სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები, წაყინვების ტიპები და მათი წარმოქმნის პირობები

ამინდის მეტეოროლოგიურ ფაქტორებს შეუძლიათ დიდი ზარალი მიაყენონ სოფლის მეურნეობას. ასეთ შემთხვევაში მათ მიაკუთვნებენ საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენებს, რომელთაგან ძირითადია: წაყინვები, გვალვები, სეტყვა, თქეში (თავსხმა) წვიმები, ხოლო ზამთარში — ძლიერი ყინვები, ლიპყინული და ზოგიერთი სხვა მოვლენები, რომლებიც განპირობებულია თოვლის საბურველის დიდხანს ჩაწოლით.

წაყინვებს უწოდებენ ჰაერის მინიმალური ტემპერატურის ან ნიადაგის მოქმედ ზედაპირზე 0°-მდე და დაბლა დაწევას, წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა).

წარმოშობის პროცესების მიხედვით წაყინვების სამი ტიპი არსებობს:

1. ადვექციური წაყინვები — წარმოიქმნება ცივი ჰაერის ტალღების (ადვექციის) შემოჭრის შედეგად და გრძელდება
ერთი ან რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროს მიმდინარეობს ჰაერის ტემპერატურის დაწევა 0°-ზე დაბლა და
შეიძლება მოიცვას ძალზე დიდი ტერიტორია.

2. რადიაციული წაყინვები — განპირობებულია ნიადაგის მოქმედი ზედაპირის ინტენსიური გადაცივებით (გამოსხივებით), რომელიც წარმოებს ღამით მოწმენდილ ამინდში და ატარებს ლოკალურ ხასიათს. მათი სიძლიერე და ინტენსიურობა დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ზედაპირის მდგომარეობაზე, ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობაზე და სხვა ადგილობრივ პირობებზე. ამ ტიპის წაყინვები იწყება ღამით და მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს (ტემპერატურა -3°, იშვიათ შემთხვევაში -5, -6°) მზის ამოსვლისას. თუ ამინდი წყნარი და მოწმენდილია წაყინვები მოსალოდნელია ყოველდღიურად.

3. ადვექციურ-რადიაციული ან შერეული წაყინვები — წარმოიქმნება ცივი ჰაერის მასების შემოჭრისა და შემდგომში მისი ღამის გამოსხივების (გადაცივების) შედეგად. ასეთი პროცესის დროს დღისით ნიადაგის ზედაპირი რამდენადმე
ცივდება და სითბოს მარაგი მის ღრმა ფენებშიც კლებულობს, ღამით კი ინტენსიურად იწყება გამოსხივება. აღნიშნული სახის ყინვები ღია, ქარისაგან დაუცველი ადგილებისათვის საშიშია, რადგან ყინვებმა შეიძლება მიაღწიოს -2, -4°
და მეტსაც და გაგრძელდეს ორი-სამი დღის განმავლობაში.

წაყინვების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები

წაყინვების მოქმედება მცენარეებზე სხვადასხვანაირია. იგი უფრო მეტად საგრძნობია ახალგაზრდა ფოთლების
გაშლის, ყვავილობისა და ნაყოფების მომწიფების პერიოდში. ამ დროს გამორიცხული არ არის ყლორტების დაზიანებაც.
ზოგიერთ რაიონში წაყინვებმა შეიძლება დააზიანოს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩაის ნაზი დუყები, გაზაფხულზე ვაზის, დაფნის, ტუნგის და სხვა კულტურების ნორჩი ფოთლები.  ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდება ან იღუპება, კრიტიკულს უწოდებენ. სხვადასხვა მცენარეებისათვის და მათი განვითარების სხვადასხვა ფაზისათვის კრიტიკული ტემპერატურები განსხვავებულია.

ცხრილში მოცემულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წაყინვებისაგან დამაზიანებელი კრიტიკული
ტემპერატურები.

წაყინვები ასევე საშიშია ხეხილოვანი და სხვა სახის მრავლწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, განსაკუთრებით ყვავილობისა და გამონასკვის პერიოდში.

ცხრილში მოცემულია ზოგიერთი მრავალწლიანი კულტურის წაყინვებისაგან დაზიანების კრიტიკული ტემპერატურები ყვავილობისა და გამონასკვის პერიოდში.

მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. ამიტომ, ერთ შემთხვევაში დაზიანება შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული, ხოლო მეორე შემთხვევაში ძლიერად.
ამჟამად, არსებობს წაყინვების და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც პირობითად იყოფა ორ ჯგუფად:

I – აკუთვნებენ ფიზიკურს, როგორიცაა სხივფრქვევის შემცირება, ნამის წერტილის აწევა, ჰაერის გათბობა, ჰაერის ფენების ერთმანეთში შერევა და სხვა.

II – აკუთვნებენ ბიოლოგიურს — ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით, მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება, პინცირება, მცენარეების შტამბზე მიწის შემოყრა, შეფუთვა და სხვა.

გამოსხივების შემცირება — ნიადაგიდან და მცენარეებიდან გამოსხივება შეიძლება შემცირდეს კვამლის გამოყენებით, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას.

კვამლის მოქმედება იწვევს, საკვამლე გროვების (კოჭების) წვის შედეგად სითბოს გამოყოფას, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას. მისი ეფექტი საწვავი მასალის ვარგისიანობაზეა დამოკიდებული და 1-2°-მდე აღწევს. წვის
დროს კვამლთან ერთად გამოიყოფა სითბო, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია საწვავი მასალის რაოდენობასა და კალორიულობაზე.

საწვავ მასალად შეიძლება გამოყენებული იყოს მცენარეული ნარჩენები, ნამჯა, ნახერხი, საბურავები და სხვა. ასეთი სახის მასალები შეაქვთ პლანტაციებში და ალაგებენ 10-15 მ მწკრივების მიხედვით, ისე რომ მათ შორის მანძილი 4-5 მ შეადგენს. გროვები უნდა დაეწყოს გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით. საკვამლე გროვების ანთებას იწყებენ, როცა ჰაერის ტემპერატურა 2-1°-მდე დაიწევს.

კვამლის გამოყოფის პროცესი უნდა გაგრძელდეს მზის ამოსვლის შემდეგ 1 საათის განმავლობაში მაინც, რათა მცენარის უჯრედებს შორის თუ ჰქონდა ადგილი ყინულის კრისტალების წარმოქმნას თანდათან გალღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად, მცენარის ორგანოები შეიძლება სწრაფად გათბეს და გამოიწვიოს გაყინული კრისტალების სწრაფი გალღობა მცენარის უჯრედებს შორის. ამას შეიძლება მოჰყვეს უჯრედების დაზიანება და საბოლოოდ მცენარის დაღუპვა.

კვამლის გამოყენებას დადებითი შედეგი აქვს წყნარი ან სუსტი ქარის შემთხვევაში (1-2 მ/წმ), ამასთანავე ჰაერის
ტემპერატურა არ უნდა იყოს -1, -2°-ზე დაბლა. ყინვების მეტი ინტენსიურობისას -3, -4° და ქვემოთ გამოყენებული უნდა იქნას დაცვის სხვა მეთოდები.

ნამის წერტილის აწევა — იგი შესაძლებელია ჰაერის ტენიანობის გადიდებით, რასაც აღწევენ ნიადაგის უხვად მორწყვით, რომლის დროს წყლის ორთქლი კონდენსირდება და გამოიყოფა ფარული სითბო. უარყოფითი ტემპერატურის
დაწყებამდე, მატულობს ნიადაგის ზედა ფენის თბოგამტარობა, რომლის დროს შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურამ
მოიმატოს 1-2°-ით, 2 მ სიმაღლეზე ნიადაგის ზედაპირიდან.

ამ მიზნით, აღნიშნული მეთოდის გამოყენება, ე.ი. მორწყვა მიზანშეწონილია ჩატარდეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე
შედარებით გვალვიან რაიონებში (აღმოსავლეთ საქართველოს ქართლის ზონაში).

ჰაერის გათბობა — გარკვეული ეფექტით ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების წაყინვებისა და ზამთრის
ყინვებისაგან დასაცავად. ამ მეთოდის შემთხვევაში გამოიყენება თხევადი საწვავები. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მათბურების რაოდენობაზე. 100 ცალი მათბური 1 ჰა-ზე იძლევა 1°-მდე ტემპერატურის ეფექტს (1-1.5 მ სიმაღლეზე),
ხოლო 500 ცალი 3-4°-მდე ტემპერატურის ეფექტს, წყნარ ამინდში.

