აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავია, ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნება.
აღდგომა — უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით : „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.
მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.
აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.
სააღდგომო სუფრა
როგორც ვთქვით, ამ დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სანელებლებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.
სააღდგომო ტრადიციები
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომა სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. ამ ტრადიციათაგან ბევრი დღემდეა შემორჩენილი.
მაგალითად, ყაზბეგში, სოფელ სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სამშობლოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა და აუცილებლად სოფლის მცხოვრებთა ყველა ეზოში შევიდოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა „ქრისტე აღდგა!“ რასაც ახალგაზრდები ჩვეული ქრისტიანული წესით ერთდროულად პასუხობდნენ — „ჭეშმარიტად!“ მოსულთ ოჯახის წევრებიც გამოეგებებოდნენ პასუხით „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!“ ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისს შესაწირი გამოჰქონდა — წინასწარ შეღებილი სააღდგომო კვერცხი, რომელსაც ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ და ხმამაღლა იძახდნენ, ვის სახელზეც იდებოდა კვერცხი. პირველ შესაწირს მოხევეები ოჯახიდან შორს მყოფთათვის და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები, უფროსის მიერ დადგენილი რიგის მიხედვით, მონაცვლეობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველად გატყდებოდა. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილით საერთო საზეიმო ტრაპეზი იმართებოდა, ფული კი აუცილებლად სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.
წყარო: sputnik-georgia.com