ახალგაზრდობას სურს, კორბოულში ხორბლის წარმოება განახლდეს
მინდა გიამბოთ პროექტის შესახებ, რომელიც 2019 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროექტის სახელწოდება გახლავთ: „საქართველოს ენდემური ხორბალი და ქართული დიარი“.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და დაამუშავეს ინფორმაცია საქართველოში,ზემო იმერეთში, კერძოდ სოფელ კორბოულში ხორბლის გავრცელებული ჯიშების შესახებ და დაამუშავეს თემა (ხელმძღვანელები: გელა მაჭარაშვილი და კანდიდ შეყლაშვილი): „ხორბლის მოყვანა და გადამუშავება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე“ და წარადგინეს ქალაქ ქუთაისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე.
ჩვენი მოსწავლეების ნაშრომმა კონფერენციის მონაწილეების მოწონება და ორგანიზატორების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული ზღვის დონიდან 990 მ-ზე მდებარეობს. ზემო იმერეთში, კორბოულში დაახლოებით 2000 კომლი სახლობს, ცხოვრობს 6000- ზე მეტი ადამიანი.
სოფელ კორბოულში 1975 წლამდე შვიდი კოლმეურნეობა იყო. 70-იანი წლებიდან 75 წლამდე აღნიშნული კოლმეურნეობები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა „კორბოულის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა კომპლექსი“.
კორბოულში ოდითგანვე ითესებოდა „თეთრი დოლი“. ძირითადად საგაზაფხულო და საშემოდგომო. საშემოდგომო ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში ითესებოდა და მოსავალი მომდევნო წლის ზაფხულზე მოიწეოდა. თავდაპირველად ყანას ნამგლით იღებდნენ, შემდგომში ნამგალი ცელმა ჩაანაცვლა, ცელი კი კომბაინმა.
თავდაპირველად მიწა სოფელში კავით იხვნებოდა, რომელშიც გამწევ ძალად შებმული იყო ხარები. ნახნავი ხის ფარცხით ფხვიერდებოდა. ხორბალი, ძირითადად ქართული დოლის პური _ „წითელი დოლი“ და „თეთრი დოლი“ ხელით ითესებოდა.
ხორბლის აღების დროს ცელზე მოწყობილი იყო სპეციალური ხის ხარიხა, რაც ჭევლის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფდა. ჭევლს ქალები აგროვებდნენ, ხოლო მამაკაცებს მომზადებული ჰქონდათ თხილის ან რცხილას წნელი და ჭევლს კონებად კრავდნენ.
ამდენად ჩვენთან, სოფელში ხორბალს იღებდნენ მცელავები, მკონავები და მჭევლავები.
ყანის აღების შემდეგ გაცელილ ყანაში დარჩენილ თავთავებს ქალები სპეციალური ხის ფოცხებით აგროვებდნ და კალოზე მიჰქონდათ. ხორბალი ილეწებოდა მკათათვეში (ივლისი).
კონებს ურმებით ეზიდებოდნენ კოლმეურნეობის „პათორმაზე“ და იქ, ამ საქმის მცოდნე მამაკაცები მას ურმეულებად დგამდნენ.
ურმეულებთან ახლოს კეთდებოდა კალო, სადაც მოაფენდნენ დაშლილ ძნებს და ამის შემდეგ ის ილეწებოდა კევრით. გამწევი ძალით (ხარებით ) გალეწვის შემდეგ სპეციალური არნადით შეაგროვებდნენ გალეწილ ხორბალს, ნიჩბებით და ფიწლებით გამოაცალკევებდნენ გალეწილ ძნას და ინახვდნენ საბძელში, ხორბალს კი ანიავებდნენ და ბეღელში აბინავებდნენ.
გასული საუკუნის 40-იან წლებში სოფელში პირველი ტრაქტორი შემოვიდა. კოლმეურნეობების გაერთიანების და ერთ საბჭოთა მეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ სოფელში შემოყვანეს კომბაინებიც. კორბოულში პირველი კომბაინერი იყო სტანგერ მოსიაშვილი. კომბაინით ადგილზევე, ყანაშივე ხდებოდა ხორბლის გალეწვა.
კორბოულში საბჭოთა წყობილების დროს ხორბალი, დაახლოებით 400 ჰა-ზე ითესებოდა და სახელმწიფოს 800 ტონა ხორბალი ბარდებოდა, ამდენივე რჩებოდა ადგილზე კოლმეურნეობის წევრებზე გასანაწილებლად.
სარწმუნო წყაროებიდან დადასტურებულია, რომ „თეთრი დოლი“ ბოლოს რესპუბლიკაში სოფელ კორბოულში. კერძოდ, ნიგვზარის უბანში შემორჩა.
მოხუცებს დღესაც ახსოვთ, წისქვილზე დაფქული ხორბლიდან, „პურის დედით“ გაფუებული ცომისგან როგორი გემრიელი პური ცხვებოდა.
ფქვილს ინახავდნენ სპეციალურ ხის ჭურჭელში _ კოდში, ფქვილი იმტკიცებოდა ხის გობზე.
„თეთრი დოლის პური“ შემდგომ წლებში თანდათანობით ჩაანაცვლა „უფხო პირველმა“ და ასე თანდათანობით შემცირდა „თეთრი დოლის“ თესვა და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კორბოულში ხორბლის წარმოება საერთოდ შეწყდა. მარცვლეულიდან დღეს სოფელში მხოლოდ სიმინდი და ლობიო ითესება.
ჩვენმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ჩავატარეთ ერთგვარი გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს სოფელ კორბოულში კვლავ ითესებოდეს ხორბალი.
კარგი იქნება თუ სახელმწიფო იზრუნებს სოფელ კორბოულში ხორბლის წარმოების განახლებაზე.
ჩვენი ასევე მოსახლეობაში მოვიძიეთ ხორბლის წარმოებისთვის საჭირო სამუშაო იარაღები, დავამზადეთ ამ იარაღების ასლები. ვიმუშავეთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და შევხვდით მხცოვან ადამიანებს, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია ხორბლის წარმოების შესახებ და გადმოგვცეს ფოტომასალა.
დასასრულ დახმარებისთვის მადლობას ვუხდი საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ თამარ კაციტაძეს და მოქალაქე რობერტ ცქიტიშვილს უანგარო დახმარებისათვის.
ამ თემაზე მუშაობას ჩვენი მოსწავლეები კვლავ აგრძელებენ და სოფელ კორბოულის სამეურნეო საქმიანობის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო მასალას მივაწვდით მკითხველს.
გელა მაჭარაშვილი,
კორბოულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი