ხორბალი ფრინველთა კვებაში
მეფრინველეობის პროდუქციის წარმოების ზრდას მოსახლეობის ცილოვან საკვებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია ფრინველის ნორმირებული კვების სისტემის სრულყოფის გარეშე. კომბინირებული საკვები, რომელსაც ფრინველის კვებაში წამყვანი როლი აქვს, 60-75%-ით მარცვლოვნების ნარევისაგან შედგება. ნარევის ძირითად კომპონენტს ხშირად ხორბალი წარმოადგენს. ზოგჯერ მისი წილი მარცვლოვნების საერთო მოცულობაში 60%-საც აღწევს, მაშინ როდესაც ქერის – 29%-ს, სიმინდის – 5%-ს, შვრიისა და პარკოსნების კი 3-3%-ს. გარდა ამისა, კომბინირებულ საკვებში არაერთგზის შეაქვთ ხორბლის ქატოც, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს 0-7%-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, ფრინველის საკვებად იყენებენ ე.წ. საფურაჟე ხორბალს. ის არ პასუხობს ადამიანის საკვებად განკუთვნილი ხორბლის სტანდარტებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი შეიძლება გაფუჭებული იყოს.
საინტერესოა, რა განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება ხორბალი და რამდენად გამართებულია მისი გამოყენება ფრინველის კვებაში ესოდენ დიდი ოდენობით.
ხორბალი მდიდარია ცილებით, სახამებლით, BB ჯგუფის და E ვიტამინით, შეუცვლელი ამინომჟავებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. ერთ კილოგრამ მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით იგი შეიცავს 100-200გ პროტეინს, 600-750გ სახამებელს, 20-30გ შაქარს, 20გ-30გ ცელულოზას, 60-90გ ჰემიცელულოზასა და პექტინებს, 20-25გ ლიპიდებს, 15-22გ ნედლ ნაცარს. მონაცემთა მაჩვენებლების ასეთ დიდ ფარგლებში მერყეობა მეტყველებს ხორბლის ხარისხის კონტროლისა და კლასებად გრადაციის აუცილებლობაზე. 100გ ხორბლის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 342კ/კალ-ის ტოლია.
ხორბლის შემადგენლობაში შემავალი ცილებიდან, რომელთა შემცველობაც ზოგიერთი ავტორის მონაცემებით 9-დან 26%-მდე ვარირებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა პროლამინსა (გლიადინი) და გლუტელინს (გლუტენინი) ენიჭება, ვინაიდან მათი ნარევი წარმოქმნის გლუტენს, ე.წ. წებოგვარას. რაც უფრო მეტია წებოგვარას შემცველობა ხორბალში, მით უფრო დიდი მოთხოვნილებაა მასზე პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში. რაც შეეხება მის გამოყენებას ფრინველთა კვებაში, აქ პირიქით. წებოგვარას მაღალი შემცველობა ფრინველის პირის ღრუსა და ჩიჩახვში წარმოქმნის წებოვან მასას, რომელიც იწვევს ნისკარტის შეწებებას, ხოლო სისტემატიურად მიღების დროს – ნეკროზს.
კვლევებით დადგენილია, რომ სხვადასხვა ჯიშის ხორბლით კვება ფრინველის ნაწლავების შიგთავსს განსხვავებულ სიბლანტეს – 14,0სპ-დან 32,1სპ-მდე ანიჭებს, რაც საგრძნობლად აუარესებს საყუათო ნივთიერებების მონელებას. წიწილების ცოცხალი მასა, რომლებსაც განსხვავებული სიბლანტის მქონე ხორბლით კვებავდნენ, 17 დღის განმავლობაში 373გ-დან 323გ-მდე შემცირდა, ხოლო საკვების დანახარჯი ცოცხალი მასის 1კგ წონამატზე 1,48კგ-დან 1,7კგ-მდე გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავიდანვე იქნეს განსაზღვრული ხორბლის წებოვნება, რათა ხორბლის წილი ფრინველის ულუფაში დასაშვებზე მეტი არ აღმოჩნდეს.
რომანენკოს (2004) მონაცემებით ხორბლის შემცველობის გაზრდა კომბინირებულ საკვებში 40%-დან 63%-მდე ფრინველის სხეულში იწვევს მშრალი ნივთიერების, ნედლი პროტეინის, ნედლი ცხიმის, ნედლი უჯრედანას და უენ-ის (უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერება) მონელების თანდათანობით დაქვეითებას შესაბამისად 8,2; 3,6; 6,4; 2,2-4,9 და 1,8-7,1%-ით. მეცნიერულად დასაბუთებული ნორმებით კომბინირებულ საკვებში ოპტიმალურად ითვლება მარცვლოვანთა შემდეგი თანაფარდობა: ხორბალი – 20%, ქერი – 15%, სიმინდი – 35%, შვრია – 5%, პარკოსნები – 16%.
ხორბალი შედის როგორც ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კომბინირებული საკვების შემადგენლობაში, ასევე გარეული და იშვიათი ფრინველის მოშენებისათვის განკუთვნილშიაც. მისი რაოდენობა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე იმაზე თუ რამდენად სწორად არის დაბალანსებული საკვები ფრინველის ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტებით. ასე მაგალითად, მეკვერცხული მიმართულების ქათმისათვის, ასაკიდან გამომდინარე, ხორბლის წილი სრულფასოვან კომბინირებულ საკვებში იცვლება 20%-48%-ის ფარგლებში. ყველაზე დიდი რაოდენობით იგი 9-12 კვირის ასაკის ფრინველს ეძლევა, ყველაზე მცირე კი 48 კვირის და უფრო მეტი ასაკისას.
საყურადღებოა, რომ ქათამს ცუდად აქვს განვითარებული ყნოსვა, რის გამოც მას არ ძალუძს გაარჩიოს საკვების ხარისხი. დაობებულ და ლპობაშეპარულსაც იგი ჩვეულებრივ ეტანება და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძლიერი დაავადების შემთხვევაშიც, იგი არ წყვეტს უვარგისი საკვების კენკვას. ამიტომ აუცილებელია ქათმისათვის განკუთვნილი საკვების მუდმივი კონტროლი.
ხორბალს გამორჩეულად ინდაური ეტანება. ამიტომ ქერთან ერთად იგი ფრინველს შედარებით დიდი ოდენობით ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ინდაურის დღიურ ულუფაში, წლის დროიდან გამომდინარე, 20გ-დან 30გ-მდე ხორბლის ქატოც შედის, რომლის რაოდენობაც მარცვლის მსგავსად, ამ ფრინველისათვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებში რამდენადმე გაზრდილია.
ციცარი მიეკუთვნება იმ ფრინველთა რიცხვს, რომლის საკვებშიც განსაკუთრებული ყურადღება ცილის შემცველობას ეთმობა. მისმა სიმცირემ ან სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი, სხეულის გამოფიტვა, კვერცხდების შეწყვეტა ან ადრეული განგური. შესაბამისად ხორბალს, რომელიც ცილით მდიდარ მარცვლოვანს წარმოადგენს, მის ულუფაში მთავარი ადგილი უკავია. ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებზე დაყრდნობით, კვერცხმდებელი ციცრის ულუფაში ხორბლის წილი 40,7%-დან-72%-მდე მერყეობს. ხორბლის შემცველი კომბინირებული საკვები ეძლევა მწყერსაც, როგორც მის კულტურულ ჯიშებს, ასევე გარეულსაც. კომბინირებულ საკვებში მისი რაოდენობა 19-22%-ის ფარგლებშია.
შინაური წყალმცურავი ფრინველებიც არ ამბობენ უარს ხორბალზე. თუმცა ბატთან შედარებით, რომლის სრულფასოვან კომბინირებულ საკვებში ხორბლის წილი 20%-ს შეადგენს, ზრდასრულ იხვს ნაკლები ოდენობით – 10%-ის ფარგლებში ეძლევა.
მეფრინველე-მკვლევარები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან გარეული ფრინველის მოშენებას. მოვლა-შენახვის პირობებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მათ კვებას. უკანასკნელ პერიოდში მეტად გახშირდა ისეთი გარეული ფრინველების მოშენება, როგორიცაა ხოხობი, კაკაბი, როჭო. ძირითადად მათ სამონადირეო მეურნეობებში აშენებენ და ფრინველსაც ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში ზრდიან. ფრინველის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისად დგება მათი ულუფა. გასაკვირი არაა, რომ მათ საკვებშიც შედის ხორბალი, თუმცა სხვადასხვა ოდენობით. ასე მაგალითად, ზრდასრული ხოხბის საკვებში მისი პროცენტული შემცველობა წლის დროიდან გამომდინარე 20%-დან 60%-მდე მერყეობს, კაკბისაში – 60%-მდე, ხოლო როჭოს საკვებში – 50%-მდე %.
საინტერესო ფაქტია, რომ ისეთი იშვიათი ფრინველის, როგორიც სირაქლემაა, საკვების რეცეპტშიც შედის ხორბალი. მართალია, მისი რაოდენობა ასაკიდან გამომდინარე იცვლება (0-3 თვე – 20%; 3-11 თვე – 20%; 11-14 თვე და ზევით -10%), თუმცა იგი მაინც მუდმივ კომპონენტად რჩება [5].
ხორბალი ფრინველის საკვებად გამოიყენება არა მარტო ჩვეულებრივი მარცვლის სახით, არამედ გაღივებულიც. გაღივების პროცესში იცვლება ხორბლის ქიმიური შემადგენლობა. კერძოდ, ხორბლის მშრალ მარცვალთან შედარებით გაღივებულში იზრდება საზრდო ნივთიერებების, ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი მიკრო- და მაკროელემენტების, ასევე ვიტამინების რაოდენობა. მაგალითისთვის, ცილების რაოდენობა იზრდება 20%-დან 26%-მდე, ცხიმების – 2,2%-დან 10%-მდე, უჯრედანას – 10%-დან 17%-მდე, ნახშირწყლების რაოდენობა კი მცირდება 64%-დან 34%-მდე. ამას თან ერთვის ისიც, რომ გაღივებულ ხორბალში ქიმიურ ცვლილებებთან ერთად, ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი უფრო მეტად აქტიურდება, ისინი ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, რაც პროდუქტს ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების საშუალებას აძლევს: უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედება, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, ძლიერდება იმუნური სისტემა და სხვ. ძალიან კარგია გაღივებული ხორბლის მიცემა კვეცხმდებელი ფრინველისათვის, ასევე მამლებისათვის, საინკუბაციო კვერცხის შეგროვების პერიოდში.
დადგენილია, რომ ფრინველი მშრალი ხორბლის მარცვლით კვების დროს ითვისებს საზრდო ნივთიერებების მხოლოდ 60-70%-ს, მაშინ როდესაც გაღივებული ხორბლიდან – მაქსიმალურ რაოდენობას. ხორბლის მშრალი მარცვლის მონელების პროცესში, ფრინველი ცხიმების, ცილების, უჯრედანას და სხვა ნივთიერებების დაშლისათვის ხარჯავს საკმაოდ დიდ ენერგიას, ამასთან ერთად იგი კარგავს ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. რაც შეეხება გაღივებულ ხორბალს, ჯერ კიდევ გაღივების პროცესში მიმდინარეობს რთული ნივთიერებების დაშლა ადვილად მონელებად ნივთიერებებზე, ამიტომ ფრინველი მათ უკეთ და ამასთანავე გაცილებით მოკლე დროის განმავლობაში ითვისებს [6].
გარდა ამისა, ხორბლის აღმონაცენი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის მიერ სხვა სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ასე მაგალითად, ადვილადმონელებადი უჯრედანა, რომელსაც შეიცავს გაღივებული ხორბალი წმენდს ნაწლავების კედლებს, შედეგად B ჯგუფის ვიტამინების შეწოვა გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს.
გაღივებული ხორბლის ყოველივე ზემოაღნიშნული სასარგებლო თვისებების მიუხედავად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არც მისი გადაჭარბებული გამოყენებაა მიზანშეწონილი. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ როდის არის გაღივებული ხორბლის ფრინველის საკვებში ჩართვა მავნებელი. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყოველდღიურ ულუფაში ფრინველს იგი დიდი ოდენობით არ არ მიეცეს, რადგან ეს გამოიწვევს ორგანიზმში მინერალების გადამეტებით დაგროვებას, რაც არ არის სასურველი. ასე მაგ., ორგანიზმში რკინის ზედმეტი რაოდენობა აუარესებს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებას. გაღივებული ხორბლის მაქსიმალური რაოდენობა კვერცხმდებელთა საკვებში, არ უნდა აღემატებოდეს ულუფის დღიური ნორმის 30%-ს. პრობლემები ჩნდება მაშინაც, თუ ფრინველის ულუფაში გაღივებული ხორბლის გარდა არ იქნება სხვა საზრდო ნივთიერებები. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად მისი დიდი ყუათიანობისა, ეს პროდუქტი ითვლება დიეტურად. მას ფრინველის ორგანიზმი მალე ინელებს, შესაბამისად ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნებს საჭირო საზრდო ნივთიერებებზე. ამის გამო, ფრინველის ორგანიზმი შეიძლება დასუსტდეს ნახშირწყლების არასაკმარისად მიღების გამო. კიდევ ერთი, გაღივებული ხორბლის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.
კვერცხმდებელი ფრინველისათვის გაღივებული ხორბლით კვების მკაცრად განსაზღვრული წესები არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი რჩევა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ამ პროდუქტიდან მაქსიმალური სარგებელის მიღება. გაღივებული ხორბლის ქათმის ულუფაში ჩართვის იდეალური პერიოდია შემოდგომა და ზამთარი. წელიწადის ამ დროს ფრინველი განსაკუთრებით განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, რის შედეგადაც უარესდება კვერცხდება, ფრინველის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ეს საკვები ფრინველს კვირაში 2-3-ჯერ მაინც მიეცეს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გაღივებული ხორბლის მიცემა ფრინველისათვის უმჯობესია საღამო ჟამს და იგი პირდაპირ ფრინველის ქვეშსაფენზე უნდა იქნეს მიმოფანტული. ფრინველი დაიწყებს საფენის ქექვას, რითაც გააძლიერებს ქვეშსაფენში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგად მიმდინარე თბოგაცემას, ამასთანავე ხელს შეუშლის მის ლპობას. თუმცა ფრინველის გაღივებული ხორბლით კვება დღითიც შეიძლება. იგი საკვებურებში იმ ოდენობით უნდა ჩაიყაროს, რომ ფრინველმა ერთჯერადად შეძლოს მისი აკენკვა.
კვერცხმდებელი ფრინველის გაღივებული ხორბლით კვება საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. გარდა ამისა იგი ფრინვალს იცავს ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებისა და ავიტამინოზის განვითარებისაგან.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს თუ რაოდენ დიდი ადგილი უკავია ხორბალს ფრინველის კვებაში. გარდა იმისა, რომ იგი მნიშვნელოვანი საყუათო ნივთიერებების წყაროს წარმოადგენს, გაღივებულ მდგომარეობაში ერთგვარ სამკურნალო საშუალებადაც გამოიყენება. ამიტომ აუცილებელია, რომ მისი ასეთი დადებითი თვისებები განსაკუთრებით კარგად იქნეს გათვითცნობიერებული ფერმერების და ფრინველის მოშენებით დაინტერესებული პირების მიერ. ეს მათ საშუალებას მისცემს ნაკლები დანახარჯებით და ქიმიური პრეპარატების ზედმეტად გამოყენების გარეშე მიაღწიონ სასურველ შედეგებს.
ანატოლი გიორგაძე,
მარინე ბარვენაშვილი,
მაია ფეიქრიშვილი,
აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია