მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი – მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია სოფელ გონების კართან, „მესხისეულ მამულში“ შემორჩენილი ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი. ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლობდნენ.
ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი
აგუნა, აგუნა გამეიარეო,
ბახვი, ასკანა მადმეიარეო,
ჩვენს მამულში ყურძენიო,
მტრის მამულში ფურცელიო.
საკრალიზებული იყო მარანიც. (გურიაში მარანს ეძახიან ღია, ხეებით შემოფარგლულ ადგილს ეზოში, სადაც ჭურებია ჩაყრილი). ქალს, ისე, როგორც საკურთხეველში, ეკრძალებოდა მარანში შესვლა და ჭურიდან ღვინის ამოღება. კაცის არყოფნის დროსაც კი. ამ დროს ქალს მეზობლის კაცი უნდა მოეყვანა ჭურიდან ღვინის ამოსაღებად.
მთელი გურია შავი ზღვიდან სურების მთებამდე მაღლარი ვენახი იყო. ვაზს დიდი შრომა არ სჭირდებოდა. ის გაშვებული იყო მაღალ ხეებზე (თხმელა, თუთა, და სხვ), მხოლოდ თუ შემობარავდნენ და ზოგჯერ გასხლავდნენ, თორემ სხვა მოვლა არ სჭირდებოდა.
გურიაში ვაზის 50-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია დაფიქსირებული. მათგან ყველაზე ძვირფასად ითვლებოდა ჯანი, რომელიც დაბალმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინო დგება და ჯანის მირთმევის ფუფუნება მხოლოდ გურიელებს ჰქონდათ. მაღალი ხარისხის ღვინოები დგებოდა შემდეგი ჯიშებისგან: „ჩხავერი“, „საკმიელა“, „მტევანდიდი“. საჯავახოს მხარეში (მდინარე ხევისწყლის ხეობა) „სხილათუბანისა“ და „მტევანდიდის“ შერევით ამზადებდნენ ღვინო „საჯავახოს“.
გურიაში გავრცელებული ვაზის ჯიშები: წითელი_ ძელშავი“, „ხემხუ“, „აკიდო“, „მტევანდიდი“, „ჭუმუტა“, „კუმუშა“, „მცვივანი“, „ხარისთვალა“, „ღორისთვალა“, „ცხენისძუძუ“, „მტრედისფეხა“, „წითლიანი“, „შავყურძენა“, „ხარდანი“, „სამჭაჭა“, „ბადაგი“, „ალადასტური“, „შავი კამური“, „ოცხანური“, „ოფოურა“, „ორონა“, „კოლოში“, „კორძალა. თეთრი_  „დონდღო, „თითა“, „მწვანე“, „თეთრიშა“, „სამაჭრე“, „ათინაური“, „კლარჯული“, „ზენათური“, „მაური“, „კაპისტონი“.
ვაზი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სოფლებში ციხე (გურიანთა), შემოქმედი, ლიხაური, ხიდისთავი, ერკეთი, დაბლაციხე, საჯავახოს მხარე, ბახვის ზონა (ბახვი, ასკანა, ბაღდადი). მექვევრეობის კერა იყო აცანა-აკეთის მხარე. ბახვის მხარეს ფეოდალურ ხანაში თავადი მაქსიმენიშვილები ფლობდნენ. მათ მოჰყავდათ მტევანდიდის ჯი­შის ყურძენი და აყენებდნენ მუ­ქი წი­თე­ლი ფე­რის, მა­გარ, სურ­ნე­ლო­ვან ღვი­ნო­ებს.
გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა (ნიკო მარის მამა) დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები. დაბლაციხეში დასახლებული მარი 1841 წლისთვის საკუთარ მეურნეობაში აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა.
 ფრანგი არქეოლოგი ბარონი ჟოზეფ დე ბაი, ასე აღწერს რთველს გურიაში
„ჩვენი მოგზაურობა რთველს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, რომ გურიაში რთველი ნახევრად საჰაეროა. მაღალი და დატოტვილი ხის ძირში დარგული, თავის ნებაზე მიშვებული ვაზი გაბედულად მიცოცავს ზევით და ხის ფოთლებში ეხვევა. სწორედ ამიტომ ყურძნის მოსაკრეფად ხის კენწეროზეა ასვლა საჭირო.

ამ სამუშაოს შესასრულებლად ხეზე ცილინდრის ფორმის კალათა ააქვთ და ტოტზე ხის დიდი კაუჭით კიდებენ.
რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე თვალწარმტაცი სანახაობა, ვიდრე ვაზის გიგანტური ხვეულები საუკუნოვანი ხეების გარშემო, მათი გადასვლა ერთი ხიდან მეორეზე და ჩამოკიდებული მტევნების უთვალავი და მოხდენილი გირლანდა.აქ ვაზი მცენარეთა დედოფალია; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან.ღვინოს სახლის წინ უზარმაზარი მწვანე ხეების ძირში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. აქ ყოველთვის სასიამოვნო ჩრდილია და ოჯახი სადილისათვის აქ იკრიბება. თავმოხდილი ამფორიდან ყველა თავისი სურვილისამებრ იღებს ღვინოს, ისე, რომ ადგილიდანაც არ იძვრის.კავკასია, როგორც ამბობენ, ვაზისა და ღვინის სამშობლოა.“
1888 წელს გაზეთი „დროება“ (N263) წერდა გურიაში აღმოჩენილი ქვევრის შესახებ:

„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“

ადგილობრივ ვაზს მე-19 საუკუნის შუა წლებში ჭრაქმა და 1870-80-იან წლებში ნაცარმა დიდი დარტყმა მიაყენა. გურულებმა მასობრივად დაიწყეს ადესას („იზაბელა“) გაშენება. ამ ვაზის ნერგები 1840-იან წლებში მთავარმმართებელ ვორონცოვის ინიციატივით ქალაქ ოდესიდან ჩამოიტანეს და ოზურგეთის ბაღში საცდელად დარგეს. 1890-იანი წლებისთვის ადესას თითქმის განდევნილი ჰქონდა ძველი გურული ჯიშები.

თუმცა ჯერ კიდევ არსებობდნენ გურული მეღვინეები. მათ შორის იყო ასკანელი სოლომონ ჭეიშვილი. მან მეღვინეობა საფრანგეთში, შამპანიასა და ბორდოში შეისწავლა. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია ძმები ჭეიშვილები. მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მიკრო-ქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოები „ასკანის ნატურალური ღვინო“ ერქვა. 1911 წელს დონის როსტოვის მოწყობილ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
სოლომონ ჭეიშვილი

გურული ვაზის ჯიშების მოძიებით და გადარჩენით იყო დაინტერესებული გიგო შარაშიძე. მან სოფელ ბახვის სკოლის ეზოში საცდელი ნაკვეთი მოაწყო და დაწერა „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“.

მეღვინე იყო წინამძღვრიანკარის სკოლის დირექტორი ერმილე ნაკაშიძე. ის ავტორია წიგნისა „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. ნაკაშიძემ წინამძღვრიანთკარში აღზარდა მრავალი მეღვინე. მათ შორის იყო თადეოზ გაბრიელის ძე მეგრელიშვილი, სოფელ ფარცხმიდან. მან განათლება ჯერ არსენ წითლიძესთან მიიღო, შემდეგ წითლიძემ წაიყვანა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მეგრელიშვილი შემდეგ სწავლობდა იალტაში, ნიკიტინის საიმპერიო საბაღოსნო სკოლაში მიიღო. შემდეგ თავად ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მას ქუთაისის მაზრაში საუფლისწულო ვენახები ებარა. მეგრელიშვილის თაოსნობით  1900 წელს ჩოხატაურში გაიხსნა მეღვინეობის შემსწავლელი სამეურნეო სკოლა. სკოლას ჰქონდა საკუთარი ნაკვეთი, ვენახი, ბოსტანი, სანერგე მეურნეობა.

გასაბჭოების შემდეგ გურიაში ვაზის კულტურა, შეიძლება ითქვას, მთლიანად განადგურდა. მასობრივად ხდებოდა ჩაისა და ციტრუსების გაშენება, ყველა სახელმწიფო მეურნეობა მუშაობდა მეჩაიეობის განხრით. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო ღვინის ქარხანა სოფელ საჭამიასერში, სადაც ისხმებოდა ჩხავერი და ცოლიკოური, მხოლოდ რამდენიმე კოლმეურნეობას (ბახვი, ბაღდადი) ჰქონდა მცირე ნაკვეთებზე ვაზი გაშენებული. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებული ჰქონდა უმეტესწილად ადესა და შედარებით ნაკლებად ცოლიკოური.

ეს ტექსტი 1962 წელს ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა

ძველათ იყო ამ ადგილეფში ჩხავერი, ტევანდიდი, ჭუმუტაჲ, ტრედისფეხა. მერმეთ იყო ადესაჲ. მაგინი ხეებზე ადიოდენ. ყველას ჯობდა ჩხავერი. თოლჩი, ქრიშობისთვეში, ჩხავერი მოვკრიფეთ ოზდაათ ფუთზე მეტი. მახსოვს მე, თოლზე ვიდექი და მამაჩემს გიდელს უცლიდი. ჩხავერი ხეზე დიდხანს ძლებდა, ერი კაკალი არ ჩამუარდებოდა. ჩხავერს დავრგავდით თხმელაჲს ძირში. მერე გეიზდებოდა და მიედობოდა ზეთ. ჩხავერი წიფდებოდა წიფობისთვეში. მოკრეფა შეიძლებოდა წიფობისთვის დამლევს. რომ მოვკრეფდით, ჩავყრიდით საწნახელჩი, შეიკაზმებოდა. მერე დავჭნეხდით ფეხითაც და გობულითაც. მერე გარეცხდენ ჭურს და ჩუუშობდენ შით თეთრათ. ჩხავერს სულ თეთრათ იღებდენ. წვენი ბეური ქონდა და ჩუუშობდენ ჭურში. ჭურს დააკლებდენ ვერშოკნახევარს, რომ ღვინო გადაბრუნდეს. მერე ჭურს თავზე დაახურავდენ წაბლის როგოს და დაგოზვიდენ წითელი მიწით. ჭურს მისემდენ პატარა სასულეს. როგოს კიდეში ჯოხს დუუსობდენ და რომ დაგოზვიდენ, ჯოხს ამეიღებდენ. იქიდან მოდიოდა ღვინის ხაერი. თუ არ დავატანდით, მაშვინ ღვინო ამოდუღდებოდა მიწაში. დასალევათ ვარგოდა ათ დღეში. მერე მარტში გადიღებდენ ღვინოს ისთევლე ჭურეფში. ერი ჭურიდან მოორე ჭურში ჩუუშობდენ და დაგოზდენ. სუფთა ღვინო რაც იყო, ჩუუშობდენ. თხლე დარჩებოდა. ჩხავერს არ ქონდა ბევრი თხლეი. ჩხავერს ერთის მეტი გადაღება არ უნდოდა, სუფთა იყო.

ჭუმუტაჲ შავია. რომ დადუღდება, შავია. ჭუმუტაჲს ღვინო მაგარი არაა. მაგარია ჩხავერი და ტევანდიდი. ჩხავერი წინ დგანა ტევანდიდზე, ჩხავერზე წინ არაფერი ღვინო არაა.
ახლა ჩხავერი გადივიდა, დაბერდა. ადესაჲ რომ შამევიდა, ჩხავერი წევიდა.
ახლა მეურნეობამ დეიწყო ჩხავერის მოშენება. ბახვს აქ შვიდი-რვაჲ გექტარი მოშენებული; ჩხავრის მეურნეობა ქვია იმას, მარტო ჩხავერია, სხვაი აფერი არაა.

ახალი ლერწი ჩამეიღეს ძველი ჩხავრიდან, დამყნეს და დარგეს. ხეზე არ გუუშვეს, დაბალ ფორჩხებზე გააშენეს. ხეზე ვერ შეწამლავდენ და იმიზა გააშენეს დაბალზე. წამალი რომ არ უქნა, მონაცრავს და გაფუჭდება.
ბოლო 5-6 წელია, გურიაში კვლავ გაჩნდა ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ. დღესდღეობით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ძველი გურული ჯიშების გაშენება. რაც ანდრო ვაშალომიძის დამსახურებაა, მან 20 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ძველი გურული ჯიშები მოიძია და გადაარჩინა. ასევე უკვე შესაძლებელია ბოთლში ჩამოსხმული გურული ჩხავერის შეძენა.

წყარო: aboutguria.blogspot.com