ბლოგიფერმერი ფერმერს

ერთად გამოვკვებოთ საქართველო!

დღევანდელი მდგომარეობის გამო ძალიან ბევრი სათქმელი თუ სათხოვარი დამიგროვდა თქვენთვის, ჩემო მეგობრებო!

სტუდენტობიდან ვფიქრობდი, რომ ქვეყნის განვითარების გზა ქართული სოფლის და საოჯახო  მეურნეობების განვითარებაზე გადის. მერე ისე ვირწმუნე ეს აზრი, რომ თავადვე მომინდა წვლილის შეტანა ამ საქმეში. აგრარული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სოფელში სახლი ვიყიდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთთან ერთად. უკვე მეოთხე წელიწადია  ჩემ პატარა  მეურნეობას ვუძღვები,  ტელევიზიებშიც რამდენჯერმე ჩამწერეს, ბლოგებსაც ვწერ სოფლის გასაჭირზე, საჭიროებებზე. საერთოდ არანაირი გრანტი, შეღავათიანი სესხი თუ თანადაფინანსება  არ მაღირსეს ფეხზე რომ მყარად დავმდგარიყავი, პირიქით, ბანკები მყვლეფენ, განვითარების საშუალება არ მეძლევა, მე კი მაინც ჯიუტად მჯერა ჩემი საქმის და როგორაც შემიძლია, ისე ვართმევ თავს, მაგრამ ახლა სიჩუმის და წყენის დრო არ არის!

ისტორიულად საქართველოს არასოდეს არ ჰქონია კრიტიკულ სიტუაციებში  სხვისი დახმარების გამოცდილება და ახლა მით უმეტეს, ყველას თავისი გასჭირვებია. მივიჩნევ, კორონავირუსთან ერთად, ქვეყანაში   ნომერ   პირველ გადასაჭრელ პრობლემად მთავრობამ მიწების  დამუშავება  უნდა აღიაროს.

ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროფესიონალებზე დაყრდნობით, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მან ისე ოსტატურად  მოახერხა ემოქმედა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, განვითარებულ   ქვეყნებსაც კი გაუკვირდათ. 

იმედი მაქვს ამ საკითხსაც იგივე ენთუზიაზმით მოეკიდება. ვირუსის საფრთხე იმედია მალე გადაივლის, მაგრამ შემდეგ მას მორიგი გამოწვევა მოჰყვება – მოსახლეობის გამოკვება. ქვეყანაში პრიორიტეტებია შესაცვლელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შედეგზე ორიენტირებული   გეგმა უნდა წარმოადგინოს, არა ევროპაზე ჩასაბარებელი გაკვეთილები, არამედ ქვეყნის მოთხოვნებზე მორგებული პოლიტიკის დოკუმენტი. დროა ნამდვილად შეეწყოს ხელი ქვეყანაში პირველადი პროდუქციის წარმოებას და გადამამუშავებელი  საწარმოების შექმნა-გამართვას. დახმარება უნდა გახდეს რეალური და გადაეცეს არა ნაცნობ-მეგობრებს, არამედ რეალურად საქმის მკეთებელ ადამიანებს. პრობლემის   გადაჭრა არა მავანის მოთხოვნების შესაბამისად, ან სისტემიდან ამოგდებული სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკით უნდა მოხდეს, არამედ პროფესიონალების მიერ წინასწარ გაწერილი, სახელმწიფოს   საჭიროებებზე მორგებული გეგმის მიხედვით.

მე ხონის რაიონის სოფელ კონტუათში ვცხოვრობ. ერთ დროს ხალხმრავალ სოფელში, ახლა  ახალგაზრდებს იშვიათად თუ შეხვდებით, ისიც ზაფხულში. 

სოფელს სახნავ-სათესად 270 ჰა. მიწა აქვს, საიდანაც თითქმის ნახევარი  მიტოვებული და დაუმუშავებელია. დასავლეთი ისედაც მცირემიწიანია, საქონლის საკვები მუდმივად პრობლემაა, საძოვრების საკითხი   სრულიად მოუგვარებელი. ზამთრიდან მოყოლებული ხან ვის შევხვდი სოფელში ხან ვის, სხვადასხვა წინადადებებით – ავიღოთ იჯარით ეს მიწები და ვინც სოფელში ვცხოვრობთ, ჩვენ მაინც დავამუშავოთ საკუთარი  საქონელი რომ გამოვკვებოთ, ან შევუთანხმდეთ ამ მიწის მეპატრონეებს და ისეთი კულტურა მოვიყვანოთ, ჩვენც რომ გამოვიყენოთ და მათაც მიიღონ სარგებელითქო და ა.შ., მაგრამ შედეგს ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, ან როგორ გაამტყუნებ ხალხს?! ერთი კილოგრამი სათესლე ქერი ლარი ღირს…. წლეულსაც დაუხნავ-დაუთესავი დარჩება ნახევრად მშიერ სოფელში ეს მიწები, არადა ამ ახალ გამოწვევებს როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა?!

სრულიად არ მაქვს სურვილი ვინმეს დახმარებას ველოდო და მთავრობას ჩავუსაფრდე. ხელიც მაქვს, ფეხიც, გონებაც მიჭირს, მაგრამ პრობლემა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის ერთიანობით არის გადასაწყვეტი და რაც შეიძლება სწრაფად.

კამპანიას „#დარჩისახლში“; „ #არ დატოვო შენი ნაკვეთი დაუმუშავებელი“;  „#მე წელს უფრო მეტ მიწას ვამუშავებ შენ?“  „#ერთად გამოვკვებოთ საქართველო„   უნდა დავუმატოთ, თორემ არავინ იცის მომავალ წელს ამ მადლიანი მიწის პატრონ ქვეყანას ისევ გამოუგზავნიან კიტრს და პომიდორს თუ არა. 

ირაკლი სოხაძე,

ახალგაზრდა ფერმერი