ქართული აბრეშუმი საქართველოს მოსახლეობამ უნდა აღადგინოს
აღნიშნული სტატიის დაწერა გადაგვეწყვეტინა გაზეთ “ საქართველოს რესპუბლიკაში” 2018 წლის 20 სექტემბრის 184-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ _ “საქართველოში მეაბრეშუმეობით არაბები და ჩინელები ინტერესდებიან”. სტატიის ავტორი ლიკა გურაბანიძე, წერს„როგორც აღმოჩნდა მეაბრეშუმეობის მიმართ ქვეყანაში დიდ ინტერესს არაბები იჩენენ. ისინი ნიჩბისში 22 ჰა-ზე თუთის პლანტაციებს აშენებენ. არაბების გარდა საქართველოში მეაბრეშუმეობით ჩინელებიც არიან დაინტერესებული”.
ჩვენი პოზიცია, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ცალსახაა_მეაბრეშუმეობის აღორძინების მიზეზებით უცხოელთათვის სასოფლო _სამეურნეო სავარგულების გასხვისება, ან იჯარით გადაცემა კატეგორიულად მიუღებელია. დარგის აღორძინება და განვითარება უნდა შევძლოთ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დახმარებით, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ადგილობრივი ძალების და რესურსების, აგრეთვე მიზნობრივი ინვესტიციების მოზიდვის და არა მიწების უცხოელებზე გასხვისების გამოყენებით.
მეაბრეშუმეობა, როგორც “ეროვნული მეწარმეობის ტრადიციული დარგი” ყოველთვის განიხილებოდა და უნდა განიხილებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცების, მიწისა და შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენების, სავალუტო შემოსავლების გადიდების წყარო და მუდმივი ზრუნვის საგანი.
გასული საუკუნის 60-იან წლებში მეაბრეშუმეობაში ყოველწლიურად იწარმოებოდა 4,0_4,4 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5_5,1 ტონა გრენა, 450_500 ტონა აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5_5,0 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია. ამასთან, მარტო ცოცხალი პარკის საფასურად მეაბრეშუმეები ყოველწლიურად ღებულობდნენ 16,5_17,0 მილიონ მანეთს და წარმატებით ივსებოდა ქვეყნის ყველა დონის ბიუჯეტი. ამასთან, სოფლად მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 120-140 ათას ოჯახზე მეტი, ხოლო აბრეშუმის წარმოებაში კი _ 5-6 ათასი და ა.შ. ამასთან სოციალურ_ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობაში მოხუცების, მოზარდების, პენსიონერების (სხვა ფენების) შრომის გამოყენება მუშაობის სიმსუბუქის გამო, რაც მიწათმოქმედების სხვა დარგებში შეზღუდულია. ჩვენი გაანგარიშებით, სოფლის მეურნეობამ, მეაბრეშუმეობიდან მიღებული დანაკლისი, სხვა დარგების ხარჯზე ვერ აინაზღაურა და მომავალშიც ვერ აინაზღაურებს, რაც თვალნათლივ ეტყობა სოფელს.
საქართველოში 1957 წელს მოწეული პარკის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთლიანი შემოსავლის _ 208,700 ათასი მანეთის _ 5,4%-ს, ხოლო 1964 წლისას_5,6%-ს, რაც სოლიდური შემოსავალი იყო.
1959 წელს, საფეიქრო მრეწველობამ სულ აწარმოა_204,441 ათასი მანეთის პროდუქცია, საიდანაც მეაბრეშუმეობის ხვედრითი წილი 56,4%-ს შეადგენდა. ამასთან, ქვეყანაში წარმოებული პარკი მთლიანად აკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნილებას.
1964 წელს თუთის ფოთლის სიხუჭუჭის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ხსენებული მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ რაც 1991-2018 წლებში მოხდა, უპრეცენდენტოა მეაბრეშუმეობის 1500 წლიანი ისტორიის მანძილზე.
თუთის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭის გავრცელების პერიოდშიც კი (1975 წელი) მეაბრეშუმეობაში მეტ-ნაკლები რაოდენობით 45 ადმინისტრაციული რაიონი მონაწილეობდა. მათ მფლობელობაში შემორჩენილი იყო 3,0 მილიონამდე ძირი თუთა, ხოლო 1990 წელს ნარგაობის რაოდენობა 25 %-ით აღემატებოდა 1964 წლის შესადარ მაჩვენებელს და სახეზე გვქონდა 8,0 ათასი ჰა თუთის პლანტაცია და 9,0 მილიონამდე ძირი ერთეული ნარგაობა. ცოცხალი პარკის წარმოება კი 1800_1900 ტონის მიჯნაზე გადიოდა.
სადღეისოდ, მეაბრეშუმეობა მთლიანად განადგურებულია და ახლიდანაა ჩამოსაყალიბებელი. რა მოხდა 1991_2018 წლებში? რატომ დაკარგა მოსახლეობამ ფულადი შემოსავლის ტრადიციული წყარო? ამის მრავალი ობიექტური და განსაკუთრებით სუბიექტური მიზეზი არსებობდა. სამწუხაროდ ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანთა “კონცეფცია”, რომლის მიხედვით თითქოს “საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეაბრეშუმეობას განვითარების პერსპექტივა არა აქვს საქართველოში…” და ა.შ., რაც იმთავითვე მცდარი იყო. დარგის მესვეურთა ასეთი საქმიანობით, კაბინეტებში ჯდომით და ზოგადი წერილების მიმოწერით არც სოფელი აშენდება და არც მეაბრეშუმეობას წაადგება სასიკეთოდ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დღესაც არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც იგივე მოსაზრებებზე რჩებიან.
განვლილ პერიოდში, დარგის რეაბილიტაცია_აღორძინების სადარაჯოზე ყოველთვის იდგა გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, მაგრამ, უაღრესად აქტუალურ პრობლემებზეც კი უწყებების ხელმძღვანელობის რეაგირების სურვილი ნაკლებად იყო. 1991-_2018 წლებში ზემდგომ ორგანოებში გაგზავნილ და პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე უყურადღებო დამოკიდებულებამ ლოგიკურად მიგვიყვანა ადგილობრივი მეაბრეშუმეობის დაცემამდე, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობაზე.
2015 წელს, გაზეთ “ასავალ_დასავალის” №31-ში ვწერდით “ჩვენი სამინისტროები სიღატაკის კრიტერიუმის დადგენაზე რომ მუშაობენ, პირველ რიგში, მეაბრეშუმეობის სფეროს მიხედონ!… გამოყონ თანხა აბრეშუმისათვის და მთელი რაიონი თავს შეინახავს. ადამიანს, თევზის ჭამა კი არა, დაჭერა უნდა ასწავლო და უმჯობესია საშუალება მისცე თვითონ იშოვოს ეს ფული.” ცხადია, ჩვენს მოსაზრებას არავინ გამოხმაურებია. კიდევ რამდენიმე მაგალითი:
1. გაზეთში “საქართველოს რესპუბლიკა” №277, 1997 წელი, ვწერდით: ”1991_1997 წლებში მეაბრეშუმეობის დარგში შექმნილი ვითარების გაანალიზებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ველოდებოდით დღევანდელი სავალალო მდგომარეობის შექმნას, რათა ხმამაღლა გვეთქვა: “გვიშველეთ, უცხოური ინვესტიციების გარეშე დარგი დაიღუპებაო”. წარმოდგენილი ამონარიდი 21 წლის წინ დაიწერა, მაგრამ დარგისადმი მიდგომა დღესაც უცვლელია, რამაც ლოგიკურად მიგვიყვანა ადგილობრივი მეაბრეშუმეების (120-140 ათასი ოჯახი) “მშრალზე” დატოვებასთან და მეაბრეშუმეობის განვითარების საბაბით 22 ჰა მიწის არაბებზე გასხვისების სურვილთან. ეს ის მიწაა, რომელიც “ქართველმა ადამიანმა, რომ აიღოს ხელში და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება მას”, ამიტომ ჩვენი მიწის მიმართ მეტი მოწიწება გვმართებს; ყველას უნდა ესმოდეს, რომ “მთავრობები მიდიან და მოდიან”, საქართველო და ქართველი ხალხი რჩება.
2. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 2008 წლის 21 ნოემბრის №219-ში კორესპონდენტი გვეკითხებოდა “არსებობს მეაბრეშუმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა”? ჩვენი პასუხი იყო ”არ არსებობს და არც მის შემუშავებაზე ფიქრობს ვინმე”. მართალია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ შეადგინა დარგის განვითარების კონცეფცია, დაამუშავა მიზნობრივი პროგრამა, მოამზადა საინვესტიციო პროგრამები (ხონის და ვანის რაიონებისათვის) და დარგისათვის მრავალი სასიცოცხლო რეკომენდაცია, რამოდენიმე მონოგრაფია და ა.შ., მაგრამ შესაბამისი სამინისტროები და უწყებები კი პირდაპირ აცხადებენ მეაბრეშუმეობას კერძო სექტორმა უნდა მიხედოსო. სანამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს. იმავე წელს აკადემიის პრეზიდიუმმა განიხილა მეაბრეშუმეობის მდგომარეობა და წერილობით მიმართა ქვეყნის იმ დროინდელ პრემიერ მინისტრს, მაგრამ მეცნიერთა წინადადებას არავინ გამოეხმაურა. არადა, ამ დარგის აღორძინება, რომ დაწყებულიყო, რამდენი ოჯახი გაიჩენდა შემოსავლის წყაროს! ნუთუ არავინ ფიქრობს ამაზე?
3. გაზეთ ‘საქართველოს რესპუბლიკაში” (2018 წლის 21 აგვისტო, №166) გამოქვეყნდა სტატია “მეაბრეშუმეობა ეროვნული მეწარმეობის ტრადიციული დარგად უნდა დარჩეს”, რომელსაც ხელს აწერდა აკადემიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სამი აკადემიკოსი.
ამ სტატიაში გაანალიზებული იყო დარგის წარსული, არსებული მდგომარეობა და სამომავლო ღონისძიებათა მწყობრი სისტემა, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა, მაგრამ არსაიდან ხმა….
4. 2018 წლის 26 ივლისს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულმა სხდომამ განიხილა საკითხი “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია _ განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და დარგთან დაკავშირებული სხვა საკითხები. პრეზიდიუმმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენის საწყისი ეტაპისთვის არის საჭირო. იგი გაეგზავნა საქართველოს პრემიერ – მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და შესაბამის უწყებებსა და რეგიონებს.
ვფიქრობთ, გაგზავნილი მასალები განხილვის პროცესშია და ალბათ შედეგსაც გვაცნობებენ. იმედი გვაქვს, რომ შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის ქართული მიწები უცხოელების მიერ გამოყენებული არ იქნება. ქართული აბრეშუმი საქართველოს მოსახლეობამ და სახელმწიფომ უნდა აღადგინოს!
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია,
აკად. გურამ ალექსიძე, პრეზიდენტი,
აკად. გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი,
აკადემიის წევრ-კორესპ. გიორგი ნიკოლეიშვილი,
აკად. ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი