აგროსიახლეები

საფრთხე წყალქვეშა სამყაროსთვის: რას იწვევს საბურავის „ოჩხით“ თევზჭერა

ერთი შეხედვით, ძველი ავტომობილის საბურავი შეიძლება ჩვეულებრივ ნარჩენად მოგვეჩვენოს. მაგრამ როდესაც მას მდინარის ფსკერზე თევზის დასაჭერად იყენებენ, იგი უკვე არა მხოლოდ ბრაკონიერობის იარაღი, არამედ წყლის ეკოსისტემისთვის სერიოზული საფრთხე ხდება.

სწორედ ასეთი შემთხვევები გამოვლინდა მდინარე მტკვარზე, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლების — სამწვერისისა და თაგვერის მიმდებარე ტერიტორიებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების, ე.წ. „ოჩხების“ გამოყენებით თევზჭერის ფაქტები აღკვეთეს. ამოღებულია 9 ერთეული ასეთი მოწყობილობა.

ძველი საბურავისგან დამზადებული „ოჩხი“ წყალში, როგორც წესი, თევზის თავშესაფრად ან მოსაზიდ გამოიყენება. პრობლემა კი ის არის, რომ ასეთი მოწყობილობა თევზის მოპოვების არასელექციურ მეთოდს ქმნის, რაც საფრთხეს უქმნის სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზებს.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც მსგავსი იარაღი გამოიყენება თევზის გამრავლების პერიოდში. ბუნებრივი პოპულაციისთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რამდენი თევზი მოიპოვეს, არამედ იმასაც, რა ასაკისა და ზომის ინდივიდები მოხვდნენ ხაფანგში.

თუ ბუნებიდან მუდმივად ამოიღება გამრავლების ასაკამდე ან გამრავლების პროცესში მყოფი თევზი, პოპულაციის აღდგენის ბუნებრივი შესაძლებლობები მცირდება.

ამიტომ „ოჩხით“ თევზჭერის პრობლემა ერთი დღის ან ერთი მდინარით არ შემოიფარგლება, ეს შეიძლება ხანგრძლივ და მწვავე პრობლემად იქცეს.

ამ მეთოდის კიდევ ერთი უარყოფით ასპექტი თავად საბურავია.

მდინარის კალაპოტში დატოვებული ძველი საბურავი ნარჩენად რჩება. იგი ცვლის გარემოს, შესაძლოა იქცეს სხვადასხვა ორგანიზმის არასასურველ თავშესაფრად და დროთა განმავლობაში დამატებით დაბინძურების წყაროდ.

ამგვარად, პრობლემა ორმაგია: ერთმხრივ, იზრდება თევზის არასელექციური მოპოვების რისკი, მეორე მხრივ კი წყალში რჩება ნარჩენი, რაც იქ საერთოდ არ უნდა იყოს.

წყლის ეკოსისტემაში ასეთი ჩარევა მხოლოდ თევზზე არ აისახება. თევზი სასურსათო ჯაჭვის ნაწილია და მისი პოპულაციის ცვლილებამ სხვა ორგანიზმებზეც შეიძლება იქონიოს გავლენა.

თევზის უკანონო მოპოვებისას ხშირად ყურადღება მხოლოდ დაჭერილი თევზის რაოდენობაზე მახვილდება. სინამდვილეში ზიანი გაცილებით ფართოა.

თევზის პოპულაციები ბუნებაში თვითაღდგენის უნარს ფლობენ, მაგრამ ამას დრო და შესაბამისი პირობები სჭირდება. თუ ერთი და იგივე წყალსატევში მუდმივად ხდება დიდი რაოდენობით თევზის მოპოვება, განსაკუთრებით არასელექციური მეთოდებით, ბუნებრივი აღდგენის პროცესი შეიძლება შეფერხდეს.

საბოლოოდ, მცირდება წყლის ბიომრავალფეროვნება, ირღვევა ეკოლოგიური წონასწორობა და ზარალდება ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც მომავალშიც უნდა არსებობდეს.

ამიტომ უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კანონის აღსრულება არ არის, ეს წყლის ეკოსისტემების დაცვის ნაწილია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას, ხოლო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების შესახებ შეტყობინებებზე რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელი ხაზის – 153-ის საშუალებით.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებიც, რაც უკანონო თევზჭერის გამოვლენასა და პრევენციას უნდა შეუწყოს ხელი.

2026 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 სამართალდარღვევა შიდა ქართლში დაფიქსირდა.

 „ოჩხით“ თევზჭერის შემთხვევებში სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება  გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესაბამისად დადგეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზღვარია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა: თუ ზიანი 2000 ლარს აღემატება, საკითხი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროშიც გადადის.

მაგრამ კანონის სიმკაცრე პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. უფრო მნიშვნელოვანა, გავაცნობიეროთ, რომ მდინარე და წყალსაცავი მხოლოდ თევზის მოსაპოვებელი ადგილი არ არის. ეს რთული ცოცხალი სისტემაა, სადაც თითოეულ სახეობას თავისი ადგილი აქვს.

როდესაც მდინარიდან თევზს განურჩევლად ვიღებთ და მის ფსკერზე ძველ საბურავებს ვტოვებთ, ზიანს მხოლოდ კონკრეტულ თევზს არ ვაყენებთ, ვეხებით მთლიან ეკოსისტემას, რადგან წყლის რესურსების დაცვა საბოლოოდ ჩვენი სურსათის, ბუნებრივი რესურსებისა და მომავალი თაობების უსაფრთხოებას უკავშირდება.

ძველი საბურავი მდინარის ფსკერზე ნარჩენია. „ოჩხი“ კი, საფრთხე, რომელიც წყლის ეკოსისტემის ხარჯზე თევზის მოპოვებას ცდილობს. ამიტომ ბრძოლა ასეთ მეთოდებთან მხოლოდ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ მდინარე მომავალშიც ცოცხალი დარჩეს.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა