დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრის ღვინო და ზედაშეს დაყენება

არქეოლოგიური წყაროების თანახმად, საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაუწყიათ და ამ ტრადიციას დღემდე ვინარჩუნებთ. მეტიც, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO)
2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და მთელ მსოფლიოს ამცინობს, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზებას.

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე, ძირითადად, პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5 მეტრს არ აღემატებოდა და ჰქონდათ ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი. ამჟამად ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებრი ფორმის ქვევრები.

ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. განსაკუთრებით დიდი ზომის ქვევრებით კახეთი გამოირჩევა, სადაც შესაძლოა 6-8 ათასი ლიტრის ტევადობის ქვევრების ნახვაც. ყველაზე გავრცელებულია 1-2-ტონიანი ქვევრები.

ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან ერთად დადუღებას, დაღვინებას და შემდგომ დავარგებას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისივე ჭაჭაზე როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.

ღვინის დაყენების ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, კახეთში ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, ღვინის დაყენების იმერული წესი კი გულისხმობს საწნახელიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილზე არა ჭაჭის მთლიანი რაოდენობის, არამედ მაქსიმუმ ერთი მესამედის დამატებას.

ღვინის თავისივე ჭაჭაზე დასაყოვნებელი პერიოდის განსასაზღვრად დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ჯიშს, ალკოჰოლური დუღილის ხანგრძლივობას, გარემო პირობებს და სხვ. საშუალოდ წითელი ღვინო ქვევრებში მხოლოდ ალკოჰოლური დუღილის პერიოდში ჩერდება, ეს შეიძლება იყოს 7-10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა.

თეთრი ყურძნის შემთხვევაში ღვინოს ჭაჭაზე გაზაფხულამდე ტოვებენ. ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ, ოქროსფერ ან ჩაისფერ შეფერილობას, გამჭვირვალეა და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური.

ქვევრისთვის საჭირო თიხა-კირქვას და მცირე რაოდენობით ძვირფას ლითონებს _ ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს შეიცავს.

კირი, რომელიც ღვინის მჟავასთან რეაქციაში შედის, ერთ მხრივ, ამაგრებს ქვევრის კედლებს, მეორე მხრივ, ბუნებრივი ანტისეპტიკის როლს ასრულებს, რაც მეღვინეობაში, სადაც 400-მდე სახის ბაქტერიაა ცნობილი, მეტად მნიშვნელოვანია.

ქვევრის დამზადებას საშუალოდ 3 თვე სჭირდება. ძირითადი დრო მის ამოშენებასა და გაშრობაზე მიდის. ქვევრების ამოშენების შემდეგ მათ საგანგებო ღუმელში ათავსებენ, სადაც გამოწვის ურთულესი ეტაპი იწყება.

AgfaPhoto

მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13°-15°-ს ინარჩუნებს. მასში ბუნებრივად და ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება. სანამ ღვინო დადუღდება, მას ხშირი დარევა დღეში 4-5-ჯერ სჭირდება.

დუღილის დასასრულს ყურძნის წიპწები, ჭაჭა და კლერტი დაძირვას იწყებს და ქვევრის ფსკერზე გროვდება. ტკბილის ზემოქმედებით წიპწას ლექი გადაეფარება, რის შედეგადაც წიპწა და ღვინო ერთმანეთისგან განცალკევდება.

საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონში _ კახეთში ქვევრები მარანშია ჩაფლული, დასავლეთ საქართველოში კი ღვინოს ჰერმეტულად (თიხით დაგადაგლესილ, დაგოზილ) დახურულ ჭურებში (ქვევრი) ღია ცის ქვეშ ინახავენ.

საქართველოში აგრეთვე არსებობს ქვევრის ღვინის გამორჩეული სახეობა _ მონასტრის, ე. წ. „ზედაშის“ ღვინო. ესაა წითელი ღვინო და გამოიყენებენ საეკლესიო რიტუალების დროს.

ზედაშის დაყენება ჩვეულებრივი ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიისგან არ განსხვავდება.

ძირითადი სხვავობა არის არა ღვინის ტექნოლოგია, არამედ შინაარსობრივი და დანიშნულებითი მხარე.

საზედაშე ღვინოს სჭირდება არა ფილტრაცია ან სხვა პრეპარატებით გაჯერება, არამედ ჭაჭიდან დროული მოხსნა და გადაღების სწორი დროის შერჩევა.

საქართველოში ქვევრის ღვინოს დღეს უკვე ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. ქვევრის ღვინის წარმოებით, საქართველოს გარდა, ბოლო დროს სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, და მათ შორის ისეთ ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, როგორიცა იტალია და საფრანგეთია.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“