ქართული ძროხის ჯიშები და მათი მოკლე დახასიათება
ქართული ძროხის ჯიშები ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ ჩვ.წ.აღრიცხვამდე მე– IV საუკუნეში აღწერილი ძროხის უშუალო შთამომავალია, რომელიც მიუხედავად პატარა ტანისა ბევრ რძეს იძლეოდა.
ქართული მთის ძროხა კავკასიის ენდემია, მასში განასხვავებენ ფშავ-ხევსურულ,ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს, მათ შორის ყველაზე მერძეულია ფშავ-ხევსურული ჯილაგი.
მსოფლიოში ცნობილი 17 ჯუჯა ტანის ძროხის ჯიშებიდან ქართული მთის ძროხა ცოცხალი მასით მხოლოდ ორს აღემატება. ზრდასრული ფურის ცოცხალი წონა 180 – 230 კილოგრამია, კუროს წონა _ 280 – 300 კილოგრამი.
ახალშობილი ხბო 11 – 15 კილოგრამს იწონის.
ქართული მთის ძროხა ფერით არაერთგვაროვანია, იყენებს მაღალმთიან, ციცაბო ფერდობების საძოვრებს, მწირი კვებისას წელიწადში 900 კილოგრამს იწველის და რძის ცხიმიანობა ხშირად 4,2 % აჭარბებს.
გაუმჯობესებული კვებისას წლიური მონაწველი 2500 კილოგრამს აჭარბებს, არის ცალკეული შემთხვევები აღრიცხულია ინდივიდები რომელთა წლიური მონაწველი 4000 და 3200 კილოგრამია, 4,96-5,65% რძის ცხიმიანობით.
ქართული მთის წითელი ჯიშის საქონელი კარგი სუქების უნარით გამოირჩევა. ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური წონამატი 650გრ შეადგენს. საკლავის გამოსავლიანობა _51,2%-ს.
მეგრული წითელი ჯიშის საქონელი გამოყვანილია ადგილობრივი პატარატანიანი ძროხის ხალასად მოშენების, მკაცრი გადარჩევისა და შერჩევის გზით. ამ ჯიშის ცხოველები კარგად ეგუებიან მთის ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრებს. იოლად იტანენ მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენახვას და შორ მანძილზე გადარეკვას. შენახვის პირობებმა და სასელექციო მუშაობამ ხელი შეუწყო მაგარი კონსტიტუციის ჩამოყალიბებას. ზამთარში ისინი მადიანად შეექცევიან კოლხეთის დაჭაობებული საძოვრების უხეშ ბალახნარს „ხაიას“ რასაც სხვა კულტურული ძროხის ჯიშები არ ჭამენ.
ცხოველების სხეული პროპორციული აგებულებისაა, წითელი ფერის, კონსტიტუციურად მერძეული ტიპისკენ იხრებიან, მათ კარგი სამუშაო თვისებები, ღონე და სისწრაფე გააჩნიათ. კვლევები დადასტურდა მეგრული წითელი ჯიშის ხარების გაწევის უნარიანობა და იგი ცოცხალი მასის 57 % შეადგენს, მაშინ როცა შვიცის ჯიშის ხარების ანალოგიური მაჩვენებელი 46%-ია.
მეგრული წითელი ჯიშის ფურების ცოცხალი წონა 270 – 280 კგ-ია (მაქსიმალური 358 კგ) კუროების _350-420კგ. ახალშობილებისა _15-17კგ.
საძოვრული კვებისას ფურის მონაწველი 1400 – 1900კგ შეადგენს,რძის ცხიმიანობა 4,3 %– 4,4 %.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში I და III ლაქტაციის ფურები 1800 – 2400 კგ. რძეს იწველებოდნენ. მათ შესაბამისად იალაღობისას 1 კგ. კომბინირებულ საკვების დამატებისას 305 დღეში მონაწველმა 3017 კგ. შეადგინა _ 4,33% ცხიმით.
უმაღლესი მონაწველია 4315კგ–ი რძე 4,28% ცხიმით.
მეგრული წითელი ჯიშის მოზარდი ხასიათდება კარგი ზრდის უნარით. ინტენსიური კვებისას 18 თვის ასაკში მოზვრების წონა 290 კგ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავლიანობა _53%-ს.
როგორც ვხედავთ მსოფლიოში და საქართველოშიც თითქმის ყველა ჯიშის გამოყვანას ახდენენ ადგილობრივი ჯიშების შერჩევა–გადარჩევისა და შეჯვარებით, ამიტომ ძალიან ადვილია ჩვენში არსებული ადგილობრივი ჯიშების კარგი კვების და მოვლა – პატრონობის გაუმჯობესებით, თან მაღალპროდუქტიული ჯიშის ბუღა მწარმოებლით თუ ხელოვნური განაყოფიერებით შესაძლებელია 2-3 სოფელში მცხოვრებ ადამიანს, მცირე მეურნეს წელიწადში 3000 კგ. რძის მომცემი ძროხა ჰყავდეს, ეს კი ის რაოდენობაა (საშუალოდ 10 კგ დღეში 300 დღიანი ლაქტაციის პერიოდში), რაც საკმარისია ოჯახისათვის საკმარისი და უმრავლეს შემთხვევაში ბაზარზე გასატანი რძისა და ხორცის გარკვეული რაოდენობა აწარმოოს.
წყარო: agrosc.ge