აგროსიახლეები

ევროპაში საქართველო ზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა

საქართველოს პრეზიდენტობით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პირველი ონლაინ სხდომა გაიმართა, რომელსაც 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა. ამავე წელს ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) პირველ ონლაინ სხდომას ესწრებოდა და სიტყვითაც  გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბჭოს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„მოხარული ვარ, რომ საქართველო გასული წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია. რომ არა პანდემია, დედაქალაქი თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი გაგვიხანგრძლივა. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზეთისხილის პლანტაციების გაშენება კი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის და მოსახლეობის დასაქმების მხრივ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ონლაინ სხდომას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, რომელმაც ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ კულტურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს.

საბჭოს სხდომაზე, პანდემიის პირობებში, პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა.

როგორც გიორგი სვანიძემ აღნიშნა, ევროპა აზიის ქვეყნებს ზეთისხილისგან წარმოებული პროდუქციით საქართველოს ჰაბის საშუალებით მოამარაგებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.