ქართული უძველესი, უნიკალური თვისების ხორბლის ჯიშები და მათი მნიშვნელობა
საქართველო ვაზისა და ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა.
საქართველოში კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს, ძველი ადამიანების სადგომებსა და სამარხებში, აღმოჩენილია (ძვ. წელთაღრიცხვით) V-IV ათას წლეულის დანახშირებული ხორბლის მარცვლების ნიმუშები. სამყაროში არსებულ ხორბლის გვარში შემავალ 27 სახეობიდან, საქართველოში 14 სახეობა გვხვდება:
1. მონოკოკკუმი;
2. დიკოკკუმი;
3. ტიმოფეევი;
4. გეორგიკუმი-პალეოკოლხიკუმი;
5. ქართლიკუმი-პერსიკუმი-დიკა;
6. დურუმი;
7. ტურგიდუმი;
8. პოლონიკუმი;
9. ტურანიკუმი-ორიენტალე;
10. ესტიუმი;
11. სპელტა;
12. კოპაქტუმი;
13. მახა;
14. ჟუკოვსკი.
ეს მთლიანად სამყაროში ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 62 %-ს შეადგენს. შესაბამისად მსოფლიოში გავრცელებულ ხორბლის სახეობებშიც 70 % ქართული გენია.
აქედან 5 ენდემური, აბორიგენული სახეობაა, რომელიც სრულად უცნობია სხვა ქვეყნებისათვის და ბუნებრივად მხოლოდ საქართველოში გვხვდება.
საქართველო ითვლება ხორბლის სახეობათა წარმოქმნის კერად. გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში ,,ზანდური“ იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავლში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science-ში 2016 წელს გამოქვეყნდა. ზანდურთან ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები-,,პოლუპოლბა“ და ,,სპელტა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ,,ზანდურისა და პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი მათი სტაბილურობა, მაღალი იმუნიტეტი და პარაზიტებისადმი მდგრადობაა. ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გაანალიზეს ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად.
მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science-ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდა საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია. პურის საგანგებო მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს განსაკუთრებული გაჭირვების დროს შეუძლია თავისი არსებობა მარტო პურის საშუალებითაც შეინარჩუნოს. ქვეყანამ თავისი სავარგულების 60 %-ი უნდა დაუთმოს ხორბლისა და მარცვლეულის წარმოებას და ამისთვის უნდა გამოთავისუფლდეს და დამუშავდეს მიწის სავარგულები. ბოსტნეული, ხილი, ციტრუსი და სხვა არ არის სურსათი, არის მხოლოდ მისაყოლებელი საჭა მანდზე.
ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა ,,ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ საყიდელი არ გაგვიხდეს და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“. ე.ი საგანგებოდ გვაფრთხილებდა, რომ პური საყიდელი არ გაგვხდომოდა. ილიას სწამდა, რომ ,,ჩვენ ქართველები პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ”, ,,თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა-თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და აქედან ზნეობითადაც”.
სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია ხორბლის მოყვანის მხრივ. ერთ სულ მოსახლეზე , ამჟამად ქვეყანაში წელიწადში 18 კილოგრამი ხორბალი იწარმოება, მაშინ როდესაც ნორმით საჭიროა 120 კილოგრამი ხორბალი, ესაც იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი გაქვს ხორცი, კარაქი, რძე და სხვა.
ეკონომიურად განვითარებული ქვეყნებმა სხვაზე ცუდად როდი იციან, რომ პური უფრო იაფია, ვიდრე ჩაი, ციტრუსი და სხვა, არც მათ უჭირთ სხვა ქვეყნებში პურის შეძენა და შეტანა, მაგრამ იმედს მთლიანად იმპორტზე არ ამყარებენ და აწარმოებენ მილიონობით ტონას. ასე იქცევიან, რადგან იციან, რომ ამ გამორჩეული პროდუქტისადმი ჩვეულებრივი საქონლის საზომით მიდგომა მეტად სახიფათოა, რომ პურით ქვეყნის უზრუნველყოფა განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოქცევაა, წნეხისა, რომელიც პოლიტიკური გარემოების და გამო ყოველ წუთს შიძლება არასასურველი მიმართულებით ამოძრავდეს.
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ შემოტანილი პროდუქციის სიიაფე ყოველთვის იმას როდი ნიშნავს, რომ მათი წარმოების თვითღირებულება სხვისაზე დაბალია, უმეტეს შემთხვევაში ეს გამიზნულია მოხმარების ბაზრის დასაპყრობად და ეროვნული წარმოების დასასუსტებლად, სულაც ფუნქციონირების შესაწყვეტად იმისათვის, რომ შემდგომში გამორიცხოს კონკურენციის შესაძლებლობა, გაზარდოს ფასები და აინაზღაუროს დანაკლისი. ასეთ ვითარებაში ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ეროვნული, ადგილობრივი, წარმოების შენარჩუნება, განმტკიცება და განვითარება, ზრუნვა იმისათვის, რომ იგი საკუთარ საფუძველზე დადგეს.
ბუნებაში არაფერი იკარგება, თუ ხორბლის სახეობა არის გამძლე, ამტანი და ხასიათდება დაავადების მიმართ იმუნიტეტის თვისებებით, მაშინ მისი მირთმევის შემთხვევაში ეს თვისება ადამიანებშიც გადადის, სწორედ ამ თვისებებს აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები.
სოფლის მეურნეობის წარმოების საფუძველი მწვანე მცენარეა. მხოლოდ მას აქვს უნარი გამოიყენოს მზის სხივების ენერგია, მოახდინოს მისი აკუმლირება ნაყოფში, ნიადაგსა და ჰაერში არსებული არაორგანული ნივთიერებიდან შექმნას ორგანული ნივთიერება, ადამიანისთვის შესათვისებელ ფორმაში, რომელიც სიცოცხლის ენერგიის წყაროა.
სოფლიოში დაახლოებით კულტურულ მცენარეთა 4000 სახეობაა გავრცელებული. ნ.ი. ვავილოვის მიხედვით კულტურულ მცენარეთა მნიშვნელოვან სახეობათა რიცხვი 600-ს აწევს. აქედან 78 სახეობა პურეულები, მარცვლოვანი პარკოსნები და სხვა მარცვლოვნებია.
პურეული ეკუთვნის მარცვლოვანთა ოჯახს (Gramineae). ამ ოჯახში შემავალ მცენარეებს ახასიათებს საერთო ნიშნები. პურეულში გვხვდება, როგორც თვითგამანაყოფიერებელი (ხორბალი, შვრია, ფეტვი, ღომი, ბრინჯი); ასევე სხვით გამანაყოფირებელი (ჯვარედინგამანაყოფიერებელი) ჭვავი, სიმინდი, სორგო და სხვა. მორფოლოგიურ ბიოლოგიურ თვისებათა მიხედვით იყოფა ოთხ ჯგუფად.
მარცლოვანი პურეულის I ჯგუფში შედის ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრია; II ჯგუფში (ფეტვნაირი) მარცვლოვანების ოჯახიდან: ფეტვი, ღომი, სიმინდი,სორგო, ბრინჯი; III ჯგუფში შედის მარცვლეული პარკოსნები-პარკოსნების ოჯახიდან: ლობიო, სოიო,ბარდა, ხანჭკოლა, ოსპი,მუხუდო და სხვა, რომლებიც მდიდარია ცილოვანი ნივთიერებით (25-50%), IV ჯგუფში დანარჩენი მარცვლოვანი და საბურღულე კულტურები, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ოჯახს: წიწიბურა მატიტელასებრთა ოჯახიდან და სხვა.
პურეულ მცენარეთა მარცვლის ქიმიური შემადგენლობა იცვლება ზრდის პირობებისა, მცენარეთა სახეობისა და ჯიშის მიხედვით. მარცვლის მთავარი მასა წარმოადგენილია ნახშირწყლებით, მათ შემადგენლობაში 90%-მდე სახამებელია და მხოლოდ 10%-ი მოდის ხსნად ნახშირწყლებზე (შაქარზე), რომლებიც უმთავრესად განთავსებულია ჩანასახში.
უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ აზოტიანი ნივთიერებანი, აზოტიან შენაერთებში ჭარბობენ ცილები. წყალში უხსნად ცილების ფორმას წებოვანა ეწოდება. წებოვანას რაოდენობას და თვისებას (ბმულობის ხარისხს და წევადობას) დიდი მნიშვნელობა აქვს პურის ცხობის თვალსაზრისით, წებოგვარა იძლევა უკეთ გაღივებულ და გაფუებულ ცომს, ორგანიზმისათვის ადვილად მოსანელებელს.
ცილების რაოდენობის შედგენილობით იზომება ხორბლის ხარისხის მაჩვენებელი. მომწიფებული ნორმალურტენიანი (12-14%) მარცვალი 10 წელსაც ინარჩუნებს გაღვივების უნარს. მცენარე გაღვივებიდან ახალი თესლის შექმნით გადის გარკვეულ სტადიებს, განვითარების ფაზებს, რომელიც კლასიციფირდბა სხვადასხვა სისტემით (Feekes, Zadoks,Naun). ხორბლის ზრდა-განვითარების საერთაშორისო კლასიფიკაცია ,,ზადოქსი“ის შკალის მიხედვით.
თესვა, გაღივება და აღმოცენება, ბარტყობა, აღერება, დათავთავება, ყვავილობა, სიმწიფე, გაღვივებისათვის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სითბო. თესლის გაღვივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15°C-20°C, მაგრამ სინამდვილეში თესვა წარმოებს (გარკვეული მიზეზების გამო) ნიადაგის მინიმუმი ტემპერატურის 3°C-4°C-ის პირობებში.
გაღვივება ასეთ პირობებში ნაკლები სიცხოველით მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ მკვეთრად გადახვევას მიმართავენ გარკვეული მოსაზრებით; მინიმუმი ტემპერატურის შემთხვევაში თუ ხანგრძლივდება გაღვივება, სამაგიეროდ განვითარების შემდგომი ფაზები (ბარტყობა, აღერება და სხვა) მიმდინარეობს სრულად ნორმალურ პირობებში და უზრუნველყოფენ დაგეგმილ მოსავალს.