დარგებიმეცხოველეობა

მომთაბარე მეღორეობის ტექნოლოგია

ღორის ყველა თანამედროვე ჯიში გამოყვანილია 6-7 ათასი წლის წინათ მოშინაურებული შედარებით პატარა ტანის აზიური და უფრო დიდტანიანი ევროპული გარეული ღორების შეჯვარებით.

მოშინაურებულ პირობებში ღორმა შეიცვალა როგორც ქცევის რეაქციები, ასევე პროდუქტიულობა. ის გახდა უფრო ადრეული, მოიმატა ნაყოფიერებამ, მან გამოიმუშავა კანქვეშა ქონის უფრო სწრაფად დაგროვების უნარი, გაუმჯობესდა საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის გემოვნებითი თვისებები.

საქართველოს ტერიტორიის 1/3 მთაგორიანია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. მომთაბარე მეღორეობას სწორედ იმ რაიონებსა და სოფლებში მისდევენ, რომლებიც ესაზღვრებიან ასეთი ტყის მასივებს. სხვადასხვა მონაცემებით საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის თითქმის 20-25% მოდიოდა მომთაბარე მეღორეობაზე.

სამთაბაროდ უპირატესად გამოიყენება კახური ღორი, კახურის მანგალიცურ ჯიშთან ნაჯვარი და სხვა ადგილობრივი პოპულაციები, რომლებიც შეგუებულნი არიან მოვლა-შენახვის ექსტენსიურ სისტემას, კარგად იყენებენ ფოთლოვანი ტყის ნაყოფს და სხვა ბუნებრივ სავარგულებს.

ტყის ნაყოფი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. 1 კგ მშრალი, ჩენჩოგაცლილი რკოს ყუათიანობა 1,21 საკვები ერთეულია და შეიცავს 42 გ მონელებად პროტეინს, წიფლის- 2,06 და 110, ხოლო წაბლის- 0,99 და 70 გ საკვები ერთეული და მონელებადი პროტეინი, შესაბამისად. ღორი, ასევე, წარმატებით იყენებს სხვა საკვებ სავარგულებს- ბუნებრივ საძოვრებს და ერთწლიანი

კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ჩაბნეულ მარცვლეულს და სხვა ანარჩენებს.

არსებული რესურსების უკეთესად გამოყენების მიზნით ტყის მასივებთან ახლოს აწყობენ ბანაკს. აქვე განლაგებულია ბინა მომსახურე პერსონალისათვის, ინვენტარისა და საკვების შესანახი სათავსო, ღორის მსუბუქი ტიპის სადგომი რამოდენიმე “განყოფილებით” სხვადასხვა ასაკის ცხოველებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ დოლფარები მაწოვარი ნეზვებისა და რძის ასაკის გოჭებისათვის.

ღორს შეუძლია აითვისოს ძირითადი სადგომის ირგვლივ 10-15 კმ რადიუსის ტყის მასივი. ბანაკის მიმდებარე ფართობი, როგორც წესი, ეთმობა მაწოვარ ნეზვებს და 2 თვის ასაკამდე გოჭებს, ხოლო უფრო მოშორებული ტერიტორიების ათვისების მიზნით, ძირითადი სადგომის გარდა აუცილებელი ხდება დამატებითი სადგომის მოწყობაც, სადაც სასუქ სულადობას ტოვებენ დაზამთრებამდე (თოვლის საფარის დადებამდე).

ვინაიდან ტყის ნაყოფის მოსავლიანობა სხვადახვა წლებში განსხვავებულია, საჭიროა სულადობის რაოდენობისა და ფართობის გამოყენების რეგულირება.

მოსავლიან წელს ღორი ნაკლებად გადაადგილდება საკვების ძებნის მიზნით და მეტ წონამატსაც იძლევა. კარგ შედეგს იძლევას ხეებიდან ნაყოფების ჩამობერტყვა.

გეგმაზომიერად ძოვებისას ღორი ნიადაგს აფხვიერებს, რაც აუმჯობესებს მისი ზედა ფენის აერაციას. იმავდროულად ტყის ნაყოფები მიწაში “ჩაითესება” და იქმნება მათი აღმოცენების ხელისშემწყობი პირობები.

მნიშვნელოვანია, რომ ძოვებამ ხელი არ შეუშალოს ტყის ბუნებრივ განახლებას.

როგორც წესი, აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება მცენარეების ამოსვლა და, ამდენად, ამ პერიოდში ღორის ტყეში გაყვანა არ შეიძლება.

კარგ შედეგს იძლევა ტყისპირა თავისუფალ ფერდობზე, ან კიდევ საზამთრო სადგომთან იონჯის, სამყურას და მიწავაშლას საძოვრების მოწყობა. ეს ფართობები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში, ასევე ზამთარშიც, როდესაც ცხოველები განიცდიან საკვების მნიშვნელოვან დეფიციტს.

კლიმატური პირობების გათვალისწინებით უმჯობესია ნამატის მიღება დაიგეგმოს გაზაფხულზე, ტყის მასივებში გასვლის წინა პერიოდისათვის. ასეთ შემთხვევაში მაქსიმლურად გამოიყენება გაზაფხულ-ზაფხულის თბილი კლიმატის სიკეთე და წლის ბოლომდე ნამატის ცოცხალი მასა აღწევს 50-60 კგ- ს, ანუ სარეალიზაციო კონდიციას.

სხვებთან შედარებით მომთაბარე მეღორეობისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები არის ახმეტის რაიონში, განსაკუთრებით კი სოფლების- ზემო და ქვემო ალვანის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯაბური, ბაწარა, ფიჩხოვანი, პანკისისა და ილტოს ხეობა, ჩაჩხრიალის ტყე). აქ ტყის და მდელოს ბუნებრივ საძოვრებზე უხვადაა ღორის საკვები- წიფელი, რკო, წაბლი, პანტა, მაჟალო, თუთა, ბალი, ტყემალი, ზღმარტლი, მაყვალი, კუნელი, მარწყვი და სხვა.

მთაბარობის პირობებში კარგ შედეგს იძლევა სასუქი მოზარდის დამატებითი კვება მარცვლოვანი საკვებნარებით, რა დროსაც საშუალო დღეღამური ნამატი 280-320 გ- ს აღწევს და, შესაბამისად, უმჯობესდება გასუქებული ღორის საკლავი პროდუქტიულობა.

ფერმისპირა საზაფხულო ბანაკებში ღორის შენახვა ამ ღონისძიებას ხელს უწყობს საქართველოს უმეტესი რაიონების გაზაფხულ-

ზაფხულის კლიმატური პირობები. ბანაკის მოწყობა და მთელი სულადობის იქ გადაყვანა გვაძლევს ძირითადი სადგომების დასუფთავების, დეზინფექციის და მიმდინარე რემონტის ჩატარების საშუალებას.

ბანაკად ღორის გაყვანას ვეტერინარული თვალსაზრისითაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ზამთრის სადგომები მთლიანად თავისუფლდება მავნე მიკროორგანიზმებისაგან და მღრღნელების უმეტესი ნაწილისაგან. პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ ვეტერინალური და ტექნოლოგიური “შესვენების”  გარეშე, ერთი და იგივე სადგომის გამოყენებისას, მატულობს პათოგენური მიკროფლორის კონცენტრაცია, რაც ზრდის დაავადებების საშიშროებას.

ბანაკი უმჯობესია მოვაწყოთ ძირითად სადგომთან ახლოს, რათა გამოვიყენოთ ფერმის წყალგაყვანილობა, საკვები საამქრო, ნაკელსაცავი და სხვა ნაგებობები. ის შენდება მშრალ, შედარებით შემაღლებულ და შეძლებისდაგვარად ქარისაგან დაცულ ადგილზე. შერჩეულ ტერიტორიას შემოღობავებენ და ყოფენ ბაკებად. ცხოველების წვიმის და ქარის, აგრეთვე პაპანაქება სიცხისას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დასაცავად ყველა ბაკს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ტიპის ფარდული, რომლის ქვეშ იდგმება საკვებურები და საწყურვებლები.

მაწოვარი ნეზვისა და გოჭების შესანახ ბაკში იატაკი მაგარსაფარიანი უნდა იყოს, რომელზეც აგებენ ხის მასალისაგან დამზადებულ ფარს.

საზაფხულო ბანაკებში სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაკის ზომებზე, ჯგუფებში დასაშვებ სულადობასა და 1 სულზე საჭირო ფართობზე პარამეტრები მოცემულია ცხრილ 18-ში.

ცხრილი 18. საზაფხულო ბანაკში დოლფარის პარამეტრები

ასაკობრივი ჯგუფი 1 ბაკში

დასაშვები

სულადობა

 

1 სულზე ფართობი,მ2 კვების

ფრონტი,

 

ფარდულის

ქვეშ

 

სეირანზე

 

მაწოვარი ნეზვი გოჭებით 1 4.5 6 0.45
სალთი და მაკე ნეზვი 20 1.4 3.0 0.45
ასხლეტილი გოჭი 30 0.3 1.0 0.20
სარემონტო მოზარდი 25 0.5 1.3 0.30
სასუქი ღორი 25 0.5 1.3 0.30
ძირითადი კერატი 1 6.0 10 0.45

 

ბანაკის ასაშენებლად გამოიყენება ადგილობრივი არასტანდარტული და იაფი მასალა, ხის ნაგვერდული, გამოუყენებელი ბეტონის სინკარი, ნაშალი აგური, ბლოკი და სხვ. სახურავად ყველაზე იაფია ისლი.

ბანაკად ყოფნისას ღორის კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საძოვარს.

სუფთა ჰაერზე ყოფნა და მზის სხივები განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მაკე ნეზვებზე- მათგან მიიღება ჯანმრთელი და განვითარებული გოჭი, იშვიათია გართულებული მშობიარობა, მცირდება ბერწიანობა და მაღლდება დაავადებებისადმი რეზისტენტობა.

დილით ღორი საძოვარზე უნდა გავუშვათ საკვების მიცემამდე. ნაკვები ღორი ცუდად ძოვს და მალევე ცდილობს ბანაკში დაბრუნებას. მაღალმოსავლიან ნათეს საძოვარზე ყოველდღიურად ღორს აძოვებენ 1,5-2 საათი, ბუნებრივზე კი- 3-3,5 საათი.

მოსავლიანობის შენარჩუნების, საძოვრის ეფექტურად გამოყენების და პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის მიზნით მიმართავენ ნაკვეთმორიგეობით ძოვებას. ამისათვის მთელ ფართობს ყოფენ რამოდენიმე ნაკვეთად, იმ ვარაუდით, რომ თითოეულ ნაკვეთზე კოლტს საკვები ეყოს 4-5 დღე მაინც. შემდეგ ცხოველები გადაყავთ მეორეზე ნაკვეთზე, შემდეგ მესამეზე და ა.შ., ისე, რომ სასურველია კოლტი პირველ ნაკვეთს დაუბრუნდეს 1-1,5 თვის შემდეგ.

საჭირო ფართობის გაანგარიშებისას გამოდიან შემდეგი პარამეტრებიდან: 1 სული ძირითადი ნეზვისათვის დღეში საჭიროა 10 მ2, ხოლო ასხლეტილი მოზარდისათვის 2 მ2– მდე საძოვარი.

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი