საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების ძირითადი პრინციპები და დარაიონების სქემა
გეობოტანიკური დარაიონების საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეუძლებელია (და გაუმართლებელიცაა) გეობოტანიკური დარაიონების ერთიანი (უნივერსალური) კრიტერიუმების დადგენა. გასათვალისწინებელია კონკრეტული ობიექტის (ტერიტორიის) ხასიათი, მისი გეოლოგიური წარსული, რელიეფისა და მცენარეულობის ფორმირების თავისებურებები, მცენარეულობაზე ანთროპოგენური წნეხის გავლენა და სხვა მრავალი ფაქტორი.
საქართველოს ტერიტორიის რთული გეოლოგიური ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი მცენარეულობის ფორმირების თავისებურებების, ბუნებრივ მცენარეულობაზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმებისა და მასშტაბების, სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ საქართველოს გეობოტანიკური დარაიონებისას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:
• თანამედროვე ძირეული (პირველადი) მცენარეულობა და მისი ჰორიზონტალური (შავი ზღვიდან დაშორების კვალად) და ვერტიკალურ-ზონალური (ზღვის დონიდან სიმაღლის მატების კვალად) განაწილება.
• უძველესი (მესამეულ-რელიქტური) მცენარეულობის წარმომადგენლების (ფიტოცენოზები, ფიტოცენოზებში იარუსობრივად დაქვემდებარებული სინუზიები) პოზიციები თანამედროვე მცენარეულ საფარში.
გარდა ამ მთავარი კრიტერიუმებისა, მხედველობაში მისაღებია უახლოეს გეოლოგიურ წარსულში (ჰოლოცენში) მიმდინარე ბუნებრივი მცენარეულობის დინამიკა (სუქცესიები), განპირობებული ბუნებრივი ფაქტორების (უწინარესად ჰავის) ცვალებადობის გავლენით.
უახლოეს (ისტორიულ) წარსულში საქართველოს ძირეული (პირველადი) მცენარეულობის უმთავრესმა წარმომადგენელმა – ტყის მცენარეულობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით. იგი განსაკუთრებით მასშტაბურია (თვისობრივად, რაოდენობრივად) საქართველოს მთათაშორის ბარში და მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე (მთის ქვედა სარტყელი, ზ. დ. 1000-1200 მმდე). ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი პირველადი (ზონალური) ტყეები ბევრგან შეიცვალა მეორეული (ნაწარმოები) ტყეებით, ბუჩქნარებით და ბალახეულობით.
ძირეული (პირველადი) მცენარეულობიდან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით (ტყეებისა და სათიბ-საძოვრების გამოყენება) ჩამოყალიბდა ანთროპოგენური მცენარეულობა, რომელთა შორის მრავლადაა უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან საკმაოდ კარგად შეგუებული (თვითგანახლებადი, სტაბილური) ფიტოცენოზები – ტყის, ბუჩქნარის, მდელოს, სტეპის და ა.შ. სადღეისოდ საქართველოში, მის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე შექმნილია ძირეული და მეორეული (ნაწარმოები) მცენარეულობის ურთიერთშეთანაწყობის უამრავი ვარიანტი.
აუცილებელია ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის გეობოტანიკური დარაიონებისას.
საქართველოს (როგორც საერთოდ მთიანი ქვეყნების) გეობოტანიკური დარაიონებისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირეული მცენარეულობის ვერტიკალურ-ზონალურ განაწილებას – ე.წ. მცენარეულობის სარტყლიანობის ტიპს და მათ რეგიონულ ვარიანტებსა და სუბვარიანტებს.* ამდენად, ლოგიკურია, რომ საქართველოს ტერიტორიის მთიან ნაწილში დარაიონების ძირითადი ერთეულის (გეობოტანიკური რაიონი) გამოყოფისათვის მისაღებია ე.წ.
*სარტყლიანობის ტიპი – ძირეული მცენარეულობით შექმნილი სარტყელთა სისტემაა; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტი და სუბვარიანტი – განისაზღვრება სარტყლისა და ქვესარტყლის ფარგლებში მცენარეულობის სტრუქტურის თავისებურებებით (ლიტერატურა: გრებენშჩიკოვი, 1957; ლავრენკო, 1964, და სხვ.).
სექტორალური პრინციპი: გეობოტანიკური რაიონი მოიცავს მთიანი ტერიტორიის გარკვეულ სექტორს, მთის ძირიდან დაწყებული უმაღლეს ჰიფსომეტრიულ ნიშნულამდე (ქედის თხემი, მწვერვალი), რომლის ფარგლებში რამდენიმე მცენარეული სარტყელი და ქვესარტყელია წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოს მთათაშორის ტერიტორიას (კოლხეთის ვაკე დაბლობი, ივერიის ბარი), აქ გეობოტანიკური დარაიონებისას მთავარ კრიტერიუმად შეიძლება მივიღოთ მცენარეულობის (მცენარეული საფარის) ჰორიზონტალური ცვალებადობა, რომელსაც უწინარესად განაპირობებს შავი ზღვიდან დაშორება. ივერიის ბარში, სადაც შავი ზღვის კლიმატმარეგულირებელი როლი სუსტია, გეობოტანიკური დარაიონებისას მნიშვნელობა იზრდება ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ჰაერის მასების ხშირი შემოდინება (ამ ფაქტორების როლი მცენარეულობის რეგიონულ ცვალებადობაში ზოგან ძალზე მნიშვნელოვანია).
საქართველოში (როგორც მთიან ქვეყნებში) გეობოტანიკურ რაიონებს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში თანხვდება მაღალი ქედების თხემს, და ეს ბუნებრივია: მაღალი ქედი, რომელიც წარმოადგენს დაბრკოლებას ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილების გზაზე, განაპირობებს ქედების მოპირისპირე მხარეების (მეზობელი რეგიონების) ბუნებრივ პირობებს (უწინარესად ჰავას) შორის მეტ-ნაკლებ განსხვავებას, რაც შესაბამისად ბუნებრივ მცენარეულობაზეც აისახება. ბარში და ზეგნებზე (პლატოებზე) გეობოტანიკური რაიონების გამიჯვნისას შეიძლება გამოვიყენოთ პირობითი საზღვარი, – რომელიმე თვალსაჩინო ობიექტზე (მდინარე, დასახლებული პუნქტი და ა.შ.) გამავალი პირობითი ხაზი.
საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების წარმოდგენილ სქემაში დარაიონების უმსხვილეს ერთეულად მიღებულია გეობოტანიკური არე. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 3 გეობოტანიკური არე: დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს გეობოტანიკური არეების მცენარეულობა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის (სუქცესიური ცვლის) მიხედვით.
გეობოტანიკურ არეში გამოყოფილია გეობოტანიკური ოლქები. ოლქები ერთმანეთისაგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელებისა (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი, სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები) და სტრუქტურული ორგანიზაციის მიხედვით, აგრეთვე მცენარეულობის დინამიკით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 10 გეობოტანიკური ოლქი.
გეობოტანიკურ ოლქში გამოყოფილია გეობოტანიკური რაიონები. რაიონები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები და სუბვარიანტები), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის მიხედვით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 25 გეობოტანიკური რაიონი (იხ. სქემა).
გეობოტანიკურ რაიონში ქვერაიონების გამოყოფა (რაც ფრიად საჭიროა) შესაძლებელი გახდება ქვეყნის ყველა რეგიონის ბუნებრივი მცენარეულობის დეტალური გეობოტანიკური შესწავლის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მრავალ რეგიონში (სვანეთი, რაჭა, მთიანი კახეთი, ქიზიყი და სხვ.) ბუნებრივი მცენარეულობა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და უკვე არის მომზადებული საფუძველი ამ რეგიონებში გეობოტანიკური ქვერაიონების გამოსაყოფად.
გეობოტანიკური დარაიონების ერთეულების (გეობოტანიკური ოლქები, გეობოტანიკური რაიონები) აღსანიშნავად ძირითადად გამოყენებულია ფიზიკურ-გეოგრაფიული, ასევე საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციების დასახელებანი (სვანეთი, თუშეთი, აჭარა-გურია და ა.შ.). ეს სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციები ბუნებრივი პირობებითაც (მათ შორის მცენარეულობით) ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.
რევაზ ქვაჩაკიძე , პროფესორი