შესაძლებელია თუ არა, მცირე ფერმერულმა მეურნეობამ პომიდვრის წარმოებით მოგება მიიღოს?
რატომ ვერ გააქვთ ქართველ ფერმერებს მოწეული პომიდორი ექსპორტზე? ეს რომ გავაანალიზოთ, რამდენიმე მარტივ კითხვა უნდა გაეცეს პასუხი :
შეიძლება თუ არა პომიდორმა ფერმერს მოგება მისცეს?
როგორ მუშაობს და სად უშვებს შეცდომას ჩვენი ფერმერი?
ვითარება არცთუ მარტივია. მაგალითად, მარნეულის რაიონში ყველაზე მეტი პომიდვრის მწარმოებელი ფერმერი და საოჯახო მეურნეობაა. მათ ტრადიციულად, წლების განმავლობაში გამოჰყავთ ჩითილი, გადააქვთ და რგავენ კუსტარულ სათბურში, რომელიც, ასევე ტრადიციულად, შეშით თბება. საადრეო პომიდვრის მოსაყვანად ფერმერებს შორის შეჯიბრი იწყება, ვინ უფრო ადრე მოიყვანს პომიდორს და გაიტანს ბაზარზე, რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ, რადგან ამ დროს პომიდორს მაღალი ფასი აქვს. ფერმერები საამისოდ არ ზოგავენ თავს. ამ, არცთუ იოლ შრომაში, მთელი ოჯახია ჩართული; ისინი დღე და ღამე ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ შეშის ღუმელი არ ჩაქრეს, სათბურში შენარჩუნდეს შესაბამისი ტემპერატურა, რომ პომიდვრის ზრდა არ შეფერხდეს.
ამის გარდა, მაქსიმალურად სწრაფი და სასურველი შედეგის მისაღებად, ფერმერები უკონტროლოდ იყენებენ ათასგვარ სასუქებს და შხამ-ქიმიკატებს (ფერმერებს სჯერათ და ძნელია მათი გადარწმუნება), რაც მეტ სასუქს „მისცემენ“ მცენარეს, მით უფრო უხვ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ. ეს, ბუნებრივია, მცდარი აზრია!
ასეთი მოუმწიფებელი პომიდვრით დატვირთული ფერმერი ცდილობს ყველას დაასწროს მოწეული პროდუქტის ბაზარზე გაიტანოს და რაც შეიძლება მაღალ ფასად (ზამთრის ფასად) გაყიდოს. ამ დროს ფერმერებისთვის მთავარია მოგება, სხვას არაფერს დაგიდევთ, რადგან ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ბაზარი სულ უფრო მეტად ჯერდება საადრეო პომიდვრით და შესაბამისად ფასიც ეცემა.
მოკლედ, ფერმერმა რაც მოასწრო, მოსავლის ნაწილის სეზონის დასაწყისშივე მაღალ ფასად გაყიდა, ის არის მისი ძირითადი მოგება და შემოსავალი; მოსავლის შემდეგი პარტიები, მხოლოდ გაწეულ ხარჯს თუ დაუფარავს.
სად უშვებს შეცდომას ფერმერი?
საინტერესოა, შეუძლია კი ჩვენს მცირე მეურნეობებს მოოწეული პომიდვრის ექსპორტზე გატანა?!
ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, სუბიექტურის გარდა ობიექტური მიზეზიც ბევრია, რისი გამოსწორება შესაძლებელიც არის და საჭიროც!
1. ისინი ვისაც ჩვენთან პომიდორი მოჰყავთ, ძირითადად მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებია.
მსხვილ ექსპორტიორს, ფირმას, ან კერძო პირს, უჭირს, შეუძლებელიც კი არის, ცალ-ცალკე მცირე ფერმერთა დიდ არმიასთან მოლაპარაკება-შეთანხმება.
2. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული პომიდორი სხვადასხვა ჯიშის, ძირითადად უსტანდარტო და უხარისხოა;
3. წვრილ ფერმერებს რაზეც ხელი მიუწვდებათ, ან რაც იციან, იმ ჯიშის პომიდორი მოჰყავთ, ამიტომ ბაზარზე უამრავი ისეთ სახის პროდუქტია (პომიდორი) წარმოდგენილი, რომელიცც ექსპორტიორს არ იზიდავს.
ამგვარად, უპირველესად სერიოზულ ზღუდეს ქმნის დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოების პრობლემა, რის გამოსწორება ფერმერთა ძალისხმევის გაერთიანების გარეშე შეუძლებელია.
მცირე საოჯახო მეურნეობებმა რომ მომხმარებლის მიერ დაკვეთილი მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ, საჭიროა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით პროდუქციის წარმოება და მომხმარებლის მიერ „მოთხონილი“ სტანდარტის დაცვა.
ამ სტანდარტის დაცვა კი მხოლოდ ფერმერთა ინტერესების და შესაძლებლობების გაერთიანებით არის შესაძლებელი.
ეს და სხვა ამოცანები დაისახა მიზნად „პომიდვრის მწარმოებელთა ასოციაციამ“, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც შეიქმნა.
ეს არის დარგობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სადაც პომიდვრის მეტ-ნაკლებად მსხვილ მწარმოებელია გაერთიანებული, რომელთაც მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი სტანდარტის და ხარისხის პომიდორი მოჰყავთ. ისინი ასევე ცდილობენ დაეხმარონ სხვა წვრილი ფერმერებს სტანდარტული ხარისხიანი პომიდვრის მოყვანასა და ექსპორტზე გატანაში.
ფაქტი არის ის, რომ გზით გაერთიანებულ ფერმერთა შემოსავალი საადრეო პომიდვრის ერთჯერადი რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს მნიშვნელოვნად აჭარბებს.