რა უნდა გავიზიაროთ სოფლის მეურნეობის _ გაძღოლის ამერიკული გამოცდილებიდან
უმთავრესი პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის წინაშე დგას ეკონომიკურ ზრდას ეხება. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ, სწორედ აშშ-ში იჩენს თავს, რადგან ამერიკული წარმატების საწინდარი, სწორედ ეკონომიკური ზრდაა, რომლისთვისაც ჩავარდნები და დეპრესიებიც კი კარგადაა ცნობილი. განუწყვეტელი ეკონომიკური აღმავლობის მისაღწევად აშშ ადმინისტრაცია ეკონომიკის ისტორიაში აპრობირებულ მეთოდს, რეკონსტრუირებას მიმართავს. ეკონომიკა გარკვეულ წილად იმეორებს გარკვეულ თემებს და კაპიტალიზმი ხელოვნურად იწვევს ხელახალ გამოცოცხლებას. რეკონს¬ტრუირებული სექტორის მოცულობა შედარებით მცირდება, მაგრამ იგი უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი ხდება. აღნიშნული პროგრესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს, მაგრამ საუკეთესო შედეგი თითქმის გარანტირებულია.
ამ წერილის მიზანია, ხელისუფალთ შეახსენოს მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სახელმწიფოს და მისი მეურნეობის ერთ-ერთი მოწინავე დარგის _ სოფლის მეურნეობის _ გაძღოლის ავან-ჩავანი. ღმერთმა ინებოს, ფაქტების ენა სწორად გაიგონ.
აგრარულ სფეროს მთელი რიგი თავისებურებების გამო, განვითარებული სახელმწიფოების მთავრობები საკმაოდ მკაცრად არეგულირებენ. ერთი შეხედვით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამგვარი რამ გაუმართლებელიც შეიძლება იყოს, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობაში საბაზრო კანონების სტიქიური მოქმედება ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის დიდი რისკფაქტორია. ამის დასტურია 1930-იან წლებში აშშ-ში განვითარებული მოვლენები, როდესაც ე.წ. ,,დიდი დეპრესიის” დროს სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება უმნიშვნელოვანეს მადესტაბილიზებელ ფაქტორად იქცა მთელი ქვეყნებისათვის, რის შედეგადაც ამოქმედდა სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა მართვადი და პროგნიზირებადი გახდა.
ამერიკის ხელისუფლების უდიდეს ყურადღებას აგროსამრეწველო, სასურსა-თო კომპლექსის მიმართ ისიც განაპირობებს, რომ ეს დარგი აშშ-ის ეკონომიკის საფუძველია და მასზე ზრუნვა უმაღლეს ეროვნულ ინტერესებში შედის. აქ პირდაპირ ან ირიბად იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი ნაწილი და მისი ფუნქციონირება სამუშაოთი უზრუნველყოფს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედს. ყოველივე ეს არის მიზეზი იმისა, რომ მთავრობა არ იშურებს ფინანსებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის.
აშშ-ში, აგრარულ სფეროს გარდა სხვა მუდმივმოქმედი კანონმდებლობისა, არეგულირებს ე.წ. „აგრარული კანონები“, რომელთაც კონგრესი 5-6 წლის პერიო-დულობით იღებს და მათი მოქმედებისას ამერიკის აგრარული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებია.
1985 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინიციატივით კონგრესმა მიიღო კანონი „აშშ-ს სასურსათო უშიშროების შესახებ“. მასში აისახა ქვეყნის შიდაპო-ლიტიკური მდგომარეობის ცვლილება და თავისი არსით იურიდიული საფუძველი ჩაეყარა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ახალ ეტაპს. უპირველეს ყოვლისა მან ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებულ დარგს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია აშშ-სთვის. რეიგანმა რადიკალურად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა სასოფლო-სამეურნეო რესურსების გამოყენებისა და სასურსათო უშიშროებისადმი. ცნობილია, რომ რეიგანის ადმინისტრაციამ ბევრი გააკეთა კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის შესაზღუდად და ამ მიზნებისთვის საბიუჯეტო ასიგნების შესამცირებლად, მაგრამ არა სოფლის მეურნეობის სფეროში აქ ასეთი ზემოქმედების მექანიზმი და დაფინანსებისადმი მიდგომა ხელუხლებელი დარჩა. უფრო მეტიც შემოღებულ იქნა არსებითი ხარისხობრივი და რაოდენობრივი სიახლეები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც აისახა 1985 წლის კანონში აშშ-ს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სახელმწიფოს ჩარევის ლეგალიზებისთვის, იყო შემდეგი ცვლილებები.
პირველი, 80-იან წლებამდე კანონმდებლობის მთელი ფრაზეოლოგია და პათოსი მიმართული იყო საოჯახო ფერმის მხარდასაჭერად. 1985 წლის კანონში ეს უკვე სხვაგვარად ჟღერს. ადრე ერთიანი პოლიტიკური ხაზიდან გამოყოფილი იყო ორი მიმართულება _ „ქვეყნის კომერციული სოფლის მეურნეობის სტაბილიზაცია“ და „სასოფლო რაიონების კეთილდღეობა“. კანონის ლოგიკით პირველი მიმართულება გულისხმობდა სახელმწიფოს ორიენტირებას მსხვილ მეურნეობებზე _ სასაქონლო პროდუქციის ძირითად მწარმოებლებზე, მაშინ როცა მეორე მიმართული იყო საშუალო და მცირე ფერმების სახელმწიფო მხარდაჭერაზე სასოფლო რაიონებში სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ახალი კანონით (1985 წ.) გადაისინჯა სახელმწიფო სტრუქტურირების ფუნქცია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროში. ზოგიერთი მათგანი, რომელიც შექმნილი იყო თავის დროზე საოჯახო ფერმების მხარდასაჭერად, გადაორიენტირებულ იქნა მსხვილ სპეციალიზებულ მეურნეობებში მიწის რესურსების კონსოლიდირების მიზანზე.
მეორე, 1985 წლის კანონმა აგრარული მეურნეობის სახელმწიფო სუბსიდირე-ბისა და კრედიტის ასაღებად სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაგირავების ახალი დებულებები და მექანიზმები შემოიღო. დაწვრილებით რომ არ განვიხილოთ დამატებათა არსი, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამგვარ იურიდიულ საფუძველზე და¬ყრდნობით, გაფართოებულმა საბიუჯეტო სახსრების სუბსიდირებამ 80-იანი წლების მეორე ნახევარში 58 მილიარდი დოლარის დონეს მიაღწია. პრაქტიკულად, ამან აშშ-ს მთავრობას მისცა საშუალება არა მარტო გაეძლიერებინა თავისი ზემოქმედება ბაზრის, სათესი ფართობების, წარმოების მოცულობის კონიუნქტურულ ცვლილებებზე და ფერმერების შემოსავლებზე, არამედ გამხდარიყო ქვეყანაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთავარი მყიდველი და გამანაწილებელი. 80-იანი წლების ბოლოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა წარმოებული ხორბლის 48% და რძის ნაწარმის 75%.
მესამე, 1985 წლის კანონში უმთავრესი ადგილი უჭირავს სასოფლო-სამეურ-ნეო რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ამასთან, პირველ პლანზე წამოიწია ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის კონკრეტულმა პროგრამამ. მისი განხორციელება განიხილებოდა აშშ-ს მთავრობის მიერ არა მარტო როგორც მიწის ფონდის შენარჩუნების კამპანია, არამედ აგრეთვე როგორც ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა. ძველი მოწოდებები, განმარტებანი, და შეგონებები შეიცვალა უმკაცრესი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სანქციებით. იმ მეურნეთა მიმართ, რომლებიც თავს არიდებდნენ ანტიეროზიული ღონისძიებების გატარებას.
