საკვები კულტურები _ სუდანის ბალახი (სუდანურა), ბიოლოგიური თავისებურებები, სარგებლიანობა, მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური ღონისძიებები
სუდანის ბალახი უხვმოსავლიანი მაღალი საკვები ღირებულების საკვები კულტრაა. სწორედ ამ თვისებებმა, გვალვაგამძლეობამ მსოფლიოში მის ჩქარ და საყოელთაოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.
სუდანის ბალახი დიდი ხანია გავრცელებულია საქართველოშიც და მას ქართველი ფერმერები აქტიურად იყენებენ.
სუდანის ბალახი უხვ მოსავალს იძლევა ტყესტეპისა და არაშავმიწანიადაგიან ზონაში. მას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნახევრად გვალვიან რაიონებში, 2-3-ჯერ განათიბი ჰექტარზე 60ტონაზე მეტ მასას შეადგენს, ხოლო სავეგეტაციო მორწყვის პირობებში – 80ტონას ჰექტარზე.
სუდანის ბალახი მოჰყავთ თივის დასამზადებლად და მწვანე საკვებად. მისგან დამზადებულ თივას და მწვანე მასას კარგად ჭამენ ცხოველები. მისგან ასევე მზადდება სილოსი და სენაჟი. სუდანის ბალახისგან დამზადებული თივა შეიცავს 16% პროტეინს და 44 საკვებ ერთეულს. ეს მცენარე გამოირჩევა ყუათიანობით და მოსავლიანობით პირველ ადგილს იკავებს ერთწლოვან მარცვლოვან ბალახებს შორის. ყუათიანობის გასაუმჯობესებლად სუდანის ბალახს თესავენ ნარევში ერთწლოვან პარკოსან მცენარეებთან ერთად. ნარევის კომპონენტად იყენებენ საშემოდგომო და საგაზაფხულო ცერცველას, სათეს ცულისპირას, სოიას, სათეს ბარდას, მინდვრის ბარდას და საკვებ ხანჭკოლას. მაგ: სუდანის ბალახის ნარევი საგაზაფხულო ცერცველასთან და საშემოდგომო ცერცველასთან იძლევა მაღალ მოსავალს, ხოლო მიღებული პროტეინების რაოდენობა თითქმის ორჯერ იზრდება წმინდად ნათესთან შედარებით. მარცვლის რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის ფაზაში ღერო 10-13% შაქარს შეიცავს, ამიტომ ამ პერიოდში მწვანე მასას ადრეული მაღალხარისხოვანი სილოსის მისაღებად იყენებენ.
ბიოლოგიური თავისებურებანი
სუდანის ბალახი სორგოს გვარს მიეკუთვნება, სორგოსებთა ოჯახს. მისი ბუჩქი 20-30 ღეროს ივითარებს. ღერო სწორმდგომია, კარგად შეფოთლილი, შეუძლია მიაღწიოს 2-3 მ სიმაღლეს. ერთ მცენარეს დაახლოებით 7-8 ფოთოლი აქვს, იგი გლუვი და გრძელი ფორმისაა.
მისი წონა მთელი მოსავლის 35-45%-ია. ყვავილედი გადაშლილი საგველას ფორმისაა, ნაყოფი – მარცვალი. ფესვთა სისტემა გრძელი, ფუნჯის მსგავსი ფესვებისაგან შედგება, რომელიც 2-2.5მ და მეტ სიღრმეს აღწევს. ძლიერ განვითარებული ფესვთა სისტემის გამო სუდანის ბალახი გამოირჩევა დიდი გვალვაგამძლეობით.
საჭირო ტემპერატურა
სუდანურა ზრდა-განვითარებისათვის ბევრ სითბოს საჭიროებს. თესლი ღივდება ნიადაგში არანაკლებ 8-10 გრადუსი ტემპერატურის დროს. ის კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას, მაგრამ სიცივისადმი მგრძნობიარეა და 3-4 გრადუსი ყინვის დროს აღმონაცენი შეიძლება დაღუპოს. ახლადამოსული სუდანის ბალახი ძალიან ნელა იზრდება და ზიანდება სარეველებისგან, განსაკუთრებით სითბოს უკმარისობისას. აღმონაცენის გამოჩენიდან 25 დღის შემდეგ კი მისი ზრდა სწრაფად მიმდინარეობს (დღე-ღამში 7-8სმ).
მოთხოვნილება ტენისადმი
სუდანის ბალახი კარგად რეაგირებს დატენიანებაზე, ორი მორწყვის შედეგად მწვანე მასის მოსავალი 1,5-ჯერ იზრდება. იგი ნებისმიერ ნიადაგზე კარგ მოსავალს იძლევა დაჭაობებული და მწირი ქვიშნარი ნიადაგების გარდა. იტანს ნიადაგის დამლაშებას, უხვი მოსავლის მიღება შესაძლებელია მცირეპროდუქტიულ სათიბებზე და ჭალის მიწებზე.
აგროტექნიკა
სუდანის ბალახისათვის კარგ წინამორბედად ითვლება მარცვლოვნები, სამარცვლე პარკოსნები და სათოხნი კულტურები. კარგ მოსავალს იძლევა საშემოდგომო კულტურებისა და ერთწლოვანთა ნარევების შემდეგ. სუდანის ბალახი ცუდი წინამორბედია სხვა კულტურებისათვის. მას ნიადაგიდან ბევრი აზოტი და სხვა საკვები ნივთიერებები გამოაქვს, ამიტომ მისი დათესვის წინ და მისი შემდგომი კულტურების ნიადაგქვეშ აუცილებელია სასუქების შეტანა.
მინდვრის თესლბრუნვაში მას ათავსებენ ანეულის ან სათოხნი კულტურის წინ, ხოლო საკვებ თესლბრუნვაში საგაზაფხულო ხორბლის ან სასილოსე მცენარეების შემდეგ.
ნიადაგის დამუშავებისას საჭიროა ნაწვერალის აჩეჩვა, არანაკლებ 20სმ სიღრმეზე მზრალად ხვნა, ადრე გაზაფხულზე დაფარცხვა და 1-2 კულტივაცია დაფარცხვით, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებზე დათესვის წინ – დატკეპნა.
განოყიერება
სუდანის ბალახი კარგად რეაგირებს ორგანულ სასუქებზე. სასუქი შეაქვთ სუდანურას ნათესის ქვეშ. 40 ტონა ნაკელის შეტანის შედეგად მოსავალი 30%-ით იზრდება. ეს ბალახი კარგად რეაგირებს ასევე მინერალურ, განსაკუთრებით აზოტიან და ფოსფორიან სასუქებზე, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე სასურველია მათი კალიუმიან სასუქებთან ერთდროული შეტანა. მინერალური სასუქები სუდანის ქვეშ შეაქვთ სუფთა წონით N50, P50, K50.
თესვა. დათესვის წინ სუდანურას ასუფთავებენ ბჟირი და მოუმწიფებელი თესლისაგან. მას თესავენ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე 10-12 გრადუსით არის გამთბარი. გაუმთბარ ნიადაგში თესლი დიდხანს არ ამოდის, მათი ნაწილი კი იღუპება და მიიღება მეჩხერი აღმონაცენი, რომელიც ხშირად საჭიროებს სარეველებისაგან გაწმენდას. სუდანის ბალახს ფეტვთან, სიმინდთან, სორგოსთან ერთდროულად თესავენ. ამ ბალახს მწვანე საკვებად და თესლად მთლიანი მწკრივად თესავენ, გვალვიან რაიონებში და დასარევლიანებულ ნიადაგებზე – ფართო მწკრივად, მწკრივებს შორისებში 45-60 სმ-ის დაცილებით.
თესვის ნორმა მთლიან მწკრივად თესვის დროს გვალვიან რაიონებში 10-15კგ-ია, ტენიან რაიონებში – 15-25კგ, ხოლო ფართო მწკრივად თესვის დროს 8-15კგ ჰა-ზე. თესლის ჩათესვის სიღრმე ტენიან და მძიმე ნიადაგებზე 3_5სმ-ია, მსუბუქ და მშრალ ნიადაგებზე კი 6-8სმ.
ნათესის მოვლა
სუდანის ბალახი სიცოცხლის დასაწყისში ნელა ვითარდება. აღმონაცენის გამოჩენამდე მიწის ქერქის წარმოქმნის შემთხვევაში მას მწკრივების გარდიგარდმო, ერთ კვალად დაფარცხვით შლიან. დაფარცხვა სასარგებლოა აღმოცენებამდეც, რადგანაც ამ შემთხვევაში აღმონაცენი სწრაფად ფესვიანდება, ნიადაგის აერაცია უმჯობესდება და ისპობა სარეველები.
აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ, მწკრივების გამოჩენისას, ნათესებში ფართომწკრივად, 8-9 სმ სიღრმეზე ატარებენ პირველ კულტივაციას, ხოლო 15-20 დღის შემდეგ _ მეორეს. უფრო უხვი მოსავლის მისაღებად შემდგომი გათიბვებიდან მიზანშეწონილია თითოეული გათიბვის შემდეგ რიგთაშორისების გაფხვიერება.
მოსავალის აღება
სუდანის ბალახი გასათიბად მწიფეა დათესვიდან 65-70 დღეს შემდეგ. ზაფხულში შესაძლებელია 2-3, ხოლო ზოგჯერ _ 4 გათიბვაც. სუდანის ბალახის აღება თივად უნდა მოხდეს საგველას ამოტანის დაწყების ფაზაში. უფრო დაგვიანებული გათიბვისას გასათიბი მასა უხეშდება და აქტივი ცუდად იზრდება. გათიბვის სიმაღლე არ უნდა იყოს 8 სმ-ზე დაბალი, რადგან იგი ნელა იზრდება და მეორე გათიბვის მოსავალი მცირდება.
სუდანის ბალახის სათესლედ აღება მთავარი ღეროს, საგველასი თესლის მომწიფებისას ხდება. სათესლე მასალას კომბაინით იღებენ, შემდეგ ახარისხებენ, ასუფთავებენ და ინახავენ მშრალ ადგილას. თესლის მოსავალი 1 ჰა-ზე 2ტ-ს შეადგენს.
„სილოსის და სასილოსე კულტურების წარმოების ტექნოლოგია“