ადამიანთა ბინები და ცხოველთა სადგომები საქართველოში
საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. დაბლობი ადგილები ძირითადად სასოფლო კულტურების (ვაზი, ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული, ხილი და ა.შ.) მოყვანისათვის იყო გათვალისწინებული, რაც შეეხება მეცხოველეობის განვითარებას, მისთვის ბარში ადგილი თითქმის არ რჩებოდა. მით უფრო მაშინ, როცა მეცხოველეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას თვით ცხოვრება მოითხოვდა (საქართველოდან დიდი რაოდენობით გადიოდა მეცხოველეობის პროდუქტები ქვეყნის გარეთ) და, ამასთანავე, მისი ინტენსიური განვითარებისათვის ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა (როცა ქართველი გლეხი მშვიდობიანად ცხოვრობდა).
ამ დროს მეცხოველეობის განვითარებისათვის ინტენსიურად იყენებდნენ მთის კალთებს, რომლებიც საკმაო რაოდენობით მოიპოვებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებში იყო პერიოდები, როცა ესეც არ ჰყოფნიდათ და ცხოველთა საძოვრებს მეზობელ ქვეყნებში ქირაობდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ყიზლარის საძოვრები, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმდებარე ტერიტორია. საქართველოსთვის ეს იმიტომაც იყო საჭირო, რომ ერთდროულად ჩვენთან ვითარდებოდა მეცხოველეობის სხვადასხვა დარგი _ მეცხვარეობა, მესაქონლეობა (იგულისხმება მსხვილფეხა საქონელი), მეღორეობა, მეფრინველეობა, მეთხევეობა. მეცხოველეობის განვითარების ასეთ პერიოდებში ათვისებული იყო მთაგორიანი ადგილები თითქმის მთლიანად, სადაც კი შეიძლებოდა ცხოველთა მოვლა-შენახვა ან კიდევ მხოლოდ ზაფხულის გარკვეულ პერიოდში მათი გამოკვება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენს წინაპრებს ძალიან კარგად ჰქონიათ შესწავლილი მთის საძოვრები, მათი თვისებები, ბალახის რაოდენობა, თვით ცალკეული ბალახი, მისი კვებითი და სამკურნალო მნიშვნელობაც კი. ზედმიწევნით იცოდნენ თითოეული საძოვარი ადგილი და იცოდნენ ასევე წელიწადის რომელ დროს, სად უნდა წაეყვანათ და ეძოვებინათ ამა თუ იმ სახეობის ცხოველი. კარგად იცოდნენ, რომელი მთა და საძოვარი რომელი სახის ცხოველისათვის იყო უმჯობესი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიმაღლეებს ზღვის დონიდან ვერ ზომავდნენ, მაინც პრაქტიკული გამოცდილებითა და ალღოთი იცოდნენ, სად შეიძლებოდა ეძოვებინათ ძროხა, ცხვარი თუ თხა. ზუსტად იცოდნენ თვის რიცხვებიც კი, როდის აეყვანათ საქონელი მაღალმთიან საძოვრებზე და ასევე როდის დაბრუნებულიყვნენ უკან. ეს ვადები ყოველთვის მტკიცედ იყო დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ცხოველი გაციებულიყო, დაავადებულიყო ან კიდევ ბარიდან გვიან გასვლით დასიცხულიყო (განსაკუთრებით იქ, სადაც ძლიერსიცხიანი და ჭაობიანი ადგილები იყო).
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ასევე ზედმიწევნით ჰქონდათ შესწავლილი, მთის რომელ მონაკვეთზე როგორი სახის ბინა უნდა აეგოთ მსხვილფეხა საქონლისათვის, ცხვრისათვის, თხისთვის და ა.შ. ან კიდევ როგორი ქოხი იყო საჭირო მწყემსებისათვის როგორც საცხოვრებლად, ისე პროდუქტების დასამზადებლად. ამის მიხედვით წინასწარ აწყობდნენ გეგმებს, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა ეკეთებინათ.
ბინებს ცხოველებისათვის აგებდნენ იმის მიხედვით, თუ იმ საძოვრებზე როგორი ბუნებრივი პირობები იყო. ზოგან უფრო მეტი სიცივე იყო, ზოგან უფრო მეტი სითბო. ცხოველს კი, როგორც არსებულ ეთნოგრაფიულ მასალებშია მოცემული, ესაჭიროებოდა დაახლოებით ერთი და იგივე ტემპერატურა. ზედმეტი სიცივისაგან ის შეიძლება გაციებულიყო, ასევე ზედმეტი სითბოსგან შეხურებულიყო. როცა სადგომიდან სიცივეში გახურებული საქონელი გამოვიდოდა გაცივდებოდა და დაავადმყოფდებოდა.
ამასთანავე, საჭირო იყო ყველა სახის ცხოველს ჰქონოდა შესაბამისი ბინა როგორც ფართობით, ისე სიმაღლით. მაგალითად, მსხვილფეხა საქონლისათვის უფრო მეტი მაღალი და მეტი ფართობის მქონე სადგომი იყო საჭირო, ცხვრისათვის – უფრო დაბალი და კვადრატული მეტრობითაც ნაკლები და ა.შ. როგორც არსებული მასალებიდან ირკვევა და პრაქტიკული ცხოვრებიდან და შედეგებიდან (განვითარებული მეცხოველეობა) ჩანს, ჩვენი წინაპრები ამაშიც საუკეთესოდ ერკვეოდნენ. იმის გამო, რომ ცხოველები ზაფხულობით მთაში ჰყავდათ, იქაც ხშირად აგებდნენ ბინებს. ზოგჯერ მთლიანად ოჯახს, თუ ეს ახლოს იყო სოფელთან (ბართან) ან ოჯახის ნაწილს უხდებოდა საზაფხულო საძოვრებზე ცხოვრება, სადაც ამზადებდნენ რძის ნაწარმს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვხვდებით მთის მესაქონლეობას (მეცხოველეობას). ისინი თავისი შინაარსით და ფორმით ერთმანეთს ძალიან გვანან, მაგრამ ზოგჯერ განსხვავდებიან კიდეც, რამდენადაც თითოეული შეგუებულია და შეესაბამება ადგილობრივ გარემო პირობებს (გააჩნია ბარიდან, საცხოვრებელი ადგილიდან რა მანძილით არის დაშორებული მთა, რა სახის ცხოველებისათვის არის იქ უკეთესი პირობები, როგორი საძოვრებია და სხვა). აქ მთავარი მაინც ის არის, რომ თითოეული მათგანი ემსახურებოდა მეცხოველეობის ინტენსიურ განვითარებას, შრომის დანაკარგების შემცირებას და, ცხადია, მის რენტაბელობას.
საინტერესოა ამ მხრივ აჭარის მაგალითი. ღორჯომში, სოფელ ტუნაძეებში მცხოვრებ დაუდ ბერიძეს ნაბოილევზე (იგივე ველიგზებზე) მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული სამეურნეო ბაზა – ყიშლა. ყიშლა სოფლიდან სამ კილომეტრშია აგებული. ის ორსართულიანია. პირველი სართული ახორია (საქონლის სადგომი), მეორე – ადამიანის საცხოვრებელი. შენობის ასაგებ მასალად გამოყენებულია ფიჭვის ხე. ბაგასთან 14 სული საქონელი იბმება. ახორის იატაკიც ფიცრისაა, შუაში მიუყვება საწყლე, საიდანაც შარდი იწრიტება. საწყლის ბოლოს კედელში გამოჭრილია პატარა სარკმელ-სანათური, საიდანაც ნაკელს ყრიდნენ, ახორს სანათურის გარდა უკანა კედელზე პატარა ფანჯარა აქვს.
პირველი სართული აგებულია უხეშად დამუშავებული ხის მასალისგან. ძელების ნაწილი ცუდადაა დამუშავებული, ნაწილი დახერხილია. კედელი საკმაოდ სქელია. ადგილები, სადაც ფიცრები ერთანეთს ედგმება ნაკელით არის შელესილი, რომ ქარი არ შევიდეს და ახორში სითბო იყოს, ახორში კარების გარდა, მეორე სართულიდანაც არის ჩასასვლელი სპეციალური კიბით. სიცივეში ახორში შემოსასვლელ კარს კეტავენ და ზემოდან ჩადიან ღამე საქონლის დასახედად.
მეორე სართულის ფიცრები შედარებით თხელია. პირველი სართულის სქელი ფიცრები დიდ დაწოლას უძლებს (მას ხომ მეორე სართულის სიმძიმე აწვება). პირველი სართულის ჭერი უფრო მაღალია, ვიდრე მეორისა. ეს იმიტომ, რომ აქ ქარი იცის და დაბალჭერიანი ბინა უფრო თბილი იქნება, ვიდრე მაღალჭერიანი. იქვეა სხვა ბინებიც. მათ შორის ორსართულიანებიც და ერთსართულიანებიც. ერთსართულიანი ნაგებობის სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულების სათავსებში ჰორიზონტალურად იშლება _ აგებული ახორი და მის გვერდით მიდგმული საცხოვრებელი ოთახი. ახორსა და ოთახსა ცალ-ცალკე კარები აქვს. მათ შორის ტიხარია, რომელსაც კარი არ აქვს _ ერთმანეთს კარით არ უკავშირდებოდა. ასეთ ერთსართულიან ნაგებობას უწოდებდნენ _ სამფეხიან ახორს, სამფეხიან ყიშლას ან სამფეხიან იაილას.
ახორში საქონელს ამწყვდევდნენ, ხოლო სამფეხი (სამფეხიანი) იმიტომ ერქვა, რომ საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსები მასში ჰორიზონტალურად იშლებოდა. ისინი ერთმანეთის მიმართ სამ რიგად იყო განლაგებული – ახორის ერთ კედელზე მოწყობილ ბაგასთან საქონელი იბმებოდა, მეორე მხარესაც ბაგაზე საქონელი ებათ. მესამე მხარე კი წარმოადგენდა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მიდგმულ საცხოვრებელ ოთახს. იყო ისეთიც, რომ ცალკე საცხოვრებელი ოთახი არ იყო მუდმივი. თვით ერთ შენობაში ერთი ცალკე კუთხე დათმობილი ჰქონდა ადამიანებს საცხოვრებლად.
ღორჯომის (სოფელი ტუნაძეები) მაცხოვრებლებს ხშირად ჰქონდათ სამი სახლი: სოფელში საცხოვრებელ ნაგებობას ეწოდებოდა ბარის სახლი. ეს ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი იყო, მაგრამ ასევე ყიშლებზე ჰქონდათ ორსართულიანი ნაგებობა, მას ყიშლის სახლს უწოდებდნენ. ჰქონდათ ასევე იალაღებზე ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც მთის სახლი ეწოდებოდა. ხშირად ორსართულიან ყიშლის სახლს და იაილას ბინას უწოდებდნენ. როგორც ყიშლების სახლს, ისე მთის სახლს სეზონის მიხედვით იყენებდნენ. ხშირად, საქონლის ნაწილს ყიშლებზე აზამთრდებდნენ, ხოლო იალაღებზე, ზაფხულის პერიოდში, მიჰყავდათ ყიშლებიდან და ბარში დარჩენილი ცხოველები. სადაც ცოტა მსხვილფეხა პირუტყვი იყო და ძირითადად სოფელში ჰყავდათ. აქ შეგვიძლია მოვიტანოთ გომეწრის ხეობიდან სოფელ ილურთას მაგალითი. მათ ყველა სახის საქონელი ზამთრობით სოფელში ჰყავდათ. მეწველ საქონელს ზაფხულობითაც სოფელში ინახავდნენ, ხოლო მშრალ საქონელს მთაში უშვებდნენ. მას სახაროვნე ადგილებს უწოდებენ.
სოფელში საქონლის სადგომ ადგილს ბაშტე ერქვა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ორსართულიანი იყო. სახლის პირველ სართულზე შესასვლელში დერეფანი იყო, რომელიც ზემოდან აივნით იყო გადახურული. აქ ზაფხულობით საქონელი ებათ (სპეციალურად ჩამაგრებულ ჯოხებზე, თოკებით). ბაშტეს კუთხეში წნული ღობით სახბორეა შემოკავებული, ხოლო ირგვლივ გვერდებზე ბაგებია მოწყობილი. ბაშტედან შევდივართ საძროხეში, სადაც შესასვლელი კარია გაკეთებული, საძროხიდან მეორე კარი შედის სახლში, რომელიც ადრე საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ის ორ ნაწილად არის გაყოფილი: წინა, პატარა ადგილზე ბუხარია. საძროხე და ეს ოთახი ერთმანეთისგან კედლით არის გაყოფილი. ზამთრობით საძროხეში საქონელი ჰყავდათ, ხოლო ბუხრიან ოთახში ხალხი ცხოვრობდა. ასეთი სადგომები ამ კუთხისათვის იყო დამახასიათებელი.
დაახლოებით ასეთივე სურათს ვხვდებით რაჭასა და ლეჩხუმში. ხშირ შემთხვევაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის გარკვეული ნაწილი დათმობილი ჰქონდა ცხოველებს, როგორც საზამთრო ბინა. მათ ცალკე შესასვლელი ჰქონდა. ხშირად ის რამდენიმე ნაწილისაგან (სამი მაინც) შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთისაგან ტიხრებით იყო გამოყოფილი. მას სასაქონლეს უწოდებდნენ. ყველა განყოფილებაში კედლებთან ბაგები იყო მოწყობილი, სადაც საქონელს აბამდნენ. ამ განყოფილებებს ერთი საერთო შესასვლელი ჰქონდა _ ერთიდან მეორეში და მეორედან მესამეში, ყველა ტიხარს თავისი გასასვლელი ჰქონდა. ყველა განყოფილებას ხის იატაკი ჰქონდა. ფიცრები ერთმანეთთან მჭიდროდ იყო მიერთებული და დაქანებული, რათა მათ (ფიცრებს) შორის შარდი თავისუფლად წასულიყო ისე, რომ ფიცრებს შორის არ გაეჟონა. ფიცრებიდან გადმოსული შარდისათვის მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური საწრეტი, რომელითაც გარეთ გამოდიოდა.
სასაქონლის პირველ განყოფილებაში გამწევ ძალას (ხარებს) აბამდნენ, რადგანაც მათი გამოყვანა, სამუშაოს გამო, ხშირად უხდებოდათ. მეორე განყოფილებაში მეწველი საქონელი ჰყავდათ, ხოლო ბოლოში ხბოები. თუ სამ განყოფილებაზე მეტი არ ჰქონდათ, მაშინ მშრალ საქონელს მეწველი ძროხების განყოფილებაში აბამდნენ. თუ მეტის შესაძლებლობა იყო, ასეთ შემთხვევაში მამრი საქონელი ცალკე, მეოთხე განყოფილებაში ან მესამეში ჰყავდათ, მეოთხეში – ხბოები.
გაზაფხულზე, როცა სითბო დადგებოდა, საქონელი ღამით ჰყავდათ იქვე, გარეთ, სახლის პირველ სართულზე, სპეციალურად მოწყობილ ბაგებთან დაბმული. აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც საქონლის ზამთრის სადგომში. განსხვავება ის იყო, რომ აქ ირგვლივ კედლები არ ჰქონდა სასაქონლეს. თუ სახლის პირველ სართულზე მისი მოწყობის შესაძლებლობა არ იყო, ასეთ შემთხვევაში სახლის უკან აკეთებდნენ გადახურულ სადგომს. ზემოდან ხურავდნენ, რომ წყალი არ ჩასულიყო, ირგვლივ კი ღია იყო. ნაკელის შეგროვება ხდებოდა ცოტა ქვემოთ, საიდანაც გაჰქონდათ ეზოში, როგორც მიწის სასუქი საშუალება.
ერწო-თიანეთში (სოფელი არტანი) მოპოვებული მასალებით ხშირ შემთხვევაში ადამიანის საცხოვრებელსა და საქონლის სადგომს ერთი ჭერი ჰქონდა. საცხოვრებელი და სადგომი ფიცრით იყო გადატიხრული და ერთმანეთს კარით უკავშირდებოდა. თუმცა შესასვლელი საცხოვრებელსა და ბოსელს სხვადასხვა ჰქონდა. საქონლის სადგომი იგივე გომური იყო. მასში ჰყავდათ ყველა სახის შინაური ცხოველი, მაგრამ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა: გადატიხრული იყო მეწველი საქონლისათვის ცალკე, ხარებისთვის, ხბოებისთვის, ცხვრისთვის ცალ-ცალკე.
ერწო-თიანეთის სოფლების მცხოვრებლებს, ვისაც დიდი რაოდენობით ჰყავდა მსხვილფეხა რქიანი საქონელი, ჰქონდათ სამთო ქოხები (სახლები). სოფელ მაგრანეთის მკვიდრის, 80 წლის სალომე ობგაიძე-ნადირაშვილის (1973 წელი) გადმოცემით: „გუგუდაანთ ჰქონდათ სამთო სახლი, ორსართულიანი, ქვითკირის ნაგებობა, 20 მეტრი სიგრძის“. ამ შენობის მეორე სართული ფიცრის იყო. პირველი სართულზე მხოლოდ ხბოებს ჰქონდათ დათმობილი. დანარჩენი საქონელი, მათ შორის მეწველიც, სახლის ახლოს შემოღობილ ბაკებში ათევდნენ ღამეს. შენობის მეორე სართულზე ოჯახი ცხოვრობდა. ასეთი სამთო სახლები მხოლოდ ზაფხულობით გამოიყენებოდა.
სამთო საძოვრები ჰქონდათ ორხევის სოფელ ბუშატის მცხოვრებლებსაც მსხვილფეხა რქიანი პირუტყვისათვის. საძოვარზე ჰქონდათ საქონლისათვის მიწური სადგომები, რომლებიც დახურული იყო ლატანებით ან პირდაპირ დაპობილი ხეებით, რომლებიც შემდეგ ფოთლებით იყო დაფარული ისე, რომ წვიმა არ ჩასულიყო. მას სამთო ქოხი ეწოდებოდა. ამ ქოხში ქალები იძინებდნენ, ჭურჭელსა და პროდუქტებს ინახავდნენ, რძის პროდუქტებს ამზადებდნენ. ჰყავდათ დაქირავებული მწყემსები, რომლებსაც ღამღამობით ნაბადში გახვეულებს საქონელთან ერთად ეძინათ. ის იყო მათი საზაფხულო საძოვრები. საზამთრო საძოვრები კი როგორც მსხვილფეხა საქონლისათვის, ისე ცხვრისათვის შირაქში ჰქონდათ. საქონლისათვის აქაც მიწურ სადგომებს აგებდნენ. მსხვილფეხა საქონლისათვის აგებულ სადგომებს საძროხე ეწოდებოდა, ხოლო ცხვრებისთვის აგებულ მიწურებს – ფარეხი. საძროხეც და ფარეხიც ერთნაირად იგებოდა, მხოლოდ ფარეხი გრძელი და დაბალი ნაგებობა იყო, ხოლო საძროხე შედარებით – მოკლე და მაღალი. მწყემსებისათვისაც, ასევე, მიწურ ქოხებს აგებდნენ.
