დედა ფუტკრის გამოზრდა და სანაშენე თვისებების შეფასება

დედა ფუტკარი ოჯახის ცენტრალური არსებაა, რომლის თვისებებით განპირობებულია ოჯახის სიძლიერე, ე.ი. მის წევრთა რიცხოვნობა და, შესაბამისად, ოჯახის უზრუნველყოფა საკვები მარაგით.

დედა ფუტკარი, როგორც წესი, სკაში ერთადერთი, სრულად განვითარებული მდედრობითი სქესის წარმომადგენელია და მასზეა დამოკიდებული ცალკეული სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების თანაფარდობა. დედის აქტიურობას (კვერცხდების ინტენსიურობა) მისი მომვლელი ფუტკრების ჯგუფი (ამალა) არეგულირებს. თუ შეამჩნევენ, რომ ხანდაზმულობის, ან სხვა ფაქტორების გამო, დედა ფუტკარს დაუქვეითდა ეს უნარი, აიძულებენ განაყოფიერებული კვერცხების ჩადებას სპეციალურად აშენებულ, გადიდებული ზომის უჯრედებში, სადაც მომავალი დედა ფუტკრები გამოიზრდება.

დედის ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, მეფუტკრეები ოჯახის გაძლიერების ერთერთ ძირითად ბერკეტად სადედე სულადობის გამოზრდას და მის მიზანმიმართულ გამოყენებას თვლიან. ფუტკრის ბიოლოგიის საფუძვლიანად შესწავლამ მეცნიერებას საშუალება მისცა, ეს პროცესი ხელოვნურად რეგულირებადი ფაქტორების მეშვეობით წარემართა, გამოეყენებინა ტექნიკური მიღწევები მაღალხარისხოვანი დედა ფუტკრის მისაღებად, მაღალინტენსიური გაეხადა მათი გამოზრდის პროცესი.

დედა ფუტკრის ხელოვნურად გამოზრდისათვის უნდა შესრულდეს რამდენიმე თანმიმ- 38 დევრული, ერთმანეთზე დამოკიდებული სამუშაო ოპერაციები, რაც მთლიანობაში მოიცავს დედის გამოზრდის, განაყოფიერებისა და შემდგომი გამოყენების ტექნოლოგიას. ქვემოთ მოცემული მასალა ამ ტექნოლოგიის ჩვენებას ემსახურება.

აღმზრდელი ოჯახების მომზადება დედა ფუტკრის გამოზრდის ტექნოლოგიაში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პროცესია.

 დედა ფუტკრის სანაშენე თვისებების შეფასების შემდეგ, მეფუტკრე შეარჩევს მაღალპროდუქტიულ ოჯახს. იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახშირწყლოვანი საკვების მარაგით (12-14 კგ), შეუფერხებლად უნდა შემოჰქონდეს ახალი ყვავილის მტვერი, სამუშაო ძალა (მუშა ფუტკრის მასა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 ჩარჩოს.

გარდა ამისა, აღმზრდელ ოჯახს დამატებით საკვებს აძლევენ სადედე ბარტყის მიცემის წინ, რათა ბარტყი უხვი კვების პირობებში გამოიზარდოს. საკუთრივ აღმზრდელი ოჯახის მომზადება გულისხმობს დედა ფუტკრის და თავღია ბარტყის წართმევას. რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახს აძლევენ სპეციალურად გაკეთებულ და ასევე სპეციალურ ჩარჩოზე დამაგრებულ ცვილის ჯამებს, რომელშიც გადატანილია 1-დღიანი (გამოჩეკვიდან) სადედე ბარტყი. მისი მიცემიდან მე-10 დღეს გადაბეჭდილი სადედე უჯრედები გადააქვთ ნუკლეუსებში (მცირე ზომის სკები) გამოსაჩეკად და გასანაყოფიერებლად. სადედე ბარტყის შეუფერხებელი კვებისათვის აღმზრდელ ოჯახს სხვა, დამხმარე ოჯახების ხარჯზე ამარაგებენ მწიფებარტყიანი ჩარჩოებით, რაც საშუალებას იძლევა, აღმზრდელ ოჯახში სადედე ბარტყის რამდენიმე თაობა გამოიზარდოს.

სადედე ბარტყის მისაღებად და აღმზრდელ ოჯახში გამოსაზრდელად ორი ხერხი არსებობს: ბარტყის გადატანით უჯრედიდან, ან მის გადაუტანლად. საქართველოში პირველი ხერხია ყველაზე გავრცელებული.

 დედის გამოზრდა სადედე ბარტყის  გადატანით

სადედე ჯამების მომზადება

ჯამებს ამზადებენ მაღალხარისხოვანი, გასუფთავებული ცვილისგან, რომელსაც ალღობენ ჯამში და მასში ჩაუშვებენ რბილი მერქნისგან დამზადებულ (ვაშლი, მსხალი) 8-10 სმ სიგრძის ჩხირს – 9 მმ დიამეტრის შაბლონს. მას ბოლო მომრგვალებული აქვს. შეიძლება ასეთი შაბლონების ნაკრები გაკეთდეს ერთდროულად რამდენიმე ჯამის დასამზადებლად. შაბლონს გამდნარ ცვილში რამდენჯერმე ჩაუშვებენ 6-8 მმ სიღრმეზე, რომ ჯამი საკმაოდ სქელკედლიანი გამოვიდეს, რის შემდეგ ცივწყლიან ჭურჭელში ჩადებენ. ჯამი ცივდება და შაბლონს ადვილად სცილდება. სადედე ჯამებს ამაგრებენ ფანერისაგან გამოჭრილ სამკუთხა ფირფიტებზე დაწვეთებული გამდნარი ცვილის მეშვეობით, ისევ შაბლონის გამოყენებით. შემდეგ ამზადებენ ბუდის ჩარჩოს საფუძველზე სპეციალურ ჩარჩოს, რომელშიც ჰორიზონტალურად მაგრდება შუაში 3 მბრუნავი თამასა (ქვედა თამასის მსგავსი), ერთიმეორისგან თანაბრად დაშორებული. ამ თამასებზე ისევ გამდნარი ცვილის მეშვეობით მაგრდება ფანერის სამკუთხა ფირფიტებზე დამაგრებული სადედე ჯამები.

თქვენს მიერ ხელოვნურად გამოზრდილი დედა ფუტკარი და მის მიერ დაკომპლექტებული ნაყრები წარმოადგენენ თქვენი საფუტკრის სანაშენე პროდუქციას, რომლის წარმოებაზეა დამოკიდებული ქვეყნის (ბევრ შემთხვევაში სხვა ქვეყნებისაც) ფუტკრის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და ოჯახების პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობა.

სანაშენე ოჯახში, საიდანაც აპირებენ სადედე მასალის აღებას, მოძებნიან დედა ფუტკარს და ბუდის ჩარჩოსთან ერთად ჩასვამენ ჩარჩოიზოლატორში ერთასაკიანი ბარტყის მისაღებად.

შეზღუდული რაოდენობით კვერცხდების დროს კვერცხები უფრო მსხვილი და ხარისხიანი გამოდის. ჩარჩო-იზოლატორში შეიძლება დამატებით ჩაიდგას კიდევ ფიჭა ბარტყით და საკვებით, თუმცა ამას ყოველთვის არ აკეთებენ. გამოჩეკიდან 12 საათის შემდეგ, ფიჭიდან ბარტყი გადააქვთ სადედე ჯამებში, სადაც ტემპერატურა 25-27 გრადუსს შეადგენს და მაღალი ფარდობითი ტენიანობაა (ბარტყი რომ არ გამოშრეს, დასველებულ პირსახოცებს ჩამოკიდებენ), მზის პირდაპირი სხივების გარეშე. ბარტყის გადასატანად იყენებენ გაბრტყელებული და გაქლიბული ბოლოს მქონე სპეციალურ შპატელებს, რომლითაც ბარტყს ზურგის მხრიდან, ქვემოდან აწევენ. ზოგჯერ სადედე ჯამში ფუტკრის რძეს, ან თაფლს ჩააწვეთებენ, თუმცა ამას ზოგიერთი სავალდებულოდ არ თვლის. ბარტყს ჯამში იმავე გვერდზე აწვენენ, რომელზეც უჯრედში იყო.

ბარტყის გადასატანად სპეციალურ, დახრილზედაპირიან მაგიდას და შუბლის რეფლექტორს იყენებენ (ღრუბლიან დღეს). ქართული ფუტკრის თავისებურებიდან გამომდინარე, აღმზრდელ ოჯახს ერთდროულად ეძლევა 25- 30 სადედე ბარტყი, რაც მისთვის ოპტიმალური დატვირთვაა (ი. რაზმაძე, 1975). სადედე ბარტყით გავსებული ჩარჩო გადააქვთ აღმზრდელ ოჯახში. აქ ბარტყობის პერიოდი (სადედე ჯამში მისი გადატანის შემდეგ) მთავრდება მე-12 დღეს, ამიტომ მე-10 დღეს სადედე უჯრედებს გალიებში ათავსებენ და ჩარჩო-ინკუბატორში დებენ. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი ჩარჩოა, რომელსაც 3 წყებად ჰორიზონტალური თამასები აქვს სადედე გალიების მოსათავსებლად. ამის შემდეგ სადედეების მომწიფება ან ფუტკრის ოჯახში მთავრდება, ან კარადათერმოსტატში.

გახსოვდეთ, მწიფე სადედე უჯრედების  იზოლირება გალიების მეშვეობით მე-10 დღეს არ უნდა გადასცილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი დედა გამოსვლისთანავე მუშა ფუტკართან ერთად დანარჩენ სადედეებს გააფუჭებს და შიგ არსებულ, გამოსაჩეკად გამზადებულ დედებს დახოცავს!

უკვე გამოჩეკილ დედა ფუტკრებს წონიან და შეაფასებენ გარეგნულად, განაყოფიერებულს კი კვერცხდების დაწყებიდან მე-5 დღეს. რუსეთის ფედერაციის სტანდარტის 23127-78-ის მიხედვით ქართული განაყოფიერებული დედა ფუტკრის საშუალო მასა 200 მგ-ია, გაუნაყოფიერებლის –180 მგ. არასტანდარტულ, მახინჯ დედა ფუტკრებს წუნებენ.

ამ ხერხით სადედე ბარტყი სხვადასხვანაირად შეიძლება მომზადდეს. ყველაზე მარტივ შემთხვევაში ბუდის ჩარჩოში არსებულ ფიჭას, სადაც კვერცხი და ახალგამოჩეკილი ბარტყია, გადაჭრიან დანით გასწვრივად, რომ გადანაჭერის კიდეზე შესაბამისი ბარტყი დარჩეს. უჯრედებიდან ბარტყს წკირით გამოხშირავენ (ყოველი სამი ბარტყიდან 2-ს) და აძლევენ აღმზრდელ ოჯახს, რომელიც ზემოთ მოცემული წესით მზადდება. ქვემო კიდეზე დარჩენილ ბარტყზე სადედე უჯრედებს აშენებს ოჯახი, რომლის ბარტყს გამოზრდიან ჩვეულებრივ პირობებში. აშენებული ფიჭის გადაჭრის ნაცვლად შეიძლება ჩარჩოს ზედა თამასაზე დამაგრდეს ხელოვნური ფიჭის სამკუთხა ნაჭრები ვიწრო ბოლოთი ქვემოთ, ქვედა თამასიდან 5-8 სმ-ზე, რომელსაც სანაშენე ოჯახი აშენებს, დედა ჩაკვერცხავს და სადედე უჯრედები წამოშენდება.

ბოლო ათწლეულებში გავრცელდა იენტერის მიერ შემოთავაზებული ხერხით დამზადებული ფიჭა – სინთეზური მასალის ფურცელი, რომელზეც ასხმულია ხელოვნურად დამზადებული სადედე უჯრედები. დედა ფუტკრის მიერ ამ უჯრედების ჩაკვერცხვის შემდეგ უჯრედებს იღებენ და ამაგრებენ ჩვეულებრივი სადედე ჩარჩოს თამასებზე (აღმზრდელ ოჯახში ჩადგმით), სადაც მომავალი დედა ფუტკრები აგრძელებენ განვითარებას.

სადედე ბარტყის გადაუტანლად დედა ფუტკრების გამოზრდა, განსაკუთრებით იენტერის ჩარჩოს გამოყენებით, თქვენ საშუალებას გაძლევთ: მიიღოთ უფრო მაღალხარისხოვანი დედა ფუტკრები და ეს საქმე შეასრულოთ მხედველობის მხრივ რაიმე შეზღუდვის გარეშე.

დედა ფუტკრის გამოზრდა სადედე ბარტყის გადაუტანლად იმით არის უკეთესი, რომ დედის განვითარებაზე ზრუნვას მეფუტკრე იწყებს კვერცხობის ასაკიდან, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალხარისხოვანი სანაშენე დედების მიღებას.

დედა ფუტკრის ნიშანდება ხდება მისი ხნოვანებისა და წარმოშობის სარეგისტრაციოდ და მოძებნის გასაადვილებლად, კოდირების საერთაშორისო სისტემის შესაბამისად, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა ფერის, ადვილადშრობადი ნიტროსაღებავები.

ყოველი ხუთწლედის დასაწყისში (ვთქვათ, 2011, 2016, 2021წ და ა.შ.) ნიშანდება იწყება თეთრი ფერით და შემდგომ წლებში იყენებენ ყვითელ, წითელ, მწვანე და ცისფერ საღებავებს. ნიშანს სპეციალური ფუნჯით ადებენ მკერდის დორზალურ ნაწილზე, ან აღნიშნულ ნომერს ამაგრებენ ალუმინის თხელ ფურცელზე (ფოლგა) შელაკის სპირტხსნარის გამოყენებით. ამავე მიზნით გამოდგება წებო БФ-2. ნიშანდება ხდება ცერისა და საჩვენებელი თითებით ფრთხილად დაჭერილ დედაზე საღებავის ან წებოს დაწვეთებით, რომელსაც ფრთხილად ჩაზელენ ქიტინზე და შემდეგ ნიშანს ადებენ.

დედა ფუტკრის განაყოფიერება

ლეუსე სკის გამოყენება. ასეთი ზომა და კონსტრუქცია განისაზღვრება ფუტკრის ჯიშური და ქვეყნის ზონალური თავისებურებებით. შუა რუსული ჯიშისათვის გამოყენებულია ბუდის ჩარჩოს 1/4, ½1/2 ½და სრულ ჩარჩოზეც კი მორგებული სკა. ქართული ფუტკრისათვის _ ბუდის ჩარჩოს ¼1/4-1/6 ზომის სკები. რაც მეტია სანუკლეუსე სკის მოცულობა და შესაბამისად გამოყენებული ჯიშის ცოცხალი მასა (საკვებთან ერთად), მით უფრო მაღალია მიღებული სანაშენე დედის თვითღირებულება. საქართველოს პრაქტიკაში ძირითადად გვხვდება ბუდის სრული ჩარჩოს 1/4 ზომაზე დამზადებული ნუკლეუსები. სადედე უჯრედების ნუკლეუსში ჩასმის წინ ამ უკანასკნელს აკომპლექტებენ ფიჭებით (ჩვეულებრივად 3 ჩარჩო 1 განყოფილებაში). როგორც წესი, ერთ ნუკლეუსში 2 განყოფილება არის, საფრენებით სხვადასხვა მხარეზე. წინასწარ, ძირითად ოჯახს ასაშენებლად და საკვებით დასაკომპლექტებლად აძლევენ სანუკლეუსე ჩარჩოების ნაკრებს (4 ცალი ბუდის 1 ჩარჩოში), რის შემდეგ მათ გადაიტანენ ნუკლეუსში. ამ უკანასკნელს საკვებითა და სამუშაო ძალით საკუთარი თავის უზრუნველყოფა არ ძალუძს, რის გამოც პერიოდულად მისი გაძლიერებაა საჭირო ძირითადი ოჯახებიდან.

ასეთი ნუკლეუსი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდში, როცა დედა ფუტკრის ზრდის დამთავრება და განაყოფიერებაა საჭირო. შემდგომში მათ აუქმებენ, რადგან ზამთრობისას გუნდში საჭირო ტემპერატურას ვერ ინარჩუნებენ.

ნუკლეუსში სადედე უჯრედის გადატანის შემდეგ იჩეკება დედა ფუტკარი. მომდევნო 7-8 დღის განმავლობაში მიმდინარეობს დედის მომზადება ფიზიოლოგიურად, მამლებთან შესაწყვილებლად. შეწყვილება ხდება დღის I ნახევარში, კარგ ამინდში, ჰაერში. დედა უწყვილდება რამდენიმე მამალს იმ ანგარიშით, რომ მის თესლმიმღებში დაგროვდეს საჭირო რაოდენობის სპერმა (5,3-7,9 მლნ სპერმატოზოიდი, ვოიკე, 1958). როგორც წესი, შესაწყვილებლად გამოფრენა სიცოცხლეში ერთხელ ხდება, ხანდახან ორჯერ და ზოგჯერ სამჯერაც კი (რუტი, 1982).

უკანასკნელ მამალთან შეწყვილების შემდეგ დედის საშოში რჩება მამლის შესაწყვილებელი ორგანო იმისათვის, რომ მამლებს აღარ ჰქონდეთ დედა ფუტკართან შეწყვილების საშუალება. ნუკლეუსში ჩასახლებიდან მე-12-14 დღეს დედა ფუტკარი იწყებს კვერცხდებას, რის შემდეგაც იგი მზადაა ნორმალურ სკაში ფუნქციონირებისათვის.

დედა ფუტკრის ხელოვნური დათესვლა

საფუტკრეში სანაშენე საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის ერთ – ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა დედა ფუტკრების განაყოფიერება სასურველი წარმოშობის მამლებით. გასული საუკუნის ბოლომდე ამის მისაღწევად იზოლირებულ შესაწყვილებელ პუნქტებს აწყობდნენ: განმარტოებულ ხეობაში, სადაც წინასწარ მამლების გამოზრდისათვის ოჯახების სტიმულაცია ხდებოდა. განაყოფიერებისა და კვერცხდების დაწყების შემდეგ დედა ფუტკრებს იყენებდნენ დანიშნულებისამებრ: სასელექციო სამუშაოებისათვის ან სარეალიზაციოდ. ლიტვაში იზოლირებული შესაწყვილებელი პუნქტი მოწყობილი იყო ბალტიის ზღვაში არსებულ კუნძულზე სახელწოდებით “კურშსკაია კასა”.

დღეს სულ უფრო ფართოდ ვრცელდება დედა ფუტკრების ხელოვნური დათესვლის მეთოდი, რომლის განსახორციელებლად სპეციალურ დაზგასა და ბინოკულურ მიკროსკოპს იყენებდნენ. ლაბორატორიაში, სადაც ეს ხდება, სასურველია, ტემპერატურა 25°C-ზე ნაკლები არ იყოს (კონდიციონერის მეშვეობით). გარდა ზემოაღნიშნულისა, ლაბორატორიულ მოწყობილობაში შედის რედუქტორიანი ბალონი ნახშირმჟავა გაზით, ჟანგბადის ბალიში, ორყელიანი კოლბა, ენტომოლოგიური გალიები, რეზინის შემაერთებელი მილები, პინცეტები, ბიუქსები, დოლბანდი, ბამბა, ფიზიოლოგიური ხსნარი, დისტილირებული წყალი,  იოდნარევი (0,1% კონცენტრაციით) ეთანოლი. მოწყობილობის დეზინფექცია ხდება იოდნარევი ეთანოლით. გასანაყოფიერებელი დედა ფუტკარი უნდა იყოს ჯანსაღი. დაზიანებული სასქესო ორგანოების მქონე გამოიწუნება, დასათესლად გამზადებული დედების ასაკი 6-13 დღეს უნდა შეადგენდეს, მამლებისა – არანაკლებ 14 დღეს. მამლებს სპერმას უღებენ მუცლის მასაჟით, შპრიცით, რომელშიც რამდენიმე მამლისაგან აგროვებენ 4×10-3 მლ სპერმას, რაც ხდება მიკროსკოპის ქვეშ 8-ჯერადი გადიდებით. დედა ფუტკარს ჩასვამენ დამჭერ მილაკში დაფიქსირებით, მუცლით ზემოთ ისე, რომ მუცლის 3 ბოლო სეგმენტი მილაკს ზემოთ იყოს. დედის დამჭერ მილაკს ქვემოდან რეზინის მილებით რედუქტორიანი ბალონიდან (ტიშჩენკოს ორყელიანი კოლბის გავლით) ნახშირმჟავა გაზი უერთდება დედა ფუტკრის ანესთეზიისათვის. დაზგის ვენტრალური და საშხამე კაუჭებით, რომელთაც მიკროხრახნებით ამოძრავებენ, დედის საშხამე კამერას ხსნიან და ამ მდგომარეობაში აფიქსირებენ.

დედა ფუტკრის საშოში შეაქვთ შპრიცის მილაკი მიკროსკოპით თექვსმეტჯერადი გადიდების გზით, მილაკის წინ და უკან მსუბუქი მოძრაობით გასწევენ დედის კენტი კვერცხსავლის დამხშობ სარქველს და შეაქვთ შპრიცის მილაკი 1,5 მმ სიგრძეზე, რის შემდეგ შპრიცით სპერმას ფრთხილად შეუშხაპუნებენ. დათესვლის შემდეგ დედას ნიშანს ადებენ, გალიაში ჩასვამენ და ფუტკრის ოჯახ-ინკუბატორში დააბრუნებენ. 1-2 დღის შემდეგ სპერმის ამდენივე დოზით დედა ფუტკარს განმეორებით დათესლავენ. მომდევნო 5-7 დღეს დედას ამყოფებენ გალიით (რომელშიც საკვებია ჩადებული) ინკუბატორ-ოჯახში. ამ პერიოდში სპერმა გადადის სათესლე ბუშტში, დასრულდება საკვერცხეებისა და კვერცხების მომწიფება. ამის შემდეგ დედა ფუტკარს ძირითად ოჯახს ან ნაყარს ჩაუსვამენ.

დედა ფუტკრის ტრანსპორტირება

თუ გათვალისწინებულია დედის გაგზავნა დამკვეთისათვის, მას ათავსებენ გადასაგზავნ გალიაში, რომელშიც არის ამოღრმავებული საკვებური თხევადი საკვების ან კანდის მოსათავსებლად დედა და გამყოლი მუშა ფუტკრისათვის (15-20 ცალი). გალია ზემოდან იფარება მავთულბადით და შემდეგ ფანერის ნაჭრით. კანდი გამოშრობის საწინააღმდეგოდ ზემოდან იფარება პოლიეთილენის ფურცლით, შუაში 1 სმ დიამეტრის ხვრელით. გალიების ნაკრებს უკეთდება წარწერა: ზედა მხ- ედა მხარე! მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს! რე! მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს!

შორ მანძილზე ტრანსპორტირებისას გალიები იგზავნება თვითმფრინავით, ჭიანჭველებისა და არასასურველი ტემპერატურისაგან დაცვის მიზნით.

დედა ფუტკრის სანაშენე თვისებების შეფასება

დედა ფუტკარი ფასდება მისი კვერცხმდებლობის მიხედვით.

დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას უკავშირებენ:

1) სკაში ფუტკრის რაოდენობას (გაზომვების დამთავრებისას), რომელიც განისაზღვრება საღამო ხანს, ფუტკრის ფრენის დამთავრების შემდეგ, მის მიერ დაკავებული ფიჭების რაოდენობის მიხედვით;

2) ფუტკრის ოჯახის სათაფლე პროდუქტიულობას, რომელიც განისაზღვრება თაფლის სასაქონლო პროდუქციისა და აქტიური სეზონის ბოლოს მისი მარაგის შეჯამებით (კორელაციის კოეფიციენტი R=0,581).

გაზაფხულზე, ნექტრის საკმაო მარაგის გაჩენის შემდეგ (სკის დღიური წონამატი 1-2 კგ), ჩარჩობადის მეშვეობით (თითოეული უჯრედის ფართობი 5×5 სმ) გაზომეთ გადაბეჭდილი ბარტყის ფართობი. კვერცხმდებლობა გაიანგარიშეთ ფორმულით: (ბადის კვადრატების ჯამი x 100):12. შედეგი მიუთითებს დედა ფუტკრის სადღეღამისო კვერცხმდებლობას. ასეთი გაზომვა წესისამებრ სამჯერ ჩაატარეთ, თორმეტდღიანი შუალედებით და გამოითვალეთ საშუალო მაჩვენებელი.

დედა ფუტკრის სანაშენე ღირსების მეორე მაჩვენებელია მისი შთამომავლობის ხარისხი. შთამომავლებიდან გამოზრდიან 20-25 ქალიშვილ დედას. მათ გაანაწილებენ იდენტური რაოდენობისა და კონდიციის ფუტკრის ოჯახებში და აკვირდებიან როგორც მათი კვერცხდების ინტენსივობას, ისე აღნიშნული ოჯახების პროდუქტიულობას. შედეგები უნდა დამუშავდეს ბიომეტრიულად, საშუალო მაჩვენებლისა და მისი ცდომილების გაანგარიშებით.

დედა ფუტკრის გამოზრდისა და განაყოფიერების ნებისმიერი ხერხის საბოლოო მიზანია, მივიღოთ მაღალპროდუქტიული დედა ფუტკარი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფუტკრის ოჯახის ინტენსიური განვითარება კვერცხდების წყვეტილობის გარეშე და მუშა ფუტკრის სიცოცხლისუნარიანი, აქტიური მოღალე თაობის წარმოქმნა.

გიორგი მაძღარაშვილი,

„მეფუტკრეობა“