აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ცოლიკაური

 

ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.

ცოლიკოური დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში ცნობილია ობჩური ცოლიკოურისა და მელქოს ცოლიკოურის სახელწოდებით, ხოლო ბაზალეთურის ცოლიკოურის სახელწოდებით ზემო იმერეთში გავრცელებული ჯიში საგრძნობლად განსხვავდება ნამდვილ ცოლიკოურიდან და დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.

უცხოურ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში ცოლიკოური აღწერილი და მოკლედ დახასიათებულია Tsolikoouri-ს სახელწოდებით. ცოლიკოური სამრეწველო იმერული ვაზის ჯიშია, იგი გამოსულია კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების მიხედვით იგი მეტად ახლო დგას დასავლეთ საქართველოს მთავარ საწარმოო ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად Prol. pontica subprol. Georgica Negr-ის ეკოლოგიურგეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის.

ჯიშის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ ლიტერატურულ წყაროებში დაცული და ზეპირსიტყვაობაში შემორჩენილი ცნობები საშუალებას იძლევა მიახლოებით მაინც გავარკვიოთ ჯიშის წარმოშობის ადგილი და დრო.

ამ საკითხზე საინტერესო ცნობა მოეპოვება ილ. ბახტაძეს, რომელსაც თავის კაპიტალურ ნაშრომში ცოლიკოურის შესახებ აღნიშნული აქვს შემდეგი: „ამ ვენახებიდან (ლაპარაკია შორაპნის მაზრის დაბლარ ვენახებზე) მიღებული ღვინო ითვლება საუკეთესოდ. მათ ეკუთვნით ვაჭრობაში განსაკუთრებით დაფასებული სვირის, შროშის და ხარაგოულის ღვინოები და ამ უკანასკნელთაგან განთქმული „ცოლიკოური“  იმერეთში ყველა სხვა ჯიშზე უფრო დაფასებულია. ამ ღვინოს იღებენ „კაპისტონად“  წოდებულ  ყურძნიდან, რომელიც ხასიათდება ფრანგული საუკეთესო შუშხუნა ღვინოების ყველა თვისებით, მასთან ის მზადდება მეტად განსაზღვრული რაოდენობით და ხარაგოულის გარეთ თითქმის არსად გვხვდება. ბაზალეთის ცოლიკოურიც ითვლება საუკეთესოდ“.

როგორც ჩანს, ილ. ბახტაძე ანსხვავებდა ამ ორ სახვადასხვა ჯიშს – თეთრ კაპისტონს და ბაზალეთის ცოლიკოურს, რომლებიც მაღალი ღირსების ღვინოს იძლეოდა. პირველი იძლეოდა შუშხუნა ღვინოს, ხოლო – მეორე სუფრის ღვინოს. უკანასკნელი პირველი- მეორე სუფრის ღვინოს. უკანასკნელი პირველი მეორე სუფრის ღვინოს. უკანასკნელი პირველისაგან განსხვავებით „ბაზალეთის ცოლიკოურის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ამრიგად, ძველად კაპისტონის შემდეგ ბაზალეთის ცოლიკოურიც საუკეთესო ჯიშად ითვლებოდა შორაპნის მაზრაში.

შემდეგი ცნობა ცოლიკოურის შესახებ მოეპოვება ცნობილ სპეციალისტს ვ. სტაროსელსკის (17), რომელსაც საკმაოდ ვრცლად აქვს აღწერილი ჯიში ცოლიკოური (დართული აქვს მტევნისა და ფოთლის სურათი), დასახელებულია მისი გავრცელების ადგილები, სახელდობრ, შორპანის მაზრის სოფლები: ბაზალეთი, ლაშე, თეთრაწყარო და აგრეთვე ქუთაისის მაზრის სოფ. ობჩა, სადაც ცოლიკოური „ობჩურის“ სახელწოდებით არის ცნობილი. როგორც ჩანს, ვ. სტაროსელსკი ბაზალეთურ ცოლიკოურს არ ანსხვავებდა ობჩური ცოლიკოურისაგან, ან ყოველ შემთხვევაში მას მახლობელ ვარიაციად თვლიდა, რადგან ჯიშის გავრცელების ადგილად ობჩაც აქვს დასახელებული და ბაზალეთიც.

როგორც ცნობილია, ძველად, და ძირითადად ახლაც, ბაზალეთში, თეთრაწყაროში და ორჯონიკიძის რაიონის სხვა სოფლებში გავრცელებული იყო და არის ბაზალეთური ცოლიკოური (ეს ილ. ბახტაძესაც აქვს აღნიშნული), ხოლო მაიაკოვსკის რაიონის სოფ. ობჩაში ძველად მთლიანად და ძირითადად ახლაც გავრცელებულია ცოლიკოური, იგი ობჩური ანუ მელქოს ცოლიკოური. ამის გარდა, როგორც აღწერილობიდან და მასთან დართული სურათიდან ჩანს ვ. სტაროსელსკის აღწერილი უნდა ჰქონდეს არა ობჩური ცოლიკოური, არამედ ბაზალეთური ცოლიკოური, ხოლო ეს ორი ცოლიკოური სულ სხვადასხვა ჯიშია. ერთი მათგანისა სახელდობრ, ბაზალეთური ცოლიკოური გავრცელებულია სოფ. ბაზალეთში და მის მახლობლად და ხასიათდება ფუნქციონალურად მდედრობითი ტიპის ყვავილით, ხოლო მეორე ცოლიკოური გავრცელებულია ობჩაში და აქვს ნორმალური ტიპის ორსქესიანი ყვავილი. მათ შეიძლება მხოლოდ გარეგნული და ისიც შორეული მსგავსება ჰქონდეთ, თუმცა ღვინის ხარისხით ეს ორი ჯიში ერთმანეთს არ ჩამოუვარდება.

ძველად ბაზალეთური ცოლიკოურის ღვინო დიდი პოპულარობითა და სახელით სარგებლობდა. აღნიშნული მონაცემებისა და მოყვანილი მოსაზრებების საფუძველზე შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ეს ორი ჯიში სულ სხვადასხვაა. მათგან პირველი – ბაზალეთური ცოლიკოური უდავოდ უძველესი ჯიშია და მას უნდა მიეკუთვნოს ის ისტორიული სახელი, რომელიც მოხსენებულია შედარებით ძველ (ილ. ბახტაძე, 10; ვ. სტაროსელსკი,) სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურაში, ხოლო მეორე – ობჩური ცოლიკოური შედარებით უფრო ახალი ჯიშია და სოკოვან ავადმყოფობათა შემოჭრის შემდეგ არის გამოვლენილი, როგორც ჭრაქისა და ნაცრის მიმართ შედარებით გამძლე, მოსავლიანი და ხარისხოვანი პროდუქციის მიმცემი ჯიში, რომელმაც მალე მიიპყრო მევენახეთა ყურადღება და მოიპოვა ფართო გავრცელება. ადგილობრივ მხცოვან მევენახეთა გადმოცემით ცოლიკოური პირველად ობჩელ მევენახე მელქოსაგან გავრცელდა, ამიტომაც მიიღო მან ობჩური და მელქოს ცოლიკოურის სახელწოდება.

საიდან მიიღო ან რატომ შეარქვა მელქომ მის მიერ გამოვლენილ ჯიშს ცოლიკოური, ჩვენთვის უცნობია. შეიძლება გარეგნულად შორეული, ხოლო ღვინის ხარისხით მახლობელი მსგავსების გამო მელქომ გამოიყენა ცოლიკოურის ისტორიულად ცნობილი სახელი თავისი ჯიშის უფრო სწრაფი და ფართო გავრცელებისათვის.

ცოლიკოური ერთ-ერთი ჯიშია, რომელმაც ჰპოვა ასე სწრაფი და ფართო გავრცელება არა მარტო იმერეთის მევენახეობის რაიონებში, არამედ მთლიანად მთელ დასავლეთ საქართველოში.

მართლაც, ცოლიკოური უნივერსალური ჯიში გახდა დასავლეთ საქართველოს მშრალი და ტენიანი რაიონის თითქმის ყველა (სერი, ბარი) ადგილისთვის.

გავრცელების არეალისა და ვენახების ფართობის სიდიდის მიხედვით ცოლიკოურს რქაწითელის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს არა მარტო საქართველოში. ყველაზე მეტად ცოლიკოური გავრცელებულია იმერეთში, მას ციცქაზე გაცილებით მეტი ფართობი უჭირავს, შემდეგი ადგილი ფართობის მიხედვით მას სამეგრელოში უჭირავს ვენახების მთელი ფართობის 31%, აფხაზეთში მას მთელი ფართობის 16%, გურიაში 19% და რაჭა-ლეჩხუმში 7,5%, ხოლო ყველაზე მცირე ფართობი ცოლიკოურს აჭარაში და აღმოსავლეთ საქართველოში უჭირავს. მთლიანად საქართველოში, ვენახების 1940 წლის აღწერის მასალების მიხედვით ცოლიკოურს ეჭირა 9350 ჰექტარი ფართობი.

ცოლიკოურის ღვინის ხარისხი ჯიშის გავრცელების რაიონების და ვენახების ადგილმდებარეობის მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს. ცოლიკოური მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა შუა იმერეთში მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე განლაგებულ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე გაშენებულ ვენახებიდან და მდ. ყვირილას მარცხენა მხარეზე მდებარე მეღვინეობით ცნობილ – სვირის, კვალითის, ფუთის, ილემის და სხვა მიკროარიონებში.

ამ ზონის ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება საკმაო სხეულით, შინაარსით და სიხალისით. სიძველეში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და  ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს.

შედარებით უფრო ნაზ და ხალისიან, საკმაოდ სხეულიან და შინაარსიან ღვინოს ცოლიკოური იძლევა ზემო იმერეთში, მდინარე ჩხერიმელას და ძირულას ხეობის ნეშომპალა-კარბო-კარბოკარბონატულ ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან.

ქვემო იმერეთში – მაიაკოვსკის, ვანის და სხვა რაიონებში ცოლიკოური იძლევა სრულ, ენერგიულ, ნაკლებხალისიან, მაგრამ საკმაოდ ჰარმონიულ ღვინოს.

რაჭა- ლეჩხუმში, ძირითადად, ცაგერის რაიონში ცოლიკოური იძლევა მეტად საინტერესო ბუნებრივ ნახევრადტკბილ ღვინოს. განსაკუთრებით ნაზ და სასიამოვნო ამ ტიპის ღვინოს ცოლიკოური იძლევა სოფ. ტვიშში და მის მახლობელ სოფლებში. გურია-სამეგრელოს და აფხზეთის მთიან რაიონებში, სერებზე და ფერდობებზე, ზოგჯერ ოდნავ დაქანებულ ვაკეზედაც წყლის კარგად გამტარ ქვენიადაგიან თიხნარებზე გაშენებულ ვენახებიდან ცოლიკოური იძლევა მაღალი ღირსების – სხეულიან, ენერგიულ, საკმაოდ ჰარმონიულ ღვინოს.

ღვინის ორგანოლეპტიკური და ქიმიური დახასიათება

ცოლიკოურის ღვინო მაღალხარისხოვანი დგება, როგორც იმერულ, ისე ევროპულ წესით დაყენებისას. ევროპულ წესით დამზადებული ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერისაა, ხასიათდება შინაარსით, შემადგენელ ნაწილების ჰარმონიული შეზავებით, თავისებური ჯიშური არომატით ახალგაზრდობაში და ნაზი ბუკეტით სიძველეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცოლიკოურის ბუნებრივ ნახევრადტკბილი ღვინო „ტვიში“, დამზადებული ცაგერის ცაგერის რაიონის სოფ. ტვიშის მიკრორაიონში.

მ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.

ზოგიერთ წლებში. ცოლიკოურის ღვინო ხშირად თავისი სინაზით და სიფაქიზით არ ჩამოუვარდება ციცქას ღვინოს.

ასეთი მაღალხარისხოვანი ღვინოები ცოლიკოურის ყურძნიდან დადგა, მაგალითად, 1918, 1925, 1934, 1940 და სხვა წლებში.

ავტორიტეტულ სადეგუსტაციო კომისიების სხდომებზე ცოლიკოურის ღვინომ საერთო მოწონება ჰპოვა და მაღალი შეფასება მიიღო. ამ გარემოებამ საბჭოთა კავშირში სახელი გაუთქვა ცოლიკოურს, როგორც სუფრის თეთრი ღვინის ერთ-ერთ ძვირფასს ჯიშს. ცოლიკოურის ღვინო, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, საგრძნობლად უმჯობესდება სიძველეში, მისი ახალგაზრდობის ოდნავი სიუხეშე დაძველებისას სინაზე-სიფაქიზით იცვლება და ღვინო ჰარმონიული და მეტად სასიამოვნო ხდება; ამ მხრივ იგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა ჯიშებისაგან.

ცოლიკოური დავარგების პირველ ეტაპს სამი წლის შემდეგ ამთავრებს, რომლის შემდეგ იგი შეიძლება ჩამოისხას ბოთლებში სარეალიზაციოდ ან კიდევ დასაძველებლად.

ხანგრძლივი შენახვისას ცოლიკოური აუმჯობესებს თავის გემურ თვისებებს. განსაკუთრებით კარგია ცოლიკოურის ღვინო 5-7 წლის, ხოლო კიდევ უფრო უკეთესია იგი 15-20 წლის ასაკში.

ცოლიკოურის ღვინო დიდხანს ცოცხლობს: 1940 წელს საქარის საცდელ სადგურზე დაჭაშნიკებული 1903 წლის მოსავლის ცოლიკოურის ღვინო ძლიერი ბუკეტით და კარგი გემური თვისებებით ხასიათდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ცოლიკოურის ღვინის სიცოცხლის ხანგრძლიობა 35-40 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, მისი ღვინის მდიდარი ქიმიური შედგენილობა ამის სრულ საფუძველს იძლევა.

ნიკო კეცხოველი,  

მაქსიმე რამიშვილი, 

დიმიტრი ტაბიძე,

„საქართველოს ამპელოგრაფია“