ქალების შრომა მეცხოველეობაში, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსხვილფეხა მეწველ საქონელთან _ რძის პროდუქტების დამზადებასთან. ცხვარში ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ. ისინი არა მარტო მწყემსავდნენ, კვებავდნენ და უვლიდნენ ცხვარს, არამედ კიდეც წველიდნენ და რძის პროდუქტებს ამზადებდნენ. ერთ მაგალითს მოვიტან თუშების ცხოვრებიდან. ტბათანა იყო საძოვარი, რომელიც წოვა თუშებს ეკუთნოდა. აქ მსხვილფეხა საქონელი დაჰყავდათ. ტბათანას გვერდით, დასავლეთ მხარეს იყო ზურისგორაც. აქაც მსხვილფეხა საქონელი დაჰყავდათ. შემდეგ ტბათანაში სახლები დადგეს და გაზაფხულიდან, როცა იქ ბალახი წამოვიდოდა საქონელს წაიყვანდნენ და შემოდგომამდე იყვნენ ოჯახებით, მაგრამ აქ ძირითადად იყვნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები. შრომისუნარიანი კაცები კი ცხვრის მოვლით იყვნენ დაკავებული. ძირითადად შირაქში დაჰყავდათ ცხვარი. გაზაფხულზე ისინი გამონახავდნენ დროს, ოჯახებს ტბათანაზე აიყვანდნენ, მოუმარაგებდნენ შეშას, ფქვილს და ყველაფერს, რაც საჭირო იყო და ისევ ცხვარში ბრუნდებოდნენ. იქ დასარჩენად შრომისუნარიან კაცებს დრო არ ჰქონდათ. აქ ყველა საქმეს ქალი ასრულებდა.
მხარეებში, სადაც მიწის ფართობები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურას ეკავა (ვაზი, ხორბალი, სიმინდი, ხილი, ბოსტნეული…) და ცხოველებისთვის თავისუფალი ადგილი აღარ რჩებოდა, მსხვილფეხა საქონელიც ცხვართან ერთად სხვადასხვა საძოვარზე ჰყავდათ. ერთ – ერთი ასეთი იყო კახეთის სოფელი ზემო მაჩხაანი. მათ საქონელი, ძირითადად შირაქში ჰყავდათ. ჰქონდათ როგორც საზაფხულო ბინა ძროხებისთვის, ისე საზამთროც. ასეთი ბინებს (ორივე) ოლეს უწოდებდნენ. საზამთრო ბინა ჰქონდათ წინამხარშიცა. მთხრობელის გადმოცემით ოლე და წინამხარი გაცილებით უფრო თბილი ადგილებია, ვიდრე შირაქი. თუ შირაქში ბალახი ცოტა იყო, მაშინ მსხვილფეხა საქონელი ჩაჰყავდათ ოლესა და წინამხარში. იმათ, ვისაც მსხვილფეხა საქონელი ძირითადად საძოვრებზე ჰყავდათ, იქ მოწყობილი ჰქონდათ მთელი კომპლექსი, რომელსაც „ალხაჯს“ უწოდებდნენ. მთლიანად „ალხაჯი“ შედგებოდა მუდმივი კომპონენტებისაგან: 1. მწყემსის ქოხი, 2. საბარგული, 3. სათავსი საკვებისთვის, 4. ფარდული, 5. ფარდული ხბოებისთვის, 6. ხბოების ბაკი, 7. საკვებურები.
მწყემსის ქოხი ერთოთახიანი იყო, დაახლოებით 15 მ2, მიწის იატაკით, ქოხს გვერდით მიდგმული ჰქონდა პატარა სათავსი, სადაც კომბინირებულ საკვებს ინახავდნენ, მარჯვენა მხარესაც ასეთივე ფიცრული იყო, რომელიც საბარგულს უწოდებდნენ. ქოხის წინა მხარეს კი საზაფხულო ფარდული იყო. მათ კუთხეებში ჰქონდათ ბოძები, რომლებსაც თავხეები ეყრდნობოდა. თავხეებზე ჭოკები იყო გაწყობილი, ფიჩხი იყო დაყრილი ისე, რომ წყალი არ ჩამოსულიყო. მის მარჯვენა მხარეს ფარდული იყო ხბოებისთვის. მას ფიცრის ლატანები ჰქონდა შემოვლებული ისე, რომ ხბოები არ გადმოსულიყვნენ. ამ ფარდულსაც ებმოდა სახბორე ბაკი. ის გადაუხურავი იყო. ზაფხულობით ღამე ხბოები ამ თავღია ბაკებში ჰყავდათ, ხოლო მზეში ფიჩხით დახურულ ფარდულში. ფარდულის წინ, მოვაკებულ ადგილას მოწყობილი იყო საკვებურები. ძროხებს დილით საკვებურებში კომბინირებულ საკვებს უყრიდნენ, საღამოს ჭარხალს. ასეთი იყო კამეჩების ალხაჯებიც.
პირიქითა თუშებს მშრალი მსხვილფეხა საქონელი მიჰყავდათ იმ საზაფხულო საძოვრებზე, სადაც ცხვარს აძოვებდნენ. თუ მტაცებლები (მგელი, დათვი) არ იყო, ასეთ საქონელს ცალკე მწყემსი არ სჭირდებოდა. მათ გაუშვებდნენ საძოვრის გარკვეულ მონაკვეთზე თავისუფლად და ორ-სამ დღეში მოინახულებდნენ, დახედავდნენ, მარილს აჭმევდნენ და ისევ ტოვებდნენ. ასე, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იყო გამოყენებული.
თუ სოფელში მიწის დიდი ფართობი ჰქონდა, იქვე აზამთრდებდნენ საქონელს და რაციონალურადაც ჰქონდათ გამოყენებული, როგორც საკარმიდამო ეზო, ისე ის ნაგებობანი, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა. მაგალითად, ზემო რაჭის სოფელ გლოლას მცხოვრებ ვანო ბელაშვილს ჰქონდა ბაბუიდან მემკვიდრეობით მიღებული ორსართულიანი სახლი, მისგან 15 მეტრზე დაშორებული ორსართულიანი ბოსლით, რომლის პირველ სართულზე ჰყავდა მეწველი ძროხები, ხოლო მეორე სართული წარმოადგენდა საბძელს. სახლის უკან მეორე ბოსელი ჰქონდა. აქ პირველი სართული ეკუთვნოდა ხარებს, მეორე სართული ისევ საქონლის საკვებისათვის იყო გამოყენებული. მას ცალკე ბოსელი ჰქონდა მოზარდი საქონლისათვის; თხებისა და ცხვრებისათვის ცალკე რომელიც ორად იყო გატიხრული, თხებისათვის ცალკე და ცხვრებისთვის ცალკე. ცხენებისათვის სპეციალურად თავლა ჰქონდა აშენებული. ამ ოჯახს მთის საძოვრებზედაც ჰქონდა ბოსლები. ეს დამახასიათებელი მაგალითია რაჭველი გლეხის სამეურნეო ცხოვრებიდან. იყვნენ ოჯახებიც, რომელთა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ზამთრობით გამოყენებული იყო საქონლისათვის. მეორე სართულზე კი ოჯახი ცხოვრობდა. ამასთანავე, სოფელ გლოლას ჰქონდა სოფლის ახლოს საძოვრები. ეს იყო გლოლას გვერდით, მარცხენა მხარეს. აქ დაჰყავდათ როგორც მეწველი ძროხები, ისე ხარები, თხები, ცხვრები. მიდიოდნენ ივნისის პირველ რიცხვებში და ბრუნდებოდნენ ოქტომბრამდე. აქ მზადდებოდა ყველი, ხაჭო, ნადუღი და ა. შ. ამ საძოვრებს სახაროს ეძახდნენ. აქ ჰქონდათ ბინები და მხოლოდ აუცილებელი მოწყობილობა რძის დამუშავებისათვის. ზოგჯერ ნათესავები და მეზობლები საერთო ბინებსაც აშენებდნენ, მათ საცხოვრებელ ბინებში თავისუფლად 10 – 12 კაცი ცხოვრობდა. რაჭისთვის, როგორც საქართველოს თითქმის ყველა მთიანი კუთხისთვის, დამახასიათებელი იყო ორბინიანობა. ფშავში (უძილაურთა) ყველას ჰქონდა ორი სახლი ერთი საზაფხულო ძირითადი – სოფელში (უძილაურში), მეორე მთის დაბალ ზოლში საზამთრო სახლი _ ბოსლები. ორივე სახლი მთის ფერდობზეა. ერთი დაბლა, მეორე ზემოთ. პირველისაგან დაშორებულია ორი კოლომეტრით. საზამთრო სახლი იგივე საბოსლოა, ქვის ერთსართულიანი, დაბალჭერიანი პატარა ოთახი და მეორე – საკუჭნაო პროდუქტებისა და სხვა ნივთების შესანახად. მას გვერდით აქვს მიშენებული ბოსელი _ ქვის ნაგებობა და წინა მხარეს წნულით შეღობილი საცხვარე, მოგრძო ფორმის, ორივე მხარეს კარებით. სახლის გვერდით კიდევ არის მეორე საქონლის და ცხვრის სადგომი, ორად გაყოფილი, რომლის კედლები წკნელითაა შეღობილი და ნაკელით შელესილი.
დაახლოებით ასეთივე სურათია გუჯარეთის ხეობაში. სოფელ ოდეთის მცხოვრებლებს საქონელი მთაში დაუდიოდათ, სადაც ჰქონდათ საზაფხულო ბინები. მაისის შუა რიცხვებიდან იქ მიჰყავდათ ცხვარი, მსხვილფეხა საქონელი, ღორი.
ბინები სოფლიდან ორ კილომეტრზე იყო და სახლ-ბოსლებს ეძახდნენ. ეს იყო ნაგებობა, რომელიც საქონლის სადგომადაც გამოიყენებოდა და საცხოვრებლადაც. დილით ქალები ძროხებს მოწველიდნენ, ყველს ამოიყვანდნენ და სახლში (სოფელში) ბრუნდებოდნენ, საღამოს ისევ ბინებში მიდიოდნენ. ბინებთან ღია ბაკები იყო და საქონლის უმეტესი ნაწილი იქ ჰყავდათ. ბაკები 15 – 20 მ დაშორებით იდგმებოდა. ის წკნელით იყო შემოღობილი. ხარი და მეწველი საქონელი ერთად ჰყავდათ, ბოჩოლები კი ცალკე. საკვები ცხვრისათვის ცალკე ჰქონდათ, საქონლისათვის – ცალკე. ზამთარში საქონელი სოფელში ბაგურ კვებაზე გადაჰყავდათ. ასეთი ვითარება იყო წითელ სოფელშიც, მათი სახლ-ბოსლები საქონლისთვისაც გამოიყენებოდა და ადამიანებისთვისაც. მწყემსებს იქ ეძინათ.
მცხეთის რაიონის სოფლებში მოპოვებული მასალებით შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ აქ მეცხოველეობის განვითარება ნაკლებად იყო დაკავშირებული მთურ მესაქონლეობასთან. ძირითადად ადგილზევე ხდებოდა ცხოველთა მოვლა-პატრონობა.
მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში იყო გამოთხოვილი მთიელი ნინო ჩანადირ-პაპაშვილი. მისი გადმოცემით მას ქსოვრისში დახვდა ძველი სახლი, ფაქტობრივ იგივე ბოსელი ერთი კარით. ბანური დაქანებული სახურავი ჰქონდა და ზემოდან მიწა იყო დაყრილი, იატაკიც მიწის იყო. ამ სახლში ჰყავდათ საქონელი და ხალხიც იქვე ცხოვრობდა. ადამიანთა საცხოვრებელი და საქონლის სადგომი ერთმანეთისაგან წნულით იყო გამოყოფილი. შუა წნულს, კარს გამოივლიდა საქონელი და ადამიანთა საცხოვრებლის კარიდან გარეთ გამოდიოდა. ნაგებობის იმ ნაწილს, სადაც საქონელი იყო ბოსელს უწოდებდნენ, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ – სახლს. ბოსლის კედლებთან ბაგა იყო მოწყობილი, შუაში „სანერწყული“ შარდის გამოსადენად. ამ ბოსელში იმ დროს, ნინოს გადმოცემით, ჰყავდათ თორმეტი კამეჩი. შემდგომში უფრო გაუმრავლებიათ. კამეჩები ადგილობრივ საძოვრებზე იკვებებოდნენ ან კიდევ მახლობელ ტყეებში იყვნენ გაშვებული ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
სოფელ საგურამოში ცხოვრობდა დიმიტრი უნდილაშვილი, მისი წინაპარი დუშეთის რაიონის სოფელ უნდილაანთკარიდან ჩამოსახლებულა ( დიმიტრი დაბ. 1910 წელს მისი მეხუთე თაობაა), მას ფერდობზე ცხვრებისთვის ფარეხი აუშენებია და მსხვილფეხა საქონლისათვის – ბოსელი. მიწა იყო გამოთხრილი და კედლები ქვის ჰქონდა ამოშენებული. ზემოდან მუხის ხის კოჭები ჰქონდა და მიწით იყო დახურული. მოუმრავლებია ცხვარიც და მსხვილფეხა საქონელიც. ყველას ადგილობრივ უვლიდა.
მსხვილფეხა საქონლის სადგომებისგან (ბოსელი) ცხვრის ბინები (ფარეხი) განსხვავდებოდა. თუშეთის პირობებში, სადაც მეცხვარეობა მაღალ დონეზე იყო, ყველაზე დაბალ ზონაში _ დაბლობში ცხვრის საწველი ბინები ჰქონდათ გამართული. მათ ზემოთ იყო სამშრალეები (არამეწველი ცხვრისთვის), ხოლო ყველაზე მაღალ ზონაში საბატკნეები. ბატკნებს ურჩევდნენ წყლიან ადგილს, სადაც ბუზი არ იყო, რადგანაც ის ბატკანს ზრდაში უშლის ხელს.
სადოლე ცხვრისთვის საზამთროდ ფარეხებს აგებდნენ. მის კედლებს წკნელით წნავდნენ (ღობავდნენ), გარედან ჯერ ჭაობის ჩალას ყორუღს შემოაფარებდნენ და შემდეგ მიწას მოაყრიდნენ, რომ უფრო თბილი ყოფილიყო. კედლის ზემოდან კოჭებსა და კაკვებს გააწყობდნენ, შემდეგ ფიჩხს დააწყობდნენ, მერე ძეძვს და მიწას დააყრიდნენ, კარგად დატკეპნიდნენ და ზემოდან ცხენის ნაკელს დააყრიდნენ (ამბობდნენ, ცხენის ნაკელი წყალს არ ატარებსო) და კვლავ დატკეპნიდნენ. ასეთ ფარეხში არც წყალი ჩავიდოდა, თბილიც იქნებოდა. ასე იგებოდა საბატკნეებიც, რომელთაც ჭალურებს უწოდებდნენ. ფარეხსა და ჭალურებს შორის მხოლოდ ის განსხვავება იყო, რომ ფარეხს მიწის იატაკი ჰქონდა, ხოლო ჭალურებში იატაკს აგებდნენ მცენარეების ფოთოლგაცლილი ღეროებით და შარდის საწრეტს უკეთებდნენ. ჭალურის წინ ბაკი (შემოღობილი ადგილი) იყო, სადაც ცხვართან ბატკანს მიუშვებდნენ და აწოვებდნენ. სადოლე და საბატკნე ბინებისათვის არჩევდნენ მყუდრო, თბილ, დაბალ ადგილებს, სადაც თოვლი თუ მოვა, მალე დადნება. ასეთი ადგილები იყო მლაშე ადგილები, ასევე ის ადგილები, სადაც მზე ყველაზე მეტად უდგებოდა. კახეთში (ქიზიყი) ცხვრის დასადოლებელი ბინის გვერდზე ჰქონდათ მიწნული და მას „სამერს“ უწოდებდნენ. თოხლები კი შედარებით მაღალ ადგილზე ჰყავდათ, რადგანაც ისინი სიცივეს უფრო იოლად იტანენ.
ფარეხის აგებისას თითოეულ ცხვარზე გაანგარიშებული იყო ერთი კვადრატული მეტრი ფართობი, ამიტომ ფარეხებს იმ მოცულობით აგებდნენ, რამდენიც ცხვარი ჰყავდათ. ვისაც დიდი რაოდენობით ცხვარი ჰყავდა, მას უხდებოდა რამდენიმე ფარეხის აგება. თითოეულ ფარეხში შეიძლება დატეულიყო არაუმეტეს 500 – 1000 ცხვარი. ფარეხის სიმაღლე იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ კაცი იოლად გამართულიყო. იქვე იყო მწყემსის ქოხი. ეს ქოხი უკანა მხრიდან მიწაში იყო გამოთხრილი, დანარჩენი კედლები მოწნული იყო. ისევე, როგორც ცხვრების სადგომს, ჩალას და მიწას მოაყრიდნენ, კედლების ზემოდან კავებს გააწყობდნენ და დახურავდნენ. ასეთ ქოხში 7 – 8 კაცი ეტეოდა (იძინებდა). ქოხში შუა ცეცხლი ენთო. კედლებთან კი მწყემსები გაიშლიდნენ ნაბდებს და მიწვებოდნენ. მთლიანად ზამთრის სამეურნეო ბაზას ნადჟარს უწოდებდნენ. ადამიანთა თუ ცხოველთა სადგომებს აგებდნენ იმის მიხედვით, როგორი კლიმატური პირობები იყო ამა თუ იმ საძოვარზე. კერძოდ, სადაც მეტი სიცივე იყო, რამდენადაც შეიძლებოდა, იმდენად თბილ სადგომებს აგებდნენ; სადაც ნაკლები სიცივე იცოდა, ე.ი. შედარებით მაღალი ტემპერატურა იყო, ნაკლებად თბილ ბინებს აგებდნენ. კარგად იცოდნენ, რომ შირაქსა და სამუხში ცივი ზამთარი იცის, ხოლო შირვანში – შედარებით ზამთარი ნაკლებად მკაცრია.
თუშებს (გომეწრის ხეობა) შირვანის ზამთრის საძოვრებზე ჰქონდათ ლერწმის ჩალისაგან ნაგები ცხვრის ფარეხი. ლერწამს ფარეხის ასაგებად იქვე ჭრიდნენ. ბინად მაღლობ ადგილას შეარჩევდნენ და გარშემო არხს შემოუთხრიდნენ, რათა წყლით არ დატბორილიყო. ფარეხებს ლერწმითვე გადახურავდნენ _ ორფერდა სახურავს უკეთებდნენ, ფარეხში წყალი რომ არ ჩასულიყო. ფარეხის გვერდებზე მიწის შემოყრაც არ უნდოდა დასათბუნებლად, რადგან მლაშე ადგილებია და ბალახს მეტი ძალა აქვს. ამასთანავე, ცხვრის გაციებისაც არ ეშინოდათ. ასეთ ფარეხებს აკეთებდნენ გამშრალი და სადოლე ცხვრებისათვის, მხოლოდ საბატკნეებს გვერდებზე მიწას შემოუყრიდნენ დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, რომ სიცივე დაეჭირა და ფარეხში არ შესულიყო.
სამუხის საძოვრებზე მლაშე ადგილებიც ბევრია და ლერწმის ჩალაც მრავლად იშოვება, მაგრამ ლერწმის ფარეხები მაინც არ გამოდგება, რადგან უფრო მეტი სიცივეები იცის, ვიდრე შირვანში. აქ ლერწმის ღეროებს მხოლოდ საბატკნეებს უგებდნენ იატაკზე.
თუშეთში, სოფელ კოკლათის ზემოთ არის საძოვარი ფართობი _ ჯავახე. ეს არ არის მაღალი ადგილი. ჯავახეს საძოვარზე აგებულია ბინა, რომელიც დამახასიათებელია ასეთი სიმაღლის ადგილებისათვის. ბინა ხის მასალითაა ნაშენები. ჩასობილია ხის ძელები, რომელზედაც გადებულია ჭოკები. ჭერიც ასევე ძელებს ეყრდნობა, მასზეც გადებულია შედარებით წვრილი ხის ძელები, ხოლო ზემოდან შიფერითაა დახურული. კედლებიც ფიცრისაა. ბინას გვერდით, ორივე მხარეს ხის ტახტები აქვს მოწყობილი. იქ საკმაოდ დიდი ფართობია და ორ ნაწილადაა გაყოფილი _ ბინის უკანა მხარეს ყველის გუდები და სხვა ინვენტარია დალაგებული; წინა მხარეს კი კერაა მოწყობილი და სარქალი იძინებს. კერასთან მწყემსები იყრიან თავს და სადილობენ. ბინის წინა მხარეს გამოსასვლელია და ქვის ფილებითაა მოგებული. იქვე, გარეთ დასობილია კაპებიანი ხეები, ტყავების, კალტის ტომრების და სხვათა ჩამოსაკიდებლად. აქვე იწურება რძე, კეთდება ყველი, იჩეხება შეშა და ა.შ. ბინას ორი ბაკი აქვს. ერთი წნული ღობით, მეორე ბაკი სწორი ხის ძელებითაა შემოკავებული. მისი იატაკი მიწისაა. პირველში მრგვალი ხის ძელებია მოგებული. მასში ცხვარი მოსაწველად შეჰყავთ წვიმიან ამინდში, რომ არ ატალახდეს. მეორეში კი ცხვარს მშრალ ამინდში წველიან. როგორც ვხედავთ, ცხოველთა ბინების აგების დროს გათვალისწინებული იყო ყველა ნიუანსი, რაც დაკავშირებულია საძოვრის ხასიათზე _ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა, რომელი სახის, ასაკისა და რა რაოდენობის ცხოველისათვისაა გათვალისწინებული, როგორი სახის ბალახი იყო, რამდენ ხანს შეიძლებოდა იქ ცხოველის ყოფნა, საზაფხულო იყო თუ საზამთრო ეს საძოვარი. ყოველივე აღნიშნული, შეიძლება ითქვას, მეცნიერულ დონეზე იყო გათვლილი.
გათვალისწინებული იყო, ასევე, ცხოველთა მთაზე აყვანის ან ჩამოყვანის დროს სად უნდა შეჩერებულიყვნენ, სად და რამდენ ხანს ეძოვებინათ ან დღე-ღამეში დაახლოებით რამდენი კილომეტრი უნდა გაევლო მსხვილფეხა საქონელს თუ ცხვარს. ისიც კი გაანგარიშებული იყო, სად რა შეფერხებებსა და წინააღმდეგობებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი (მტაცებელ ცხოველთა, ყაჩაღთა თავდასხმა, ქურდობა ან კიდევ სტიქიური მოვლენები _ ძლიერი წვიმა, სეტყვა, მეწყერი, ზვავი, ძლიერი ქარი). ამგვარი მოსალოდნელი შემთხვევისათვის ისინი წინასწარ იყვნენ მზად. მაგალითად, ძლიერი წვიმის, სეტყვის ან ქარის დროს რომელ ადგილებში უფრო ნაკლები საშიშროება არსებობდა და სად გაეჩერებინათ ამ დროს საქონელი და სხვა.
გზაში ორი კაცი მიჰყვებოდა რვიდან თორმეტამდე ცხენს. დილიდან წამოსული მგზავრი „ორჯერ ჩამოხდიდა“ ტვირთს ცხენებს საძოვართან: ერთი შუადღისას, მეორედ – საღამოთი. ასეთ ადგილს „საბინაო ადგილს“ ეძახდნენ.
ვფიქრობთ, ინტერესს არ იქნება მოკლებული, თუ შედარების მიზნით, მოვიყვანთ მაგალითს, მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში როგორი სახის ბინები ჰქონდათ ცხოველებისათვის.
ვლადიკავკაზის 1964 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებიდან:
75 წლის ხაზბოტ ციცქიევი უამბობს ექსპედიციის წევრებს: საცხოვრებელი სახლის და კოშკის პირველი სართული გამოყენებული იყო საქონლის სადგომად. სახლს გვერდით მიდგმული ჰქონდა „სარაი“, რომელსაც ასევე საქონლის სადგომად იყენებდნენ.
ჰქონდათ „სარაი-ფი“. აქ ჰყავდათ ისეთი საქონელი, რომელიც სიცივეს ვერ უძლებდა. სარაი – ოთახში ჰყავდათ ისეთი ცხოველები, რომლებიც სიცივეს იტანდნენ – ცხენები, მუშა საქონელი. სარაი დაყოფილი იყო ტიხრებით: ძროხებისთვის, ხბოებისთვის, ცხენებისთვის და ა.შ. მას ეწოდებოდა „ჯელი“. ზაფხულისათვის ჰქონდათ ღია სადგომები საქონლისათვის. ის შემორაგული იყო სახლიდან 15 – 20 მეტრზე.
ამავე ექსპედიციის მიერ სოფელ ხართში მოპოვებულ მასალებში ვკითხულობთ: ხაჯიმურატ დოლაკოვს ჰქონდა საზაფხულო სადგომები როგორც საქონლის, ისე ცხვრისთვის. იქ, სადაც მგლის ეშინოდათ შემოღობილი იყო, სხვაგან კი ღია. ჰქონდათ აგრეთვე ქვისგან აგებული სადგომი, რომელსაც „ჯიღუტს“ უწოდებდნენ. „სარაი – ფი“ ჰქონდათ მსხვილფეხა საქონლისათვის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. ცხვრებისთვის სადგომი სახლიდან 40 – 50 მეტრზე.
1967 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებიდან: ქურთათის ხეობა. ბოსელი, რომელიც ქაზიევებს ეკუთვნით, ქვისგან არის ნაგები, ხსნარის გარეშე. სახურავი ბრტყელია, ბანიანი, პირით დასავლეთისაკენ და გრძელი მართკუთხა მოყვანილობის. ზედა მხარე ეყრდნობა მთის ფერდობს. ფერდობი ჩამოსწორებულია და კედელი მიშენებული. კარებთან მიწა მოსწორებულია და ტერასებადაა გამაგრებული. ქვედა მხარეს ორი მეტრი სიმაღლის ქვის კედელია, რათა ბოსლის კარებთან მიწა არ ჩამოინგრეს. ზედა მხარესაც მიჰყვება კედელი, რათა ზემოდან მიწა არ ჩამოზვავდეს. ზედა გვერდზე კედელთან მოწყობილია ნაკელის დასაყრელი ადგილი. ბოსლის ჭერი ეყრდნობა ბოძებს. ზედა კედელთან აქვს ხუთი ბოძი, ქვედა გვერდით კედელთან – ექვსი, შუაშიც სიგრძეზე მიჰყვება ხუთი ბოძი. ბოძებზე სიგრძეზე გადებულია მრგვალი ხის კოჭები, მასზე კი გადებულია შედარებით წვრილი განივი კოჭები, განივ კოჭებზე თავხეები, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი. თავხეებზე აწყვია ლასტები, რომლებიც ზემოდან მიწითაა დატკეპნილი. ბოსლის იატაკი მიწისაა. მას მხოლოდ ზედა, წინა მხარეზე აქვს დაგებული ფიცარი. ეს ადგილი მეწველი ძროხისთვისაა განკუთვნილი. ბოსელს სამი პატარა ფანჯარა აქვს. ბოსელი შუაზე გაყოფილია ისე, რომ ერთი მხარე მეორეს არ უკავშირდება. ორივეს ცალ-ცალკე აქვს კარი, ერთს – დასავლეთით, მეორეს – უკანა მხარეს.
ბოსლის პირველი ნაწილი დაყოფილია განყოფილებებად. კარის მარცხნივ მოწყობილია პატარა ბაგა, სადაც ერთ სულ საქონელს აბამდნენ. იქვე, ზედა მხარეს არის დიდი განყოფილება, რომელსაც ფიცრის იატაკი აქვს და ზედა კედელთან მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბაგა. ეს განყოფილება ეთმობა ძროხებს და ხარებს. ის იზოლირებულია კედლებით და აქვს კარი. ბოსლის ზედა მხარე, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი ერთი იატაკიანია, მეორე – მიწიანი. ერთი ეთმობოდა მეწველ და მუშა საქონელს, მეორე – მშრალსა და მოზარდს. ქვედა მხარეს კარებთან მოწყობილია პატარა ბაგა, სადაც ერთი სული საქონელი ეტეოდა. მის უკან ორი პატარა განყოფილებაა. ისინი განკუთვნილია ცხვრებისა და ხბოებისთვის. ბოსლის მეორე ნაწილი დატიხრული არ არის განყოფილებებად. აქვს ერთი ბაგა ზედა კედელთან, მეორე – ქვედა კედელთან და ერთიც – კუთხეში. საქონლის სადგომად გამოიყენება, აგრეთვე, კარების წინ მდებარე ფართობი, რომელიც ბოსლიდან გამოყოფილია წნული კედლითა და კარით.
სადგომის მოწყობილობა _ ჩვეულებრივ ცხვრის სადგომი გამართულია მთის ძირას, ვაკე ადგილზე, ხევის ახლოს. აქვეა ქოხი და ბაკი. ქოხი მეცხვარეების საცხოვრებელია; ის ქვის ყორის ერთთვლიანი ორფარდულიანი შენობაა, სიგრძით დაახლოებით 5 მეტრი, სიგანით – 4 მეტრი, სიმაღლით შუაზე – 1,7 მეტრი, გვერდებზე – 1,25 მეტრი. წინა მხარე ნაწილობრივ ღიაა. კარიც აქეთ აქვს. სიგრძის შუა ხაზზე უდგას ორი ბოძი; ამ ორ ბოძსა და უკანა ყორეზე გადებულია საყავრე; მასზე აწყვია ყავრები ორფერდულად (დაქანებით ორ მხარეზე), ყავრებზე დაფენილია არყის წიწკი (ტოტები), მის ზემოდან ხავსი და სულ მაღლა – მიწა. იატაკი მყარია.
ქოხის წინ, გვერდით ყორესთან გამართულია კერია. აქ დევს ორ კუთხიანი ქვა ქვაბის დასადგმელად. ცოტა მაღლა ყორეში დატანებულია გრძელი ჯოხი, რომლის ნაწილი კერიაზეა გადებული. მას ქვაბის დასაკიდებლად იყენებდნენ. კერიის გასწვრივ ყავრებს ზემოდან აწყვია სიპი ქვები. ქოხის უკანა ნაწილში არის ტახტი ყველის გუდების დასაწყობად. ის გამართულია ბოძებზე დაყრდნობილი ხეებისა და წკნელისაგან. ზემოდან დაფენილია არყის ხის ფოთოლი ან ბალახი.
ქოხში არის მეცხვარის ჭურჭელი: ხონი – თაბახი კალტის გასაზელად; ქიტები – ღრმა კოვზები, ხის ჯამები საჭმელისათვის, ცული.
ქოხის გარეთ არის ხოხი (მაგარი ფოლადი) ქვამარილის დასაფქვავად, ე.ი. დასანაყად, ის სწორპირიანია. ქოხის წინ, დაახლოებით ხუთ მეტრზე ბაკი ჰქონდათ. ის იყო არყის ან ცირცლის მანით და წნელით შეღობილი ადგილი ცხვრის მოსაწველად. კარი ერთ მხარეს აქვს. ბაკთან არის ფიჭვის ხისგან გაკეთებული ნიჩაბი; ნიჩბით ბაკს ასუფთავებდნენ. ბაკს, საჭიროების მიხედვით, აკეთებდნენ. თუ ბევრი ცხვარი ჰყავდათ დიდ ბაკს „მართავდენ“, თუ ცოტა – პატარას. ქოხის წინ, ნაპირის ხაზზე დგას ორი ჩხა, ე.ი. კაპიანი ხე ჩარჭობილი მიწაში. მასზე გადებულია სწორი ჯოხი. მასზე ფენდნენ ყველის საწურავ ტილოებს, პარკებს, მასზევე კიდებენ დაკლული საქონლის ხორცს.
ჯემალ სვანიძე,
ლევან თორთლაძე