ავოკადო (Persea americana)
ავოკადო ეკუთვნის დაფნისებრთა ოჯახს. სამშობლოდ ითვლება ცენტრალური ამერიკა და მექსიკა, სადაც ის გვხვდება ტყეებში, ველურ მდგომარეობაში. ავოკადო ძვირფასია დიდი რაოდენობის (30%-მდე) ცხიმების შემცველობის გამო. ნაყოფში მშრალი ნივთიერების შედგენილობით მას შეედრება მხოლოდ ბანანი, რომელიც მშრალ ნივთიერებას 25%-მდე შეიცავს. ცხიმის შემცველობა დამოკიდებულია ნაყოფის ჯიშზე და სიმწიფეზე. ჩვენში გავრცელებული ავოკადოს ჯიშები – პიებლა და ფუერტე – 20% ცხიმს შეიცავენ, პროტეინის შემადგენლობა 2 % აღწევს. შაქრებს სრულებით არ შეიცავს ან შეიცავს მცირე რაოდენობით (0,5-1%-მდე).
ავოკადო მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა. სიმაღლით 14-17 მეტრამდე. ხის კრონა სხვადასხვა ფომისაა პირამიდულიდან დაწყებული გაშლილ ფორმამდე. ხე მარადმწვანეა, თუმცა ზოგიერთი ჯიში ყვავილობის დროს რამდენიმე ხნით იცვენს ფოთლებს. ფოთლის ფირფიტა კიდემთლიანია, სხვადასხვა ფორმის. ნორჩი ფოთლები სხვადასხვა ფერისაა – მოწითალოდან ბრინჯაოსფერამდე. გაზრდილი ფოთოლი კაშკაშა მწვანე ფერისაა. ყვავილები ორსქესიანია, წვრილი, მკრთალი მომწვანო ფერის ან მოყვითალო, კენწრული მტევნებად შეკრებილი. ნასკვი ერთბუდიანია, ერთი თესლკვირტით.
ნაყოფი კენკრაა, სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, ბოთლისებრი და სხვა. ნაყოფი ცვალებადობს აგრეთვე ზომის მიხედვით – მსხვილი ზეთისხილის ზომიდან დამთავრებული მსხვილი მსხლის ზომამდე, რომელიც წონით 1 კგ-მდე აღწევს. ნაყოფის გარეგანი შეფერვა შეიძლება იყოს: ღია მოყვითალო-მწვანე, წაბლისფერი, მიხაკისფერი, მოწითალო-მიხაკისფერი და მეწამული შავი ფერისაც კი. რბილეული კარაქის მსგავსი კონსისტენციისაა, ნაზი გემოთი, კრემის ფერიდან კაშკაშა ყვითელ ფერამდე. ყოველი ნაყოფი შეიცავს ერთ დიდი თესლს, რომელიც ჯიშის მიხედვით სხვადასხვა ფორმისაა. თესლი დიდია და იკავებს მთელი ნაყოფის 50%-მდე. ლებანი ორია, ზოგჯერ სამიც, როგორ, მაგალითად მექსიკური ავოკადოს შემთხვევაში.
წარმოშობის ადგილის მიხედვით ავკადო იყოფა სამ ჯგუფად: მექსიკური, გვატემალური და ვესტინდური. ამათ შორის ჩვენი პირობებისათვის ყველაზე საინტერესოა მექსიკური წარმოშობის ავოკადო, როგორც ყინვის შედარებით კარგი ამტანი სახეობა.
შავი ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში ავოკადოს ჯიშები შემოტანილი იყო ყოველგვარი შესწავლის გარეშე, ამიტომ პირველ ხანებში მცენარე დაიღუპა. რამდენიმე ჯიში კარგად შეეგუა ჩვენს კლიმატურ პირობებს, მივიდა სრულმსხმოიარებამდე და მოსავალიც კარგი მიიღეს. ამ ჯიშებს ეკუთვნიან: მექსიკოლა, შავი ჩიტი (ბლეკბერდ), განტერ, დუკ, კლიენტე, ნორტოპ, პუებლა და ფუერტი. აღნიშნული ჯიშებიდან ჩვენი პირობებისათვის პერსპექტიული საუკეთესო ჯიშებია: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე. რომელიც ჩვენში შემოიტანეს გასული საუკუნის 30-იან წლებში.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თითოეული ხე იძლევა 200-500 ცალ მსხლისებრი ფორმის ნაყოფს, იწონის 200-400 გ-ს და ნაყოფს კანი უფრო სქელი აქვს, ვიდრე ზემოთ აღწერილ ჯიშებს. კანის ზედაპირი მწვანე და ხორკლიანია. პატარა თესლი აქვს, იწონის 30-35 გ-ს, რაც ნაყოფის წონის 10-12 %-ს შეადგენს. მწიფდება გვიან, თებერვალ-აპრილში. არარეგულარულად მსხმოიარობს.
პუნებლა – ეს ჯიში ყინვაგამძეობით გამოირჩევა. საჭიროებს დამამტვერიანებელს. ნაყოფი ფორმით უკუკვერცხისებურია. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილეულს. რბილობი შეიცავს 18-19% ცხიმს. მწიფდება დეკემბერ-თებერვლამდე. ნაყოფის წონაა 300-350 გრამია.
ფუერტე – ნაყოფი პირამიდულად წაგძელებული ფორმისაა, კანი თხელია ად ადვილად სცილდება რბილობს. თესლი არ არის დიდი. ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ადრეული და უხვი მსხმოიარობით. ნაყოფები მწიფდება გვიან შემოდგომიდან დაწყებული გაზაფხულამდე. შეიცავს 28-30% ცხიმებს, ნაყოფი იწონის 250-350 გ-მდე. ახასიათებს დაბალი ყინვაგამძლეობა.
ყველაზე ადრეულ ჯიშად ითვლება ბლეკბერდი, რომლის ნაყოფებიც მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრამდე.
ავოკადო მსხმოიარობას იწყებს დარგვის შემდეგ მე- 4-5 წლიდან, მისი დამტვერვა მეტად რთულია. მათი მტვრიანები და ბუტკო ერთდროულად არ მწიფდებიან, რის გამოც გაძნელებულია დამტვერვა. ის ჯვარედინად დამმტვერავი მცენარეა. ავოკადო ყვავილობას იწყებს აპრილში და გრძელდება მაისის ბოლომდე. მსხმოიარობისათვის ერთ მასივზე რგავენ რამდენიმე სახეობას.
ავოკადო მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად – მყნობით. მისი თესლი კარგი აღმოცენებით ხასიათდება.
თესვა წარმოებს სათბურებში ან კარგად მომზადებულ კვლებში. თესლი მიწაში თავსდება ფუძით და ნაწილობრივ იფარება მიწით. სანერგეში გამოყვანილი ნერგები ირგვება მწკრივში ერთიმეორისაგან 40X80 სმ-ით. თესლიდან გამოყვანილი მცენარეები გამოიყენება ახალი ჯიშების მისაღებად, ან საძირედ კულტურული ჯიშებისათვის. ავოკადო არ მრავლდება კალმის დაფესვიანებით. მის მყნობას ატარებენ მაისში ან აგვისტო-სექტემბერში 0,5-1,5 სმ სიმსხოს საძირეებზე, როდესაც მათში ინტენსიური წვენის მოძრაობაა. სანამყენე კვირტებს იღებენ ერთწლიანი ტოტებიდან. მყნობას ატარებენ იმავე წესით, როგორც ციტრუსოვან კულტურებზე. სტანდარტული ნერგების გამოყვანისათვის საჭიროა 1-2 წელი.
ავოკადო კარგად იზრდება ღრმა ალუვიურ ნიადაგებზე. დარგვამდე ნიადაგი იხვნება 18-20 სმ სიღრმეზე და დარგვამდე ერთი თვით ადრე მზადდება ერთი მეტრის სიგანისა და 40 სმ სიღრმის ორმოები. მცენარეთა შორის მანძილებია: რიგებს შორის 6-8 მ და მცენარეთა შორის რიგებში 5-6 მ. დარგვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯიშების განლაგება, რაც აუცილებელია დამტვერვისათვის. დარგვის საუკეთესო დრო გაზაფხულია.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი