აგროსიახლეები

ხორცის წარმოება რძის წარმოების ტემპს ჩამორჩა

აგროექსპერტთა ასოციაცია  განმარტავს რამდენიმე მიზეზს, რაც საქართველოში მეხორცულ და მერძევეობის სფეროში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. 

ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა გამოეხმაურა  ,,საქსტატის” მონაცემს,  რომლის მიხედვითაც, რძის წარმოების ზრდასა და ხორცის წარმოების შემცირება დაფიქსირდა.

,,ქვეყანაში წარმოებული ნედლი რძის 95-96%- მდე იწარმოება საოჯახო და მცირე ფერმერულ მეურნეობებში, დანარჩენი რაოდენობის 4-5 %-მდე  ინდუსტრიულ ფერმებში. 5%-მდე რძის წარმოების ნამატი შარშანდელ პერიოდთან შედარებით (2019 წლის პირველი კვარტალი 101.9მლნ. ლიტრი, 2020 წლის 107.0 მლნ ლიტრი) ანუ მიახლოებით  5 მილიონ ლიტრაზე მეტი, არ არის დიდი ზრდა. საშუალოდ თუ ავიღებთ ეს 7000 ძროხის ყოველდღიური 6-6,5 ლ. რძის ნაწველით მიიღება კვარტალში ან ინდუსტრიულ ფერმაში 1400 ძროხის ყოველდღიური 30 ლ. ნაწველით. ვვარაუდობთ, რომ უმეტეს წილად რძის წველადობის ზრდა მოდის მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, რომლებმაც პროდუქტი გასაყიდად ნედლი რძის გაძვირების გამო გამოიტანეს.

მეორეს მხრივ, მთავრობის მიერ დაანონსებულ პროექტებთან დაკავშირებით იზრდება ფერმერად რეგისტრაციის სურვილიც, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფურის სულადობის შარშანდელთან შედარებით 6000 სულით გაზრდაც მოწმობს”, – აცხადებს აგროექსპერტთა ასოციაციის მთავარი ვეტერინარი.

რაც შეეხება ხორცის წარმოებას, მისი შეფასებით, კლება COVID-19-ს უკავშირდება, მათ შორის, ლოჯისტიკის დროებით პრობლემას, რამაც წარმოების ტემპი შეასუსტა.

,,მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 16.2 ათასი ტონა შეადგინა, 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე (16,3ათასი ტონა) 0,6% -ით  ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რეგიონში, სადაც მეფრინველეობის ფერმერული მეურნეობები შედარებით განვითარებულია (მაგ. შიდა ქართლი) და ფერმერებს უმეტესწილად საკუთარი ფრინველთა სასაკლაო აქვთ, მათ არ მიიღეს სხვების მიერ გამოზრდილი ფრინველი ხორცის დასამუშავებლად. რეალიზაციის მიმართულებით ასევე გამკაცრებულია მოთხოვნა ვეტერინარულ მოწმობა ფორმა-2-ზე, რამაც ამ მიმართულებით ფრინველის ნედლი ხორცის რეალიზაციის ტემპი შეანელა. ვფიქრობთ, რომ რძისა და ხორცის წარმოების შენარჩუნებასა და განვითარებისათვის საჭიროა ფერმერების მეტი ინფორმირებულობა არსებულ ცვლილებებსა და მოთხოვნებზე და სწორი სტიმულირება”, _ აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

აგროექსპერტთა ასოციაციის ცნობით, ხორცის მთლიან წარმოებაში მრპ ხორცის წილი 32%, ღორის 24%, ცხვრის 13%, ხოლო ფრინველის 32%-ს შეადგენს.

მარიამი ჩიტაია,
წყარო: report.ge