საძოვრის ექსპლოატაცია და საზაფხულო-საბანაკო (საძოვრული) შენახვა
საძოვრის მთელი ტერიტორია იყოფა უბნებად, რომელზედაც მაგრდება გარკვეული ნახირი ან ფარა. სასურველია ბანაკთან ახლო მდებარე ნაკვეთები გამოიყოფა 5-6 თვის ასაკის მოზარდებისათვის, მაწოვარა და მაკეობის მეორე ნახევარში მყოფი დედებისათვის, მაღალპროდუქტიული ფურებისათვის. უბანი თავის რიგად, ნაკვეთებად იყოფა.
გაძოვება მათზე განსაზღვრული მორიგეობით და თანმიმდევრობით ხდება და უკვე გაძოვნილ ნაკვეთში დაბრუნება ბალახის აღმოცენებამდე არ შეიძლება. თითოეული ნაკვეთის გაძოვება შეიძლება 3-5 ჯერ (დამოკიდებულია რაიონზე და ბალახის აღმოცენების ინტენსივობაზე). ნაკვეთმორიგეობითი ძოვება თავისუფალ უწესრიგო გაძოვებასთან შედარებით უფრო ეფექტურია, ვინაიდან ზრდის საძოვრის პროდუქტიულობას 25-30 %-ით. საერთოდ ტერიტორიის დაყოფა ნაკვეთებად დამოკიდებულია ამა თუ იმ რაიონის კლიმატურ პირობებზე.
ნაკვეთმორიგეობით ძოვებას თავისი უპირატესობა აქვს ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისითაც. ამ დროს ავადმყოფი ცხოველების გამონაყოფები, თუ ასეთები საერთოდ ნახირში აღმოჩნდნენ, გროვდებიან განსაზღვრულ ნაკვეთზე და, მაშასადამე, ინფექცია და ინვაზია აღარ გავრცელდება მთელი საძოვრის ფართობზე. აუცილებლობის დროს, დაავადებული ნაკვეთი შეიძლება ამოღებული იქნას საძოვრიდან და იზოლაცია გაუკეთდეს მას ისე, რომ არ დაირღვეს საძოვრის ბრუნვის მსვლელობა. მზის სხივები, ქარი, გაშრობა და სხვა იმოქმედებენ სენმოდებულ ნაკვეთზე მყოფ მავნე აგენტებზე, რაც, ზოგ შემთხვევაში, სრულიად საკმარისია მათი მთლიანი მოსპობისათვის.
ნაკვეთმორიგეობითი სისტემა ძვირფასი საშუალებაა პარაზიტულ ჭიებთან ბრძოლის საქმეში. ავადმყოფი ცხოველების განავალში გამოყოფილი ჭიის მურები 5-6 დღის შემდეგ იძენენ ინვაზიურობას და შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში ცხოველების დაინვაზირება. ამრიგად, დაავადების ასაცდენად ცხოველები უნდა მოვაცილოთ დასნებოვნებულ ტერიტორიას არა უგვიანეს 5-6 დღეში და უკან დავაბრუნოთ არა უადრეს 1 წლისა.
ნაკვეთმორიგეობითი ძოვება საძოვრის ტკიპებისაგან გაწმენდისა და ძროხის პიროპლაზმოზებით Dდაავადების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. თუ სოფელს ტკიპებისაგან თავისუფალი ტერიტორია არა აქვს, მაშინ სასურველია მთელი ტერიტორიის ორ ნაკვეთად დაყოფა. პირველ წელს საქონელი ძოვს ერთ ნაკვეთზე, მეორე ნაკვეთი იზოლირებულია. 7 თვის განმავლობაში ტკიპები მისიურად იღუპებიან შიმშილისაგან. მეორე წელს, საძოვრული პერიოდის პირველ ნახევარში საქონელი იმყოფება მხოლოდ მეორე (ტკიპებისაგან გაწმენდილ) ნაკვეთზე. მესამე წელს საქონელი ძოვს მთელ ტერიტორიაზე.
ფურებისათვის ძოვების რეჟიმი ყალიბდება პირობებისდა მიხედვით დღეღამის საათების სწორად განაწილებით. ძროხა ბალახს ჭამს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ამიტომ მათთვის ძოვების უკეთეს დროდ უნდა ჩაითვალოს დილისა და საღამოს საათები. შუდღის საათები, განსაკუთრებით სიცხესა და პაპანაქებაში, როდესაც ყველაზე მეტად დაფრინავენ ბუზანკალები, სისხლის მწოვარა ბუზები და მწერები, გამოყენებული უნდა იყოს დასასვენებლად. თუ ძლიერმა სიცხეებმა შეამცირეს ძოვების დრო, მაშინ უნდა შემოვიღოთ ღამის ძოვება.
ძროხების და ცხვრების ძოვებისას მწყემსი წინ უნდა მიუძღვოდეს გაშლილად მიმავალ ჯოგს, აწესრიგებდეს მის წინსვლას და თანდათან გადაყავდეს გაუძოვებელ ნაკვეთზე. თავისუფალი ძოვება ეფექტურია. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის გამოყენებული უნდა იქნას საძოვარი ოდნავ ნესტიანი, ხშირი ნორჩი ბალახეულით დაფარული. ოდნავ სინესტე მათ ჩლიქებზე ისე არ მოქმედებს, როგორც ძლიერი სიცხე.
ძალზე საპასუხისმგებლოა ძოვება ზამთრის პერიოდში, როდესაც იყენებენ არა მარტო დაუფარავ, არამედ თოვლით დაფარულ საძოვრის მასივებსაც. უკანასკნელ შემთხვევაში ცხოველები იძულებული არიან მოიპოვონ (მოქექონ) თოვლის ქვეშ გასული წლის ბალახი. საკვების მოპოვების ასეთი უნარი აქვთ ცხენებს, ცხვრებს, უპირატესად აბორიგენულ ჯიშებს და მათი დაბალი გენერაციის ნაჯვარებს (ჰიბრიდებს).
კულტურული ჯიშები და მათი ნაჯვარები ცუდად იტანენ ზამთრის საძოვრული შენახვის მკაცრ პირობებს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რაიონში დაშვებულია ასეთი საძოვრების გამოყენება ნაზმატყლიანი ცხვრებისათვის. ძროხის საძოვრად სამხრეთ რაიონებში იყენებენ თოვლით დაუფარავ საძოვრებს. ზამთრის საძოვრებზე მომთაბარეობისათვის შერჩეულ უნდა იქნეს ისეთი ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ აიტანონ იქ არსებული კლიმატური პირობები. ამ მიზნით უვარგისია ხნიერი, ავადმყოფი, ცუდად გამოკვებილი და ჯანდაგი, სუსტი კონსტიტუციის, ჩლიქების ავადმყოფობით დაავადებული და აგრეთვე ინფექციურ დაავადებაზე არაკეთილსაიმედო მეურნეობებიდან გამოსული ცხოველები.
შერჩეული ცხოველები ექვემდებარებიან ვეტერინარულ-სანიტარულ და პროფილაქტიკურ დამუშავებას. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე უნდა მოდიოდეს მინიმალური- 0,5 და მაქსიმალური – 2,5 ჰექტარი საძოვარი.
საზაფხულო-საბანაკო (საძოვრული) შენახვა
სამხრეთ საქართველოში ხშირად იყენებენ საზაფხულო-საბანაკო (საძოვრულ) შენახვას. საზაფხულო-საბანაკო შენახვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ბანაკის მოწყობაა. ბანაკებისთვის გამოყოფილი ადგილი მაღლობი უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს წვიმის წყლების გვერდებზე ჩადინებას.
ბანაკი უნდა იყოს ტრანსპორტისათვის ადვილად მისადგომი; აუცილებელია კარგი ხარისხისა და დიდი რაოდენობით სასმელი წყლის არსებობა ბანაკში. აგებული უნდა იქნეს სხვადასხვა ნაგებობანი, რომელიც დაეხმარება მომვლელ პერსონალს და საჭირო სამეურნეო პროცესებს. მათ მიეკუთვნება ღია და დახურული ნაგებობები, ფარდული წველისა და კვებისათვის, სახბორე,საწყობი კონცენტრული საკვებისა და ინვენტარისათვის. მომსახურე პერსონალის შენობები, ნაკელსაცავი.
ბანაკში აგებული შენობა სასურველია იყოს მარტივი, ადვილად იშლებოდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდეს მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა.
ძროხისათვის საზაფხულო ბანაკებში აშენებენ ღია შესარეკ ფარდულს დახურულს სამი მხრიდან, რომლის მიზანია დაიცვას ცხოველები უამინდობისაგან, მზისაგან და მწერებისაგან.
ფარდულებში კეთდება სადგომები და უბრალო საკვებურები. იატაკი სასურველია იყოს ხის, მაგრამ დასაშვებია აგრეთვე იყოს დატკეპნილიც. მშენებლობისთვის სასურველია ადგილობრივი იაფი საშენი მასალის გამოყენება.
საძოვრები მომთაბარეობის პირობებში დიდ მანძილზეა დაშორებული დასახლებული პუნქტებისაგან, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადასარეკ გზებს და გადარეკვის ტექნიკის ორგანიზაციას. საქონლის გადარეკვა სწარმოებს დადგენილ ტრასაზე, რომელიც კეთილსაიმედო უნდა იყოს ვეტერინარული თვალსაზრისით. მოძრაობა ტრასაზე გარკვეული გრაფიკით ხდება, ვეტერინარი ექიმების თანხლებით.
გადასარეკ ტრასას წინასწარ ამოწმებენ, წესრიგში მოყავთ, აწყობენ გასაჩერებელ ადგილებს ცხოველებისათვის და შენობებს მომვლელი და გამცილებელი პერსონალისათვის; ასეთი ადგილები ეწყობა ერთი დღის გადარეკვის სიშორეზე; ეწყობა აგრეთვე ცხოველების გამოსაკვები და დასაწყურვებელი ადგილები: ვეტერინარულსანიტარული პუნქტები და საკარანტინო მოედნები.
გადასარეკი ტრასა უნდა გადიოდეს ისეთ ადგილებში, სადაც ცხოველების გადარეკვის პროცესში ექნებათ საკვების მიღების (ძოვების) საშუალება. გადარეკვა ადგილმდებარეობის, რელიეფისა და კლიმატური პირობების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 8-12 კმ-ს. დღეში, რა დროსაც ცხოველებს ეძლევათ შესვენება. 2-3 საათს. ტრასაზე მოძრაობის შემდეგ 1-1,5 სააათი, ერთი დღე-ღამის გადარეკვის შემდეგ 10-12 საათი და 15 დღის გადარეკვის შემდეგ 2-3 დღე.
გადარეკვისას ცხვარი უნდა დავაწყურვოთ დღეში ერთხელ; მსხვილი რქოსანი პირუტყვი და ცხენი 2-3 ჯერ. გზაში დასუსტებული ცხოველები დამატებით უნდა გამოვკვებოთ ან კონცენტრატებით, ან სხვა საკვებით.
ცხოველთა თავშესაფარის პარალელურად საჭიროა გაკეთდეს იზოლატორი, საკარანტინო პუნქტი, გასაბანებელი აბაზანა. სავარგულები ნაწილდება ცხოველის სახის შესაბამისად: ცხვრებისათვის გამოიყენება ავშნიანი და მლაშობი საძოვრები, ცხენებისათვის და ძროხისათვის მარცვლოვნებით მდიდარი საძოვრები.
საძოვრული შენახვის უარყოფითი მხარეები
საძოვრული შენახვის უარყოფით მხარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ: მავნე, შხამიანი და აგრეთვე სოკოებით დაავადებული მცენარეების შეჭმის შესაძლებლობა, დაბალ, ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებში ჭიებით დაავადების საშიშროება; ტკიპებით, ბუზებით, კოღოებით, ბუზანკალებით შეწუხება, რაც ხშირად დაკავშირებულია ცხოველების დაავადებებთან; ტრამვული დაზიანების შესაძლებლობანი და ა.შ. ყველა ეს უარყოფითი მხარე ადვილად ასაცილებელია და ამიტომ მათი მნიშვნელობა არც ისე დიდია, რომ შეეძლოთ საძოვრებზე ცხოველთა შენახვის შეზღუდვა.
საძოვრის ტერიტორიის ვეტერინარულ-სანიტარული მომზადება
საძოვრის ტერიტორიის ვეტერინარულ-სანიტარული მომზადებისას ყველა ნაკვეთი, სადაც მოხდა ცხოველთა დასნეულება ჯილეხით (ციმბირული წყლულით), უნდა შემოიფარგლოს და გამოითიშოს საძოვრად გამოყენებისათვის. მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს საძოვრის ტერიტორიის ის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული იყო ემფიზემატოზური კარბუნკულით და სხვა მწვავე ინფექციით ცხოველთა დაავადების შემთხვევები.
ამ საძოვრებზე ცხოველთა შეშვება შეიძლება მხოლოდ შესატყვისი აცრების ჩატარების შემდეგ. დაბლობი და დაჭაობებული მიწები, რომლებიც დაინვაზებულია ჰელმინთებით, უნდა შემოისაზღვროს და საძოვრად გამოყენებული არ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი თვე.
სისხლპარაზიტული დაავადებების და მათი გადამტანი ტკიპების გავრცელების ადგილები უნდა გამოითიშოს საბალახო ტერიტორიიდან.
წესრიგში უნდა იქნას მოყვანილი ცხოველთა ძველი და ახალი სამარხები. ისინი იზოლირებულნი უნდა იყვნენ სხვა ტერიტორიებიდან.
ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობა