დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახის გაშენება _ სავენახე ფართობის შერჩევის მთავარი პრინციპები

სავენახე ფართობის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები: ადგილმდებარეობის მიკროკლიმატი
ვენახის მიკროკლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილის ორიენტაცია მზის მიმართ. ენერგიის დიდი ნაწილი, რომელიც ვენახში მოდის მზის პირდაპირი და არეკლილი სხივებით, მიწის ზედაპირზე და ფოთლებზე გარდაიქმნება სითბოდ, ნაწილი სხივებისა კი აირეკლება ჰაერში. მზის სხივური ენერგია მით უფრო მეტად აკუმულირდება ადგილში, რამდენადაც ნაკლებად აირეკლავს მას ნიადაგი, ამიტომ ნიადაგის გათბობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფერს.

მზის სხივური ენერგიის აკუმულაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილის დაქანებას, მის ორიენტაციას. საქართველოს პირობებში სითბოთი ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი არის სამხრეთი ფერდობი. სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ფერდობებზე ტემპერატურული დღის მაქსიმუმი მიიღწევა დღის მეორე ნახევარში და ემთხვევა ფერდობის მაქსიმალური ინტენსივობით განათებას. ამის გამო, სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ფერდობებს აქვთ დღეღამური ტემპერატურების მაღალი მაქსიმუმი – ამიტომ, მიკროკლიმატურად ისინი უკეთესია, ვიდრე სამხრეთაღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ფერდობები. პოტენციურად სითბოს შესაძლო მოდინება ფერდობზე ფერხდება, თუ დღის გარკვეულ დროს ზედაპირი იჩრდილება შემაღლებული ტყის ნაპირით ან შენობების ჩრდილით. ხეობის ძირზე დაჩრდილვა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რაც მხედველობაშია მისაღები სავენახე ადგილის შერჩევის დროს.

ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან

საქართველოს მთაგორიანი რელიეფი ქმნის ვერტიკალურ ზონალობას. ამიტომ, სავენახე ადგილის შერჩევის დროს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნაკვეთის სიმაღლე ზღვის დონიდან. მევენახეობის თვალსაზრისით საქართველო დაყოფილია 5 ვერტიკალურ ზონად:
I. დაბლობბორცვიანი ზონა 0-300 მ.
II. მთისწინა-ამაღლებული 300-600 მ. 
III. დაბალმთიანი 600-900 მ.
IV. საშუალომთიანი 900-1200 მ. 
V. მაღალმთიანი 1200-1500 მ.

ვენახები უმეტესად თავმოყრილია I, II და III ზონებში, სადაც მოთავსებულია ხარისხოვანი მევენახეობის ძირითადი მიკროზონები. საშუალო ღირსების და ადგილობრივი მოხმარების ღვინოების წარმოება შეიძლება მე-IV ზონაშიც.

ზღვის დონიდან სიმაღლის მატებით, საშუალო წლიური ტემპერატურა ყოველ 100 მეტრზე 0,5-0,6ოჩ-ით კლებულობს, რაც გათვალისწინებელი უნდა იყოს ჯიშების შერჩევისა და ვენახის საწარმოო მიმართულების განსაზღვრის დროს.

ზღვის დონიდან სიმაღლის მატებით დღეღამური ამპლიტუდა იზრდება, იგვიანებს ვაზის საგაზაფხულო განვითარება, ზრდის დასაწყისი და ყვავილობა, ხოლო ვაზის სავეგეტაციო პერიოდი მცირდება.

ქარები

ძლიერი ქარები მექანიკურად აზიანებს ვაზს. მეორე მხრივ, წვიმებისა და ცვარის დროს ქარი სწრაფად აშრობს ფოთლებს და ამით ანელებს სოკოვან დაავადებათა გავრცელებას. ვენახის თბურ რეჟიმზე ქარი უარყოფითად მოქმედებს. ვენახის გაშენების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარის მიმართულება, სიჩქარე და მისი გავლენა ნიადაგის სითბურ რეჟიმზე.

წაყინვებისა და შემოჭრილი ცივი მასების ზემოქმედება

უღრუბლო ღამის განმავლობაში მიწის ზედაპირი სივრცეში გამოსცემს სითბოს და თვითონ ცივდება. ნიადაგის ზედაპირზე წარმოიქმნება ცივი ჰაერი, რომელიც უქარო ამინდში, თავისი მძიმე ხვედრითი წონის გამო, ჩამოდინდება ყველაზე დაბალ ადგილებში. ამიტომ უქარო და უღრუბლო ამინდში ტემპერატურათა სხვაობა შეიძლება 5-100ჩ აღწევდეს. ფერდობებიდან ჩამოსული ცივი ჰაერი გროვდება ხეობის ფსკერზე. ღამის გამოსხივების შედეგად, უფრო მაღალ ადგილმდებარეობას, ახასიათებს დღისა და ღამის ტემპერატურათა დიდი ამპლიტუდა. ვენახს მეტ საფრთხეს უქმნის წაყინვები გაზაფხულზე და ყინვები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. გვიანი საგაზაფხულო წაყინვები ანადგურებს ახალგაზრდა ყლორტებს და აზიანებს მოსავალს. ნაადრევი საშემოდგომო წაყინვები ვეგეტაციის დამთავრებამდე ანადგურებს ფოთლებს და ამით ხელს უშლის რქის და მოსავლის მომწიფებას. დაზიანების ხარისხი ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება სიმაღლის უმნიშვნელო სხვაობასთან ერთად.

ვენახის ნიადაგები და მათი თვისებები

ვაზი კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ ჭაობიან, ძლიერ დატენიანებულ და მლაშე ნიადაგებს ის ვერ იტანს.

ნიადაგის ტიპი და მისი წარმოშობის გეოლოგიური მასალა აყალიბებს ღვინის გემურ თვისებებს ჯიშის ფარგლებში. ნიადაგი, რომელიც შექმნილია მთის ქანების გამოფიტვის შედეგად და შეიცავს ბევრ ქვა-ღორღს, უმეტეს შემთხვევაში იძლევა ნაზ, მაღალმჟავიან ღვინოებს, რომლებიც ხასიათდება თავისებური გემური თვისებებით. მდიდარი და მძიმე თიხნარი ნიადაგებიდან მიღებული ღვინოები ნელა ძველდება. გვალვიან ადგილებში მძიმე თიხამიწებს აქვს უპირატესობა წყალდამჭერობის უკეთესი უნარის გამო.

ვაზის კარგ ზრდა-განვითარებას ხელს უწყობს ნიადაგის შემდეგი თვისებები: მექანიკური შემადგენლობა, სიმკვრივე, სისქე, შეფერვა, კირის შემცველობა, ჰუმუსი, საკვები ელემენტების შემცველობა და ნიადაგის რეაქცია. ყოველივე ეს განაპირობებს ნიადაგის თბურ თვისებებს, წყალდამჭერობას, საკვები ელემენტების შემცველობას.

ა) ნიადაგის თბური თვისებები

სითბური ენერგიის რაოდენობა, რომელსაც ნიადაგი იღებს მზის გამოსხივებიდან, დამოკიდებულია ფერდობის დაქანებაზე და მის მიმართულებაზე. ზედაპირზე მოსული მზის ენერგიის ნაწილი შთაინთქმება ნიადაგის მიერ, ხოლო ნაწილი აირეკლება.

მუქი ფერის ნიადაგი მეტ სითბოს შთანთქავს და ამ სითბოს ვაზი იყენებს, მაშინ, როდესაც ღია ფერის ნიადაგი მზის სხივთა ენერგიას აირეკლავს. ნიადაგის თვისება დამოკიდებულია ასევე მის სითბოგამტარობასა და სითბოს დამჭერობაზე. იმის გამო, რომ წყალი ატარებს სითბოს 30-ჯერ უკეთ, ვიდრე ჰაერი, ამიტომ, ტენიანი და მკვრივი ნიადაგი უფრო მეტადაა სითბოს გამტარი. ის სწრაფად ატარებს სითბოს ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმისკენ. მშრალი, ფხვიერი ნიადაგი (უამრავი საჰაერო ფორით) ხასიათდება ნაკლები სითბოს გამტარობით. მისი ზედაპირი ძლიერ ხურდება მზის სხივებით, რადგან სიღრმეში სითბოს ძნელად ატარებს. ნიადაგის ზედაპირი ამ სითბოს მასზე არსებულ ნარგაობას გადასცემს.

ყველაზე საუკეთესო თბური პირობები იქმნება ჩონჩხიან ნიადაგებზე, რომლებიც წარმოშობილია მთის ქანების გამოფიტვის შედეგად და გავრცელებულია ტიპურ სავენახე ზონებში. ისინი აგროვებენ მეტ სითბოს, მათში დიდი რაოდენობის ქვისა და ღორღის შემცველობის გამო და ადვილად თბებიან წყლის ნაკლები შემცველობის პირობებში.

ბ) ნიადაგის წყალი და ჰაერი

ნიადაგის წყალი და ჰაერი მტკიცედ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. წყლის შემცველობის ზრდა ამცირებს ჰაერის შემცველობას, ძლიერ, მშრალ ნიადაგში კი პირიქით – ყველა ფორი შევსებულია ჰაერით.

წყლით გაჯერებულ, მარტივ ნიადაგში ფესვის სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადი ნაკლებია.

ქვიშნარ ნიადაგს შეუძლია დააკავოს 10 გ. წყალი 100 სმ. ნიადაგში, თიხნარს კი 50 გ. იგივე მოცულობის ნიადაგში.
ვაზს აქვს ძლიერ დიდი უნარი გამოიყენოს ნიადაგის წყალი. წყლის და საკვები ნივთიერებების ძებნაში ვაზის ფესვები 5 მეტრზე მეტ სიღრმეში მიდის.
ვაზის მიერ ნიადაგიდან წყლის შემწოვი ძალა, შეესაბამება 16 ატმოსფეროს. წყლის ის მარაგი, რასაც ვაზი ასეთი შემწოვი ძალით ვერ ამოიღებს, არის მიუწვდომელი მარაგი.

ადგილმდებარეობის შეფასება და კარტოგრაფირება

ვენახის გასაშენებამდე გასარკვევია ვარგა თუ არა ესა თუ ის ადგილი სავენახედ. ამის დასადგენად მოპოვებული უნდა იქნეს შემდეგი მასალები:
1. ნაკვეთის მიკროკლიმატი;
2. ნიადაგის ტიპი და საკვები ელემენტების შემცველობა;
3. კანონით დაშვებული ვაზის ჯიშები;
ნაკვეთის მიკროკლიმატზე ცნობების აღება შეიძლება ახლომდებარე აგრომეტეოროლოგიური სადგურიდან. ნიადაგის ტიპი შეიძლება დადგინდეს ნიადაგის იმ რუკების საშუალებით, რომლებიც დამუშავებულია და შედგენილია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ. ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა დადგინდება სათანადო ლაბორატორიის სპეციალისტების მოწვევით და ანალიზების ჩატარებით.

ადგილმდებარეობის შესაფერისი ჯიშების შერჩევა

მევენახეობის პროდუქტიულობის საფუძველია მაღალმოსავლიანი და მაღალხარისხოვანი ჯიშის, საძირის და სავენახე ადგილის სწორად შერჩევა.
ა) სამრეწველო მიზნებისათვის უნდა შეირჩეს ის ჯიში, რომელიც დაკანონებულია მოცემული რეგიონისთვის `ვაზის და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენახი შენდება შიდა მოხმარებისათვის ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის.
ბ) საქართველოს აგროეკოლოგიურ პირობებში, ზღვის დონიდან 0-600 მეტრ სიმაღლეზე, შეიძლება გაშენდეს სიმწიფის ყველა პერიოდის ჯიში. თუმცა ტექნიკური მიზნებისათვის რეკომენდებულია საგვიანო და ძლიერ საგვიანო ვაზის ჯიშები.
ყინვასაშიშ ზონებში უნდა გავაშენოთ ყინვაგამძლე ჯიშები, რომლებიც კვირტის გაშლას ადრე არ იწყებენ და შედარებით კარგად მსხმოიარობენ შემცვლელ კვირტებზე.

კეთილშობილი სიდამპლით ადვილადლპობადი ჯიშები უნდა გაშენდეს კარგად განიავებულ ტერიტორიაზე და არა უქარო, ტენიან ქვაბულებში. უნდა გავითვალისწინოთ ჯიშის მომთხოვნელობა ნიადაგის მიმართ. საქართველოს ყველა რეგიონს გააჩნია მრავალი ადგილობრივი ჯიში, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იძლევა წარმოშობის ადგილზე გაშენების დროს.

კახეთისთვის უნდა შეირჩეს ძირითადად კახური ჯიშები, რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი. ქართლისთვის – თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე და სხვ.

დასავლეთ საქართველოს მჟავე, გაეწერებულ ნიადაგებს უკეთ ეგუება და უფრო ხარისხოვან მოსავალს იძლევა: ჩხავერი, ოჯალეში, ცოლიკოური, ციცქა, კაჭიჭი, ათვიჭი და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ყველა ჯიში, გარდა იშვიათი გამონაკლისისა (გორული მწვანე), დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან პირობებს და მჟავე ტიპის ეწერ ნიადაგებს ვერ ეგუება და დაბალი ხარისხის მოსავალს იძლევა.

ყველა რეგიონში საძირედ გამოყენებული უნდა იქნას ის ჯიში, რომელიც მოცემული რეგიონისთვის არის რეკომენდებული. შეუსწავლელი და ადგილზე გამოცდაგაუვლელი საძირე არ უნდა იქნას გამოყენებული. საძირის შერჩევაში დაშვებული შეცდომა მნიშვნელოვნად აზიანებს ვენახის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების თავისებურება

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო კანონმდებლობით გათანაბრებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან და ასეთი ღვინის წარმოება მარტო იმ 94 მიკრორაიონშია შესაძლებელი, რომლის სახელსაც ღვინო ატარებს: ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი, ნაფარეული და სხვა. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებას განაპირობებს ოთხი მაკროფაქტორი: ვაზის ჯიში, ნიადაგის პირობები, მიკროკლიმატი და ტექნოლოგია. თითოეული ეს ფაქტორი შეიცავს უამრავს მიკროფაქტორს. უამრავ ფაქტორთა გარკვეული თანაფარდობა ქმნის ამა თუ იმ ღვინოს. თუ ჯიშის გენეტიკური ბუნება არ იძლევა საშუალებას, მაღალხარისხოვანი ღვინო არცერთ ნიადაგურ კლიმატურ პირობებში არ დადგება. მაგალითად, იზაბელას ჯიში (ოდესა), რომელიც მსოფლიოს მევენახეობის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, მაღალხარისხოვან ღვინოს არსად არ იძლევა. ასევე ითქმის სხვა სახეობათა შორის ჰიბრიდებზე: ნოა, ფრანგულა, ქიწნურა, შანიძე, ვაქირულა და სხვ. ქართული ვაზის ჯიშები – რქაწითელი და საფერავი ფართოდ არის გავრცელებული ყოფილი სსრკ-ის და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში და იძლევა საუკეთესო პროდუქციას. მიუხედავად ამისა, ეს ცნობილი ჯიშები დასავლეთ საქართველოს პირობებს ვერ ეგუება და მათი გაშენება არ არის რეკომენდებული ამ რეგიონში.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების უფლებას კანონი იცავს. ამჟამად მიმდინარეობს უნიკალური ღვინოების მომცემი მიკროზონების კარტოგრაფირება, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა.

ვენახის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემები

ვენახი შეიძლება იყოს სამრეწველო, საკოლექციო და სამოყვარულო.

სამრეწველო ვენახი უნდა გაშენდეს მევენახეობის ზონებში, სადაც აგროტექნოლოგიური პირობები უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის მიღებას.
საქართველოში სამრეწველო ვენახის გაშენება რეკომენდებულია ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლემდე. სამრეწველო ვენახები უნდა გაშენდეს ამ რეგიონისთვის კანონით დაშვებული ჯიშებით. მაგალითად, კახეთისთვის: რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი, მწვანე; ქართლისათვის: გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, შავკაპიტო, პინო, ალიოგტე; აფხაზეთისათვის: ოჯალეში, ჩხავერი, ციცქა, ცოლიკოური, კაჭიჭი, ათვიჟი, ავასიხვა.
დაუშვებელია სამრეწველო მიზნებისათვის სახეობათაშორისი ჰიბრიდების გაშენება, როგორიც არის: იზაბელა, ვაქირულა, ქიწნისურა ანუ დირბულა, ბაკოს, ზეიბელის, კუდერკის ჰიბრიდები.

აღნიშნული ჰიბრიდები იძლევა დაბალი ხარისხის ღვინოებს, რომლებიც არ ექვემდებარება დაძველებას. მათი პროდუქცია უხარისხოა და ამიტომ სამრეწველო მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.

სამოყვარულო ვენახში ნებადართულია ნებისმიერი ჯიშის გაშენება, როგორც ადგილობრივი, ისე ინტროდუცირებული.

საკოლექციო ვაზის ჯიშების ნარგაობა წარმოადგენს ვენახს, სადაც თავმოყრილია ამა თუ იმ რეგიონის, სახელმწიფოს ან კონტინენტის ვაზის ჯიშები. რეგიონული კოლექცია შეიძლება შედგებოდეს კახეთის, ქართლის, იმერეთის და სხვა რეგიონის ჯიშების ნარგაობისაგან. სახელმწიფო მნიშვნელობის კოლექციაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა რეგიონის ჯიშები (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია-სამეგრელო, აჭარა-აფხაზეთი). კოლექცია შეიძლება იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის, როცა გაშენებულია მევენახეობის ქვეყნის აბორიგენული, სელექციური ჯიშები და მათი კლონები.
საჭიროა საკოლექციო დანიშნულების ვაზის გენოფონდის დაცვა და კვლავწარმოება, ჯიშთა ბოტანიკური და აგრობიოლოგიური, სამეურნეოტექნოლოგიური შესწავლა, მათგან უკეთესების გამოვლენის მიზნით.

ამას გარდა, საკოლექციო ნარგაობა გამოიყენება როგორც სასელექციო საწყისი მასალა, ჰიბრიდიზაციის გზით, ახალი ჯიშების მისაღებად. კოლექციების გაშენების სისტემა გამომდინარეობს მისი მასშტაბისა და დანიშნულებისაგან. კოლექციაში ხდება ჯიშების დაჯგუფება წარმოშობის რეგიონების, ყურძნის შეფერვის, სამეურნეო დანიშნულების (სასუფრე-საღვინე) მიხედვით.

თითოეული ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს 5, 10 ან 20 ძირის რაოდენობით. გაშენების და მოვლის ტექნოლოგია იგივეა, რაც სამრეწველო ვენახში.

ანა გოდაბრელიძე, 

ვაჟა გოცირიძე,

„მევენახეობა“