ღვინო – უნიკალური მკურნალი
სამედიცინო სტატისტიკა ასეთ ფაქტს ადასტურებს: ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ.
ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიცაა, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან პრინციპული არამსმელები. ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობის ამ საინტერესო მეთოდებს დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვთ საქართველოშიც. ანდა რა არის გასაკვირი ვაზის ქვეყანაში! ღვინის სამკურნალო თვისებებზე, ენოთერაპიის ისტორიასა და ეფექტებზე გვესაუბრება საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო ექსპერიმენტული მარნის
დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით… ანალოგიური ცენტრები გაიხსნა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ენოთერაპიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგალითად, ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანელი სწავლული სიდენგამი ღვინოს, როგორც მინერალური ნივთიერებებით მასაზრდოებელ საშუალებას, დედათა და ბავშვთა სამკურნალოდ იყენებდა სისხლნაკლებობისას. ამ მიზნით იგი რაინის წითელ ღვინოებში 0,5-1 გ/ლ-მდე რკინის ფხვნილის დამატებას ურჩევდა. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო უსწორო კარაბადინში (X-XIსს.). სამწუხაროა, რომ ჩვენ, 3-4 ათასი წლით ადრე მქონენი ვაზის კულტურისა, მსოფლიო “ენოთერაპიულ ბუმს” მხარი ვერ ავუბით. 2003 წელს, როგორც იქნა, კუს ნაბიჯი გადაიდგა და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში შეიქმნა ენოთერაპიულ საკითხთა შემსწავლელი ჯგუფი. ჯგუფის ძირითადი მიზანია – ვაზის პროდუქტებიდან ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამკურნალო ღვინის მარკების შექმნა-აპრობაცია. ამ მხრივ გვაქვს საინტერესო ძვრები. მიგვაჩნია და გვჯერა, რომ ვაზის ჯვრით გაქრისტიანებულ ქვეყანას, კვლავაც ვაზ-ღვინომ უნდა შეუწყოს ხელი გაჯანსაღების გზაზე._ რით არის განპირობებული ღვინის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი?_ ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით… მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.
_ ღვინის შემადგენელი რომელი კომპონენტები განაპირობებენ მის ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ თვისებებს? “ანტიბიოტიკების თანამედროვე ბუმი” იქნებ ჩვენი მამაპაპური ღვინით დაგვემარცხებინა…
_ ღვინო საკმაოდ ფართო სპექტრის ბაქტერიციდული სითხეა. მისი მოქმედების არეალი ერთდროულად მოიცავს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს. მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები (და არა სპირტები, როგორც ადრე მიაჩნდათ) განაპირობებენ. 2-3-ჯერ განზავებული ღვინოც კი თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს. აღსანიშნავია ღვინის სადეზინფექციო-პროფილაქტიკური ეფექტიც – თუ დაბინძურებულ წყალს 50%-ით წითელი ღვინით განვაზავებთ, ის უკვე სასმელად ვარგისი ხდება. რაც შეეხება ანტივირუსულობას – ღვინის ამ მოქმედებას ტანინი განაპირობებს. ის ახდენს პროტეინული ბადის ბლოკირებას და ვირუსებს უჯრედებამდე აღარ ატარებს. ამიტომაცაა, რომ წითელი ღვინო თუნდაც განზავებული სპობს: პოლიმიელიტის, კოკსაკისა და ჰერპეს-ვირუსებს. ექიმთა დაკვირვებით ღვინისმსმელი და არამწეველი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, ვიდრე არამსმელები და არამწეველები. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ღვინო გარკვეულწილად გრიპის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.
წყარო: mkurnali.ge