პირველამდე.

სამყურა (Trifolium) _ ნოყიერი ბალახი. ქარც­ხვ­ზე მაღალი იზრდება, გაზაფხულზე ყვავის და შემოდგომამდე ძლებს.

ყვავისმჩხალა (Hypecoum pendulum L.) _  აქვს გაშლილი  ბატის ფეხივით ფოთოლი. ძალიან დაბალია, მიწაზეა გართხმული, ნო­ყიე­რია,   ამოდის გაზაფხულზე, ძლებს ორი თვე.

მელაკუდა (Alopecurus) _ ბუსუსიანი, დაბალი ნოყიერი ბალა­ხი. მოდის გაზაფხულზე, ძლებს ორი თვე. „სოფლის ექიმები ჭრი­ლობისათვის ხმარობენ“.

კრაზანა (Hypericum) _ რძიანი ბალახი. ხშირად მას ცხვარი „მომეტებულად ძოვს“, ამიტომ ტუჩზე მუწუკები უჩნდება. ამოდის ადრე გაზაფხულზე, ძლებს შემოდგომამდე.

ჭიმჭიკი (Poligonum aviculate) _ წვრილფოთლიანი ბალახი. არის მიწაზე გართხმული. ამოდის გაზაფხულზე, ძლებს შემოდ­გომამდე.

ვაციწვერა (Stipa) _ „ქუჩი ბალახი, მაღალი“. მოდის კლდიან ფერდობებზე ჯგუფებად. მცირედ ჭამენ ცხენები და ცხვრები, ისიც გაზაფხულზე, ნორჩობაში.        

ყაზბეგის რაიონის სოფელ ხევში ჩაწერილი მასალების მი­ხედ­ვით, ცხოველთა საკვები ბალახებია: ფათარი (ოროვანდი) (Arcti­um), ხითხვერა  (ცვალებადი ცერცველა) (Vicia variabilis  Freyn et Sint),  ქუ­ჩი (Festuca  valesiaca Gaudin ), სამყურა (Trifolium),  კუ­ტიმლაშე (Teucrium polium L.), – გართხმულია მიწაზე, არის ზამ­თარშიდაც. „ცხვარი ფეხით გადაყრის თოვლს და ჭამს კუ­ტიმ­ლაშეს“.

ყარღანი (Salsola dendroides Pall) _ ერთ არშინამდე სიმაღლის იზრდება უდაბნოში, კარტოფილის ბუჩქივითაა, მოყვითალო,  მლაშე მცენარეა.

წითელწვერა (Kochia prostrata L.) _ დაბალი ბალახი, „აქვს წითელი წვერები“. კენკრა (დათვის კენკრა) (Arctostaphylos uva-ursi spreng (L.) Schrad.), ბუმბლა (ვარდისფერი გვირილა) (Pyrethrum roseum L.).  

დუშეთის რაიონში (სოფელი ყველაანი) მცხოვრებში 93 წლის გიორგი ყველაიძემ ჩამოთვალა  ბალახები, რომ­­ლე­ბითაც საქონელს კვებავენ: კვლიავი (Carum carvi L), ფით­რი (Viscum Album), დიყი (Heracleum), რომლებიც ამავე დროს „წმენდავენ ცხვრის ორგანიზმს“, ხოლო ყიზლარის ზამთრის ბალა­ხებია: კუტიმლაშე (Teucrium polium L.), ავშანი (Artemisia Meyeriana Boiss.)  შავბალახა  (Leonurus quinguelobatus Gilib), ყარღანი (Salsola dendroides Pall.).

გუდამაყარში კი  ასი წლის გიორგი წიკლაურის თქმით, ბევრი ყოფილა მლაშე ბალახი და როცა ის ცხვარს მოწყინდებოდა „მერე ბუმბლა ბალახზე გადადიოდა“ (ე.ი. არამლაშე ბალახზე გადადიო­და).

ქვემო ქართლის სოფელ თიღვაშში ყველაზე უკეთესი ბალახი ცხვრისათვის ღიჭა იყო  (Sonchus). ის ერთი არშინი იზრდება, ფო­თოლი წვრილი აქვს, რძიანი ბალახია, ცხვარს ძალიან უყვარს, – უყ­ვებოდა ეთნოგრაფებს ნიკო ნინიკური (90 წლის მოხუცი). სოფელ დირბის მცხოვრები 93 წლის სტეფანე ჯოჯიშვილი კი  ეთნოგრა­ფებ­თან საუბარში ამბობდა რომ ღორს უყვარს სოკო (Amanita caesaria), წაბ­ლი (Castanea savita mill), ბროწეული (Punica granatum), ღორის ქადა (Lactusa serriola L), იონჯა (Medicago), ჭანგა ბალახი (Agropyom repens). ალავერდს (იონჯა) „ღორი გლეჯს და სია­მოვ­ნე­ბით ჭამს მის ძირებს“. ასევეა ჭანგა ბალახიც, რომელსაც „მეტად  გემ­რიელი და ტკბილი ძირები აქვს“.

საქართველოს ყველა რეგიონი განიცდიდა მარილის უკმარი­სო­ბას, რომელიც იყო საჭირო როგორც ცხოველე­ბი­სა­თვის, ისე ცხოველური პროდუქტებისა და ადამიანებისათვის. შე­დარებით იოლად გამოდიოდნენ შირაქის, შირვანისა და სამუხის საზამთრო საძოვრებზე, სადაც დიდი რაოდენობით მლაშე ბალახე­ბია.

ძალიან ხშირად მარილის მისაღებად იყენებდნენ ადგილობრივ მლაშე წყაროებს. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. მაგალითად, სოფელ სიონის (თიანეთის რაიონი) საძოვრების ახლოს ვეძებში, იკვლევის ბოლოს კლდის ძირში გამოდიოდა მარილიანი წყალი. იქ თვეში ორჯერ ჩაჰყავდათ საქონელი წყლის დასალევად. გარდა ამისა,  ამ წყლის ადუღებით იღებდნენ მარილს. ადგილობრივი მოსახლების თქმით მარილი ასე კეთდებოდა: ერთდროულად სამ ქვაბში ასხამდნენ ვეძების წყალს. აქედან როცა ერთი ადუღდებოდა, მეორეს ათბობდნენ, მესამე – ცივი იყო. როცა პირველ ქვაბში დაშრებოდა წყალი, მეორე ქვაბიდან შეავსებდნენ, ხოლო მესამე ქვაბიდან მეორე ქვაბში შემდეგ გადმოასხამდნენ, მესამეს კი ახალი წყლით ავსებდნენ. პირველი ქვაბის აორთქლებისა და დაშრობისას ილექე­ბო­და მარილი. ზემოთ აღწერილი პროცესი გრძელდებოდა მანამ, სანამ გარკვეული რაოდენობით არ მიიღებდნენ მარილს, მაგრამ ეს საკმა­რი­სი არ იყო. ამიტომ, ჩვენი წინაპრები იძულებული იყვნენ მარი­ლის ძირითადი წყარო მოეძებნათ. ასეთი ადგილი იყო სომხეთში – აღზევანში.

აღზევანში წასასვლელად წინასწარ ემზადებოდნენ: ურემში აბამ­დ­ნენ ჯერ ერთ უღელ კამეჩს, მათ წინ ორ ან სამ უღელ ხარს. გზას 10 – 12 დღე სჭირდებოდა. ხშირად ურემი სიმძიმეს ვერ უძ­ლებდა, რადგან სულ ცუდი გზა იყო და ხშირად უხდებოდათ ურ­მების შეკეთება, ამისათვის კი წინასწარ იყვნენ მზად: მი­ჰქონდათ ურმის ბორბლები, რკინის სალტეები და სხვა სათადარიგო ნაწილები. აღზევანში მარილის მთები ყოფილა. მას ძალაყინითა და წერაქვით ამტვრევდნენ. ამ ამბის მთხრობელია კახელი (ზემო მაჩხაანი) მიხეილ ნატროშვილი, რომლის მამას, გიორგისაც ხშირად უვლია აღზევანში. მარილზე მოთხოვნა რომ  დაეკმაყოფილებინათ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩა­მოე­ტანათ.

საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელია ცხოველთა და ფრინველთა კვების თავისებურებები, რაც ძირი­თა­დად უკავშირდება ქვეყნის როგორც კლიმატურ, ისე ეკონომი­კურ შესაძლებლობებს. მაგრამ, მაინც ზამთრობით ცხოველთა ძი­რითადი საკვები იყო თივა,  ჩალა, ბზე, რომელთა მოპოვება მიწის სიმცირის გამო დიდი რაოდენობით ვერ ხერხდებოდა. ასევე იყო საზაფხულო საძოვრებიც შეზღუდული. აქაც  დიდი ეკონომია იყო საჭირო, რომ საქონელი გამოეკვებათ. ყოველივე ეს ხელს უშლიდა ცხოველთა რაოდენობის ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, საქარ­თ­ველოში მეცხოველეობა და მისი პროდუქტები უხვად იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ჟამთა სიავის პერიოდებს, რომ­ლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს სი­ნამდვილეში.

რაც შეეხება ცალკეულ მცენარეთა გამოყენებას ცხოველთა და ფრინველთა კვების საქმეში, ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. მაგალითად, თითქმის მთელ საქართველოში ხარობ­და სამყურა ბალახი, მატიტელა, ჭინჭარი და ა.შ, რომლებიც ფარ­თოდ გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა კვებისათვის, სადაც ისინი არ ხარობდა, იყენებდნენ სხვა მცენარეებს, რაც განაპირობებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათი კვების თავისებურებას, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს უმე­ტეს კუთხეში ინდაურის ჭუკის საკვებად იყენებდ­ნენ ჭინჭარს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიო­ნებში – მატიტელას.

ასევე საქართველოს ცალკეული კუთხეებისთვის დამახასიათე­ბელია ცხოველთა საკვების მოპოვებისა და არსებული საძოვრების გამოყენების ხერხები. ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პი­რო­ბებთან. ბარში დაზამთრებამდე და ზოგჯერ ზამთარშიც მოიპოვებ­დ­ნენ ცხოველთა საკვებს, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში, სადაც ნალექი თოვლის სახით უხვად მოდიოდა, ამის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. ამიტომ, იძულებულნი ხდებოდნენ 5 – 6 თვე ცხოველები ბაგურ კვებაზე გადაეყვანათ. ამისათვის კი დიდი რაოდენობით საკვები იყო საჭირო. ამიტომ, შემოდგომაზე ისინი ანგარიშობდნენ ზამთარში რამდენი სული საქონლის გამო­კვება შეეძლოთ, დანარჩენს ყიდდნენ (აქ შეიძლება გავიხსენოთ მთიანი რაჭის და სხვა მაგალითები).

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე