ლოკოკინებთან ბრძოლის ბიოლოგიური ხერხები და მეთოდები
ლოქორები და ლოკოკინები – ბაღის დიდი მავნებლები, თითქმის ყველა მცენარეს აზიანებენ.
ცხელ და მშრალ ამინდში ისინი ბაღის მოფარებულ ადგილებში იმალებიან, სადაც შედარებით ბნელა, გრილა და ნესტია. ღამღამობით კი, როგორც კი აგრილდება, გაჩნდება ცვარი და განსაკუთრებით წვიმიან დღეებში გამოდიან ბაღში ანადგურებენ ახალგაზრდა მცენარეების ყლორტებს, ფოთლებს და ნაყოფს. ისინი ჭამენ ყველაფერს: ფოთლებს, ყვავილებს, ბალახს, მწიფე ნაყოფს და დეკორატიულ მცენარეებს.
ძირითადად ჯვარდებიან წვიმიან ამინდში, თუმცა წვიმის გარეშეც ახერხებენ განაყოფიერება, ერთი შეჯვარებისას მათ 500-მდე შთამომავლის მოცემა შეუძლია.
უდავოა, რომ ლოქორები და ლოკოკინები ბაღის მტრები არიან, თუმცა ეკოსისტემაში ფაუნის ყოველი წევრი თავის განუმეორებელ როლს ასრულებს და ეს როლი ყოველთვის მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი არ არის.
ასე რომ ლოქორები და ლოკოკინები ბაღში მნიშვნელოვან სანიტარულ ფუნქციასაც ასრულებენ, მკვდარ ან დაზიანებულ მცენარეთა გადამუშავებით. ამიტომ მებაღეები გვირჩევენ მათთან ბრძოლის დროს მსუბუქი საშუალებების გამოყენებას.
პირველ რიგში საწინააღმდეგო ზომები მიმართული უნდა იყოს მცენარის გაძლიერებისკენ და დაუცველ მცენარეებთან ლოკოკინებისთვის მისასვლელი გზის შეზღუდვისკენ.
ახლა კი მათგან თავდაცვის რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ:
1) ბაღის ჰიგიენის შენარჩუნება: ლოკოკინები, სუფთა და მშრალ პირობებში ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, ამიტომ მათთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი ხერხი, ბაღის რეგულარული დასუფთავებაა.
ეს განსაკუთრებით ეფექტიანი და საჭიროა შემოდგომაზე. ბაღი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს, მოშორდეს ფოთლები და მცენარეთა ნარჩენები მთლიანად, სადაც ლოკოკინები ზამთარში კომფორტულად იზამთრებენ.
2) უნდა შევძლოთ ფაუნის სხვა წარმომადგენლების: გომბეშოების, ბაყაყების, ზღარბების, პატარა ხვლიკების და ჩიტების „მოპატიჟება“, ისინი სიამოვნებით მიირთმევენ ლოკოკინებს. ბაღში ზოოპარკის მოწყობას არ გირჩევთ, მაგრამ თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ არსებას თქვენს ბაღში შეამჩნიეთ, მათ გაგდებას ან მოკვლას არ გირჩევთ.
3) აგროტექნიკა: მიწის კარგად დამუშავება, პირველ რიგში სარეველების მოშორება. ტექნიკა, რომელიც აუმჯობესებს მიწის ნაყოფიერებას და ნიადაგის სტრუქტურას.
4) ცხელი წყალი: ლოკოკინები ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას. ცხელ მზიან დღეებში, როდესაც მოზრდილ მცენარეებს შორის არაა შიშველი ნიადაგი, გამძლე მცენარეები შეიძლება მორწყათ ცხელი წყლით. ლოკოკინები იღუპებიან 40°-მდე გაცხელებული წყლით დამუშავებისას.
მაგალითად, კომბოსტოს ფოთლები შეიძლება მოირწყას საკმაოდ ცხელი წყლით (60° C). ლოკოკინები კვდებიან ეგრევე, როგორც კი მათ შეეხება ეს ცხელი შხაპი, ამასთან კომბოსტო არანაირად არ დაზიანდება. დამუშავება უნდა დაიწყოთ შებინდებისას, როდესაც მავნებლები გამოცოცხლდებიან.
5) ხაფანგი:
A) ყველაზე ადამიანური ხერხი არის მათი დაჭერა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ლოკოკინა დაიჭიროთ, საღამოთი ბაღში ქაოსურად უნდა მოათავსოთ რაც შეიძლება მეტი სველი, ნოტიო ნივთი. იდეალურად შეეფერება ტომრები, ფანერისა და ქაღალდის ნაჭრები, სველი დაფები, ასევე კომბოსტოს ფოთლებიც. დილით უკვე შესაძლებელი იქნება მდიდარი „მოსავლის” აღება.
B) ლოკოკინებს ძალიან უყვართ ლუდი. (ხილის წვენიც) სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ლოკოკინებისთვის საყვარელ მცენარესთან ახლოს მიწაში ჩავფლათ ნახევრად სავსე ჭიქა ან ქილა მიწის დონეზე, ისე რომ ლოკოკინებს შეეძლოთ შიგნით ჩასვლა. დილით ჭურჭელში აუცილებლად იპოვნით რამდენიმე ათეულ მავნებელს. დილაობით რეგულარულად შეამოწმეთ და გაასუფთავეთ ჭურჭელი.
6) ბასრი ბარიერი: ლოკოკინის სხეული ძალიან რბილი და მგრძნობიარეა, ამიტომ რეკომენდირებულია დაიცვათ მცენარე 5-6 სანტიმეტრი სიმაღლის ბასრი ბარიერით. ამ მიზნისთვის შეიძლება გამოგადგეთ სხვადასხვა სახის საგნები და მასალები: რკინის ნაგლეჯი, კვერცხის ან კაკლის ნაჭუჭი, გრანიტის ნამსხვრევები, მარილი, სუპერფოსპატი…
7) კოფეინი: მეცნიერების თქმით კოფეინის 1-2%-იანი ხსნარი უფრო ძლიერ მავნებელსაც კი კლავს (მაგრამ ზოგიერთი მცენარის ფოთლები უფერულდება). 0.1%-იანი ყავის ხსნარი მავნებლებს აბნევს, უჩქარებს გულისცემას, სავარაუდოდ უნადგურებს ნერვულ სისტემას და აფრთხობს პლანტაციიდან.
იმისთვის რომ გააკეთოთ 0.1 %-იანი ხსნარი საჭიროა 1 ფინჯან წყალში გახსნათ ორმაგი დოზა ხსნადი ყავა. მაგ ხსნარით ირწყვება ნიადაგი ან მცენარის ფოთლები.
8) მცენარეების შერჩევა: მიუხედავად იმისა რომ ლოკოკინები ჭამენ ყველაფერს, ისინი ვერ იტანენ არომატულ მცენარეებს (მაგრამ არა ყველას). პირველ რიგში ნიორს, შემდეგ: ლავანდას, ქონდარს, სანტოლინა, როზმარინს, დაფნას, რეჰანს.
დარგეთ ჩამოთვლილი მცენარეები იმ ხესთან რომელსაც ლოკოკინები აწუხებენ და მას აღარ გაეკარებიან. ასევე – ნივრის, მწარე წიწაკის და მდოგვის ნაყენი ცნობილი სახალხო რეცეპტია ლკოკინებთან და ლოქორებთან საბრძოლველად.
9) ელექტროკონტროლი: სპილენძთან კონტაქტი ლოკოკინებში მცირე ელექტრო შოკს იწვევს, ამიტომ ისინი არ მოისურვებენ გადალახონ სპილენძის ბარიერი. იყიდეთ სპილენძის წებოვანი ლენტი, სპილენძის ფირფიტები.
ბაზარზე ასევე იყიდება სპეციალური ელემენტებით აღჭურვილი დისკები, რომელიც ლოკოკინებს, მათი გადაკვეთის საშუალებას არ ძლევს.