დარგებივეტერინარია

რა უნდა ვიცოდეთ მწერების (ტკიპის, კოღოს, მოსკიტი) მიერ გადამტან დაავადებებზე

– ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

– ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

– იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ…

– მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

– რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

– ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანტისხეულების განსაზღვრა ანალიზით ხდება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

– ძირითადად რა სიმპტომები აღენიშნებათ პაციენტებს?

– დაავადებულთ აღენიშნებათ ცხელება, ღვიძლის და ელენთის გადიდება, ანემია, ჰემოგლობინის ნაკლებობა და წონის კარგვა. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

წყარო: sputnik-georgia.com