აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ხვნის ვადები, სიღრმე და სიჩქარე

ხვნის წესი  გუთნის კონსტრუქციის შესაბამისად შეირჩევა. როგორც ვიცით, ჩვეულებრივი გუთანი ისეა მოწყობილი, რომ ბელტს აბრუნებს მარჯვნივ, რისთვისაც ხვნა წარმოებს კვალსაქცევებად. არსებობს აგრეთვე საბრუნი და ბალანსირებული გუთნები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ბელტის გადაბრუნება ხდება ერთი მიმართულებით _ მარჯვნივ, ხოლო გუთნის მობრუნების შემდეგ _ მარცხნივ. ასეთი გუთნები არ საჭიროებენ ნაკვეთის საქცევებად დაყოფას, ბელტი ყოველთვის ერთი მიმართულებით ლაგდება. ამის გამო მას მარტივ ან ცალმხრივ ხვნას უწოდებენ. მარტივ ან ცალმხრივ ხვნას მიზდევენ ფერდობების დამუშავების დროს, სადაც ხვნა  ფერდობის გარდი-გარდმო წარმოებს. მარტივ ან ცალმხრივ ხვნას დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე სარწყავ მიწათმოქმედებაში ასეთი ხვნისათვის ყველაზე შესაფერისია საშუალო წონის და სიმძლავრის შალგიანი ტრაქტორები, რომლებიც წინ და უკან მოძრაობენ და საჭირო არაა საქცევებში მათი შემობრუნება.

ხვნის წინ შემდეგი მოსამზადებელი სამუშაობები ტარდება:

1) მინდორი იწმინდება მცენარეული ნარჩენების და ქვებისაგან;

2) ბორცვები გადასწორდება, მიწით ივსება თხრილები და ორმოები;

3) წესრიგში მოჰყავთ გუთნები და აგრეგატები;

4) ადგენენ ხვნის მიმართულებას, ხვნის წესს, საქცევების სიგრძე-სიგანეს;

5) ახდენენ სასუქების გაშლას ნაკვეთზე;

6) მჟავე ნიადაგების მოკირიანებას და სხვ.

ჩვეულებრივი ხვნის დროს მოსახნავი ფართობი წინასწარ იყოფა კვალსაქცევებათ ანუ ერთი მეორის გასწვრივ მდებარე ნაკვეთებად.

ხვნა წარმოებს ნაღარად ან ნაზურგად, ამავე დროს ერთი კვლავსაქცევი თუ ნაღარად იხვნება, მეორე ნაზურგად, მომდევნო წელს კი, ნაკვეთის რელიეფის უსწორმასწორობის თავიდან აცილების მიზნით იხვნება შებრუნებით-ნაღარის ადგილას ნაზურგი შეიკვრება, ნაზურგი კი ნაღარად მოიხვნება.

ნაღარად დამუშავების დროს ხვნა იწყება ნაკვეთის მარჯვენა მხრიდან, მთელ სიგრძეზე გაიტანს რა გუთანი კვალს და ბელტს მარჯვნივ მიაწვენს, ნაკვეთის ბოლოს გუთანს აუგდებენ (სატრანპორტო მდგომარეობაში გადაიყვანენ), გადაინაცვლებენ მის მეორე მხარეს და ისევ მთელ სიგრძეზე გაავლებენ კვალს, ბოლოში გუთანს აუგდებენ და გადაინაცვლებენ პირველად გავლებულ კვალში. ასე გრძელდება მთელი საქცევის მოხვნამდე, რომლის შუაში მთელ სიგრძეზე, გუთნის ბოლო ორი ნაფთლეულის აქეთიქით მიწვენის გამო, რჩება ნაღარი, რის გამოც ასეთი წესით მოხნულს, ნაღარი ეწოდება.

აზურგად დამუშავების დროს კვალს ნაკვეთის შუა მთელ სიგრძეზე გაავლებენ, ბოლოში გუთანს აუგდებენ, იქვე შემოაბრუნებენ და მეორე კვალს პირველის გასწვრივ გაიტანენ, რომ ბელტი ბელტს მეორე მხრიდან გადაეფინოს. რადგანაც ამ ორი ბელტის ქვეშ ერთი გუთნის (კორპუსის) გატანის ველი მოუხნავი რჩება და აქეთ იქით ბელტი ბელტზე მიწვება, იქმნება ნაზურგი. ამის შენდეგ ხვნა გრძელდება, ხნული თანდათან ფართოვდება ვიდრე მთელი ნაკვეთი დამუშავდება.

 

ასეთი წესით მოხნულს ნაზურგი ეწოდება. მოსახნავი ფართობის კვალსაქცევებად დაყოფისთანავე აუცილებელია მათ თავსა და ბოლოში აგრეგატის მოსაბრუნებლად გამოიყოს ზოლი. ძველი გუთნისდედები ამ ზოლს, სართულას უწოდებდნენ. ნაკვეთის ამა თუ იმ წესით ხვნის დროს კვალს რომ ბოლომდე გაიტანენ და გუთანს აუგდებენ, ტრაქტორი გუთნიანად სართაულაზე მოტრიალდება ან გადაინაცვლებს ნაკვეთის მეორე მხარისკენ და განაგრძობს ხვნას. საჭიროა ზუსტად იქნეს დაცული, რომ კვლის გატანისას სართაულასთან მისვლისთანავე გუთანი ავუგდოთ და გადანაცვლების შემდეგ ახალი კვლის დაწყებისას გუთანი მოვკიდოთ სართაულას საზღვრიდანვე.

მოსახნავი ფართობის დამუშავება დამთავრებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა კვალსაქცევი გამოიხვნება და ბოლოს შემოიხვნება კვლავსაქცევების თავბოლოც. ნიადაგის კვალსაქცევებად დამუშავების ერთ-ერთ დადებით მხარეს კიდევ ის წარმოადგენს, რომ ნაკვეთი უხარვეზოდ მუშავდება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვაც ადვილია, მაგრამ მას გააჩნია ნაკლიც. მაგალითად, ნაღარად დამუშავებისას ნაკვეთის შუა გასწვრივ ხაზზე გაჩენილი ამოღარული ადგილი ხელს უწყობს წყლის ჩადგომას და თუ დახრილია ნიაღვრის გაჩენას. ნაზურგი კი პირიქით, ადვილად შრება და იგვალვება, თავს იჩენს სარეველა მცენარეულობა. გარდა ამისა, ასეთი უსწორმასწორობა, თავის მხრივ, მინდვრის კულტურების დამუშავებისას ხელს უშლის სათესების, კომბაინებისა და სხვა მანქანების ნორმალურ მუშაობას.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კვალსაქცევებად დამუშავების დროს ნაღარად და ნაზურგად ხვნისას დიდი დრო იხარჯება ტრაქტორის სართაულებზე უქმი სვლებისა და კვლიდან კვალში გადანაცვლების გამო. უნაყოფოდ იხარჯება ბევრი საწვავი. ეს დამოკიდებულია კვალსაქცევის სიდიდეზე, მის სიგრძესა და სიგანეზე. როგორც ცნობილია, კვალსაქცევის სიგრძე პრაქტიკულად იგივეა რა სიგრძეც მოსახნავ ნაკვეთს გააჩნია. მისი სიგანის დადგენა კი ხდება ტრაქტორის სიმძლავრისა და გუთნების კორპუსების რიცხვის მიხედვით. ვინაიდან ტრაქტორის უქმი სვლები და უნაყოფოდ დროისა და საწვავის ხარჯვა, კვალსაქცევის სიგანეს მიეწერება, მეტად საჭიროა ვიცოდეთ მისი სიდიდის ზუსტი განსაზღვრის მეთოდიც.

მოსახნავ ფართობზე ნაზურგებისა და ნაღარების რაოდენობის შემცირების მიზნით ისე, რომ ამით არ გადიდდეს კვალსაქცევების რიცხვი, დამუშავების ასეთ წესს მიმართავენ: კვალსაქცევის პირველი და მესამე ნაკვეთი მოიხვნება ნაზურგად, ხოლო მეორე და მეოთხე ნაღარად. ამ დროს კენტი ნაკვეთების ნაღარი იფარება ლუწი ნაკვეთების უკანასკნელი ნაფრთეულით და მათ შორის აღარ დარჩება არც ნაღარი და არც ნაზურგი. გარდა ამისა, ტრაქტორების მკვეთრი მობრუნების თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ე.წ.

ხვნის ვადები

მაღალხარისხოვანი ხნულის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ხვნის ვადას. ცნობილია, რომ მოხვნის შემდეგ ნიადაგი მალე შრება და იგვალვება. განსაკუთრებით ბევრ ტენს კარგავს ნიადაგი, როდესაც ზაფხულში იხვნება და მისი ზედაპირი უსწორმასწორო რჩება. ამ პერიოდში მოსული ნალექები ნიადაგის ტენის მარაგს ვერ ავსებს, ორთქლდება, რის გამოც ტენის რაოდენობა ნიადაგში შეიძლება მკვდარი მარაგის დონემდე დავიდეს. 

ნიადაგის მოხვნა უკეთესია შემოდგომით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა და შესაბასად ტენის აორთქლებაც კლებულობს. როგორც წესი, შემოდგომაზე მოხნული მინდორი არ იფარცხება და მისი ზედაპირი უსწორმასწორო რჩება, რაც ხელს უწყობს შემოდგომაზამთრის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექების ნიადაგში ჩასვლას და ტენის მარაგის შევსებას.

ამას გარდა, შემოდგომის ხნული ზამთრის განმავლობაში განიცდის ყინვების გავლენას, ბზარებში ჩამდგარი წყალი იყინება და ბელტი იშლება, ნიადაგი კარგად ფხვიერდება, ამის გამო შემოდგომის ხნულის, მზრალს უწოდებენ. მზრალზე ბევრი სარეველა მცენარე და მათი თესლი იღუპება, ისპობა მავნებელ დაავადებათა კერები. ისეთია მოხვნის ვადების მნიშვნელობა მძიმე ნიადაგების შემთხვევაში. რაც შეეხება ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებს, როგორც ზევითაც აღინიშნა, მათი მოხვნის ვადები ნაკლებადაა შეზღუდული, მაგრამ არც იქაა სასურველი ძალზე გამომშრალი ნიადაგის ხვნა.

ხვნის სიღრმე

ნიადაგის ხვნის სიღმეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგის ღრმა დამუშავებას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად ნიადაგის სახნავ შრეში საჭიროა საკვებ ნივთიერებათა და ტენის რაოდენობით არსებობა.

ნიადაგის ღრმა დამუშავება ზრდის მისი წყალგამტარობისა და ტენტევადობის უნარს, აუმჯობესებს ჰაერგამტარობას, რაც თავისი მხრივ გამოწვეულია მოხვნის შედეგად მისი ფორიანობის გადიდებით.

ნიადაგის მოხვნის სიღრმის განსაზღვრის დროს მხედველობაში მრავალი გარემოებაა  მისაღები:

ნიადაგის ტიპი;

კულტურული მცენარის თავისებურება;

კლიმატური პირობები და სხვ.

ნიადაგის მოხვნის ნორმალურ სიღრმედ 20-22სმ ითვლება; ამაზე ნაკლები სიღრმით ხვნას, ზერელე ხვნას უწოდებენ, მეტ სიღრმეზე კი – ღრმა ხვნას.

30-35სმ მოხვნა ითვლება ზღვრულ, ყველაზე უკეთეს და ეკონომიურად ხელსაყრელ სიღრმედ ნიადაგებზე, რომელთა ნეშომპალიანი ჰორიზონტი 30-35სმ სიღრმეს აღწევს. ამაზე მეტ სიღრმეზე ხვნას რაიოლური ხვნა ეწოდება.

ხვნის სიღრმე დამოკიდებულია კულტურული მცენარეების თავისებურებაზე:

მიწას მინდვრის მარცვლოვანი კულტურებისათვის ხნავენ 20-22სმ-ზე;

ტექნიკური კულტურებისათვის 25-30სმ-ზე.

ნიადაგის გამუდმებით ერთსა და იმავე სიღრმეზე დამუშავება მიზანშეუწონელია, რადგანაც ასეთი ხვნის შედეგად კვლის ძირზე სახნავ შრესა და მის ქვედა შრეს შორის იქმნება გამკვრივებული, ე.წ. „კვლის ტერფი“.

გამკვრივებული ფენა წყალსა და ჰაერს ცუდად ან სულ არ ატარებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე და მცენარის ზრდაგანვითარებაზე.

ხვნის სიჩქარე

ხნულის ხარისხის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუთნის კონსტრუქციას და ხვნის ოპტიმალურ სიჩქარეს, ცხადია, სხვადასხვა ნიადაგისთვის, ტენიანობის მიხედვით, სხვადასხვა იქნება დამუშავების ოპტიმალური სიჩქარე.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გაზრდილი სიჩქარით ხვნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კახეთის შავმიწა ნიადაგების დამუშავების ხარისხს. თუ სტანდარტული კორპუსის მქონე გუთნების მოძრაობის სიჩქარეს გავზრდით 6-7 კმ-სთ-მდე, ხოლო სპეციალური კორპუსების მქონე გუთნისას 9-10 კმ-მდე/სთ-ში, ნიადაგის ძლიერი გაფხვიერების შედეგად გაიზრდება მისი წვრილკოშტოვანი აგრეგატების რაოდენობა, ხნულის ზედაპირი უფრო სწორია, ნაკლებთხემიანი, ბელტების რაოდენობა კლებულობს, კვალი უფრო ფართოა და სუფთა.

თუ გუთანი წინმხვნელიანია, მაშინ უმჯობესდება ნარჩენების ჩახვნაც. ამიტომ, შემდგომ ასეთ ხნულზე უფრო მაღალი ხარისხით ტარდება კულტივაცია, აოშვა, გატკეპვნა და ფარცხვა.

ლ. ალფაიძე,  ე. მოთიაშვილი, ნ. ჭანკვეტაძე