ბლოგიდარგებიფერმერი ფერმერს

„ხალხის საკეთილდღეოდ და ბედნიერი მომავლისათვის“

შარშან, 28 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს და ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიწვევით  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან 22 კაციანი ჯგუფი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სემინარზე _ „მცენარეთა საფარის მავნებლებთან ბრძოლა და მეცხოველეობის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოსთვის“ გავემგზავრეთ.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ვფიქრობდი, მივდიოდი აზიურ ქვეყანაში, სადაც  კომუნისტური რეჟიმია (ჩინეთში ერთადერთი პარტიაა – ჩინეთის კომუნისტური პარტია), მაგრამ მალე  სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი; დამხვდა საკმაოდ განვითარებული, თანამედროვე სახელმწიფო.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ის თანამედროვე ტექნოლოგიები რაც ჩინეთში ვიხილე მე ევროპის ქვეყნებში არ მინახავს. სტამბოლიდან ჩავფრინდით პეკინში. პეკინის აეროპორტშივე იგრძნობოდა სისუფთავე, ზედმიწევნით წესრიგი და დისციპლინა (სტამბოლის აეროპორტი, ამ თვალსაზ­რისით, საერთოდ არ შეედრება პეკინისას). აეროპორტი წარმოადგენს დაახლოებით მინი ქალა­ქს, სადაც მოძრაობენ მეტროს სტილის ელექტრო მატარებლები და ლამაზი ელექტრო ავტობუსები, რომელ­თაც მგზავრები გადაჰყავთ შიდა დანიშნულების შედარებით პატარა აეროპორტებში. ჩვენ ჯგუფში იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ისინი ხუმრობდნენ – პეკინის აეროპორტი ქალაქ ბათუმის ხელააო და მართლაც დაახლოებით ასეა. პეკინიდან შიდა ხაზებით გავფრინდით ჰუნანის პროვინციის დედაქალაქში ქ. ჩანგშაში.

ორსაათიანი ფრენის შემდეგ ცხრამილიონიანი ქალაქის არანაკლებ თანამედროვე და კომ­ფორ­ტულ აეროპორტში ჩავფრინდით. მეორე დღიდანვე დაიწყო სემინარები.

კვირის ბოლოს დაგეგმილი იყო გასვლითი ღონისძიება ქალაქთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში და დავათვალიერეთ სასათბურე მეურნეობა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული არა მარტო ამ პროვინციაში, არამედ მთელ ჩინეთში. ამ ტიპის მეურნეობებში მოჰყავთ თითქმის ყველა სახის ბოსტნეული, რომელსაც აწარმოებენ იმდენად ჭარბი რაოდენობით, რომ ამარაგებენ სხვა ახლომდებარე პროვინციებ­საც. როდესაც დავინტერეს­დით და ვიკითხეთ, თუ რა პროდუქციის ექსპორტს აწარმოებს ქვეყანა სოფლის მეურნეობის სფეროში, აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩაი, ზღვის პროდუქტები (თევზი, ზღვის კომბოსტო-ლამინარია და სხვ.) და სწორედ სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ბოსტნეუ­ლი.

სემინარები ძირითადად ტარდებოდა მცენარეთა სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, მაგრამ ერთი სემინარი ჩატარდა მეტად საინტერესო თემაზე. ეს იყო ჩინეთის სოფლის მეურნეობის მიღწევები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 2017 წლამდე. სემინარიდან გაირკვა საოცარი ფაქტები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობის და საერთოდ აქტიური მუშახელის გადინება, ამ დროისთვის, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლებიდან ქალაქებისკენ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება  წარმოუდგენლად გაიზარდა. კერძოდ, ყველა კატეგორიის ხორცის წარმოება ქვეყანაში საშუალოდ 444 %-ით გაიზარდა, რძის წარმოება _ 2566 %-ით, შაქრის _ 378 %-ით, ხორბლის _ 121 %-ით, ბამბის _ 160 %-ით, საკვები ზეთის _530 %-ით და ა. შ.

სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებებში ესოდენ სწრაფი ზრდა თანამედროვე ტექნოლო­გიების ათვისებამ და  სოფლის მეურნეობის და გადმმუშავებელი სფეროს ინტენსიური წარმოების დანერგვამ განაპირობა.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2017 წლამდე ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. იმის გამო, რომ სწორედ ამ პერიოდიდან 2014 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ოჯახში 1 ბავშვზე მეტის ყოლა და სულ რაღაც ბოლო 3 წელია რაც ხელისუფლებამ ნება დართო ოფიციალურად, ოჯახებს 2 ბავშვის ყოლის შესახებო, ასე მოგვახსენა ლექტორმა, რომელმაც  ეს მონაცემები გაგვაცნო.

მეცხოველეობის სფეროში ყველაზე მაღალ დონეზე მეფრინველეობა და მეღორეობაა განვითარე­ბული, არა ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ფრინველისა და ღორის ხორცის წარმოებით, არამედ მთლიანად ქვეყანაში წარმოებული ხორცის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე პროცენტული შეფარდებით. ჩემდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მეფრინველეობასა და მეღორეობაში სხვა ინფორმაციის მოპოვება, მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით და არ მოგვეცა არც ფერმების დათვალიერების შესაძლებლობა. სამაგიეროდ დავათვალიერეთ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა და მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაგვაცნეს მწირი მონაცემები.

ფერმა წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, სადაც 8 აქციონერმა ჩადო 200  მილ. იუანი. ეს არის, დაახლოებით, 30 მილ. აშშ დოლარი. ფერმაში ჰყავდათ 1000 მეწველი ფური 7000 კგ საშუალო წველადობით წლიურად, 3,2 % საშუალო ცხიმით.  იგი დაკომპლექტე­ბული იყო ორი ჯიშით: ჰოლშტეინით (60 %) და ჯერსული ჯიშებით (40 %), რომლებიც შემოჰყავთ ავსტრალიიდან. ავსტრალიი­დანვე შემოაქვთ გაყინული სპერმა და ახორციელებენ ხელოვნურ განაყოფიე­რებას. ფერმას გააჩნია საკუთარი მიწის ფართობები 220 ჰა სახნავი, სადაც მოჰყავთ ძირითადად სასილოსე სიმინდი და მცირე ოდენობით მარცვლეული. სააქციო საზოგადოება საფურაჟე მარცვლეუ­ლს ძირითადად ყიდულობს.

ქალაქის გარეუბანში დავათვალიერეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი რძის გადამმუშავებელი კომბინატი, სადაც დაცული იყო ზედმიწევნით  სისუფთავე და წესრიგი. კომბინატს აქვს თანამედროვე ბიოქიმიური ლაბორატორია, სადაც დასაქმებულია მხოლოდ 4 ადამიანი, ხოლო მთლიანად საწარმოში, სამივე ცვლაში – 28 კაცი მუშაობს.

საწარმო უშვებს მხოლოდ პასტერიზებულ რძეს, იოგურტს და კეფირს. აქვე უნ­და აღინიშნოს, რომ ჩინეთი რძეს და რძის პროდუქტებს არ მოიხმარს. ეს წარმოებული პროდუქცია გათვალის­წინებულია მხოლოდ ხელისუფლებისთვის და მთავრობის წარმომადგენ­ლებისთ­ვისო, ასე დაგვმოძღვრეს საწარმოს მესვეურებმა.

             სემინარის პროგრამა ითვალისწინებდა კულტურულ ღონისძიებებსაც. ამ მიზნით ვიმოგზაურეთ რამოდენიმე ქალაქში. ყველგან შეინიშნება თანამედროვე, დახვეწილი ტექნოლოგიები და ზედმიწევნით განვითარებული ინფრასტრუქტურა. ქალაქებს შორის მოძრაობენ სწრაფი მატარებლები, რომლებიც ავითარებენ 350 კმ/სთ სიჩქარეს. მათი სამოძრაო ესტაკადებით დასერილია მთელი რესპუბლიკა, მთლიანად მოწყობილია საჰაერო მონორელსები, რომლებიც გაყვანილია 20-25 მეტრის სიმაღლეზე დასახლებული პუნქტების და ავტომაგისტრალების თავზე. 10, 20 და 27 მილიონიან ქალაქებში საავტომობილო გზებზე თითქმის არ შეინიშნება საცობები, რადგან რამოდენიმე სართულად მოწყობილია საავტომობილო პანდუსები და ესტაკადები. საზოგადოებ­რივი ტრანსპორტი მხოლოდ ელექტროა. კერძოდ, ელექტრო ავტობუსები, ტროლეიბუსები და ელექტროველოსიპედები (არც ერთ ქალაქში სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობს). ასე მაგ., დილით გამოხვედი სახლიდან და მიგეჩქარება სამსახურში. გახვედი გაჩერებაზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რომ არ დაელოდო (რომელიც მკაცრად ყოველ 2 წუთში მოდის), იქ დაგხვდება 15-20 ელექტრომოპედი. მიხვალ, შენს სახელფასო ბარათს დაადებ სპეციალურ ადგილას, რა თქმა უნდა ელექტრო-მოპედზე, მოიხსნება ბლოკი, დაჯდები და წახვალ სამსახურში. სამსახურში კი სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე გააჩერებ მოპედს. სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოხვალ, ისარგებლებ იმავე ბარათით და მიხვალ შენს გაჩერებაზე. იქ კი ისევ დააყენებ ელექტროველოსიპედს და ა. შ. ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია მგზავრობის ეს მეთოდი, თანაც ეკოლოგიურად სუფთა. შენს ქალაქს უფრთხილდები, გამონაბოლქვით არ აბინძურებ მას და სამსახურშიც მიდიხარ აუღელვებლად და დროულად. საქალაქო ავტობუსები ყველა ქალაქში ელექტროძრავებზეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სამსახური და სასწავლებელი მთელს ქვეყანაში მუშაობას იწყებს დილით 9 საათზე. უმეტესობა სამსახურებისა მუშაობს სამ ცვლაში, ანუ ფაქტიურად მთელი ჩინეთი დღედაღამ შრომობს (1, 4 მლრდ მაცხოვრებელს სხვანაირად ვერ დაასაქმებ. ქვეყანაში უმუშევ­რობა საერთოდ არ არის). წავაწყდით ერთ მეტად საინტერესო ფაქტსაც. თითქმის ყველა ქალაქის გარეუბნებში მიმდინარეობს საცხოვრებელი მასივების ინტენსიური მშენებლობა. მაგ., ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში ერთდროულად შენდებოდა 50-60 საცხოვრებელი კორპუსი (იქ მოდაში 30 სართულიანი შენობებია); მშენებლობა სრულდება, კეთილმოეწყობა გარეშემო ტერიტორიაც,  მაგრამ სახლები ცარიელია. დაგვაინტერესა და ვიკითხეთ, თუ რაშია საქმე. სწრაფად გაგვარკვიეს საქმის ვითარებაში. აგვიხსნეს, რომ კორპუსები რომ არ აშენდეს, თურმე, ქვეყნის ეკონომიკისთვის არაფრით არ შეიძლება, რადგან ხარჯი რასაც ეკონომიკა ითვალისწინებს, უნდა იყოს ათვისებული, ხოლო რაც შეეხება ადამიანების შესახლებას ეს შეიძლება მოხდეს 2, 5 ან 10 წლის შემდეგ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კერძო საკუთრება  13-15 %-ით არსებობს, ანუ 85-87 % ყველაფერი, როგორც საწარმოები, ასევე საცხოვრებელი სახლები სახელმწიფო დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება ბინით უზრუნველყოფის საკითხს, ქვეყანაში ასეთი პრინციპი მოქმედებს: როგორც კი ჩინეთის მოქალაქე იწყებს მუშაობას, საწარმო მას  ბინით აკმაყოფილებს, უფასოდ რა თქმა უნდა. ეს ბინა მის საკუთრებაშია მანამ, სანამ ცოცხალია. გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს მიაქვს ბინა და შედეგ ამ ბინით აკმაყოფილებს სხვა მუშაკს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბინის მფლობელს მისი გაყიდვა, ან ვინმესთვის გადაცემა თავისი სურვილისამებრ არ შეუძლია, ბინა წარმოადგენს სახელმწიფოს კუთვნილებას. თუმცა დაამატეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმდენად სწრაფი ტემპებით ვითარდება, რომ დაწყებულია ახალი კანონპროექტების მომზადება, რომლებიც უზრუნველყო­ფენ ბინების პრივატიზების პროცესს, ისე რომ საცხოვრებელი სახლები თავისუფალ და სამუდამო მფლობელობაში გადაეცეთ მათ მესაკუთრეებსო.

საერთო ჯამში, ამ გასაოცარმა ქვეყანამ ჩემზე საინტერესო და რაღაც იდუმალი შთაბეჭდილება დატოვა თავისი რობოტებივით მშრომელი, მუდამ მომღიმარი და ოდნავ გადაღლილი გამომეტყველების მქონე მოსახლეობით, რომლებიც დაუღალა­ვად ფუსფუსებენ „ხალხის საკეთილდღეოდ და ბედნიერი მომავლისათვის“ სწორედ ეს წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ლოზუნგსაც.

 

კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი