რა სარგებელი აქვს სოკოს ადამიანისთვის
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს. ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვადასხვა სახეობის ორ სოკოს სხვადასხვა რეგიონში ერთი სახელით მოიხსენიებენ, რაც მეცნიერებს შემდეგ თავიანთ წიგნებში აქვთ გადატანილი. მაგალითად, ალ. მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის“ მიხედვით, მჭადა არის Lactarius deterrimus – ე. წ. „რიჟიკა“, რომელიც ძირითადად ფიჭვნარში ხარობს. ზემო იმერეთში ამ სოკოს რუსული სახელით მოიხსენიებენ, ხოლო მჭადას ეძახიან Lactarius volemus–ს, რომელსაც მეორენაირად ჭეჭკეტასაც უწოდებენ. ეს სოკო ალ. მაყაშვილს ჭეჭკეტად აქვს მოხსენიებული. თუმცა, იქვე უთითებს, რომ კახეთში მას მჭადოს ეძახიან. ამავე სოკოს ივანე ნახუცრიშვილიც ჭეჭკეტად მოიხსენიებს და იქვე წერს, რომ ზოგჯერ მას მჭადასაც (ჭადილოს) ეძახიან. გამოდის, რომ მჭადა ჰქვია ორ სრულიად სხვადასხვა სახეობის სოკოს, რაც სოკოს მოყვარულების დიდი დავა–კამათის მიზეზი ხდება, როცა ამ სოკოების შეგროვებისას მათ იდენტიფიკაციაზე მიდგება საქმე.
Lactarius deterrimus – ფიჭვნარის „რიჟიკა“, რომელსაც ლ. მაყაშვილი მჭადას უწოდებს
Lactarius volemus – ჭეჭკეტა (იგივე მჭადა, მჭადო, ჭადილო)
სამწუხაროდ, საქართველოს სოკოების კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია და ილუსტრირებული ატლასების გამოცემა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა. მანამდე სოკოს მოყვარულები, ალბათ, კიდევ ბევრჯერ ავურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სოკოებს. მთავარია, ამ არევ–დარევამ საბედისწერო შედეგამდე არ მიგვიყვანოს და გემრიელი სოკოების ძიებისას რომელიმე შხამიანი სოკო არ შემოგვეჭამოს.
Amanita caesarea – ნიყვი, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოკო საქართველოში
განსაკუთრებით საფრთხილო ამბავია ყველაზე გემრიელი სოკოების – ნიყვისა და ქამას გარჩევა მათი შხამიანი ორეულებისგან. ნიყვი არის Amanita–სებრი სოკოების ერთ ერთი სახეობა –Amanita caesarea. მას ძალიან ჰგავს შხამიანი სოკო – Amanita muscaria, რომელსაც ალ. მაყაშვილი მოიხსენიებს წითელ შხამა სოკოდ, ჯღავანად. ივანე ნახუცრიშვილმა კი Amanita muscaria–ს ძველი ქართული სახელი – ცადამაყვანა შეურჩია. ცადამაყვანა ლამაზი სიტყვაა და შინაარსობრივადაც კარგად გამოხატავს ამ სოკოს თვისებებს. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია ეს სახელი დავამკვიდროთ.
Amanita muscaria – ცადამაყვანა, ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო
„ნიყვს და მის შხამიან ბიძაშვილს მართლაც ბევრი ვერ არჩევს, მითუმეტეს – თუ გადაუღებლად წვიმს. საქმე ისაა, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს. შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად მერე თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე. ძლიერ ნესტიან პირობებში პარკი არ ნაწევრდება და მთლიანად ძვრება ქუდიდან, აი ამ დროს მართლა განსაცდელი ელის გამოუცდელ სოკოს მაძიებელს. ასეთ შემთხვევაში, იგი სოკოს ძირს უნდა დააკვირდეს, სადაც ნიყვს თეთრი ბუდე შემორჩენილი უნდა ჰქონდეს, ხოლო შხამას – არა“, – ამბობს ღვინის კლუბის წევრი, „მეღვინეობა ხარებას“ მეღვინე, დათო ჩიჩუა. იგი ხუმრობს, რომ „წინა ცხოვრებაში სოკოს სპეციალისტი იყო და ამ დარგში დისერტაციაც კი დაიცვა. მართალია, მერე მეღვინეობაზე გადაერთო, მაგრამ სოკოების შეგროვება კვლავ რჩება მის ჰობად.
Agaricus arvensis – მინდვრის ქამა, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოკო
დათო ჩიჩუას თქმით, საქართველოში ქამას 20–ზე მეტი სახეობა არსებობს. აქედან 3–4 სახეობა შხამიანია და ქამას მოყვარულმა შემგროვებელმა, მათი გამოცნობა აუცილებლად უნდა იცოდეს. ყველაზე უწყინარი და შედარებით ადვილი გამოსარჩევი სახეობაა ცხვარიო, რომელიც მწყემსების საყვარელი მინდვრის სოკოა.
ივანე ნახუცრიშვილი „მომაკვდინებლად შხამიან სოკოს“ უწოდებს ცრუ ქამას – (rhodophyllus sinuatus, რუსულად – ложний шампиньон), რომელიც რეალურად ქამების ჯგუფის სოკო არც არის, მაგრამ მას მაინც ჰგავს და გამოუცდელმა სოკოს მოყვარულმა შეიძლება ქამასთან ერთად შეაგროვოს. შედარებით ნაკლებად საშიშია შხამიანი ქამა – Agaricus xanthoderma, რომელიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევს. საჭმელი ქამასგან მას ძირითადად, კარბოლის მჟავის, ე. წ. აფთიაქის სუნი გამოარჩევს.
შედარებით ადვილი გასარჩევია მანჭკვალა თავისი შხამიანი გარებიძაშვილებისგან, თუმცა გამოუცდელი ადამიანები მაინც ცდებიან. მანჭკვალა – armillariella mellea, რუსულად – опенок ყავისფერია, ქუდს ქვემოდან თეთრი ან მოყვითალო ფირფიტები აქვს და სრულიად სხვა ლათინური სახელწოდების მქონე სოკოების ჯგუფს ეკუთვნის.
armillariella mellea – მანჭკვალა
ცრუმანჭკვალა (hypholoma sublateritium, რუსულად –ложноопенок кирпично-красный) და მანჭკვალას მატყუარა (hypholoma fasciculare, რუსულად –ложноопенок серно-желтый) კი სხვა ჯგუფის სოკოებია და საჭმელი მანჭკვალასგან განსხვავებული, მუქი ფერის ფირფიტებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ მანჭკვალამაც შეიძლება გვაწყინოს, თუკი კარგად არ მოვხარშავთ.
ქართული სამზარეულო სოკოს კერძების მდიდარი რომ ვერ არის, ამის შესახებ ივანე ნახუცრიშვილიც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, პარადოქსია, რომ ისტორიული წყაროებით, ქართველი ხალხი შორეული წარსულიდან იცნობს უამრავ სოკოს, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში ხშირად სხვადასხვა სახელითაა ცნობილი.
„ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, კერძოდ რომელ სოკოს მიეკუთვნება მთელი რიგი ქართული სახელები: ბარქაზი, გორნიჭულა, თხილის სოკო, ჯონჯოლია, ლებანი, მანჯანიკი, ნაფეტვარა, რიგა, კომშის სოკო, ქვეშნიგოზა, ღარიღონა, ჩობაყო, ხბოს შუბლა, ზურგმაგარა და ზოგიერთი სხვა“, – წერს ნახუცრიშვილი თავის წიგნში „საქართველოს სოკოები“ და დასძენს, რომ საქართველოში მრავალი კარგი სოკო იზრდება, მაგრამ მოსახლეობა მის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ხმარობს. ამის გამო დიდი რაოდენობით იკარგება „ეს იაფფასიანი და ძვირფასი კვების პროდუქტი“.
მეცნიერი წუხს, რომ საქართველოში საჭმელი სოკოები ძირითადად ნედლი, ახლადმოკრეფილი გამოიყენება (მოსახრაკავად და შესაწვავად). იშვიათია მათი გახმობა, დამწნილება, დამუჟუჟება და დამარინადება. ქართველები საჭმელად იყენებენ 30–მდე სოკოს სახეობას, დანარჩენს კი ყურადღებას არ აქცევენ: „ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს ისეთ ძვირფას სოკოებს, როგორიცაა: დათვის სოკო, არყისძირა, ვერხვისძირა და სხვა. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში საჭმელად ხმარობენ მდარე კეტეგორიის სოკოს, როგორიცაა: საჩეჩელა და ზღარბა სოკოები, ძერანა და ა.შ.“
ივანე ნახუცრიშვილის ცნობით, მართალია, იშვიათია, მაგრამ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოკო – ტრიუფელიც გვხვდება. ამ სოკოს მოძებნა ძალიან რთულია, რადგან იგი კარტოფილის მსგავსად მიწისქვეშ იზრდება. ევროპაში მის მოსაძებნად ღორებს ან ძაღლებს წვრთნიან. ალ. მაყაშვილი თავის ბოტანიკურ ლექსიკონში ახსენებს თირკმელასოკოს, რომელსაც ოკრიბაში ეძახიან შავ სოკოს. მაყაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის იგივე кавказский трюфель, იგივე terfezia transcaucasica. სხვა ცნობები ამ სოკოს შესახებ ჯერჯერობით ვერსად მოვიპოვე. ისიც არავის აქვს ნაკვლევი, ოკრიბაში „შავი სოკოსგან“ რა კერძებს ამზადებდნენ.
ზოგადად, ცნობილია, რომ ევროპული სამზარეულო ბოლო საუკუნის განმავლობაში უფრო დაჩქარებული ტემპებით განვითარდა, რაც ნაკარნახევი იყო სწრაფი კომერციალიზაციით. ამ ასი წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს ასობით ახალი კერძი შეემატა და სოლიდური რესტორნების მენიუებშიც დამკვიდრდა. ქართულ სამზარეულოში კი კერძების რაოდენობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. ზოგიერთი ძვირფასი კერძი მხოლოდ ეთნოგრაფიულ მასალებშია შემორჩენილი.
ღვინისა და სოკოს კერძების შეხამებაზე როცა მიდგება საქმე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საჭმელი სოკო ალკოჰოლთან ერთად შხამიანია. ასეთებია, მაგალითად, მგლის სოკო, სილიო, მუხისძირა და სხვ. თუმცა, არსებობს ნაცადი შეხამებები, როგორიცაა კარაქში შემწვარი ნიყვი და სასიამოვნო სიმჟავის მქონე იმერული თეთრი ღვინოები. ასევე მიქლიო (ქათამბარკალა) და რაჭული „ხვანჭკარა“.
სოკოს კერძები, როგორც წესი, არომატული და ნაზია. ამიტომ მას დახვეწილი სპირტიანი სასმელებიც კარგად ეხამება.
წერეწო სოკო (წეროსწვივა)
წერეწო სოკო საკვებად ვარგისი სოკოებიდან ყველაზე მაღალია. ნორჩობაში კვერცხის ფორმა აქვს, შემდეგ კი თანდათან იშლება და ქოლგას ემსგავსება. ქუდი მონაცრისფრო რუხია, ზოგჯერ მოყავისფრო, განსაკუთრებით ცენტრში. მისი დიამეტრი 5-50 სანტიმეტრამდეც კი იზრდება. კანი მუქი ფერის ქერცლებით აქვს დაფარული, დახეთქილია, დაკბილული კიდეებით, რბილობი თეთრი აქვს, იოლად იფშვნება; შემდეგ თანდათან მკვრივი ხდება. აქვს სოკოსთვის დამახასიათებელი სუსტი სუნი.
ფირფიტები თავისუფალი, ფართო, რბილი, ძირში შეერთებულია რგოლით (ქმნიან კოლარიუმს). ფეხზე აქვს თეთრი საყელო იგი მოძრავია ფეხის მიმართ.
იზრდება ნიადაგზე ველზე, მდელოზე, ტყის პირას, ბაღებში და ა.შ. ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად ვარგისი სოკოა, გამოიყენება მარტო ქუდი. ნორჩობაში უფრო გემრიელია. წეროსწვივა თითქმის არ ჭიანდება. ხშირად ახმობენ კიდეც.
გიგანტური ფშუკუნა (Langermannia gigantea)
ეს სოკო ფოტო კადრზე შარშან ზაფხულში აღმოჩნდა. მე და ერთი ჩემი მეგობარი (სხვათაშრის პროფესიით მიკოლოგი, ან უბრალოდ რომ ვთქვათ სოკოების სპეციალისტი) ერთ-ერთი მარშუტის სანახავად ვიყავით ალგეთის ხეობაში. მანქანით მივდიოდით და წინ გზაზე თეთრი ქვები შევნიშნეთ, რომელსაც კაცი გვერდს აუვლიდა, მაგრამ სპეციალისტის თვალისთვის არ დარჩა ეს ,,ქვები” ყურადღების გარეშე. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და გახარებულმა იამ (ასე ქვია ჩემს მეგობარს) პროფესიულად შეაფასა, თან იმასაც იხსენებდა, რომ წინა წელს ამგვარი სახეობა უნახავს კლდეკარზე. ეგ არაფერი ისეთი, თუ არ გეტყვით რამხელა ყოფილა ის ეგზემპლარი. მართლაც გასაოცარია, მაგრამ ფაქტია – სოკო 14 კგ-ს იწონიდა. ასე, რომ ეს ქვები არ გეგონოთ სოკოს ერთ-ერთი სახეობაა, როგორც სათაურში ავღნიშნე, მას გიგანტური ფშუკუნა ჰქვია. ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. იოდის სუნი და სასიამოვნო გემო ახასიათებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.
სტატია მომზადდა ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით