აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ბოსტნეულის მაცივარში შენახვა, ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა

ბოსტნეულს და ბაღჩეულს შეძლებისდაგვარად მშრალ ამინდში იღებენ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი დაჭყლეტა და სხვა მექანიკური დაზიანება.

ტუბერს მიწიდან აღების შემდეგ ყრიან პატარა გროვებად. დაჭკნობის თავიდან აცილების და მზის სხივებისგან დასაცავად აფარებენ ბალახს ან ნაჭერს, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს.

ფარდულში გადატანის შემდეგ ხდება ნედლეულს დახარისხება ზომების მიხედვით, ცილდება დაზიანებული ნაყოფები, გრილდება და შრება ინტენსიური ვენტილაციის გამოყენებით, შემდეგ ხდება გადატანა სტაციონალურ საცავებში.

 სტაფილო მომწიფებულად ითვლება, როდესაც მიაღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერილობას და ზომას. ირეცხება წყლით და ეწყობა გასაშრობად კარგი ვენტილაციის მქონე ფარდულში 2-3 დღე. ახალი და კარგი ხარისხის ნედლეული მკვრივი სტრუქტურით გამოირჩევა. მექანიკურად დაზიანებული ნაყოფები აუცილებლად უნდა მოცილდეს ძირითადი მასას და გადამუშავდეს სხვა ტექნოლოგიურ პროცესებში. (მაცივარში სტაფილოს შენახვის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა იხილეთ ცხრილში )

 ბოლოკი – შენახვამდე ცილდება ფოთლები, ირეცხება და ეწყობა გასაშრობად 1-2 დღე. შემდეგ ლაგდება პლასმასის ყუთებში და თავსდება მაცივარში.

 ნიორი – მოსავალს იღებენ, როცა ფოთლები იწყებს ჭკნობას. აჭრიან ზედმეტ ნაწილებს და აშრობენ ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება, 2-3 დღის განმავლობაში. შემდეგ გადააქვთ საცავში. დაუშვებელია, დამპალი, ტექნიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში.

ხახვი – მოსავალს იღებენ, როდესაც ფოჩები იწყებს ჭკნობას და ბოლქვები მკვრივდება. დამპალი, მექანიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში დაუშვებელია. აღების შემდეგ ათავსებენ ღია ტიპის ფარდულში 3-4 კვირის განმავლობაში, რომ კარგად გამოშრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლპობის პროცესი გარდაუვალია.

კარტოფილი აღების ვადები დამოკიდებულია კარტოფილის ჯიშზე და გარემო პირობებზე. იგი მომწიფებულად ითვლება, როდესაც ზედაპირი მიიღებს ყვითელ შეფერილობას. მაღალი სიცხის პირობებში კარტოფილის დატოვება ნიადაგში არ არის მიზანშეწონილი რადგან გამოიწვევს მის გადამწიფებას და შენახვისუნარიანობის დაქვეითებას. დაავადებული და დაზიანებული ტუბერები არ უნდა დავტოვოთ ნიადაგში.

 შეგროვების შემდეგ გადადის კარგი ვენტილაციის ბნელ საცავში, სადაც ხდება კარტოფილის ზედაპირის შეშრობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.

 კარტოფილის ტუბერების გამწვანების თავიდან აცილების მიზნით საცავში იყენებენ წითელი განათების ნათურებს.

ჭარხალი მკვრივი სტრუქტურით გამოირჩევა. ნიადაგიდან ამოღების შემდეგ ეჭრება ფოთლები 2 სმ, ირეცხება და ეწყობა გასაშრობად. 2-3 დღის შემდეგ გადადის საცავში. არასაურველია, დამპალი, ტექნიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში. აუცილებლად უნდა მოხდეს ძირითადი მასიდან მათი გამორჩევა და გადამუშავება სხვა ტექნოლოგიაში.

სასურსათო ნედლეული ფარდობით ტენიანობა % ტემპერატურული ზღვრები 0 C შენახვის პერიოდი თვე
ხახვი 65-70 0-1 4-7
ნიორი 65-70 0-1 4-7
საადრეო კომბოსტო 93-95 0-1 1-2
საგვიანო კომბოსტო 92-95 0-1 3-4
ჭარხალი 92-95 0-1 3-5
საადრეო სტაფილო 93-95 0-1 1-2
საგვიანო სტაფილო 93-95 0-1 3-5
ყვავილოვანი კომბოსტო 93-95 5-7 1
ბროკოლი 92-95 0-1 1
საადრეო კარტოფილი 90-92 8-10 1
საგვიანო კარტოფილი 90-92 4-9 4-9
ბოლოკი 90-95 0-4 1
ბადრიჯანი 89-91 7-10 1/2
პრასი, მწვანე 93-95 0-1 1-3
ტკბილი წიწაკა 90-95 6-8 1

საცავიში პროდუქციის დალაგება პროდუქციის განლაგება საცავში სწორედ უნდა დაიგეგმოს, რათა ჰაერის მოძრაობას არ შეექმნას პრობლემა. საცავის კედლებიდან და იატაკიდან ცილდება 15-20 სმ; ხოლო რიგებს შორის 10 სმ. ყუთები ისე უნდა დალაგდეს, რომ ჰაერმა თანაბრად იმოძრაოს საცავში.

საცავის დატენიანება შესაძლებელია ხელსაწყოს გამოყენებით და ასევე იატაკის დასველებით.

შესანახი ტარის შერჩევისას გასათვალისწინებელია:

ტარის ხარისხი;

 ზომები;

ჰარის გამტარიანობა.

გასათვალისწინებელია შესანახ ტარაში ბოსტნეულის ჩაყრის სიმაღლე და მასა, რათა არ გამოიწვიოს ნედლეულის დაჭყლეტვა და ჩახურება.

ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დახვეწა ხელს შეუწყობს, მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგების საგრძნობლად შემცირებას, რაც აისახება ფერმერის კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

გიორგი რთველაძე,

ნაზი მელანაშვილი