მთიანი რეგიონების განვითარების მსოფლიო გამოცდილება (ჩამოსაყალიბებელია „ალპური კონვენციის“ კავკასიური ვარიანტი)
თანამედროვე რეგიონული პოლიტიკის საერთო ეროვნული განვითარების პროგრამებისთვის მთის რეგიონების პრობლემატიკის გამოყოფა ზოგადი მახასიათებელია.
მთიანეთის პრობლემატიკა ყოველთვის იყო სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთ-ერთი სფერო. ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა მართვის ცენტრი, სამთავრობო თუ საწარმოო სტურქტურები, როგორც წესი, ბარში იყო განთავსებული და, ამდენად, მთიანი რეგიონები ტერიტორიული და ფუნქციური თვალსაზრისით პერიფერიის კატეგორიას განეკუთვნებოდა. აქ, ბართან შედარებით, გვიან შემოდიოდა თანამედროვე ცივილიზაცია, ინოვაციები – რელიგიური თუ სხვა რეფორმები, თანამედროვე ტექნოლოგიები. ამდენად, ბარისა და მთის ურთიერთობა ყოველთვის ყოველთვის აქტუალური იყო ყველა სირთულით, წინააღმდეგობითა და არც თუ ისე იშვიათი დაპირისპირებებით (მცირერიცხოვან გამონაკლისთა რიგს, ალბათ, მხოლოდ შვეიცარია შეიძლება მივაკუთვნოთ).
ასეა თუ ისე, ყველა ქვეყნის, ე.წ. სტრუქტურულ პოლიტიკაში მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ან ამგვარი ადგილი უნდა ეკავოს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. ამიტომაც არის ჩვენთვის საინტერესო მთიანი რეგიონებისადმი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიდგომები.
მთიანი რეგიონები ყველგან ეკონომიკურად დეპრესიულ ზონებს განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებით გამოკვეთილია სოციალური ჩავარდნები. ამ პრობლემების გააზრებისა და მოწესრიგების ამოცანა ვრცლად წარმოჩინდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპისთვის შემუშვებულ ამერიკულ მარშალის გეგმაში.
შვეიცარიის გამოცდილება
გასაგები მიზეზების გამო, შვეიცარია ის ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად და წარმატებით ხორციელდება მთიანეთის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა. თავდაპირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა გამოიხატებოდა მთიანეთის ფერმერებისა და მეტყევეებისათვის სუბსიდიების გამოყოფისა და ინფრასტრუქტურული პროექტების სახით. 1954 წლიდან, გარკვეულ ზღვარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მთიანეთის სახლთმფლობელობები (გლეხური, ფერმერული კომლი) ღებულობენ სახელმწიფოსაგან დოტაციას, აგრეთვე სხვადასხვა სახის გაშუალებულ სუბსიდიებს (პენსიები გლეხებისათვის, ბავშვთა ინტერნატების შენახვა და ა.შ.).
შვეიცარია შემდგომაც აგრძელებდა ლიდერობას მთიანეთის განვითარების სფეროში. აქ ძალისხმევა წარიმართა შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
-
- სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა;
- სატრანსპორტო პოლიტიკა;
- შერჩევითი, მისამართიანი ფინანსირება;
- საგადასახადო შეღავათები.
მაგრამ ყველა ამ ღონისძიებას ლოკალური ხასიათი ჰქონდა. ამიტომაც სპეციალისტებს დაევალა მთიანეთის განვითრების ფედერალური კონცეფციის შემუშავება.
1971 წელს ფედერალურმა საბჭომ მოისმინა კონცეფციის ავტორთა მოხსენება, ხოლო 1974 წელს მიღებულ იქნა ფედერალური კანონი მთის რეგიონების საინვესტიციო ხელშეწყობის შესახებ.
ამ კანონის საფუძველზე შემუშავებულია შვეიცარიის 50 რეგიონის (თემის) საერთოეკონომიკური განვითარების კონცეფციები. ამ პროგრამების დაფინანსების 21% მოდის წყალმომარაგება-კანალიზაციასა და ნარჩენების უტილიზაციაზე; 20,8% – საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, 17,2% – დასვენებასა და სპორტთან დაკავშირებულ პროექტებზე.
1975 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფდა შეღავათიან სესხებს მცირე პროექტებისათვის; სესხები ორიენტირებული იყო მთიანეთის თემების განვითარებაზე. ამგვარი სესხების მიღების პირობას წარმოადგენდა მთიანეთის თემების თვითორგანიზება, ე.წ. განვითარების რეგიონებად და კონსენსუსის მიღწევა განვითარების პრიორიტეტების თაობაზე. სესხებს გასცემდა შვეიცარიის საინვესტიციო ფონდი (IHG).
1983 წლისთვის 1225 თემისაგან (მუნიციპალიტეტისაგან) შემდგარი 54 განვითარების რეგიონი რეგისტრირებული იყო ფედერალური მთავრობის მიერ. IHG აგრეთვე გასცემდა მცირე ინსტიტუციურ გრანტებს სამუშაო ორგანოების – სამდივნოების შესაქმნელად. განვითარების რეგიონების პირველ ამოცანას წარმოადგენდა განვითარების კომპლექსური გეგმის შემუშავება. ეს გეგმა განსაზღვრავდა კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს, რომელიც დასაფინანსებლად წარედგინებოდა IHG-ს.
1991 წელს IHG-ს მიერ 3078 განვითარების პროექტი დაფინანსდა. მთიანეთისა და ბარის ინფრასტრუქტურებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. შედეგად, გამყარდა ქვეყნის მთიანეთის განსახლების სისტემა, 1970-1990 წლებში მთიანეთის მოსახლეობამ 10%-ით მოიმატა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ამგვარი პოლიტიკის შედეგად თვითმმართველობის ცნობიერების ღრმა ტრადიციების განმტკიცება. შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, 1993 წელს შეიქმნა განვითარების რეგიონების სამდივნოების ორგანიზაცია.
ჰოლანდიის ინიციატივა
1970 წლებიდან მთიანი რეგიონების პრობლემატიკა საკადრის ადგილს პოულობს ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის საქმიანობაში. საინტერესოა, რომ ამ პოლიტიკის ამოსავალ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპის ყველაზე ვაკე ქვეყნის – ჰოლანდიის ინიციატივა; ამ ინიციატივაში ჩამოყალიბებული იყო მთიანეთის ფერმერების ფართე ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებში. მეორე წელსვე (1974) იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი რეგიონების ფერმერებმა დაიწყეს სუბსიდიების მიღება ევროპული აგრარული ფონდიდან.
გერმანიის გამოცდილება
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიუნჰენის ალპურმა ინსტიტუტმა შეიმუშავა ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც ძირითადად ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგსა და წინმსწრები ღონისძიებების დაგეგმვას გულისხმობდა. ამ კვლევებმა მოიცვა 1100 მ² ინსბრუკიდან (ავსტრია) ვიდრე პენცბერგამდე (ბავარია) და შეადგინა ერთ-ერთი რეგიონი, დასავლეთ ევროპის მთიანეთის 9 მოდელური რეგიონიდან.
თანდათანობით მთიანეთის თემატიკის დაწინაურების პროცესში, გლეხური მეურნეობების შენარჩუნების პრობლემამ ადგილი დაუთმო კულტურული ლანდშაფტის დაცვის პრობლემას და აგრარული პოლიტიკის სფეროდან რეგიონული (რაიონული) დაგეგმარების, ურბანისტიკის, განსახლების სფეროში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო წარმოების სექტორს, აქ ეკონომიკური პოლიტიკა მუდმივი დახვეწის პროცესშია. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის გაუმართლებელი ინტენსიფიკაციის აღკვეთის მიზნით, განვითარებულ ქვეყნებში სუბსიდიას დაექვემდებარა არა პროდუქცია, არამედ მიწის კონკრეტული ნაკვეთები.
იაპონიის გამოცდილება
მაღალტექნოლოგიური წარმოების მსოფლიო ლიდერის როლთან ერთად, იაპონია გამოირჩევა მთიანი რეგიონების მიმართ გონივრული, მიზანდასახული და შედეგიანი პოლიტიკით.
1965 წელს მთიანეთის დეპოპულაციის პრობლემით შეწუხებულმა მთავრობამ მთიანეთის განვითარების აქტი დაამტკიცა. ამ ნორმატიული აქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო მთიანეთსა და ბარს შორის არსებითი სოციალურ-ეკონომიკური განსხვავების ხაზგასმა.
ამ აქტის მიზნებს შორის გამოსაყოფია:
- მთიანეთის სოფლებს შორის, აგრეთვე მთიანეთისა და ბარს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება – საგზაო-სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
- მთიანეთის მიწის, ტყისა და წყლის რესურსების ეფექტური ექსპლუატაცია – გზების მშენებლობის, ელექტროენერგიის გამომუშავების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მელიორირების უზრუნველყოფით;
- ადგილობრივი წარმოების განვითარება და შრომითი დასაქმების გაუმჯობესება ისეთი ღონისძიებების გზით, როგორიცაა სატყეო და ფერმერული მეურნეობის თანამედროვე მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, არასასოფლო-სამეურნეო და ხის პირველადი გადამუშავების წარმოებების შექმნა, ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი, უნიკალური, ბუნებრივი პროდუქციის ბაზრის კულტივირება;
- ბუნებრივი რისკების კონტროლი და პრევენცია (ნიადაგის ეროზია, მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები) ტყეების დაცვისა და საინჟინრო ნაგებობების მეშვეობით;
- სოციალური ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის გაუმჯობესება – სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, კულტურული ცენტრების და სხვა ობიექტების მშენებლობა.
ამგვარი ინტეგრირებული მიდგომა ხორციელდებოდა სექტორული პროგრამების მეშვეობით. კანონის მოთხოვნების თანახმად, იაპონიის 12-მა სამინისტრომ თუ სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა და დანერგა მთიანეთის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, სპეციფიკური პოლიტიკა და პროგრამები.
მთიანეთის მდგრადობის იდეოლოგია ასევე აისახა იაპონიის სხვა საკანონმდებლო აქტებში; ისეთებში, როგორიცაა: ბუნების დაცვის კანონი, კანონი ნაციონალური პარკების შესახებ, ტყის კანონი, კანონი კულტურული საკუთრებისა და დაცვის შესახებ. აღიარებულია, რომ მთიანეთის დაცვის საქმეში გადამწყვეტია პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებათა მჭიდროდ კოორდინირებული საქმიანობა.
კანადის გამოცდილება
კანადის დასავლეთით ალბერტას პროვინციაში მდებარე კლდოვანი მთების (Rocky Mountains) ტერიტორიის უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს და იმართება სახელმწიფო სააგენტოების მიერ.
რამდენიმე ათწლეულის წინ ალბერტას პროვინციის მთავრობამ რესურსების ინტეგრირებული მართვის (IRMS) სტრატეგია დაამტკიცა, კლდოვანი მთების აღმოსავლეთის კალთების მდგრადი განვითარების მიზნით. ეს ზონა მოიცავს 90 000 მ² მთებსა და ტყიან მთისძირებს. განვითარებულია სატყეო მეურნეობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტურიზმი, რეკრეაცია; აქვეა მრავალი მდინარის სათავე.
იმის გამო, რომ ტერიტორია იმართება საზოგადოებრივი სექტორის მიერ, პრიორიტეტულია სწორედ საზოგადოებრივი ინტერესები და მიზნები. ამ მიზნების მისაღწევად IRMS-მა ჩამოაყალიბა ინტეგრირებული რესურსების გეგმები (IRMS).
ამ გეგმების ძირითადი მიმართულებაა მოწყვლადი ტერიტორიების გამოვლენა, დელიმიტაცია და მათი გამორიცხვა სამრეწველო თუ კომერციული საქმიანობებისაგან. IRMS-ის შემუშავების პროცედურა წარმოადგენს ერთგვარ ფორუმს დაინტერესებული მხარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის თვალსაზრისით.
IRMS გადაიქცა კანადის სხვა პროვინციაში რეგიონული დაგეგმვის მოდელად; იგი მიმართული იყო:
- მთიანეთის პრობლემატიკის რეგიონული ხედვის განსამტკიცებლად – შესაბამისი მიზნებისა და ინდიკატორების ჩათვლით;
- რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენისაკენ.
სტრატეგიის შემუშავებისას გამოყენებული იყო სიმულაციური მოდელირება ეკონომიკური და ეკოლოგიური კუმულატიური შედეგების გამოსავლენად, განვითარების სხვადასხვა სცენარის მიხედვით.
1999 წელს მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტი – ალბერტას ვალდებულებები მდგრად რესურსებსა და გარემოსდაცვით მენეჯმენტში. წინა დოკუმენტთან შედარებით, ეს აქტი აფართოებს მდგრადი განვითარების ფილოსოფიას როგორც შინაარსობრივ-ფუნქციური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.
2000 წელს ალბერტას პროვინციის მთავრობამ წამოიწყო ახალი პროექტი – ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთების მდგრადი რესურსებისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტრატეგია; სტრატეგია ფარავს 40 000 მ2 ტერიტორიას და წარმოადგენს პროტოტიპს ანალოგიური სტრატეგიებისათვის მთელს კანადაში.
რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის (1992 წ.) შემდეგ განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე, მრავალი ქვეყნის გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შემდეგ რეკომენდაციებს უწევენ ნაციონალურ მთავრობებს მთიანეთის მდგრადი განვითარების მიზნით:
- მთიანეთის აღიარება ნაციონალური განვითარების მნიშვნელოვან და სპეციფიკურ კომპონენტად;
- მთიანეთის მდგრადი განვითარების გათვალისწინება პოლიტიკურ დღის წესრიგში;
- კომპენსაციის სისტემის დანერგვა მთიანეთის მხრიდან ბარის ზონისთვის მიწოდებული რესურსებისა და მომსახურეობისათვის;
- მთიანეთის ეკონომიკური ცხოვრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა;
- სოციალური და საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- სექტორული პოლიტიკის ადაპტირება მთიანეთის სპეციფიკურ ინტერესებთან;
- ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება ინოვაციების შემოსატანად;
- ცვლილებები ადგილობრივი კულტურული თავისებურებების დაკარგვის გარეშე;
- მთიანეთის ეკოსისტემების კონსერვაცია და ადრეული გაფრთხილების ფუნქციის შენარჩუნება;
- მთიანეთის მდგრადი განვითარების ინსტიტუციონალიზაცია;
- განსახლების სისტემებისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების (სქემების) წინმსწრები შემუშავება.
ამასთან ერთად, აღიარებულია, რომ არ არსებობს მთიანეთის მდგრადი განვითარების უნივერსალური, ერთიანი თარგი; ყველა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს თავისი საკუთარი პოლიტიკა მთიანეთის მიმართ.
ალპების დაცვის კონვენცია (ალპების კონვენცია) (1991)
დოკუმენტი წარმოადგენს ევროპის 6 მთიანი ქვეყნის მიერ მიღებულ თანამშრომლობის პრინციპებსა და პროგრამას, რომლის შექმნის ინიციატორები შვეიცარია და ავსტრია იყვნენ. მართალია, საქართველო არ არის და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერც იქნება ალპების კონვენციის მონაწილე, მაგრამ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა სცილდება ალპების რეგიონის ფარგლებს; იგი დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე საზოგადოებრივი ცნობიერების და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ორიენტაციას მთიანი რეგიონების მიმართ, რამაც შემდგომ სხვა ანალოგიური დოკუმენტების შექმნაც განაპირობა.
კონვენცია გამოყოფს მონაწილეთა თანამშრომლობის 12 სფეროს:
- მოსახლეობა და კულტურა. მიზანია, პატივი მიეგოს, შენარჩუნდეს და ხელი შეეწყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-კულტურულ დამოუკიდებლობას; უზრუნველყოფილ იქნეს მათი საცხოვრებელი სტანდარტები, კერძოდ კი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დასახლებების მდებარეობა, აგრეთვე მათი ეკონომიკური განვითარება და სტიმული მიეცეს მთიანი რეგიონებისა და ბარის მოსახლეობას შორის თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას.
- რაიონული დაგეგმარება. მიზანია, მიწის ეკონომიკური და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა, მთელი რეგიონის მყარი და ჰარმონიული განვითარება; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს სტიქიური რისკების ფაქტორს, რესურსების ამოქმედებასა და თავი აერიდოს ზედმეტ ანთროპოგენულ დატვირთვებს; აგრეთვე განხორციელდეს ბუნებრივი საცხოვრისის კონსერვაცია და რეაბილიტაცია; მიწათსარგებლობის მოთხოვნების წინდახედული ინტეგრალური დაგეგმარებისა და ქმედებათა კოორდინაცია.
- ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება. მიზანია, ყველანაირად შემცირდეს მავნე ნივთიერებების ჰაერში გაბნევა, აღმოფხვრილ იქნას ჰაერის დაბინძურების პრობლემა მთიან რეგიონებში. ასევე შემცირებულ იქნას მავნე ნივთიერებების შემოჭრა რეგიონის ფარგლებს გარედან და დაყვანილ იქნას იმ დონემდე, რომელიც საშიში არ იქნება ადმიანების, ცხოველებისა და მცენარეთა სამყაროსათვის.
- ნიადაგის შენარჩუნება. მიზანია, შემცირებულ იქნეს ნიადაგის რაოდენობრივი და ხარისხობრივი დაზიანება, რაც შესაძლებელი იქნება სოფლისა და სატყეო მეურნეობის ისეთი მეთოდების დამკვიდრებით, რომლებიც ზიანს არ მოუტანს ნიადაგს; ეს კი თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს ნიადაგზე მინიმალური ზემოქმედებით. საჭიროა მიწის ეროზიაზე კონტროლის დაწესება.
- წყლის რესურსების მართვა. მიზანია, შევინარჩუნოთ ან აღვადგინოთ წყლის ჯანმრთელი სისტემა, რაც შესაძლებელია ტბებისა და მდინარეების დაბინძურებისაგან დაცვის მეშვეობით. კერძოდ, ბუნებრივი ჰიდრავლიკური საინჟინრო ტექნიკისა და წყლის ენერგიის გამოყენებით, რაც შედის როგორც ადგილობრივი თემის, ასევე გარემოს დაცვის ინტერესებში.
- ბუნებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა. მიზანია, ბუნებრივი გარემოსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა-შენარჩუნება, ხოლო, სადაც საჭიროება მოითხოვს, მათი აღდგენა ისე, რომ ამუშავებულ იქნეს შესაბამისი ეკოსისტემა. შენარჩუნებულ იქნეს ცხოველთა და მცენარეთა ჯიშები. ამგვარად, ბუნებრივ გარემოს მიეცემა შემდგომი რეგენერაციის საშუალება, ამით კი იგი მთლიანად შეინარჩუნებს თავის მრავალსახეობას, განუმეორებლობას და სილამაზეს.
- სოფლის მეურნეობა. მიზანია, საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად შემუშავებულ იქნეს ტრადიციულად დამუშავებადი მიწის მენეჯმენტი. შენარჩუნებულ იქნეს, ხელი შეეწყოს და განვითარდეს სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც მისაღები იქნებოდა ადგილობრივი თემის თვალსაზრისითაც.
- სატყეო მეურნეობა. მიზანია, გაძლიერებულ და აღდგენილ იქნეს ტყეთა როლი, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მათი დამცავი მნიშვნელობა, რაც თავის მხრივ შესაძლებელი იქნება ტყეთა წინააღმდეგობრივი უნარიანობის გაუმჯობესებით, ეს კი მოხდება ბუნებრივი სატყეო ტექნოლოგიების დამკვიდრებითა და ნებისმიერი იმ საქმიანობის თავიდან აცილებით, რომელიც საზიანო იქნებოდა ალპური ზონის ტყეებისათვის.
- ტურიზმი და დასვენება. მიზანია, გარემოს დაზიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედებათა აღკვეთით ხელი შეეწყოს ტურიზმისა და დასვენების სფეროს, გამოიყოს წყნარი ზონები.
- ტრანსპორტი. მიზანია, ალპურ და ტრანსალპურ ზონებში სატრანსპორტო მოძრაობების შემცირება და დაყვანა იმ დონეზე, რომელიც საზიანო არ იქნებოდა ადამიანების, ცხოველების და მცენარეთა სამყაროსათვის. ეს კი თავის მხრივ შესაძლებელია სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი სატვირთო გადაზიდვების დატვირთვის რკინიგზაზე გადატანით.
- ენერგია. მიზანია, დამკვიდრდეს ელექტროენერგიის გამომუშავების, განაწილებისა და გამოყენების ის მეთოდები, რომელიც შეინარჩუნებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და ამასთან მისაღები იქნებოდა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.
- ნარჩენების მართვა. მიზანია, ჩამოყალიბდეს ნაგვის შეგროვების, შემდგომი უტილიზაციისა და ნაგავსაყრელებისათვის განკუთვნილი ტერიტორიების გამოყოფის სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ალპური ზონის სპეციფიკურ ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ და კლიმატურ მოთხოვნებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაგვის მოცილებას.
კარპატების დაცვისა და მდგრადი განვითარების ჩარჩო-კონვეცია (კიევი 2003 წ.)
ეს კონვენცია ქრონოლოგიურად უახლესია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების სერიას შორის, რომელთა მიზანს წარმოადგენს ევროპის მთიანეთის სიტემის დაცვა და მდგრადი განვითარება. მისი მნიშვნელობა იმითაც მტკიცდება, რომ ამ კონვენციის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგა კავკასიისთვის ანალოგიური დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა (თუმცა, ორჯერ დაწყებული, ნამდვილად აუცილებელი, საქმე, ორჯერვე შეჩერდა!).
ძნელია იმის თქმა, რომ კარპატების კონვენცია შინაარსობრივად წინ გადადგმული ნაბიჯია ალპების კონვენციასთან შედარებით – ამას თუნდაც მისი ჩარჩო ხასიათი ადასტურებს. როგორც ჩანს, ამგვარი მიდგომა განპირობებული იყო კარპატების ქვეყნების ნაკლები ეკონომიკური პოტენციალით ალპების ქვეყნებთან შედარებით, რაც არარეალისტურს გახდიდა კონვენციის უფრო ღრმად დამუშავებას. ამასთან ერთად, არ შეიძლება იმის უგულვებელყოფა, რომ კარპატების კონვენცია მაინც ახალ საფეხურზე აიყვანს მთიანეთის ამ ეკოსისტემისადმი საზოგადოებრივ, სამთავრობო და სახელმწიფოთაშორის ინტერესებს. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს კონვენცია სატრანსპორტო და საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრსტრუქტურის დაგეგმვისას.
ამიტომ სასურველია, ჩამოაყალიბეთ „ალპური კონვენციის“ კავკასიური ვარიანტი.
წყარო: mastsavlebeli.ge