აგროსიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი – ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების პლატფორმა

ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, თანამედროვე მეღვინეობა და ადგილობრივი მეწარმეობა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ერთმანეთს ერწყმის.

ფესტივალი, რომელმაც წლეულს დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა, ღვინის მწარმოებლებისთვის პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან ურთიერთობისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

841398960 1737656123965141 2202386503459748026 n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მეღვინეობის, სამეწარმეო, ეთნოგრაფიული და გასტრონომიული სივრცეები დაათვალიერა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან დიდი ინტერესია ამ ფესტივალის მიმართ. უამრავი ადამიანი ესწრება ღონისძიებებს, მათ შორის უცხოელებიც მრავლად არიან. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და მისი პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის საიუბილეო ღონისძიების მთავარი თემა — „თანამედროვე მემკვიდრეობა“ ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიასა და თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტ კავშირს ეხმიანებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, ფესტივალი წლების განმავლობაში ქართველი მევენახეების, მეღვინეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარდგენისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.

მინისტრის ინფორმაციით, წელს ღონისძიებაში 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა. ფესტივალი სხვადასხვა რეგიონის ღვინის მწარმოებლებსა და ადგილობრივ მეწარმეებს აერთიანებს, სტუმრებს კი ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მისი მნიშვნელობა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებით არ შემოიფარგლება. ფესტივალი მეღვინეებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ შეხვდნენ მომხმარებლებს, მიიღონ მათი შეფასებები, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და საკუთარი პროდუქციის ცნობადობა გაზარდონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მცირე მარნებისთვის, რომელთაც მსხვილ მწარმოებლებთან შედარებით, ხშირად ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ფართო აუდიტორიას საკუთარი პროდუქცია გააცნონ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, ღვინის თანამედროვე ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობაა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინოსა და მისი დაყენების ტრადიციულ მეთოდს, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი. ამასთანავე, ფესტივალი ხელს უწყობს ბოთლის ღვინის, როგორც კომერციული პროდუქტის, განვითარებას და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ცნობადობის ზრდას.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და სხვა სასმელები, გაცნობოდნენ ადგილობრივ პროდუქციასა და ტრადიციული რეწვის ნიმუშებს. პროგრამა მოიცავდა მეღვინეობისა და მეწარმეობის სივრცეებს, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს.

ამგვარი მრავალფეროვანი პროგრამა ფესტივალს ღვინის გამოფენის ფარგლებს სცილდება და მას კულტურის, გასტრონომიისა და ტურიზმის ერთიან სივრცედ აქცევს. უცხოელი სტუმრების დაინტერესება კი ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

ღვინის ტურიზმის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთისთვის, სადაც მევენახეობა და მეღვინეობა ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი ღონისძიებები სტუმრებს რეგიონში მოგზაურობის მოტივაციას უქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ღვინის მარნებისთვის, კვების ობიექტებისთვის, საოჯახო სასტუმროებისა და ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი ადგილობრივი ნაწარმი და ტრადიციული კულინარია კიდევ უფრო ფართოდ აცნობს სტუმრებს კახეთის კულტურასა და სამეწარმეო პოტენციალს. შესაბამისად, ღონისძიების ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ ღვინის გაყიდვით არ განისაზღვრება, მას შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონში მომსახურების ამ სფეროს  განვითარებასაც.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ათწლიანი ისტორია ადასტურებს, რომ ღონისძიება ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის, მეღვინეების წარმოჩენისა და ღვინის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, თუმცა მისი გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადაიზრდება ფესტივალზე გამოჩენილი ინტერესი რეალურ ეკონომიკურ შედეგებში.

მცირე მარნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებამ ერთჯერადი ცნობადობის ზრდაზე მეტი მოიტანოს, ხელი შეუწყოს გაყიდვების გაფართოებას, სავაჭრო პარტნიორების მოძიებასა და ახალი ბაზრების ათვისებას. ამისთვის საჭიროა მეწარმეთა შედეგების შეფასება, საქმიანი კონტაქტების შემდგომი განვითარება და ფესტივალის ღვინის ტურიზმის გრძელვადიან პროგრამებთან დაკავშირება.

ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული რესურსია. მისი ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნა კი მოითხოვს, რომ ტრადიციის პოპულარიზაციას თან ახლდეს მწარმოებლების პრაქტიკული მხარდაჭერა, ხარისხზე ორიენტირებული წარმოება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

შოთა მაჭარაშვილი