ნიადაგი, როგორც მცენარის განვითარების არე და სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალება
დედამიწის გარეგან ფხვიერ ნაწილს, რომელსაც უნარი აქვს დააკმაყოფილოს მცენარეთა და მასში მოსახლე ცოცხალი ორგანიზმთა მოთხოვნილება სასიცოცხლო პირობებით-ნიადაგი ეწოდება.
ნიადაგმცოდნეობა სწავლობს ნიადაგს, როგორც ბუნებრივ სხეულს და საწარმოო საშუალებას. ნიადაგის წარმონაქმნის, განვითარების, განლაგების კანონზომიერებას, ნაყოფიერების თვისებას და ბუნების ძალებთან ურთიერთობის კავშირს.
ბუნების საწარმოო ძალთა შორის, რომელსაც კავშირი აქვს მიწათმოქმედებასთან ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ადგილი მიეკუთვნება ნიადაგს. ნიადაგი, სოფლის მეურნეობის ძირითადი საწარმოო საშუალებაა, რომელიც მცენარეს ამარაგებს წყლითა და მასში გახსნილი საკვები ელემენტებით. ნიადაგი არის საშუალება კულტურულ მცენარეთა ზრდა-განვითარების ფაქტორების რეგულირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი და მყარი მოსავლის მიღებას.
ნიადაგს განუზომელი სახალხო- სამეურნეო მნიშვნელობა აქვს იმდენად რამდენადაც მას ახასიათებს ნაყოფიერების თვისება. ე.ი. უნარი აქვს წარმოქმნას მცენარეული მოსავალი. ნიადაგის შესახებ თავისუფალ განმარტებას იძლევა ვ. რ. ვილიამსი-“ როცა ჩვენვლაპარაკობთ ნიადაგზე, ვგულისხმობთ დედამიწის (ხმელეთის) ზედა ჰორიზონტს, რომელსაც აქვს უნარი მცენარეთა მოსავალი წარმოქმნას.”
ცნება ნიადაგსა და მის ნაყოფიერებაზე განუყოფელია. მცენარის სასიცოცხლო მიწიერი ფაქტორებით ამა თუ იმ დონით დაკმაყოფილების უნარს ნიადაგის ნაყოფიერება ეწოდება, რითაც იგი განსხვავდება სხვა ბუნების სხეულებისაგან.
დედაქანისგან მწვანე მცენარის საშუალებით წარმოებს მინერალური ნივთიერების გადაყვანა ორგანულ ნივთიერებაში. ნაყოფიერება სხვადასხვა სახისაა; პირველყოვლისა ნაყოფიერება სრულიად უცვლელი ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერებაა. როდესაც ადამიანის ზემოქმედებით მოსავლის მისაღებად
შეგვაქვს, სასუქები, ვრწყავთ, ვაშრობთ და ნაწილობრივ ვცვლით ნიადაგის ბუნებრივ თვისებებს, ვქმნით ნიადაგის ეკონომიკურ ან ეფექტიან ნაყოფიერებას.
ნიადაგის წარმოქმნა და განვითარება
ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ბუნებრივი ფაქტორებიდან:
1. დედა ქანი;
2. კლიმატი;
3. მცენარეულობა და ცოცხალი ორგანიზმები;
4. ადგილმდებარეობის რელიეფი;
5. ქვეყნის ხნოვანება;
6. ადამიანის სამეურნეო საქმიანობა.
ნიადაგწარმოქმნის პროცესის არსს წარმოადგენს ნიადაგსა და მასზე მცხოვრებ მცენარეულ ორგანიზმებს შორის ნივთიერებათა მუდმივი ცვლა. მცენარე ნიადაგიდან იღებს მინერალურ ნივთიერებებს, ხოლო სიკვდილის შემდეგ ისევ უბრუნებს ორგანული ნივთიერების სახით, ფესვების ღერო-ფოთლებისა და სხვა ნარჩენების გზით. ორგანული ნივთიერებანი მიკროორგანიზმებისგან განიცდიან დაშლას. მინერალური მარილების სახით, რომელთაც წყალში გახსნის უნარი აქვთ. ამ მინერალურ მარილებს ნიადაგიდან იღებს მცენარე და იყენებს საკვებ ელემენტებად. ნიადაგსა და მცენარეს შორის ამ ურთიერთობას ნივთიერებათა ბიოლოგიური წრებრუნვა ეწოდება.
ნიადაგის წარმოქმნის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს ქანები. გამოფიტვის ქერქს, რომელზედაც მიმდინარეობს ნიადაგის წარმოქმნის პროცესი ნიადაგწარმომქმნელი დედა ქანი ეწოდება. აღნიშნული ქანები შეიცავენ მცენარისათვის აუცილებელ ზოგიერთ ქიმიურ ელემენტებს, რომელთა უმეტესი ნაწილი მცენარისათვის შეუთვისებელია. ყველა ქანი იშლება და იცვლება მისი ქიმიური შედგენილობა და ფიზიკური თვისებები. ამ მოვლენას გამოფიტვა ეწოდება. გამოფიტვის შედეგად ნაშალი ქანი ნიადაგის მინერალურ ნაწილებად იქცევა, ამრიგად ნიადაგის მინერალური ნაწილის შედგენილობა დამოკიდებულია ქანის შედგენილობაზე, მისი გამოფიტვის ხასიათსა და ინტენსიობაზე. გამოფიტვის ბუნებრივ ფაქტორებს მიეკუთვნება წყალი, ტემპერატურა, ჰაერი და სხვა მიკროორგანიზმები. არჩევენ გამოფიტვის სამ ტიპს: ფიზიკურს მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიურს. ფიზიკურს მექანიკური გამოფიტვაინტენსიურად მიმდინარეობს უდაბნოსა და ნახევარუდაბნოში, აგრეთვე მაღალმთიან ზინაში ყინვითი გამოფიტვის პროცესები. ქიმიური გამოფიტვა კი სუბტროპიკულ მხარეში.
ფიზიკური ანუ მექანიკური გამოფიტვა ისეთი პროცესია, როდესაც ქანები იშლება წვრილ ნამსხვრევებად და მასაში არ ხდება ქიმიური ცვლილებები. ხოლო ქიმიური გამოფიტვა ისეთი პროცესია როდესაც ქანში მიმდინარეობს ქიმიური ცვლილებები.
ქანის გამოფიტვა
ქანის გამოფიტვა (დაშლა) რთული პროცესია და მიმდინარეობს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მოვლენების სახით. მთის ქანების დაშლის ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობენ, მაგრამ შეიძლება ჭარბობდეს რომელიმე მათგანი, ამიტომ, იმის მიხედვით, თუ რომელი დომინანტობს ამ პროცესთაგან პირობით განასხვავებენ გამოფიტვის შემდეგ სახეებს: 1) მექანიკურ ანუ ფიზიკურ გამოფიტვას, 2) ქიმიურ გამოფიტვას, 3) ბიოლოგიურ გამოფიტვას.
მექანიკურ ანუ ფიზიკურ გამოფიტვის შედეგად ქანი განიცდის მექანიკურ დაშლა-დაქუცმაცებას სხვადასხვა ზომის ნაწილებად, მაგრამ ქიმიური შედგენილობა შეუცვლელი რჩება, ქანების ფიზიკურ გამოფიტვას ტემპერატურის ცვალებადობას, წყლის გაყინვა, ყინვების, გამდინარე წყლის და ქარის მოქმედება იწვევს.
ქიმიური გამოფიტვის შედეგად ქანი იცვლის თავის ქიმიურ შედგენილობას და ფიზიკურ თვისებებს. ქიმიური გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება ქანის შემადგენელ ნივთიერებებთან შედარებით თვისობრივად განსხვავებული პროდუქტები – ქანი იცვლის ქიმიურ მდგომარეობას. ქიმიური გამოფიტვა მით ინტენსიურის რაც ჭარბადაა გახსნილი წყალში ნახშირორჟანგი და მაღალია ტემპერატურა.
ბიოლოგიური გამოფიტვა
ბიოლოგიური გამოფიტვა მიმდინარეობს ცოცხალი ორგანიზმების მეშვეობით და თავისი ხასიათით შეიძლება იყოს ქიმიური და ფიზიკური. ბიოლოგიურ გამოფიტვაში მონაწილეობენ როგორც უმარტივესი მიკროორგანიზმები, ისე ლიქენები, წყალმცენარეები და უმაღლეს საფეხურზე მდგომი მწვანე მცენარეები.
როგორი ხანგრძლივი და ღრმაც არ უნდა იყოს გამოფიტვა, მას არ შეუძლია შექმნას და დააგროვოს მცენარის არსებობისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები. ე. ი. მას არ შუძლია ქანი გარდაქმნას ნიადაგად. გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი ადვილად ხსნადი შენაერთები სწრაფად გამოირეცხებიან ქანიდან ატმოსფერული ნალექების შედეგად. გარდა ამისა ბიოლოგიურად ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიც აზოტია სრულებით არ შედის მაგმურ მთის ქანის შემცველობაში. ნაცროვანი და აზოტიანი საკვები ელემენტების ნიადაგწარმომქმნელ ქანის ზედა ჰორიზონტებში დაგროვება მწვანე მცენარეთა და მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობის შედეგად ხდება. ამიტომ სავსებით მართებულად მიაჩნიათ, რომ ნიადაგწარმოქმნის პროცესი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე მცენარეულობა და მიკროორგანიზმები დასახლდებიან, ამიერიდან დედაქანი ხდება ნიადაგად ანუ ბუნებრივ სხეულად, მისთვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებით-აყოფიერებით.
კლიმატი
კლიმატი ნიადაგწარმოქმნის პროცესებზე გავლენას ახდენს. კლიმატთან არის დაკავშირებული ნიადაგში ტენისა და სითბოს მიწოდება, ხოლო ისინი თავის მხრივ განსაზღვრავენ მცენარეულობის ხასიათს და ნიადაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების ინტენსივობას.
კლიმატი დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის ქიმიურ, ფიზიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე. სხვადასხვა კლიმატურ ზონებში ნიადაგწარმომქმნელი პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობენ, რაც იწვევს ამა თუ იმ ზონისათვის დამახასიათებელ ნიადაგების წარმოქმნას.
მცენარეულობა და ცოცხალი ორგანიზმები
მცენარეულობა და ცოცხალი ორგანიზმები ნიადაგწარმოქმნის განმსაზღვრელი ფაქტორია. მასთან დაკავშირებულია ნიადაგის ზედა ფენებში კვების ელემენტების დაგროვება, აგრეთვე ჰუმუსის-ნიადაგის ნაყოფიერების მთავარი წყაროს წარმოქმნა. მცენარეული მასის ნარჩენები მრავალი ნიადაგური მიკროორგანიზმის აუცილებელი საკვები მასალა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მცენარეები ფესვის გამონაყოფით აძლიერებენ ძნელად ხსნადი მინერალური ნივთიერებების შესათვისებელ მდგომარეობაში გადასვლას და ამით ხელს უწყობენ ადვილად ესათვისებელი ენაერთების წარმოქმნას.
ნიადაგწარმოქმნაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ცხოველურ ორგანიზმებსაც: უმარტივესებს, უხერხემლოებსა და მთხრელ ხერხემლიანებს. უხერხემლოებიდან ყველაზე მეტ გავლენას ახდენენ ჭიაყელები, რომლებიც თავიანთ ორგანიზმში 10 ტონამდე ნიადაგის მასას ატარებენ თითოეულ ჰექტარზე. ამიტომ ჭიაყელები ნიადაგის ნაყოფიერების ერთ-ერთი ბიოლოგიური მაჩვენებელია, ხერხემლიანი ცხოველები (თხუნელები, თრიები, ზაზუნები, მიწის კურდღლები, მემინდვრიები) თხრიან სოროებს, ურევენ ორგანულ ნივთიერებებს მინერალურში, შესამჩნევად ზრდიან ნიადაგის, წყლის და ჰაერის გამტარიანობას, რაც ხელს უწყობს მცენარეული ნარჩენების მინერალიზაციას.
რელიეფი
რელიეფი, როგორც ნიადაგწარმოქმნელი ფაქტორი, როგორც წესი განსაზღვრავს მზის რადიაციისა და ტენის შეღწევადობის ხასიათს. არჩევენ მაკრო და მიკრო რელიეფს. მაკრო რელიეფი ადგილის ვრცელი ტერიტორიის საერთო სახეს წარმოადგენს, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვერტიკალური რყევადობით. მიკრო რელიეფს. მაკრორელიეფი ადგილის ვრცელი ტერიტორიის საერთო სახეს წარმოადგენს, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვრცელი ტერიტორიის საერთო სახეს წარმოადგენს, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვერტიკალური რყევადობით. მაკრო რელიეფი კი მცირე ნაკვეთების ზედაპირის ფორმაა თავისი უსწორმასწორობითა და სიმაღლეთა ცვალებადობით.
რელიეფის ელემენტებიდან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიეფის ფორმებს, სიმაღლეს ზღვის დონიდან, დაქანებას და ექსპოზიციას. ფორმის მიხედვით ძირითადად განასხვავებენ ვაკე და მთიან რელიეფს. ვაკე რელიეფი შეიძლება იყოს ზედაპირულად სწორი, ან სუსტად დახრილი ტალღოვანი, მაგრამ მასზე ყოველთვის არის გამოსახული მიკრორელიეფი. მთიანი რელიეფის როლი ნიადაგწარმოქმნაში უფრო რთულია, რადგანაც რელიეფის ამ ფორმას ახასათებს სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობა ზღვის დონიდან, ქანობი, კონფიგურაცია და ექსპოზიცია, რის გამოც უფრო მკაფიოდ არის გამოსახული და მრავალმხრივია მთიანი რელიეფის გავლენა ნიადაგწარმოქმნის პროცესებზე.
ნიადაგის ხნოვანება
ნიადაგის ხნოვანება ნიადაგწარმოქმნის ბუნებრივად მიმდინარე პროცესი დროში ვლინდება. პერიოდს, ნიადაგის წარმოქმნის დაწყებიდან თანამედროვეობამდე, ნიადაგის ხნოვანება ეწოდება. გასაგებია, რომ მათი წარმოქმნა ზოგან ადრე დაიწყო, ზოგან გვიან. როგორც წესი, შავმიწები უფრო ხნოვანები არიან, ისინი გამყინვარების პერიოდიდან ვითარდებიან.
ადამიანის სამეურნეო საქმიანობის როლი ნიადაგწარმოქმნის პროცესში
მიწათმოქმედება წარმოიშვა უხსოვარი დროიდან, როცა ადამიანები მცენარეების შეგროვებიდან მათ გამრავლებაზე გადავიდნენ. ამ დროიდან ნიადაგი გახდა შრომის ობიექტი და წარმოების ძირითადი საშუალება.
ნიადაგზე ადამიანის საწარმოო ზემოქმედების გზები და საშუალებანი უაღრესად მრავალგვარია. ნიადაგის მელიორაცია, მექანიკური დამუშავება, განოყიერება, მინდორსაცავი ტყის ზოლების მოწყობა და სხვა ისეთი ღონისძიებებია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ნიადაგწარმომქმნელი პროცესები და ნიადაგის თვისებები. ნიადაგზე ადამიანის დადებითი მოქმედებასთან ერთად ზოგჯერ ადგილი აქვს უარყოფით გავლენას, რომელსაც ის ხშირად თავისდა უნებურად ან წინდაუხედაობით აკეთებს. მაგ. ტყეების გაჩეხვა, ტყეებში ხანძრის გაჩენა, ნიადაგების მოხვნა ფერდობის დაქანების მიმართულებით და სხვა, მთიან ადგილებში იწვევენ ეროზიული პროცესების განვითარებას., ნიადაგური საფარის ჩამორეცხვას, ჰიდროლოგიური რეჟიმის გაუარესებას, ვაკე ადგილების დაჭაობებას და სხვა.
ნიადაგი-სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საწარმოო საშუალება
ნიადაგი არის სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი და შეუცვლელი საშუალება, იგი ერთსა და იმავე დროს შრომის საგანიც არის და შრომის საშუალებაც. შრომის საგანია იმიტომ, რომ სასოფლო სამეურნეო კულტურების უკეთესი განვითარებისათვის და მაღალი მოსავლის მისაღებად ვაწარმოებთ ნიადაგის დამუშავებას, მელიორაციას, განოყიერებას და სხვა. ნიადაგი შრომის საშუალებაა იმიტომ, რომ მის გარეშე შეუძლებელია სოფლის მეურნეობა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება.
ნიადაგწარმოქმნის პროცესში, რომლის მიმართულება და სიჩქარე ბუნებრივად მიმდინარე პროცესების ზემოქმედებითა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობით განისაზღვრება, წარმოიქმნება და შემდგომ განვითარებას განიცდის. ნიადაგის უმნიშვნელოვანესი თვისება ნაყოფიერებაა, უზრუნველყოს მცენარის მოთხოვნილებები წყლით და საკვები ელემენტებით, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმები და სასოფლო-სამეურნეო
კულტურების მოსავალი. ნიადაგი რთული ბუნებრივი სხეულია, იგი წარმოების სხვა საშუალებებისგან იმით განსხვავდება, რომ გონივრული გამოყენების პირობებში ხდება მისი ნაყოფიერების გაუმჯობესება. ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიადაგს, როგორც ბუნებრივ სხეულს გააჩნია თავისი ისტორია, იგი ისახება და ვითარდება, მას აქვს თავისი წარსული, აწყო და მომავალი. მისი წარმოქმნა- რთული გზაა და დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ამის გამო ეკოლოგიური პირობების შესაბამისად დედამიწაზე გვაქვს ნიადაგის მრავალფეროვნება, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთელი რიგი თვისებებით.
ნიადაგი მოსავლის საფუძველია, საზოგადოების სიმდიდრის წყაროა. საჭიროა თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ მას, ყოველი ღონე ვიხმაროთ მისი ნაყოფიერების ამაღლებისათვის.
ნიადაგის ორგვარ ნაყოფიერებას არჩევენ:
1. ბუნებრივს, რომელიც წარმოიქმნება და ვითარდება ბუნებრივ ფაქტორთა ერთობლივი ზემოქმედებით ადამიანის მონაწილეობის გარეშე;
2. ეფექტურს, რომელიც იქმნება ადამიანის შრომით და დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ნიადაგზე ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების ხასიათით და, მეორე მხრივ, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონით. ეფექტური ნაყოფიერება განისაზღვრება მოსაყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის სიდიდით.
ნიადაგის ნაყოფიერება არის ნიადაგის არა მყარი, არამედ მუდმივად ცვალებადი თვისება
მისი გაუმჯობესება შესაძლებელია ნიადაგის დამუშავების წესების გაუმჯობესებით, სასუქების შეტანით, მიწათმოქმედების პროგრესული სისტემის დანერგვით და ურთიერთშორის დაკავშირებული სხვა ღონისძიებების გატარებით, შესაძლებელი გახდა ნიადაგის ნაყოფიერების მკვეთრი გადიდება და მის საფუძველზე მაღალი და მზარდი მოსავლის მიღება. მაღალი და მყარი მოსავლის მიღება შესაძლებელია იმ პირობით, თუ მცენარე განვითარების ტადიების შესაბამისად ერთდროულად და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ფაქტორით.
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორები,
ზაირა ტყებუჩავა,
ცოტნე სამადაშვილი,
გივი ცაგურიშვილი,
ალექსანდრე გათენაძე
ამავე თემაზე წაიკითხავთ:
„ნიადაგი და მისი ნაყოფიერება“
„ნიადაგი, სიმკვრივე, ფორიანობა, წყალგამტარობა, ნიადაგის ტიპები, საკვები ელემენტების შემცველობა“
„დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის გამოფიტვის და დეგრადაციის პროცესი“