მე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკები

დიხაშხოს თერმული წყალი „თვითნაბადი საოცრება“

ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსზე ნაკლებია, სულაც არ იგრძნობა, აქ თერმული წყლის სამკურნალო აბაზანის მიღება, ზამთრის სუსხიან დღეებშიც თავისუფლად შეიძლება. გეიზერის მიერ შექმნილ აუზში წყლის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს.

როგორც ადგილობრივები მბობენ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში თერმული წყალი 24 საათის განმავლობაში გამოედინება და  პერიოდულად ახალ-ახალ აუზებსაც იკეთებს. 

გეიზერი რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, პოპულარული სულ ცოტა ხნის წინ გახდა და იმის მიუხედავად, რომ გოგირდის წყარომდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია, ბოლო დროს ცხელი წყლის აბაზანებს ადგილობრივები და ტურისტები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ. 

„მიუხედავად იმისა რომ ნახევარი დღე მოვდიოდით, ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლა. ეს უნიკალური, თბილი და საინტერესო ადგილია“_ აცხადებენ გეიზერზე მყოფი ტურისტები.

„ვანში ბალნეოსპელეო ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივაა. ამის ნათელი მაგალითი დიხაშხოს გოგირდის გეიზერიცაა. ეს არის ბუნებრივი სიმდიდრე. ყველა ამას გვიდასტურებს, ჩვენც ასე ვთვლით და ძალიან ვამაყობთ. ბუნებრივი ქანებიდან ამომავალი გოგირდის სამკურნალო თერმული წყალი 100 წელზე მეტია, რაც ამ სოფელში ამოედინება (გადმოცემით ასეა). ეს აუზები, რაშიც ახლა თერმული წყალია დაგუბებული, ბუნებრივი ქანებისგან არის წარმოქმნილი და აგრძელებს ამ ქანების წარმოქმნას. ახალი აუზი რომ შერიქმნას, რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, ამიტომ ერთ აუზს ცოტა ხელოვნურად დავამატეთ, ერთი მხარე მოშენებული აქვს, რათა ეს ბუნებრივი თერმული წყალი არ დაიკარგოს. ეს წყლები არაჩვეულებრივია საყრდენ-მამოძრავებელი, გინეკოლოგიური, ცენტრალური ნერვული სისტემის, ჭარბი წონის, სოკოვანი დაავადების, კანის დაავადებების სამკურნალოდ. ეს არის ის პრაქტიკა და დადებითი რეკომენდაციები, რაც მოდის ტურისტებისგან.

რისთვის ჩამოდის აქ ტურისტი? ძალიან პოპულარული იყო აქამდეც ეს ადგილი, სანამ ვანის მუნიციპალიტეტი და ჩვენი სამსახური გავავრცელებდით ინფორმაციას, მაგრამ მას შემდეგ რაც ამის შესახებ უფრო ცნობილი გახდა, ძალიან ბევრი სტუმარი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია სრულ რეაბილიტაციას მოითხოვს. მისასვლელი გზები მოუწესრიგებელი და ა.შ. გეიზერის სამკურნალო თერმული თვისებების, არაჩვეულებრივი ვიზუალის გამო ტურისტები ყოველთვის კმაყოფილები მიდიან აქედან.

ეს არის თვითნაბადი საოცრება, ამიტომ ყველა სეზონზე აქ ხალხია,“ _ ამბობს ვანის მუნიხიპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი.

სტუმრების განსაკუთრებული პოპულარობის გამო, ხელისუფლებამ გეიზერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გოგირდის გეიზერის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო. შერჩეულმა ინვესტორმა ტურისტული კომპლექსის მოწყობა და ადგილობრივების დასაქმება უნდა უზრუნველყოს. პროექტი გეიზერთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

„ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა ჩვენ თხოვნით, თუ ვიქნებოდით თანახმა იმასთან დაკავშირებით, რომ გასხვისებულიყო და ინვესტორი შემოსულიყო. ჩვენ რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ყველანაირი დოკუმენტაცია მომზადებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს და ველოდებით, რომ გამოცხადდეს აუქციონი,“_ აცხადებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

ხელისუფლების პროექტს უკვე იცნობენ დიხაშხოში. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება სოფლის გამოცოცხლებას და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

წყარო: topnews.com.ge