დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია – ღვინის თაფლით დამუშავება

ქართული ღვინის და მისი ძველი საგვარეულო მწარმოებლის „დანელია და კომპანიას“ მუზეუმის შესახებ

ვაზი ოდითგანვე ეროვნული სიძლიერის და სიამაყის სიმბოლო იყო საქართველოში. ვაზისა და ღვინის კულტი მუდამ აისახებოდა ქართულ საეკლესიო და სახელმწიფო სიმბოლიკებში. ქართველმა კაცმა სისხლხორცეულად გაითავისა ღვინის ჭეშმარიტი მადლი და დღემდე მოგვიტანა.

სამშობლო, გვარი, გენი, ჯიში, სისხლი, ტრადიცია ქართველებში ზოგადი მცნებები არ არის, მათ ფაქიზად უნდა მოვლა, რათა მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა.

ტრადიციული მეთოდებით ყურძნის რჩეული ჯიშებისაგან დამზადებულმა არაერთმა ქართულმა ღვინომ მრავალგზის მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და შორს გაუთქვა სახელი მეღვინეობის ქართულ სკოლას.

მსფოლიოს ბევრი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ვაზის და ღვინის კულტურა მათთან შეტანილია საქართველოდან , ახერხებს და წარმატებით იყენებს ღვინის ძველი საგვარეულო მწარმოებლების ისტორიებს, ექსპონატებს, პროდუქციას თავისი ხალხის ისტორიული და კულტურული ღირებულებების გამდიდრებასა და პოპულარიზაციაში, რითაც ზრდის საკუთარი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და შემოსავლებს. ჩვენ კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოში ინტენსიურად ვამტკიცებთ იმ ფაქტს, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა და ღვინო საქართველოს მთავარი ბრენდია. ამ დროს კი, სამწუხაროდ ღვინის ძველი საგვარეულო მწარმოებლების მუზეუმები არ გაგვაჩნია. ასეთი მუზეუმები ევროპის მრავალი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

ქართული ღვინის ერთ-ერთი ძველი საგვარეულო მწარმოებლის – „დანელია და კომპანიას“ და მისი ბრენდის – „დანელიას ღვინოს“-ს ისტორია გამორჩეული და უნიკალურია. „დანელიას ღვინო“ მზადდება მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიით საღვინე ვაზის ყურძნიდან თაფლის და ფუტკრის ფიჭის გამოყენებით. ღვინის თაფლით დამუშავება ზრდის სასმელის სასარგებლო თვისებებს. ექსპერტების დასკვნით სხვადასხვა ყურძნიდან (ოჯალეში, ალექსანდროული, საფერავი და სხვა) დამზადებულ ნახევრადმშრალ და ნახევრადტკბილ „დანელიას ღვინოს“ უნიკალური შემცველობა და ორიგინალური გემოვნური თვისებები გააჩნია. ამავე დროს „დანელიას ღვინო“ აკმაყოფილებს ბრენდის ყველა მოთხოვნას: გამორჩეული დასახელება და ვიზუალი (1907 წლის ეტიკეტი); განსხვავებული ტექნოლოგია, გემო და არომატი; ასევე, ღვინის ბრენდისთვის აუცილებელი სიძველე-საუკუნეზე მეტი ასაკი. პროდუქციის ექსკლუზიურობა დაცულია 4 პატენტით. დაპატენტებულია: ღვინის ეტიკეტი და კომპანიის სასაქონლო-სავაჭრო ნიშანი, საგვარეულო ტექნოლოგია-ღვინის თაფლით დამუშავება, დასახელებები: „ძველი მეღვინე“ და „დანელიას ღვინო“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „დანელიას ღვინოს დამზადების ტრადიციულ საგვარეულო ტექნოლოგიას,, მიანიჭა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი .( ბრძანება 02/39 29.05.2019 წელი , ასახულია ,,ძეგლთა დაცვის სახელმწიფო რეესტრში,,)

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი,,დანელიას ღვინის,, გარდა, მინიჭებული აქვს მხოლოდ ქვევრის ღვინოს,ხოლო საგვარეულო ტექნილოგიებში – მხოლიდ ,,ლაღიძის წყალს,,

აღსანიშნავია, რომ ღვინის ქარხნული წესით წარმოება, სასაქონლო-სავაჭრო ნიშნებით, რეგისტრირებული ეტიკეტებით სხვადასხვა ქვეყნებში 120-140 წელს ითვლის. გაზეთში „Винная Карта“ გამოქვეყნებულია, რომ „CREESSMANN MONOPOLE“, საფრანგეთში, ბორდოში, უძველეს სავაჭრო ნიშნად ითვლება და მითითებულია „DEPUIS 1897“. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია ვლადიმერ დანელიას ღვინის ეტიკეტი 1907 წლის რეგისტრაციით (რეგისტრაციის N39). სხვაობა უძველეს ფრანგულ სავაჭრო ნიშანთან მხოლოდ 10 წელია. აქედან გამომდინარე „დანელია და კომპანიას“ საგვარეულო ღვინის სასაქონლო-სავაჭრო ნიშანიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება სასაქონლო-სავაჭრო ნიშნებს, მსოფლიოში ისინი მეტწილად ალეგორიულია. მათზე ზოგი ლომს, ზოგი ვეფხვს, ზოგიც სხვადასხვა ფიგურას გამოსახავს. „დანელია და კომპანია“-ს ღვინის სასაქონლო-სავაჭრო ნიშანი მთლიანად შეესაბამება საგვარეულო ტექნოლოგიას, მასზე ვაზთან და ყურძნის მტევნებთან ერთად, ფუტკარია გამოსახული.

„დანელიას ღვინო“-ს ისტორიის და ტექნოლოგიის ფასეულობა არაერთმა ქართულმა და ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ აღნიშნა: „The Japan Times”, Tokyo; “Culture”, France; „The Sundauly” და სხვა.

ქართული ღვინოების მწარმოებელი და ექსპორტიორი ფირმა-„დანელია და კომპანია“ ჩემმა ბაბუამ-ვლადიმერ ნიკოლოზის ძე დანელიამ 1907 წელს ბათუმში დაარსა.

გვარი დანელიას ღვინოსთან კავშირი და „დანელია და კომპანიას“ ბათუმში დაფუძნება განპირობებული იყო შემდეგი ისტორიული ფაქტორებით:

გვარი დანელია ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ეტიმოლოგია დაკავშირებულია „დანიელ წინასწარმეტყველის,, ბიბლიურ სახელთან (ძველი აღქმა). დანიელ-ნიშნავს „ღვთის სამსჯავროს“, სიტყვასიტყვით კი, „ღმერთი-მსაჯული ჩემი“. დანელიები მარტვილში სახლობენ. სადანელიო უბანი ტეხურსა და ტეხურწყარს შორის მდებარეობს(გაღმა ზანათი, სოფელი ლეხაინდრაო). დანელიებს საკუთარი საგვარეულო ეკლესია ჰქონდათ. ეკლესიაში ვეებერთელა ქვევრი ჰქონდათ ჩაფლული, რომელსაც „შონურის“ (ოჯალეშს-შონურსაც ეძახდნენ,რაც მეგრულად სვანურს ნიშნავს) ღვინით ავსებდნენ და აღდგომა დღეს მოხსნიდნენ თავს (აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალებიდან). ისინი უძველესი კოლხური ჯიშის ვაზს _ „ოჯალეშს“(ძველი სახელი დაკარგულია) ახარებდნენ და საუცხოო წითელ ღვინოს ამზადებდნენ. „ჯა“_ მეგრულად ხეს ნიშნავს, „ოჯალეში“-ხეზე ასულ მცენარეს. ისტორიული წყაროებით საეკლესიო ღვინო საქართველოში „ოჯალეშიდან“ მზადდებოდა.

ვლადიმერი 1880 წელს მარტვილში, სოფელ ლეხაინდრაოში დაიბადა. 1894 წელს სწავლა განაგრძო ბათუმში. 27 წლის ასაკში დაოჯახდა და ღვინის მწარმოებელი ფირმაც ბათუმში დაარსა.

ბათუმს იმ პერიოდში ნობელების ქალაქს ეძახდნენ, რადგან 1880 წელს ძმებმა ნობელებმა ბაქოს ნავთობი ევროპაში ბათუმის ნავსადგურიდან შეიტანეს. მსოფლიოში ნავთობის პირველი ჭაბურღილი 1874 წელს აფშერონის ნახევარკუნძულზე (ბაქო) ამოქმედდა, ხოლო მეორე 1883 წელს აშშ-ში პენსილვანიაში. XIX საუკუნის ბოლომდე მსოფლიოს მხოლოდ ორი ნავთობმომპოვებელი რეგიონი ჰქონდა. ნავთობის აღმოჩენა მსფოლიოში ტექნოლოგიური რევოლუცია გახდა. იმ პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები დასახლდნენ ბათუმში. ქალაქში, 1901 წელს, უკვე 16 ქვეყნის საკონსულო იყო, მათ შორის შორეული ქვეყნებისაც: იაპონიის, ჩრდილოეთ ამერიკის და სხვა.

ბათუმი სწრაფად ვითარდებოდა და ევროპული ქალაქის იერსახე მიიღო. აქ უკვე 1883 წლიდან ფუნქციონირებდა რკინიგზის ხაზი თბილისი-ბათუმი. 1906 წლიდან კი, ელექტროსადგური, ტელეგრაფი, თეატრი, პრესტიჟული სასტუმროების ქსელი. ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი. გაიზარდა საქონლის იმპორტ-ექსპორტი, ნავსადგური ძირითადად საფრანგეთის გემებით შეივსო. ღვინის ექსპორტის ერთადერთი გზა მაშინ საზღვაო იყო, ამიტომ ვლადიმერმა ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა და კომპანიის სათავო ოფისი ბათუმში განათავსა. ოფისის იმდროინდელ მისამართს _ „Батум, Шепелевская 54“ღვინის ყველა ეტიკეტზე უთითებდა. კომპანიის პროდუქცია იმ პერიოდში „საეკლესიო ღვინის“ ეტიკეტებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბათუმის ნავსადგურიდან იგზავნებოდა.

კომპანია სწრაფად ვითარდებოდა. შეიქმნა „დანელია და კომპანიას“ საფირმო მაღაზიების ქსელი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში მოღვაწე მეწარმეების შესახებ მასალები დაცულია ბათუმის მუზეუმებში. ამ მხრივ საყურადღებოა „დანელია და კომპანიას“ სტენდები, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, რომელიც ბათუმში, ნობელების ყოფილი ოფისის შენობაშია განთავსებული და ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გასაბჭოების შემდეგ (1921 წელი) ვლადიმერს ქონება ჩამოართვეს და კომპანიის ფუნქციონირებაც შეწყდა. მიუხედავად დიდი ფიზიკური და მორალური ზეწოლისა, ტყვიით დაჭრისა, დევნისა, დაძაბული შრომისა და უამრავი ცხოვრებისეული სიძნელეებისა, ვლადიმერმა 95 წელი იცხოვრა, ის ჯანმაგარი და სულით გაუტეხელი პიროვნება გახლდათ. 1975 წლის 15 მარტს გარდაიცვალა კეთილგონიერი, გულისხმიერი, უანგარო, დინჯი და დარბაისელი თავკაცი, თავისი ქვეყნის დიდებული მოჭირნახულე და დაუცხრომელი მოამაგე. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

სამწუხაროა, რომ დღემდე ვიმკით იმ გამოუსწორებელი ზიანის შედეგებს, რომელიც ქართულ მეღვინეობას საბჭოთა პერიოდმა მიაყენა. აღარ არის ცნობილი „ყიფიანის ღვინო“, 1935 წელს „ხვანჭკარა“ დაარქვეს, „მანდარიას ღვინოს“ კი – “უსახელაური“ და სხვა. მეწარმეებს არა მარტო ქონება ჩამოართვეს, ისინი ფიზიკურადაც გაანადგურეს. ზოგ მათგანს შთამომავლობაც არ დარჩათ და მათი საფლავებიც დაკარგულია. საზღვარგარეთ კი, მწარმოებლებს ასეთი ტრაგედია არ შეხებიათ. დღეს მათი მე-7 მე-8 თაობები განაგრძობენ საქმიანობას და დღემდე ფუნქციონირებენ ცნობილი საოჯახო-საგვარეულო ფირმები: „მარტინი“, „ბაკარდი“, „კამიუ“, „ჩინზანი“, „ინტინორი“ და სხვები, რომელთა ბრენდები მსოფლიოში საყოველთაოდ არის ცნობილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან, დავიწყე კომპანიის აღდგენა. ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ამჟამინდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩის N43-ში, „პიაცასთან“ ახლოს, დავიბრუნე შენობა, რომელშიც „დანელია და კომპანია“-ს ერთ-ერთი ღვინის საფირმო მაღაზია იყო განთავსებული და 2005 წელს აღვადგინე „ღვინის ძველი სახლი“. ის ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები.„ღვინის ძველ სახლში“ წარმოდგენილია კომპანიის 1907-21 წლების პროდუქცია, ღვინის ძველი ეტიკეტები, ისტორიული ფოტოები, მასალები ძველი მეწარმის შესახებ და კომპანიის დღევანდელი პროდუქია-თაფლით და ფუტკრის ფიჭით დამუშავებული, სხვადასხვა ყურძნიდან დამზადებული „დანელიას ღვინო“, რომლის დაგემოვნებაც ყველა სტუმარს უფასოდ შეუძლია.

„დანელია და კომპანია“ დღეს ერთადერთი დარჩა საქართველოში იმ ძველი კომპანიებიდან, რომლის ფუნქციონირებასაც განაგრძობს კომპანიის დამფუძნებლის უშუალო შთამომავალი, ხოლო „ღვინის ძველი სახლი“ ბათუმში, ერთადერთი ღვინის სახლია საქართველოში, რომლის ასაკი საუკუნეზე მეტია.

აუცილებელია ,,დანელია და კომპანიას,, ღვინის მუზეუმის გახსნა თბილისში ,ბათუმში და მარტვილში.მითუმეტეს,რომ ეს კომპანია ერთადერთი დარჩა საქართველოში, რომელიც ღვინოს აწარმოებს მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიით და ერთადერთია ღვინის მწარმოებელი ძველი კომპანიებიდან, რომელიც განაგრძობს ფუნქციონირებას. მუზეუმის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის ისტორიულ-კულტურული ღირებულებების წარმოჩენა, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და შემოსავლების გაზრდაა.

ამავე დროს, თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ესმოდეს და ახსოვდეს, პატრიოტიზმი არ არის სახელოვანი წანაპრებით და წარსულით თვითკმაყოფილება, არამედ ეს მუდმივი სულიერი მზადყოფნაა ყველა სიძნელის, ისტორიის ყველა მომავალი განსაცდელის წინაშე.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

„დანელია და კომპანიას“ მფლობელი,
ძველი მეწარმის – ვლადიმერ დანელიას მემკვიდრე,
შვილიშვილი – გელა დანელია