რატომ და სად კარგავენ კახელი ფერმერები ატმის სეზონზე სოლიდურ თანხებს?
ვინ ადგენს ატმის ფასს, რა მექანიზმით ხდება საბითუმო მყიდველებთნ ატმის ფასზე მორიგება, ვინ მონაწილეობს მოლაპარაკების პროცესში, ვინ იცავს ფერმერის ინტერესს?
ეს ის კითხვებია, რაზეც პასუხგაუცემლად პროცესის გაანალიზება და რეალური სურათის დახატვა შეუძლებელი იქნება.
მართლაც, როგორ დგინდება ფასი ატამზე?
როგორც ირკვევა, ძალიან მარტივად:
არ არსებობს ფერმერთა შორის ერთობა, ერთი მიზნის ირგვლივ ჩამოყალიბებული ჯგუფები, კოოპერატივები თუ სხვა ფორმის დარგობრივი გაერთიანებები;
ატმის მწარმოებელი ფერმერები ცალ-ცალკე, პირდაპირ ატმის მოსავლის აღების წინ, ინდივიდუალურად აწარმოებენ მოლაპარაკებას „ატმის ექსპორტიორთან“, მყიდველთან, რომლებიც ასეთ გარიგება-მორიგებებში მეტად დახელოვნებულნი არიან.
ვინაიდან ატამი მალფუჭებადი პროდუქტია, რეგიონში კი არ არის საკმარისი შესაბამისი შესანახი სამაცივრე ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება ატმის გარკვეული დროით შენახვა, თუ ფერმერმა ატმის რეალიზაცია დროულად ვერ მოახერხა, მთელი მოსავალი გაუფუჭდება და გადასაყრელი გაუხდება…
ამ დროს, რადგან ფერმერის ინტერესს არავინ იცავს და არც თვითონ იცის, როგორ დაცვას თავი, იგი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად „მოიცილოს“ თავიდან საქონელი და იძულებულია მყიდველის იმ დღისთვის არსებულ ფასად მიჰყიდოს დაკრეფილი ატამი, ხშირად მთელი მოსავალიც კი.
როგორც წესი, ატმის შემსყიდველებს შორის ხშირად წინასწარ ხდება გარიგება, რა თანხაზე მეტი არ უნდა გადაუხადონ ფერმერებს, ამიტომ ატმის მწარმოებლებს სხვა გზა არ რჩებათ, რა ფასსაც შესთავაზებენ, იმ ფასად მიჰყიდონ მთელი მოსავალი, რაც იმის ნახევარიც არ არის, რასაც მათ მიერ მოწეულ ატამში საბოლოო მყიდველი _ მომხმარებელი იხდის.
ფერმერის პოზიცია მარტივია, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფიქრობს, რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოს მოსავალი, რომ მისი საქმე ატმის მოყვანაა, მყიდველი კი ყოველთვის გამოჩნდება!
მყიდველი მართლაც ჩნდება და გარიგებაც ფორმდება _ „მთელ მოსავალს წავიღებ, ძმაო… წინასწარ ვიხდი!“
გარიგება ფორმდება, მყიდველს ატამი მიაქვს; ფერმერი კმაყოფილია, მოსავალი დროულად გაყიდა, არ იზარალა… პროცესი თავიდან იწყება და ასე მეორდება წლიდან წლამდე.
მოდით ახლა თვალი გავადევნოთ, სად ვუშვებთ შეცდომას? რას ვერ ხედავს და აანალიზებს ფერმერი; როგორ შეიძლება, ყოველ ჯერზე ცაიტნოტში, სხვაზე დამოკიდებული და მუდამ იმის ფიქრში და არ იყოს, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, თავიდან მოიცილოს მოსავალი?!
სპეციალისტთა ჯგუფი წლებია ვსწავლობთ ამ საკითხს და ზუსტად ვიცით, რა გზას გადის კახური ატამი, მეტიც ჩვენ თვითონ გავაგზავნეთ ატმის საცდელი პარტია რუსეთის ბაზარზე და აი, შედეგი!
ფერმერების და გამყიდველთა მიერ ატმით მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა 30 მილიონ ლარს აჭარბებს, რეალურ მოგებას იღებს გადამყიდველი, რომელიც ორჯერ უფრო ძვირად ყიდის ფერმერის მიერ მოწეულ მოსავალს.
ატმის საბითუმო და სავაჭრო ქსელში არსებულ ფასს შორის სხვაობა 1,20 ლარზე მეტია.
ეს თანხა რომ არ დაკარგოს ფერმერმა, ამ მიზნის მისაღწევად ბორბლის გამოგონება საჭირო არ არის; ამისთვის საჭიროა ინტერესთა თანხვედრა, ერთი მიზნით ფერმერთა დარგობრივი საზოგადოებრივი თუ კომერციული გაერთიანებების შექმნა, სადაც ატმის მწარმოებელი ფერმერები შეიმუშავებენ შეთანხმებულ პროგრამას და ერთიანი ხედვით ყოველგვარი შუამავლების და ათასი რჯულის „მახინატორების“ გარეშე, ცივილიზებულად პირდაპირ შეძლებენ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან დაკავშირებას, კონტრაქტის გაფორმებას და სტაბილურად მაღალხარისხიანი სტანდარტული პროდუქციის მიწოდებას.
ეს არის გზა, რომ ყოველ სეზონზე კახეთში ატმის მწარმოებელმა ფერმერებმა ზემონახსენები 30 მილიონი ლარი არ დაკარგონ და თავიანთი მოწეული პროდუქციის გაყიდვით მაქსიმალურად მოგებული დარჩნენ
ამ პროგრამის განხორციელების მიზნით ფერმერებს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას „აგროცენტრი“, ტელეკომპანია „საფერავიტვი“, ჟურანლი „ახალი აგრარული საქართველო“, აგროპორტალი აგრონიუსჯი.
კომპანია “აგროცენტრი„