ბლოგიმე და ჩემი სოფელი

სოფლის რეალურ გასაჭირზე არავინ ლაპარაკობს და არც გრანტს თუ სხვა დახმარებას იმეტებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად

ახალგაზრდა ფერმერის დღიურები (გაგრძელება)
მონატრებული სალამი, მკითხველო! ახლა, ამ ფრაზამ ბავშვობა გამახსენა. 90-იანებში, მოგეხსენებათ რა დრო იყო. ბებია-ბაბუა რაჭაში მამაპაპისეულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. საკმაოდ გაუჭირდათ სოფელში, განსაკუთრებით ბებიას. გაჭირვებაში შრომას კი არ ვგულისხმობ, შვილების და საერთოდ, მისი მონაგრის სიშორეს ვერ ეგუებოდა. ემოციებს ფურცლებში აქსოვდა. მისი მონაწერი ყველა წერილი ასე იწყებოდა, ოღონდ მკითხველის მაგივრად, შვილებო, ეწერა, რა თქმა უნდა.

შვილებში მხოლოდ დავაჟკაცებულ-დაოჯახებულ შვილებს კი არა, ყველას გვგულისხმობდა. ჩვენ კი, აშინდელ გაყინულ ქალაქში მოუთმენლად ველოდებოდით სოფლიდან ბებიის მიერ გამოგზავნილ სითბოსა და სიყვარულის კორიანტელს.

დიდობაში აღმოვაჩინე სახლში ეს წერილები და გული ამიფორიაქდა, კიდევ ჰქონდა რაღაც სურნელი შერჩენილი ქაღალდებს, უკვე მონატრების და ბავშვობის სითბოს სურნელი…

თემას გადავუხვიე, მაგრამ არა უშავს მგონი. სოფელში ცხოვრებას ფიქრიც სცოდნია და მოგონებების აღძვრაც.

ვერავის ბებიად და ბაბუად გამოვდგები, ჯერ მაგდენი არც ცოდნა მაქვს და არც გამოცდილება, მაგრამ მკითხველთან მეგობრობას და აზრთა გაზიარებას წინ რაღა უდგას?!

დიდხნიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი და აჰა _ „აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა“.

 სანამ ჩემი ფერმის ამბებზე გადავიდოდე, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც არჩევნების საშუალებით მაინც მიაწვდინა მთავრობას ხმა, რომ ქვეყანაში კარგად თითქმის არაფერი არ არის!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გამოჩნდება ისეთი ძალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს არჩევანი ღირსეულთა შორის გავაკეთოთ. ესაა და ეს მთლი ჩემი პოლიტიკური სურვილები და ამბიციები!

ჩემი პატარა ფერმა კი ნელ-ნელა იზრდება და ლამაზდება. ვცდილობ ჯიშიანი საქონელი მოვამრავლო, როგორც შემიძლია. ორ ხელოვნურ ჯერსს სულ მალე კიდე 4 ახალი ჯერსი შეემატება და საქონლის რიცხვიც ცამეტამდე ავა. სულ რამდენიმე წელიც და საკმაოდ კარგი ფერმა უნდა მქონდეს. თავიდანვე ჩემთვის მთავარი ამოცანა ბუნებრივი, ყოველგვარი ქიმიის გარეშე წარმოებული საკვები გახდა, რადგან ჩემი პატარა მეურნეობა ამ ეტაპზე ძირითადად ყველის წარმოებით შემოიფარგლება. გადავწყვიტე, ყველის დასამზადებელ კვეთად ქიმიური ფხვნილები და ხსნარები არ გამომეყენებინა. ამიტომ გამოსავლის საძიებლად ცოტა წარსულში ვიმოგზაურე, გამოვკითხე სხვადასხვა ასაკის ადამიანები, თუ ვინმეს რაიმე ახსოვდა. თითქმის ყველამ მაჭიკისგან დამზადებული ყველის გემოვნებითი თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი დამზადების ძველებურ მეთოდს. მაინტერესებდა მართლა ასეთი გემრიელი იქნება ყველი, როგორც ამბობენ თუ ცოტას აჭარბებენთქო! მერე ძებნა დავიწყე, მაგრამ   საყიდლადაც ვერ ვიშოვე ვერსად. აღმოჩნდა, სოფელშიც აღარავინ იყენებს ამ რეცეპტით მიღებულ კვეთს. ბაზარში (ყოველ შემთხვევისთვის ჩვენთან) სულ ქიმია იყიდება. დახმარების ხელი ისევ ახლობლებმა გამომიწოდეს – ნათიამ, ისიც ჩემსავით ბლოგერია, მისი სტატიები იბეჭდება  ჟურნალ „აგრარულ საქართველოში“ და დედამისმა, ქალბატონმა თეამ. დიდი მადლობა მათ ამ სიკეთისთვის.

მაჭიკზე დამზადებული ყველი მართლაც სულ სხვა გემოს და ხარისხის გამოდგა. ახლა მისი გემოს კიდევ უფრო დახვეწაზე ვფიქრობ საქონლის სწორი კვებით, რაც პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობასა და რძის ხარისხთან.

აგვისტოს ბოლოს 3000 მ2-ზე საქონლის ჭარხალი დავთესე. მარტისთვის, დაახლოებით, 5 ტონამდე მოსავალს ველოდები. ამას, გარდა  50 კვადრატულ მეტზე ჰიდროპონიკური კარადაც გავმართე, სადაც, დაახლოებით, 400 კილოგრამი მწვანე ბალახი მომყავს ყოველ ორ კვირაში. უნდა ნახოთ რა დღესასწაულია ფერმაში ნედლ ბალახს რომ შევიტან ხოლმე, ძროხები ჯერ სასაცილოდ აცქმუტდებიან და შემდეგ ისე გემრიელად „იბუყნებიან“, ლამის „დაეწვიო“.

წინა სტატიებში გითხარით იონჯას ვთესავთქო, დათესვით კი დავთესე, მაგრამ სამწუხაროდ არ ამოვიდა, სარეველებმა არ მისცეს საშუალება. სპეციალისტებმა მითხრეს, სარეველები ამოსვლისთანავე უნდა გაგეცელა და წელსაც მოასწრებდა ამოსვლასო, თუმცა მეორე ჯერზე აუცილებლად გექნება მოსავალიო, ვნახოთ. ჰოდა, რა მექნა, მომიწია თივის ყიდვა. არადა იონჯა რომ მოსწრებოდა, საუკეთესო კომბინაცია იქნებოდა: _ იონჯა, ჭარხალი, მწვანე მასა და დასალევად კომბინირებული სასმელი.

კომბინირებულ სასმელზე გამახსენდა, ერთ-ერთ ქართულ გადაცემაში კერძო პირი კომბინირებული საკვების  ინგრედიენტებს  და მათ რაოდენობაზე გვესაუბრებოდა. დიდი ამბით ჩავიწერე ყველაფერი, მაგრამ კინაღამ გავაფშეკინე ძროხას ფეხები. მაქედან მოყოლებული, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ნასწავლით და გამოცდილებით ვუმზადებ ჩემი საქონელს საკვებს. თანაბარი რაოდენობით ვღერღავ ქერს, სიმინდს, ხორბალს, ვხარშავ, შემდეგ ორლიტრიანი ჭურჭლით ვიღებ და ვხსნი წყალში, დახლოებით 12 ლიტრიან ჭურჭელში, ქატოს ვყრი მანამ სანამ სითხე კარგად არ ჩასქელდება და შემდეგ ვამატებ 200 გრამ მზესუმზირას. ჩემი მესაქონლეობის ორწლიანი გამოცდილებით, ეს ყველაზე ოპტიმალური საკვებია – პროდუქტიულობითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და საქონელიც კარგად გრძნობს თავს.

თუ გახსოვთ წინა ბლოგებში, კალმახა სოკოს მოყვანაც დავიწყე ჩემს მეზობელთან ერთად. მე და ზაურმა სამუშაო ოთახის ერთ კუთხეში ადგილი გამოვათავისუფლეთ დიდი წითელი ბრეზენტით შემოვღობეთ, ბამბა მოვხარშეთ, თესლი ცელოფნის დიდ პარკებში ჩავთესეთ და ჩამოვკიდეთ, ოთახში სახელდახელოდ გაკეთებული ნახერხის ღუმელი დავაყენეთ. ნელ-ნელა პარკებზე  ოქროსფერი წყლის წვეთები გამოჩნდა და სოკოებმაც გამოაჩინეს თავები. რადგან ეს პროცესი ორ ეტაპს მოითხოვს, ოთახის გაყოფა მოგვიწია – ნახევარში სოკოგამოღებული პარკები გვაქვს და ნახევარში მოლოდინის რეჟიმში მყოფები. ასე, რომ სოკოს მოსავალსაც ველოდები მოუთმენლად.

ამდენი კარგი ამბავი მოხდა ჩემთან. თუმცა ცუდიც იყო და ახლა ამაზე მინდა მოგითხროთ. ჩვენს სოფელში ძროხის ხელოვნური განაყოფიერება 60 ლარი ღირს. საქონელი თუ არ დამაკდება, ისევ იგივე თანხას იხდი და ამასობაში 600 ლარი ტყუილად მაქვს ქარს გატანებული. რატომღაც ყველაფერი ჩემს პირუტყვს ბრალდება.

ალბათ, ბუნებრივია, რომ მებადება კითხვა – რატომ არავინ განიხილავს, რომ, მე კი არა, იქნებ მიმწოდებელი კომპანიაა დამნაშავე, ან  შენახვის ნორმები არაა დაცული ან რაღაც ამდაგვარი. ვინ აგებს პასუხს? არც არავინ და ისევ ჩვენზე ტყდება ჯოხი.  თუ ეს საკითხი სათანადოდ არ მოგვარდა, მაშინ კიდევ დიდხანს მოგვიწევს წყლის ნაყვა და საქართველოში ისედაც გაუბედურებული მეცხოველეობა სულ მთლად დაიქცევა.

ზოგიერთი ტელეგადაცემის ყურებისას, ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (გარემოს დაცვის მიბმა სოფლის მეურნეობასთან ეს კიდევა სხვა საკითხია) გვერდზე როცა შევდივარ, ყველაფერი ისეთი დავარცხნილი, აშენებულ-დამშვენებულია, ასე მგონია მე ვცხოვრობ მიტოვებულ პლანეტაზე, რომელსაც არავინ მართვას. ყველგან იმაზე ლაპარაკობენ, ცოდნა აკლია ამ სფეროში დასაქმებულებსო. ხელოვნური განაყოფიერებისა არ იყოს, ჩვენზე უნდათ ამის გადმობრალებაც. ჩემთან არასოდეს არავინ არ მოსულა აი იმ მრავლად დაფინანსებული პროექტებიდან და არ უთქვამს ამას და ამას გასწავლიო. მე საქმე ვაკეთო თუ ვირბინო, _  მომეშველე, სახელმწიფო, ესა და ეს მჭირდებათქო?!

ჩემი საქმიანობის გასაუმჯობესებლად და გასაფართოებლად რამდენი პროექტი დავწერე, მაგრამ არცერთი არ დამიფინანსეს! გამოსაჩენად, საპიარო თემებად არ მიიჩნიეს ალბათ…

გადაცემა „ფერმას“ დავუკავშირდი, აღარც მახსოვს უკვე რამდენი ხნის წინათ, ხან ნაცნობობით, ხან პირდაპირ, ჩემი ბლოგებიც გავუგზავნე, იმ იმედით, დაინტერესდებოდნენ. ზაფხულში, როგორც იქნა, დამირეკა ამ გადაცემიდან ქალბატონმა, გამომკითხა მეურნეობის ამბები, ვისაუბრეთ, მოვუყევი ყველაფერი რაც გავაკეთე და რისი გაკეთებაც მინდოდა,  მითხრა, რომ კარგ საქმეს აკეთებო, მოსვლასაც დამპირდნენ, მაგრამ ლოდინში მოვიდა ზამთარი და ისე ვატყობ საქმეს, კიდე ბევრი ზამთარი ჩაივლის.

ალბათ მართლაც არავის არ სურს რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი, ეგ არის და ეგ!

ასეთი ამბებია ჩემსკენ, რაღაც მომდევნო ბლოგისთვისაც შემოვინახე, რომ არ დაგღალოთ.

აბა, დროებით, მკითხველო, იმედია, არ დაგავიწყდით და ისევ შემეხმიანებით.

ირაკლი სოხაძე,

ახალგაზრდა ფერმერი, ბლოგერი