ხეხილის მეწლეობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
მსხმოიარობის პირველ წლებში ხეხილის მოსავლიანობა აღმავლობას განიცდის და პერიოდულობა არ შეინიშნება. ეს გრძელდება სრულმსხმოიარობის ფაზაში შესვლამდე. შემდგომ ზრდის ენერგია სუსტდება, სანაყოფე კვირტების ზრდის ინტენსივობა კლებულობს ან პერიოდული ხდება. ასეთ წელგამოშვებით მოსავლიანობას, მეწლეობა ეწოდება.
მეწლეობით, პირველ რიგში თესლოვნები გამოირჩევა, განსაკუთრებით კი ვაშლი და მსხალი. იმის მიხედვით, თუ როგორი გამოვლინება აქვს, განასხავებენ: რეგულარულ, ნახტომისებრ და ქრონიკულ მეწლეობას.
რეგულარულია მეწლეობა, როდესაც ხე ერთ წელს ისხამს, ხოლო შემდეგ წელს ძლიერ მცირეს ან სულ არ მსხმოიარობს. ნახტომისებურია, როდესაც ხეხილი რამდენიმე წელს მიყოლებით ისხამს, შემდეგ კი ერთ ან ორ წელს არ მსხმოიარობს. ქრონიკული ეწოდება მეწლეობას, როდესაც ხეხილი რამდენიმე წელი ზედიზედ მიყოლებით არ მსხმოიარობს, შემდეგ კი ერთი ან ორი წელი იწყებს მსხმოიარობას. უფრო ხშირია, როცა მსხალი ან ვაშლი წელგამოშვებით მსხმოიარობენ. ზოგჯერ ხის ერთი ნაწილი ერთ წელს მსხმოიარობს, ხოლო მეორე მომდევნო წელს.
მეწლეობის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, მათ პირობითად აერთიანებენ შინაგან და გარეგან ფაქტორთა სხვადასხვა ჯგუფში. მათ შორის ძირითადია: ბიოლოგიური ჯიშური, ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური, კლიმატური და აგროტექნიკური. დადგენილია, რომ საუკეთესო პირობებში მყოფი ხეხილი თითქმის ყოველწლიურად მსხმოიარობს.
მეწლეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ხეხილის ისეთი ბიოლოგიური თავისებურება, როგორიცაა ყვავილობის ჭარბი რაოდენობით ჩასახვის თვისება. ამ დროს ხე ვერ ახერხებს ერთდროულად ნაყოფის, გაზრდას, გამოკვებას და მომავალი წლის სანაყოფე კვირტების ჩასახვას, რაც განაპირობებს მეწლეობას.
ზომიერი ყვავილობა ყოველწლიური მსხმოიარობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. კვების რეჟიმის მოწესრიგება არის მთავარი ფაქტორი ყოველწლიური მოსავლიანობისა. პირველ რიგში, აზოტიანი სასუქების გონუვრული გამოყენება, რაც გულისხმობს აზოტის მთელი დოზის შეტანას დანასკვების შემდეგ. ასევე მიმართავენ ყვავილების დარეგულირებას, აწარმოებენ სპეციალურ-მათესტიზირებელი ხსნარების შესხურებას.
მაგალითად, კურკოვნები:ატამი, გარგარი, ალუბალი და სხვა, მეწლეობისაკენ მიდრეკილებას ნაკლებად ამჟღავნებენ. ისინი საყვავილე კვირტებს ერთწლიან ყლორტებზე ივითარებენ.
მეწლეობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგ. კურკოვნები ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ, მაშინ როდესაც ხშირად ტემპერატურა ორ გრადუსამდე ეცემა. ასე რომ, კლიმატური პირობებიც გავლენას ახდენს მეწლეობაზე.
მეწლეობას საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად განაპირობებს აგროღონისძიებათა სისტემის ხასიათი და მათი ჩატარების დონე. ამდენად, ხეხილის ბაღის ყოველწლიური მსხმოიარობის მთავარ მომწესრიგებელ საშუალებას მაღალი აგროტექნიკა წარმოადგენს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ზონის ბუნებრივ პირობებს, ჯიშურ თავისებურებებს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი