სიმინდის აღების შემდეგ დარჩენილი ჩალა საზამთროდ საკვების ეკონომიის დამატებითი შესაძლებლობა
სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ მინდორში დარჩენილი მცენარეული მასა მეცხოველეობის მეურნეობებისთვის დამატებითი საკვები რესურსია. მისი სწორად გამოყენებით შესაძლებელია საძოვრული პერიოდის გახანგრძლივება, ზამთრისთვის მომზადებული თივის მარაგის დაზოგვა და პირუტყვის შენახვის ხარჯების შემცირება.
ამ მეთოდის ეფექტიანობა დამოკიდებულია ძოვების სწორ ორგანიზებაზე, ცხოველთა მდგომარეობის კონტროლსა და საკვები რაციონის დაბალანსებაზე.
სიმინდის მარცვლის აღების შემდეგ მინდორში რჩება მცენარის მნიშვნელოვანი ნაწილი: ჩალა, ფუჩეჩი, ნაქუჩი და ჩაბნეული მარცვლები. ეს მასა, სათანადო პირობებში, შეიძლება პირუტყვის დამატებით საკვებად გამოვიყენოთ.
ამერიკელი მკვლევრების გაანგარიშებით, ყოველ 25 კილოგრამ აღებული სიმინდის მარცვალზე მინდორში დაახლოებით 7 კილოგრამი მშრალი ნივთიერების სახით მცენარეული ნარჩენი რჩება, რომის დიდი ნაწილი ცხოველებისთვის სასარგებლო საკვებია.
მის საკვებად გამოყენების დროს ფერმერს არ სჭირდება დარჩენილი მცენარეული მასის აღება, დაბულულება, შენახვა და ცხოველებისთვის ყოველდღიურად დარიგება. პირუტყვი საკვებს უშუალოდ მინდორში მოიპოვებს.
სიმინდის ნარჩენების კვებითი ღირებულება მცენარის ნაწილების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე ყუათიანია დარჩენილი მარცვალი, შემდეგ მოდის ფუჩეჩი, ჩალა. ნაქუჩი და სიმინდის ღეროები ნაკლებად მონელებადი და საკვები ნივთიერებებით შედარებით ღარიბია.
პირუტყვი საკვებს შერჩევით მოიხმარს. ძოვების პირველ დღეებში უპირატესობას ანიჭებს მარცვალს, ფოთლებსა და ტაროს საფარველს. როდესაც ეს ნაწილები მცირდება, უფრო ინტენსიურად იწყებს ღეროების გამოყენებას.
სწორედ ამიტომ არ არის სასურველი ცხოველების ხანგრძლივად დატოვება ერთსა და იმავე ფართობზე. საჭიროა ძოვების მონაცვლეობით ორგანიზება.
ეკონომიკური სარგებელი და შესაძლო რისკები
სიმინდის ნარჩენებზე ძოვების მთავარი უპირატესობა ზამთრის საკვების ხარჯების შემცირებაა. ილინოისის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის შეფასებით, ასეთი ძოვებისას ერთი ძროხის შენახვის დღიური ხარჯი სამჯერ და მეტად ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე წინასწარ დამზადებული თივით კვების შემთხვევაში.
ამასთან, მცირდება მრავალწლოვანი საძოვრების დატვირთვა, მინდორში დარჩენილი მარცვლის რაოდენობა და ნაკელი შედარებით თანაბრად ნაწილდება ნიადაგზე.
თუმცა, უკონტროლო ძოვება გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს.
პირველი მნიშვნელოვანი რისკია ფაშვის აციდოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს დიდი რაოდენობით მარცვლის ერთბაშად მიღებისას. განსაკუთრებით საყურადღებოა კომბაინის მუშაობისას მინდორში დაყრილი მარცვლის დიდი რაოდენობა და ჩაწოლილი, აუღებელი სიმინდის ნარჩენები.
მეორე პრობლემაა საკვების კვებითი ღირებულების შემცირება. შემოდგომის წვიმებისა და თოვლის გავლენით მცენარეული ნარჩენებიდან თანდათან ირეცხება საკვები ნივთიერებები, რის გამოც დროთა განმავლობაში მცირდება მისი კვებითი ღირებულება.
გვალვიან წლებში გასათვალისწინებელია ნიტრატებით მოწამვლის საფრთხეც. სიმინდის ღეროს ქვედა ნაწილში შესაძლოა ნიტრატები დაგროვდეს. ამიტომ საეჭვო შემთხვევებში საჭიროა მცენარეული მასის ლაბორატორიული შემოწმება.
როგორ მოვაწყოთ ძოვება სწორად?
ეფექტიანი მეთოდია მონაცვლეობითი ძოვება ელექტროღობის გამოყენებით. მინდორი რამდენიმე მონაკვეთად იყოფა და პირუტყვს გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალ ფართობზე უშვებენ. ეს ხელს უწყობს საკვების თანაბარ გამოყენებას და ამცირებს მარცვლის ჭარბად მიღების რისკს.
ძოვების დროს აუცილებელია:
- ცხოველებს მუდმივად ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი;
- უზრუნველყოფილი იყოს მარილისა და მინერალურ-ვიტამინური დანამატების მიღება;
- რეგულარულად შემოწმდეს ცხოველთა სხეულის კონდიცია;
- საკვების ხარისხის გაუარესებისას რაციონს დაემატოს თივა და ცილოვანი საკვები.
ასეთი ძოვებისთვის განსაკუთრებით შესაფერისია მშრალი ფურები და მაკეობის შუა პერიოდში მყოფი მეხორცული მიმართულების პირუტყვი, რომლის სხეულის კონდიციაც დამაკმაყოფილებელია. მოზარდი პირუტყვისა და მეწველი ძროხებისთვის კი სიმინდის ნარჩენები დამოუკიდებელ საკვებად საკმარისი არ არის, მათ დამატებითი სრულფასოვანი კვება სჭირდებათ.
რას უნდა მიაქციოს ყურადღება ფერმერმა?
სიმინდის ნარჩენების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ცხოველთა კვებითი მოთხოვნილებების გათვალისწინება. ძოვების დასაწყისში საკვები შედარებით ყუათიანია, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ხარისხი მცირდება. ამიტომ ფერმერმა პერიოდულად უნდა შეაფასოს მინდორში დარჩენილი მცენარეული მასა, ცხოველთა მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში რაციონი დამატებითი საკვებით შეავსოს.
მინერალურ-ვიტამინური დანამატების მიწოდებაც აუცილებელია მთელი პერიოდის განმავლობაში, რადგან სიმინდის ნარჩენები ცხოველის ორგანიზმს ყველა საჭირო მინერალითა და ვიტამინით ვერ უზრუნველყოფს.
სიმინდის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეული მასა დანაკარგი არ არის, მისი სწორად გამოყენება მეცხოველეობის მეურნეობას ზამთრის საკვების მარაგის დაზოგვასა და წარმოების თვითღირებულების შემცირებაში დაეხმარება. მთავარია, ფერმერმა ეს რესურსი დამატებით საკვებად გამოიყენოს და არა სრულფასოვანი ზამთრის რაციონის შემცვლელად.