ჰაერის ფენების ერთმანეთში შერევა — რადიაციული წაყინვების დროს განსაკუთრებით ეფექტურია ე.წ. საქარე დანადგარი (“ვენტილიატორი”), რომელსაც ჰაერის ცივი და თბილი მასები მოძრაობაში მოჰყავს და ერთმანეთში ურევს.

იგი შეიძლება დაიდგას ნიადაგის ზედაპირიდან 6-10 მ და მეტ სიმაღლეზე. დანადგარმა მცენარეები შეიძლება დაიცვას -4, -6°-ის დროს. უფრო დაბალი ტემპერატურების დროს მიზანშეწონილია კომპლექსური ღონისძიების განხორციელება — საქარე დანადგარებთან ერთად თხევადი საწვავების მათბურები და სხვა. ასეთმა კომპლექსურმა მეთოდმა შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს ადვექციური ყინვების დროსაც.

აღნიშნული მეთოდების გარდა, არსებობს მცენარეების  ყინვისაგან დაცვის სხვა მეთოდებიც. მაგალითად, წყლის
შეფრქვევა (უწვრილესი წვეთების სახით), სპეციალური გაზის მათბურების გამოყენება, რეაქტიული ძრავის გამოყენება, უკვამლო და ნაკლებად აალებადი საწვავების (კოქსი, ტორფის ბრიკეტები) გამოყენება მათბურების მეშვეობით.
წაყინვების და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის აღნიშნულ მეთოდებს აქვს დადებითი და ნაკლოვანი მხარეები. ამიტომ ისინი ოროგრაფიული და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით უნდა იყოს გამოყენებული.

ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა — სელექციური გზით. სელექციონერები მუშაობენ მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც რამდენადმე ყინვაგამძლე იქნებიან.

ისინი გვიან დაიწყებენ ვეგეტაციას, წაყინვების შეწყვეტის შემდეგ და ადრე დამწიფდებიან, წაყინვების დაწყებამდე.
მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება — მცენარეთა ყინვაგამძლეობის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს
ნიადაგში კვების რეჟიმის რეგულირებას. ნიადაგში სასუქების შეტანა (განსაკუთრებით აზოტიანი), უნდა ჩატარდეს
დადგენილ ვადებში, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მცენარეებმა შეიძლება ვეგეტაცია გააგრძელონ შემოდგომის
ბოლომდე და ამ დროს უმნიშვნელო წაყინვებიც დააზიანებს.

კალიუმიანი სასუქების რამდენადმე ზრდის ყინვაგამძლეობას, მაგრამ აუცილებელია მათი ნიადაგში შეტანის ვადების
დაცვა.

პინცირება (წაჩქმეტა) — მას ძირითადად იყენებენ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ადრე შემოდგომაზე. როდესაც
მცენარეებს დაუდგებათ ხელსაყრელი აგეომეტეოროლოგიური პირობები, ისინი აგრძელებენ ზრდას. ამიტომ მათ აცლიან დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის წვეროებს, ამით მცენარე იძულებულია შეწყვიტოს ვეგეტაცია, გადადიან მოსვენებით მდგომარეობაში. ამ დროს ნაზარდები იწრთობიან დაბალ ტემპერატურაზე და ზამთრის ყინვებს შედარებით უკეთ
იტანენ.  მცენარეების შტამბზე მიწის შემოყრა — ადვექციური ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებათა შორის უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მცენარეთა ფესვის ყელთან 30-35 სმ-მდე ფხვიერი მიწის შემოყრა, განსაკუთრებით ციტრუსოვან
კულტურებზე. ეს მეთოდი ძლიერი ყინვების შემთხვევაში იცავს მცენარის მიწით დაფარულ ნაწილს. გადარჩენილი ნაწილებიდან გაზაფხულზე საკმაოდ ძლიერი ნაზარდები ვითარდება.

შეფუთვა — ციტრუსების დასაცავად ფართოდ იყენებენ  სამფენოვანი დოლბანდით შეფუთვას, თუმცა მისი ეფექტი
1.5-2° არ აღემატება. იყენებენ აგრეთვე, დოლბანდის შემცველ, უქსოვად ქსოვილს — “ციტრუსს”, რომელიც ყინვების
დროს დოლბანდთან შედარებით 2°-ით უფრო მეტი ეფექტით გამოირჩევა. აღნიშნული მატერიით შეიძლება ციტრუსების
შეფუთვა, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

მაია მელაძე, 

„აგრომეტეოროლოგია“