1985 წლის კანონის კიდევ ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მან ფაქტობრივად პირველად განსაზღვრა აშშ-ს მიდგომა სასურსათო უშიშროების პრობლემის მიმართ დროის განჭვრეტად პერიოდში. ყველა იმ ფერმას, რომელიც ჩართულია მიწის რესურსების დამუშავებაში ნიადაგის ეროზიის მაღალი დონით, კანონმა დაავალა ნიადაგის დამცავი ზომების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერი კარგავდა ყველა სახელმწიფო სუბსიდიას. კანონმა აგრეთვე დაავალა ყველა მეურნეობას წარმოედგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგდამ-ცავ ღონისძიებათა გეგმა 1990-1995 წ.წ. პერიოდისთვის. უკვე 80-იანი წლების ბოლოსთვის ასეთი გეგმები დამტკიცდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ნიადაგდამცავი ღონისძიებები წარმატებულად იქნა განხორციელებული 90-ანი წლების დასაწყისიდან 13 მილიონ ჰექტარზე.
კანონით იყო დადგენილი ყოველწლიური სახელმწიფო ფულადი დახმარება იმ ფერმერთათვის, რომლებიც ნებაყოფლობით გამოიყვანდნენ ბრუნვიდან 10 წლის ვადით იმ ფართობს, რომელიც ხასიათდებოდა ეროზიის მაღალი დონით. ამით საფუძველი ჩაუყარეს მიწის სახელმწიფო ფონდს. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე მიწის ამ ფართობის გამდელოებისა და ტყის გაშენებასთან დაკავშირებული ხარჯების 50%. სახნავი ფართობის ოდენობა, რომელიც კონსერვაციას ექვემდებარებოდა, იყო შემოფარგლული 25%-ით. გამდელოებას დაექვემდებარა რეზერვში გადაყვანილი მიწის 80%, ხოლო ტყის გაშენებას 20%. პირველად რეზერვში გამოყოფილი მიწის ფართობი განისაზღვრა 10,2 მილიონი ჰექტრით (თუმცა უკვე მაშინ კონგრესი ამზადებდა კანონს, რომლის თანახმად მისი გადიდება 14 მილიონ ჰექტრამდე იყო განსაზღვრული). დადგინდა, რომ მიწის ფონდის შექმნაზე სახელმწიფო დახარჯავდა 1,2 მილიარდ დოლარს, ანუ წყლისა და მიწის რესურსების შენარჩუნებაზე გამოყოფილი მთელი თანხების 50%-ს.
კანონი ითვალისწინებდა სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას იმ ფერმერთათვის, რომლებიც აწარმოებდნენ ჭაობების ამოშრობას (სახნავად გამოყენების მიზნით), თუკი ექსპერტები დაასკვნიდნენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა იმ ტერიტორიის ბიოლოგიურ გარემოსა და ჰიდროლოგიაზე.
კანონმა ახლებურად ჩამოაყალიბა ქვეყნის წყლის რესურსების დაცვის მოთხოვნები. მისი პირდაპირი გაგრძელება გახდა 1987 წლის სპეციალური კანონი „წყლის რესურსების” ხარისხის შესახებ. ამ კანონის თანახმად 1990 წელს 36 შტატში შემოიღეს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც კონტროლს აწესებენ წყალში პესტიციდების შემცველობაზე. ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ინტენსიური მიწათმოქმედების მქონე კალიფორნიის, ფლორიდის, აიოვასა და მინესოტის შტატებისთვის. ზოგიერთმა შტატმა გადასახადები შემოიღო სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებზე, რითაც გაზარდა ხარჯები ფერმერთა განათლების დონის ასამაღლებლად.
აშშ-ში აღიარეს, რომ 1985 წლის კანონის დებულებათა რეალიზებას, განსა-კუთრებით კი იმათსას, რომლებიც ეხება საბიუჯეტო სახსრების უფრო დიდ მიზიდვას სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვასა და ქვეყნის სასურსათო უშიშროებას, შეიძლება მოჰყვეს ფერმერთა შემოსავლების შემცირება და მათ შორის სოციალური დაძაბულობის ზრდა. მიუხედავად ამისა, პროგრამის განხორციელება მიჩნეული იყო სახელმწიფოსათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საქმედ. ამ პრობლემების ოპტიმალური თანაფარდობების პოვნა განიხილება აგრარული მეცნიერების სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის აქტუალურ ამოცანად.
1990 წლის კანონი “სოფლის მეურნეობის დაცვის, სურსათით უზრუნველყო-ფისა და ვაჭრობის შესახებ“ გახდა 1985 წლის კანონის ლოგიკური გაგრძელება და დამატება. არსებითად, ამ კანონმა დაასრულა პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის ძალისხმევა სოფლის მეურნეობის დინამიკური განვითარებისთვის, მიწის, წყლის რესურსებისა და გარემოს იმავდროულად დაცვით. კანონი ფერმერთა და საზოგადოების (სახელმწიფო სუბსიდირების) ძალისხმევის გაერთიანების საშუალებას იძლეოდა სოფლის მეურნეობის საკვანძო ამოცანების გადასაწყვეტად. კერძოდ, შემდგომი განვითარება ჰპოვა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მოცულობის რეგულირების პროგრამამ. 90-იანი წლების დასაწყისში მარაგებმა თავის მაქსიმალურ ოდენობას მიაღწიეს და სახელმწიფოს მოუხდა სუბსიდიების მოცულობის გაზრდა ფერმების და მთლიანად სოფლის მეურნეობის საფინანსო მდგრადობის შესანარჩუნებლად. 1990 წლის კანონის თანახმად, ეს ხარჯები განიხილებოდა როგორც გრძელვადიანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში. სუბსიდირების დონე განისაზღვრებოდა ფასების მიმდინარე დონით. ამასთან, ერთი ფერმისთვის განკუთვნილი თანხა შემოიფარგლებოდა 50 ათასი დოლარით. გაცემული სუბსიდიების დონე საფუძვლიანად მცირდებოდა, თუ ერთი კულტურისთვის განკუთვნილი ფართობის 15%-ზე მეტი სხვა კულტურის წარმოებას მოხმარდებოდა. შემდგომი განვითარება ჰპოვა საქონლის დაგირავებამ სახელმწიფო კრედიტის მისაღებად. ძირითადი რეგულირებადი კულტურების (ხორბალი და სიმინდი) მიხედვით საგირაო გადასახადის დონე 10%-ის ფარგლებში მერყეობდა (მარაგისა და მოხმარების დონის თანაფარდობის მიხედვით).
ამასთან ერთად, 1990 წლის კანონმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროგრამებში მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ასე, მან მკაცრად დაუკავშირა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამის ამოქმედება გარემოს დამცავი ნორმების დაცვას. კანონში განხორციელდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პირობების შექმნის დეკლარირებული კურსის სტანდარტები. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა ასიგნება წყლის რესურსების, კერძოდ _ სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად. მკვეთრად განისაზღვრა წყალში მავნე ნარჩენების ზღვრული ნორმები. კიდევ უფრო შეიზღუდა ჭაობების ამოშრობა და გამკაცრდა ცხოველთა სამყაროს დაცვის ნორმები.
დასასრულ, ყოველივე ზემოთქმული იძლევა საფუძველს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში გამოიყოს შემდეგი ძირითადი მომენტები:
- 1985 და 1990 წლებში მიღებული კანონები წარმოადგენდა ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას და თავისი არსით ისახავდა ერთ საერთო მიზანს _ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილიზებას და ქვეყნის სასურთო უშიშროების უზრუნველყოფას.
- აშშ-ს სასურსათო უშიშროების აყვანამ სახელმწიფოს პრიორიტეტული (სტარატეგიული) მიზნის რანგში თავისი ასახვა ჰპოვა იმ საკანონმდებლო ნორმების მიღებასა და სრულყოფაში, რომლებიც ემსახურებიან შემდეგი მიზნების მიღწევას:
_ სასოფლო-სამეურნეო რესურსების _ მიწის, წყლის, ტყის, ატმოსფეროს (ჰაერის) რაციონალურ გამოყენებას, რის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა იურიდიული ბაზა, რომელმაც აამოქმედა ამ რესურსების დაცვის სავალდებულო ნორმატივები; დააკანონა სათესი ფართობის სახელმწიფო რეგულირებისა და ცალკეულ კულტურებს შორის მათი გადანაწილების მექანიზმი, ძირითადი საკვები პროდუქტების ოპტიმალური ფასებისა და მათი წარმოების რეგულირების შესაძლებლობა;
_ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა შემოსავლების სტაბილიზება და მათი დაცვა საბაზრო სტიქიისგან; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქციის ფართომასშტაბიანი სუბსიდირება;
_ მიწათსარგებლობის ყველაზე ეფექტური მეთოდების მხარდაჭერა: საკანონ-მდებლო ნორმების, მექანიზმებისა და საფინანსო გადაწყვეტილებათა სპეციფიკა განისაზღვრა იქიდან, რომ უკვე ახლო მომავალში 100 ათასი მსხვილი მეწარმე მისცემს ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო წარმოების 80%-ს, მაშინ როდესაც ტრადიციული საოჯახო ფერმა ქვეყნის მიწათსარგებლობის ისტორიის საკუთრება გახდება;
_ სახელმწიფოს გადაქცევა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად (კონტრაქტორად), არამედ მთავარ მყიდველად და განმანაწილებლად (დისტრიბუტორად): შექმნილი იურიდიული მექანიზმი აძლევს მთავრობას საკმარის უფლებამოსილებას, რომ შეისყიდოს და გაანაწილოს სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი (იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზება).
აღნიშნული მიზნების დასახვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მკვეთრი შემობრუნების ეტაპი გახდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ისტორიაში. ამჟამად ეს კურსი კვალიფიცირდება, როგორც “საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სტაბი¬ლურობის სახელმწიფო გარანტია“.
დასკვნის მაგიერ. ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უშიშროებისადმი (უსაფრთხოება) დიდი ყურადღება რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული:
- სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მსოფლიო მოსახლეობაში საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და, შესაბამისად, მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას. ამიტომ სასურსათო უშიშროება ყველა სახელმწიფოს სტრატეგიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს;
- მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა სოფლად ქვეყნის რეკრეაციული სიმდიდრისა და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს;
- სასოფლო-სამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ფსიქოლოგიურად და კულტურულად სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.
გლეხკაცი ვერ განიხილება, როგორც საშუალება რაღაც მიზნისთვის _ იგი უნდა განვიხილოთ მხოლოდ, როგორც მიზანი. მას მოფრთხილება, თანადგომა და შესაფერისი დაფასება სჭირდება. გლეხკაცის მოწოდება და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ მოხნას, დაბაროს, გასხლას, მოუაროს პირუტყვს, მოიყვანოს მარცვლეული, მწვანილი, ხილი თუ ყურძენი. მისი პირველი მოწოდებაა ის, რომ იყოს ღირსეული, ჯანსაღი, ყოველმხრივ გამართული ადამიანი, ქართველი ბავშვების გამზრდელი, ქართველი ერის ხერხემალი, საზოგადოების გამომკვებავი, საქართველოს დემოგრაფიის დამცველი, მისთვის ოფლისა და სისხლის დამღვრელი (ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქე) და საქართველოს მიწის ყოველი ცალკეული გოჯის შემნახავი ასიათასობით პოტენციური „სტუმრის“ პირისპირ.
საქართველომ, სხვა ცივილიზებულ ერთა მსგავსად, უნდა გამოკვეთოს პრიო¬რიტეტები სოფლის მეურნეობაში. ჩემი აზრით, პრიორიტეტები ამ სფეროში შეიძლება იყოს ორი მიმართულების: პირველი _ სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, შენარჩუნება (ამ ამოცანაში შედის კულტურული და ველური ლანდშაფტების დაცვაც); მეორე _ სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
საქართველოს სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა დიდადაა დამოკიდებული მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან. მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, გააჩნია გამოწვევები რომლებიც პირობითად შესაძლებელია ორ ნაწილად დაიყოს:
- მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არ არსებობა შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას;
- მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა.
მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის საჭიროა შესაბა-მისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უნდა მართავდეს მიწის საინფორმაციო სისტემას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას მიწის დანიშნულების, კატეგორიის, ხარისხის, საირიგაციო/სადრენაჟო ინფრასტრუქტურის და სხვა მონაცემების შესახებ.
მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ასევე მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. მისი არ არსებობა თავის მხრივ სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონულ განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაზე, სოციალური, დასაქმების, მიწის ბაზრის აქტიურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე.
მიწის განვითარების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მიწის კონსოლიდაცია, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც ევროკავშირის ძველი და ახალი წევრებისთვის, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.
სამწუხაროდ, საქართველოში მიწის კონსოლიდაციის არავითარი გამოცდილება არ არებობს, რაც ამ მიმართულებით მოქმედების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა. გამოცდილების შესაგროვებლად აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდეს მიწის კონსოლიდაციის პილოტ პროექტი, რომლის გამოცდილების ბაზაზე უნდა შეიქმნას შესაბამისი კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამა.
ცალკე დიდი პრობლემაა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს ნიადაგების დაცვის ფინანსურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (მ.შ. ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გენერალური გეგმა) და დაიწყოს მისი განხორციელება.
მსოფლიოში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის (მ.შ. სასურსა-თო) ხასიათი, საქართველოს წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის ამოცანები რეალურად მოითხოვს როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურის გადახედვას (პრიორიტეტული დარგებისა და კულტურების განსაზღვრა. სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი სასურსათო ბალანსის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების წარმოებას დაეთმობა), ასევე თითოეული დარგის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის დადგენას და გამოყენების სოციალურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრას. გასაგებია, რომ დღეს არსებული სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაცია კონკურენტული უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება მეტად საჭიროა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საბაზრო მექანიზმების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა, რომელიც წარმოებისა და რეალიზაციის მთელ ჯაჭვში ინტეგრატორის როლს შეასრულებს. გარანტირებული შესყიდვა უზრუნველყოფს პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებას, აგრარულ წარმოებაში მომსახურების სფეროს სრულ ჩართვას. ასევე აუცილებელია სახელმწიფო (ნახევრად ადმინისტრაციული, ნახევრად კომერციული) მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა, რადგან ისინი აწესრიგებენ სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას, რათა საბაზრო ფასები დროის ყველა მომენტში წონასწორობასთან ახლოს იყოს. საქართველომ უნდა შექმნას მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახური _ ამ ეტაპზე მარცვლეულისა და მეცხოვე-ლეობის პროდუქციის წარმოების სფეროში.
იმისათვის, რომ ქართულმა სოფელმა შექმნას პროდუქციის სიუხვე, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნესის ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში. იგი, პირველ ყოვლისა, სპეციალიზებული კოოპერაციული ტიპის აგროსაკრედიტო (ურთიერთდახმარების, თავდებობისა და გარანტიების) სისტემის შექმნით გამოიხატება, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილი უნდა გახდეს მელიორაციის, ზოოვეტმომსახურების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგროქიმიური საშუალებების, საწვავის (მატერიალურ ტექნიკური საშუალებების) და ა.შ. უზრუნველყოფის ორგანიზება. უნდა წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სფეროში კოოპერირების გამოყენება და მარკეტინგული დახმარება. ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად უნდა იქცეს სასოფლო რაიონებში აგროტექნიკუმების ფართო ქსელის გამოყენება, რომელიც შეძლებს ფერმერების (განსასაზღვრია ფერმერის სტატუსი და შესაქმნელია ფერმერთა რეგისტრაციის სისტემა) პრაქტიკული ცოდნითა და ჩვევებით აღჭურვას და მათი გამუდმებით გადამზადების გარემოს შექმნას.
ამავე კონტექსტშია გადასაწყვეტი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სასურსათო უშიშროების ინფორმაციისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა (ასეთი სამსახურის ჩამოყალიბება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) მიერ არის რეკომენდებული. ამ სტრუქტურაში მთავარი ადგილი სასურსათო უშიშროების ძირითადი ინდიკატორების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და ადრეული გაფრთხილების პრაქტიკის დანერგვას ეკუთვნის).
ქვეყნის აგროსექტორში მდგომარეობის გამოსწორებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი (კოოპერაციული) გაერთიანებების ჩამოყალიბება, აგრარული შრომის სტიმულირება (ავტორიტეტის ამაღლება), სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ურთიერთინტეგრაცია (პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა), დაწვრილერთეულებული საწარმოო ბაზის (მიწის) კონსოლიდაცია, ბაზრებთან კავშირის აღდგენა. ასევე მნიშვნელოვანია თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამის განხორციელება, რომელიც გახდება სოფლის მეურნეობისა და მრეწ-ველობის ტრადიციული დარგებისა და მწვანე ტურიზმის ახლებური ორგანიზაციული მოწყობის, მისი ეფექტიანობის ამაღლებისა და, შესაბამისად, მიწათმოქმედთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის რეალური მექანიზმი, რაც თავის მხრივ მოსახლეობის სოციალური განვითარების ძლიერ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობა უნდა დაადგეს აგრარული პოლიტიკის ახალ სტრატეგიას სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით, რომელშიც არა უბრალოდ აგრარული, არამედ უფრო ფართო _ სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის განვითარების _ პოლიტიკა (აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა) იგულისხმება.
სოფლად შემოსავლების ზრდისა და ქალაქთან გათანაბრებული ცხოვრების პირობების შესაქმნელად (სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება) საქართველოს მთავრობამ, მსგავსად დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებისა, რამდენიმე დებულებით უნდა იხელმძღვანელოს:
- სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმართველობა, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა), განვითარება, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა ეროვნული იდენტურობისა და მოსახლეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს;
- გარემოს დაცვა შენარჩუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარება სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის ზრდის პოტენციალს შეიცავს;
- ინფორმაციის (მ.შ. ტელეკომუნიკაციის) გავრცელებისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა სოფლის ქალაქთან გათანაბრების აუცილებელი პირობაა;
- სოფლად პროდუქციის სამრეწველო გადამუშავების გაზრდა და ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება სამუშაო ადგილების ზრდას უზრუნველყოფს.
საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად (შემდეგ ეტაპზე, ინდუსტრიულ ქვეყნად, ზეგანვითარებული სოფლის მეურნეობით), რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად _ მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის ნატურალური სოფლის მეურნეობის პროდუქცია, არის ის სასურველი მიმართულება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს სასურსათო და ზოგადად ეკონომიკური უშიშროებაც ანუ შეუნარჩუნოს მას გარანტირებული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა გარე ძალების ნებისაგან დამოუკიდებლად.
ეს ამოცანა თავისით, რა თქმა უნდა, არ გადაწყდება. საჭიროა აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიზანმიმართული სტრატეგიისა და მის საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავება (სისტემა, სტრუქტურა, სტრატეგია, ტაქტიკა, კადრების ნება, კადრების სწავლება), რომელიც ორიენტირებული იქნება ზემოაღნიშნული მთავარი ამოცანის გადაჭრაზე. ცხადია, რომ ამ არსებით სიახლეებს სჭირდება ნათელი შესაბამისი კანონების მიღება.
აშშ-ის გამოცდილება იმიტომ არ მომიტანია, რომ ჩვენც ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ. აქ მთავარია ტენდენციის გაზიარება და იმის გაკეთება რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს აქვს. სწრაფად განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს არა რომელიმე ერთი ეკონომიკური მიმართულების, არამედ ლიბერალური და სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკების რაციონალური შეთანაწყობის უპირატესობას.
თქმულიდან გამომდინარეობს:
_ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნის უპირველეს სტრატეგიულ მიზანთა რიგში შედის;
_ ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ ამოცანის გადაჭრა ძალუძს, არის თვით სახელმწიფო:
_ ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური სუბიექტის, ფუნქციონირების ურთულესი ტექნოლოგია, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულყოფის საქმეში, ისე სოფლის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ტექნიკური დონის სრულყოფის საქმეში.
პაატა კოღუაშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი